წვდომის მენიუ

შპს „კოსმოსისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 450 / 18

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 17, 2018 17:33

მიღების თარიღი აგვისტო 02, 2018

შპს „კოსმოსისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I.     საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№შ-10/3342-18, 13.07.2018) თანახმად, 2018 წლის  21 ივნისს კომისიის აპარატის  აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ განხორციელდა შპს „კოსმოსის“ შემოწმება პროგრამების აუდიო-ვიზუალური დათვალიერება-მოსმენის საშუალებით და გადაცემის დროის დაფიქსირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი №50. შემოწმება ჩატარდა ქ. გორში, მამარდაშვილის N10-ში, შპს  „კოსმოსის“ ოფისში კომპანიის  ინჟინერის მ.აბრამიძის თანდასწრებით. შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ  შპს „კოსმოსი“ საკუთარი  ქსელით ახდენს შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „თრიალეთი“, „ტვ პირველი“, „აჭარა“, „World Fashion“, “Шансон ТВ”, „რაგბი ტვ“, „პალიტრა ტვ“, „RTVi“, „Детский мир“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, “Интер +”, “Россия К”, „იმედი“, „Fulm box“, “Мир”, „მაესტრო“,„Fulm box  frthouse“, „სტარვიზია“, „1 გასართობი“, “რუსთავი 2”, “ORT”, „კავკასია“,“Охота и Рыбалка”, „ერთსულოვნება“, “Setanta sport”, „XXI“, “Дом Кино“, „სილქ უნივერსალი“, “Fast box”,  “Россия 24”, „ენკი ბენკი“,“Docu box”, „ობიექტივი“, „იბერია“, “Travel”, “РТР планета”, “Fine living”, “Music Box ru”, „Юмор.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე, ირკვევა, რომ შპს „კოსმოსს“  2018 წლის 13 ივლისის მდგომარეობით კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი  რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „World Fashion“, „იმედი“, „მაესტრო“, “რუსთავი 2”,“ORT”, „XXI“, „სილქ უნივერსალი“, “Travel”, “РТР планета”. შესაბამისად, შპს „კოსმოსის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების შესწავლის საფუძველზე, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ  შპს  „კოსმოსის“ მიერ ზემოაღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება ხორციელდება არამართლზომიერად.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№შ-10/3342-18, 13.07.2018) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „კოსმოსისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2018 წლის 2 აგვისტო. აღნიშნულის თაობაზე შეტყობინება ფოსტით გაეგზავნა შპს „კოსმოსს“ და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.  შეტყობინება (N03/2560-18; 27.07.2018) კომპანიას  ჩაბარდა 2018 წლის 30 ივლისს.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა  გაიმართა კომისიის 2018 წლის 2 აგვისტოს სხდომაზე.  კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა  კომპანიის წარმომადგენელი, მიუხედავად იმისა, რომ  შეტყობინება (N03/2560-18; 27.07.2018) სხდომის ჩატარების თაობაზე კომპანიას  ჩაბარდა (გზავნილის კოდი: AP01004815141; ჩაბარების თარიღი: 30.07.2018; ჩაიბარა: ნ.ჯაკობიამ). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია  ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ვინაიდან, კომისიამ შეასრულა კანონით მასზე დაკისრებული ვალდებულება კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „კოსმოსის“ წარმომადგენლის დაუსწრებლად.

კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა, რომ შპს „კოსმოსს“ ასევე წარმოდგენილი აქვს შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი  რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „World Fashion“, “ORT”,„XXI“, „სილქ უნივერსალი“,“Travel”, “РТР планета”. შესაბამისად, შპს „კოსმოსს“ 2018 წლის 2 აგვისტოს მდგომარეობით არ აქვს კომისიაში წარმოდგენილი შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი  რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „იმედი“, „მაესტრო“, “რუსთავი 2”.

II. კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები

  1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/3342-18, 13.07.2018) თანდართული დოკუმენტაციით;
  2. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების  რეგულირების დეპარტამენტის 2018 წლის 21 ივნისის შემოწმების აქტი N50;
  3.  შპს „კოსმოსის“ შემოწმების პროცესის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი (CD);
  4. კომისიის 2013 წლის 14 იანვრის №04/80–13 წერილი და ამ წერილის შპს ,,კოსმოსისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  5. მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმე (არაკომერციაული) იურიდიული პირების რეესტრიდან შპს „კოსმოსის“ შესახებ;
  6. შპს „კოსმოსი“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ხელშეკრულებები, სანებართვო წერილები და სხვა.);
  7.  კომისიის შეტყობინება (N03/2560-18; 27.07.2018) და აღნიშნული შეტყობინების შპს „კოსმოსისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

