შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ს სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 17, 2018 17:35
მიღების თარიღი აგვისტო 02, 2018
შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ს სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2018 წლის 12 ივლისის Nშ-10/3320-18 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-სთვის (შემდგომში „მეგა-ტვ“) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, მის მიერ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ვ) ქვეპუნქტების და საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო.
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N10/3320-18, 12.07.2018) თანახმად, 2018 წლის 7 ივნისს კომისიაში შემოვიდა შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/2757-18, 7.06.2018), რომლითაც მოითხოვა შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ს ეთერში განთავსებული აუდიო-ვიზუალური პროდუქციის მართლზომიერების შემოწმება. კომისიამ 2018 წლის 19 ივნისის N04/2028-18 წერილით მიმართა „მეგა-ტვ“-ს და მოსთხოვა მის სამაუწყებლო ბადეში განთავსებული აუდიო-ვიზუალური პროდუქციის (მათ შორის ვიდეო კლიპების) საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის დაუყოვნებლივ წარმოდგენა ან პროდუქციის სამაუწყებლო ბადიდან ამოღება.
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათიდან (N10/3320-18, 12.07.2018) ასევე ირკვევა, რომ 2018 წლის 9 ივლისს, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ განხორციელდა შპს „მეგა-ტვ“-ს სამაუწყებლო ბადის შემოწმება, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ ეთერში კვლავ ხორციელდება ვიდეო კლიპების განთავსება, რისი მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია კომპანიას კომისიაში არ წარმოუდგენია.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „მეგა-ტვ“-ს მიერ ხორციელდება აუდიო-ვიზუალური პროდუქციის ეთერში განთავსება შესაბამისი უფლებების გარეშე.
კომისიის მიერ საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2018 წლის 2 აგვისტო. აღნიშნულის თაობაზე შეტყობინება ფოსტით გაეგზავნა შპს „მეგა-ტვ“-ს (N03/2540-18, 27.07.2018) და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.
2018 წლის 2 აგვისტოს კომისიაში შემოვიდა შპს „მეგა-ტვ“ -ს წერილობითი პოზიცია (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/3649-18, 2.08.2018) თანდართული დოკუმენტაციით (შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-სა და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას შორის 2015 წლის 12 მარტს გაფორმებული სალიცენზიო შეთანხმება; „ბრაო რეკორდსის“ წერილი), რომელშიც აღნიშნულია, რომ კომპანიამ მიმდინარე წლის პირველ აგვისტოს მიიღო შეტყობინება შპს „მეგა-ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე 2018 წლის 2 აგვისტოს დანიშნული სხდომის შესახებ. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში მოცემულ გარემოებებთან დაკავშირებით და ტელეკომპანია „რიონის“ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზედაც დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება, შპს „მეგა-ტვ“-ს წერილობით პოზიციაში აღნიშნულია, რომ შპს „მეგა-ტვ“-იმ მუსიკალური ვიდეო კლიპები გაუშვა საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციასთან დადებული სალიცენზიო შეთანხმებისა და დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად.
შპს „მეგა-ტვ“-ს წერილობით პოზიციაში კომპანიის მიერ ეთერში გასული აუდიო-ვიზუალური პროდუქციის (ვიდეო კლიპების) მართლზომიერების საკითხთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ’’-სა და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას შორის არსებობს 2015 წლის 12 მარტს გაფორმებული სალიცენზიო შეთანხმება, რომელიც ეხება ასოციაციის რეპერტუარს მიკუთვნებული მუსიკალური ნაწარმოებების საჯარო გადაცემას. აღნიშნული ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად, ასოციაცია გასცემს ლიცენზიას მოსარგებლეზე („მეგა-ტვ“-ზე), საქართველოს ტერიტორიაზე ასოციაციის რეპერტუარს მიკუთვნებული ნაწარმოებების სატელევიზიო ეთერის საშუალებით საჯარო გადაცემაზე. შპს „მეგა-ტვ“-ს მიერ ეთერში გაშვებული მუსიკალური კლიპები წარმოადგენს სწორედ ასოციაციის რეპერტუარს მიკუთვნებულ ნაწარმოებებს. შპს „მეგა-ტვ“-ს წერილობით პოზიციაში აღნიშნულია, რომ დღეს არსებული პრაქტიკის თანახმად ამ ტიპის ლიცენზიის არსებობა სავსებით საკმარისია მუსიკალური კლიპების სატელევიზიო ეთერში განთავსების მართლზომიერებისათვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერცერთი ტელემაუწყებელი ვერ შეძლებდა ლიცენზიით გათვალისწინებული უფლების განხორციელებას და არსებული შეთანხმება აზრს მოკლებული იქნებოდა.
შპს „მეგა-ტვ“ -ს წერილობითი პოზიციაში (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/3649-18, 2.08.2018) აღნიშნულია, რომ მითითება იმის თაობაზე, რომ აღნიშნული უცხოური ვიდეო კლიპის გადაცემის უფლება მოპოვებულ უნდა იქნას ნაწარმოების ავტორებისაგან ან ასეთი უფლების გასხვისებაზე უფლებამოსილი წარმომადგენლისაგან, წარმოადგენს მეტად რთულ, ხანგრძლივ და ძვირადღირებულ პროცესს, რომელიც რეგიონულ მაუწყებელთა პრაქტიკაში არ განხორციელებულა და დღეს მოქმედი არცერთი ტელემაუწყებელი, მათ შორის არც ტელეკომპანია ,,რიონი’’ არ ასრულებს მსგავს დანაწესს.
შპს „მეგა-ტვ“-ს წერილობით პოზიციაში ასევე აღნიშნულია, რომ არცერთი მუსიკალური კლიპის ეთერში გაშვება არ ხდება მფლობელის თანხმობით და არა მხოლოდ მუსიკალური კლიპების არამედ მათ შორის არც ქართული ფილმების. შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“ პირნათლად ასრულებს ქართულ ფილმებთან დაკავშირებულ კანონის მოთხოვნებს და კომპანიის ეთერში გაშვებული ყველა ქართული ფილმი მოპოვებულია კანონის სრული დაცვით. ხოლო, კომისიის 2018 წლის 09 ივლისის წერილით მოთხოვნილი სამაუწყებლო ბადეში განთავსებული აუდიო-ვიზუალური პროდუქციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის დაუყოვნებლივ წარდგენასთან დაკავშირებით შპს „მეგა-ტვ“- წერილობით პოზიციაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ კომისიის მიერ გამოგზავნილი შეტყობინებით კომპანიას არ ქონდა განსაზღვრული კონკრეტული გონივრული ვადა ამ დოკუმენტაციის წარსადგენად, კომპანიის მიერ მაქსიმალურად სწრაფად იქნა სალიცენზიო ხელშეკრულება განთავსებული კომისიის შესაბამის გვერდზე, კერძოდ, https://eforms.gncc.ge/?f=4&s=14&agrid=299.
წერილობით პოზიციაში ასევე აღნიშნულია, რომ შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“ ყოველთვის მოქმედებდა და მოქმედებს კანონის მოთხოვნათა დაცვით. დღეს არსებული პრაქტიკის შესაბამისად ,,საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციასთან’’ დადებული სალიცენზიო შეთანხმება არის ერთადერთი გარანტორი ვიდეოკლიპების ეთერში გაშვების შესაძლებლობისა. არსებული პრაქტიკის მიუხედავად შპს „მეგა-ტვ“ ცდილობს შეცვალოს პრაქტიკა და სალიცენზიო შეთანხმებასთან ერთად, სურს მოიპოვოს ვიდეო კლიპების გადაცემის უფლების გასხვისებაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის ნებართვა. აღნიშნულის დამადასტურებლად კომპანია აწარმოებს მოლაპარაკებებს ,,ბრავო რეკორდსთან’’ .
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, შპს „მეგა-ტვ“-ს მიაჩნია, რომ ყველა ტელეკომპანია უნდა იმყოფებოდეს თანაბარ პირობებში და არ შეიძლება მხოლოდ ერთ ტელეკომპანიას დაეკისროს პასუხისმგებლობა იმისთვის, რაც საყოველთაოდ ცნობილ და დამკვიდრებულ პრაქტიკას წარმოადგენს. ასეთი მიდგომა იქნება დისკრიმინაციული შპს „მეგა ტვ“-ის მიმართ.