III. კომისიის მიერ დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები:

  1. შპს ,,კოსმოსი” არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი (კომისიაში ავტორიზაციის თარიღი: 26/11/2014; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი: ტელემაუწყებლობის ტრანზიტი);
  2. შპს „კოსმოსს“ საქართველოს ტერიტორიაზე  სამაუწყებლო არხების უცვლელი სახით გადაცემის უფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეს ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საავტორო ან მომიჯნავე (მათ შორის ექსკლუზიური) უფლების მფლობელთან დადებული ხელშეკრულების ან/და სანებართვო წერილების  საფუძველზე;
  3. 2018 წლის 21 ივნისს, 11:10 საათზე, შპს „კოსმოსის“ ოფისში, მისამართზე: ქ. გორი, მამარდაშვილის N10, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ (ზ. კვირველია, ი. ბაღაშვილი) განხორციელდა შპს „კოსმოსის“ მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემის მართლზომიერების შემოწმება, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი №50.  შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლები: ზ.კვირკველია და ი.ბაღაშვილი, შემოწმებისა და შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმე, შპს „კოსმოსის“ ინჟინერი მ.აბრამიძე;
  4. შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ  შპს „კოსმოსი“ საკუთარი საკაბელო ქსელით ავრცელებს შემდეგ სამაუწყებლო არხებს: „თრიალეთი“, „ტვ პირველი“, „აჭარა“, „World Fashion“, “Шансон ТВ”, „რაგბი ტვ“, „პალიტრა ტვ“, „RTVi“, „Детский мир“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, “Интер +”, “Россия К”, „იმედი“, „Fulm box“, “Мир”, „მაესტრო“,„Fulm box  frthouse“, „სტარვიზია“, „1 გასართობი“, “რუსთავი 2”, “ORT”, „კავკასია“,“Охота и Рыбалка”, „ერთსულოვნება“, “Setanta sport”, „XXI“, “Дом Кино“, „სილქ უნივერსალი“, “Fast box”,  “Россия 24”, „ენკი ბენკი“,“Docu box”, „ობიექტივი“, „იბერია“, “Travel”, “РТР планета”, “Fine living”, “Music Box ru”, „Юмор“;
  5. 2018 წლის 21 ივნისს განხორციელებული შემოწმების სისწორე დადასტურდა 2018 წლის 21 ივნისის №50 შემოწმების აქტით, რომელიც შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ასევე, შემოწმების პროცესის აუდიო-ვიზუალური ჩანაწერით;
  6. 2013 წლის 14 იანვრის №04/80-13 წერილით (შპს „კოსმოსს“ (ძველი სახელწოდება :ი/მ ნინო ჯაკობია) ჩაბარდა 16.01.2013; ქვითრის ნიმერი: N010003903907) მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, მათ შორის შპს „კოსმოსს“ ეცნობა და განემარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირის მიერ ხორციელდება ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი, არა უშუალოდ ტელე ან რადიომაუწყებელთან გაფორმებული ხელშეკრულების, არამედ შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ტელე ან რადიოარხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად ტრანზიტის დასადასტურებლად, ავტორიზებულმა პირმა კომისიაში უნდა წარმოადგინოს: ა) ავტორიზებულ პირსა და შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; ბ) შუამავლობის /დისტრიბუციის/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; გ) ტელე ან რადიომაუწყებლის ოფიციალური დადასტურება ტელე ან რადიოარხის სამაუწყებლო ბადეებში განთავსებული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული გავრცელების უფლების ფლობის შესახებ. ამავე წერილით მას განემარტა, რომ თუ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება ხორციელდება ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, აუცილებელია კომისიაში აღნიშნული სამაუწყებლო არხის პროგრამებზე საავტორო და მომიჯნავე უფლების მქონე პირის/ კომპანიის ნებართვის წერილის წარმოდგენა (Permission Letter), რომელშიც აღნიშნული იქნება ა) ნებართვა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ სამაუწყებლო არხის საქართვლოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ; ბ) დადასტურება სამაუწყებლო არხის ბადეში განთავსებული პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების შესახებ; ასევე, განემარტა მის მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტებში ყოველი სამაუწყებლო არხის ცვლილების (დამატების) შემთხვევაში, აგრეთვე მოქმედი ხელშეკრულების ვადის გასვლისას ახალი ვადით ხელშეკრულების გაგრძელებისას შესაბამისი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება კომპანიის მიერ შესაბამისი სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე/ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე;
  7. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა, რომ შპს „კოსმოსს“ კომისიაში ასევე წარმოდგენილი აქვს შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი  რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „World Fashion“, “ORT”,„XXI“, „სილქ უნივერსალი“,“Travel”, “РТР планета”;
  8. 2018 წლის 13 ივლისის მდგომარეობით და ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის შპს „კოსმოსს“ კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „იმედი“, „მაესტრო“, “რუსთავი 2“;
  9. შპს „კოსმოსის 2018 წლის 29 მარტის N180/18 გადაწყვეტილებით კომისიამ ცნო სამართალდამრღვევად საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონდებლობის დარღვევის გამო, გაათავისუფლა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან და ამავდროულად, კომპანიას აეკრძალა სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი ტრანზიტი;
  10. შპს „კოსმოსის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი ან იგივე დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

IV.  გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

  1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
  2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;
  3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;
  4. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად,    ხოლო ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
  5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
  6. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის  №609 დადგენილებით),   