შპს „მეგა-ტვ“-ს წერილობით პოზიციაში აღნიშნულია, რომ ვინაიდან, კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი არის დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია, კომპანია იმედოვნებს, რომ კომისია გაითვალისწინებთ შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ს დასაბუთებას, არსებულ პრაქტიკას და იმას, რომ დღეის მგომარეობით შეტანილია ცვლილება სამაუწყებლო ბადეში და მიიღებს გადაწყვეტილებას - შპს „მეგა-ტვ“-ის სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესახებ, და კომისია შპს „მეგა ტვ“-ს განუსაზღვრავს გონივრული ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის.
შპს „მეგა-ტვ“-ს წერილობით პოზიციაში ასევე აღნიშნულია, რომ კომპანიის სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შემთხვევაში, დაცული იქნება კანონიერებისა და პროპორციულობის პრინციპი, ასევე, მიიღწევა ის მიზანი, რაც ზოგადად გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.
კომისიის 2018 წლის 2 აგვისტოს სხდომაზე გამოცხადდნენ შპს „მეგა-ტვ“-ს წარმომადგენლები ნ.თოშხუა და ნ.ღონღაძე. კომისიის 2018 წლის 2 აგვისტოს სხდომაზე შპს „მეგა-ტვ“-ის წარმომადგენელმა ნ.ღონღაძემ წარმოადგინა შპს „მეგა-ტვ“ პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, აღიარა დარღვევის ფაქტი და ითხოვა კომპანიის სამართალდამრღვევად ცნობა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება. ასევე, დარღვევის აღმოსაფხვრელად და არსებული პრაქტიკის შესაცვლელად კომპანიის წარმომადგენლებმა ითხოვეს ერთ თვიანი ვადა.
II. კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები
- კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2018 წლის 12 ივლისის Nშ-10/3320-18 სამსახურებრივი ბარათი;
- სამაუწყებლო პროდუქციის სამაუწყებლო ბადეში განთავსების დამადასტურებელი ჩანაწერი – 1 CD;
- კომისიის 2018 წლის 19 ივნისის N04/2028-18 წერილი გაგზავნილი შპს „მეგა-ტვ“-სთვის და აღნიშნული წერილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (გზავნილის კოდი: AP01004667014; ჩაბარების თარიღი: 21.06.2018; ჩაიბარა: ნ.თოშხუამ);
- შპს „მეგა-ტვ“-ს შესახებ ამონაწერი კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
- შპს „მეგა-ტვ“-ს 2018 წლის 2 აგვისტოს წერილობითი პოზიცია (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/3649-18, 02.08.2018);
- შპს „მეგა-ტვ“-ს წარმომადგენლების მიერ კომისიის 2018 წლის 2 აგვისტოს სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებები.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
- შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“ წარმოადგენს ავტორიზებულ მაუწყებელს (ავტორიზაციის ნომერი: BR-243; ავტორიზაციის თარიღი: 14/07/2015; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; გავრცელების ტექნოლოგია და გეოგრაფიული არეალი: ციფრული („მეგა-ტვ“-ის მულტიპლექსი - 01/01/17, სენაკის მულტიპლექსი - 01/01/17, ქუთაისის მულტიპლექსი - 01/01/17), სხვა ტექნოლოგია (საქართველო), ინტერნეტი (საქართველო));
- 2018 წლის 7 ივნისს კომისიაში შემოვიდა შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/2757-18, 7.06.2018), რომლითაც მოითხოვა შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ს ეთერში განთავსებული აუდიო-ვიზუალური პროდუქციის მართლზომიერების შემოწმება;
- კომისიამ 2018 წლის 19 ივნისის N04/2028-18 წერილით მიმართა შპს „მეგა-ტვ“-ს და მოსთხოვა მის სამაუწყებლო ბადეში განთავსებული აუდიო-ვიზუალური პროდუქციის (მათ შორის ვიდეო კლიპების) საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის დაუყოვნებლივ წარმოდგენა ან პროდუქციის სამაუწყებლო ბადიდან ამოღება. აღნიშნული წერილი კომპანიას ჩაბარდა 2018 წლის 21 ივნისს;
- 2018 წლის 9 ივლისს, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ განხორციელდა შპს „მეგა-ტვ“-ს სამაუწყებლო ბადის შემოწმება, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ ეთერში კვლავ ხორციელდება ვიდეო კლიპების განთავსება, რისი მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია კომპანიას კომისიაში არ წარმოუდგენია;
- შპს „მეგა-ტვ“-ს არც 2018 წლის 12 ივლისის მდგომარეობით და არც გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის არ გააჩნდა და კომისიაში არ ჰქონდა წარმოდგენილი სამაუწყებლო პროდუქციის სამაუწყებლო ბადეში განთავსების დამადასტურებელ ჩანაწერში დაფიქსირებულ პროდუქციაზე (ვიდეო კლიპები) საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ხელშეკრულება, სანებართვო წერილი და სხვა.);
- შპს ,,მეგა-ტვ“-ს მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის გამოყენებული არ ყოფილა.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
- ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა, ხოლო ვ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა;
- „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით) და ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის № 879 დადგენილებით) მიერთებით, საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
- „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლისა და „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები;
- ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების” აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);
- „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. კერძოდ, ავტორი ან საავტორო უფლების სხვა მფლობელი უფლებამოსილია სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე გადასცეს ლიცენზიანტს ნაწარმოების გამოყენების უფლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით;
- „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის თანახმად, სალიცენზიო ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით;
- „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას;
- ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;
- ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ი) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციას წარმოადგენს საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
- ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია მაუწყებლისაგან გამოითხოვოს, ხოლო მაუწყებელი ვალდებულია კომისიას სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მაუწყებლის მიერ კომისიისათვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. მაუწყებელმა მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას უნდა წარუდგინოს მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში, თუ კომისიის მიერ სხვა ვადა არ არის განსაზღვრული. კომისია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები;
- ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,მეგა-ტვ“-ს მიერ სამაუწყებლო ბადეში განთავსებული პროდუქციის (ვიდეო კლიპების) შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე გადაცემით, შპს ,,მეგა-ტვ“-ს მიერ დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ვ) ქვეპუნქტები, ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, „ისმო-ს“ საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლები, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.
იმის გათვალისწინებით, რომ შპს ,,მეგა-ტვ“-ს მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადგილი არ ჰქონდა განმეორებით იგივე/ერთგვაროვანი სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევას, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ვიდეო კლიპების სამაუწყებლო ბადეში განთავსების მართლზომიერების საკითხთან დაკავშირებით კომისიას აქამდე გადაწყვეტილება არ მიუღია რაც, კომისიის აზრით, ხელს შეუწყობდა კომპანიის მიერ აღნიშნული საკითხებისადმი ერთგვაროვან მიდგომას და სამართალდარღვევის პრევენციას, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ს სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების, ასევე მისთვის სამაუწყებლო ბადეში განთავსებული ვიდეო კლიპების არამართლზომიერი გადაცემის აკრძალვით, დაცული იქნება კანონიერებისა და პროპორციულობის პრინციპი, ასევე მიიღწევა ის მიზნები, რაც ზოგადად გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ“ ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ,,საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 98-ე და 99-ე მუხლების, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლების, ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) და ი) ქვეპუნქტების, 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ვ) ქვეპუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
- შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“ ცნობილ იქნას სამართალდამრღვევად „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლებისა, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ვ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო;
- შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან;
- მიეცეს შპს „დამოუკიდებელ ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ს ერთი თვის ვადა სამაუწყებლო ბადეში განთავსებული აუდიო-ვიზუალური პროდუქციის (ვიდეო კლიპების) ჩვენების უფლების მოსაპოვებლად, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ, მართლზომიერი ჩვენების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის არარსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს აღნიშნული ვიდეო კლიპების სამაუწყებლო ბადიდან დაუყოვნებლივ ამოღება;
- დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ,,დამოუკიდებელ ტელეკომპანია მეგა-ტვ“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
- გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ავტორიზებული პირისათვის ჩაბარების დღიდან;
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს ,,დამოუკიდებელ ტელეკომპანია მეგა-ტვ“-სთვის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსარეხურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
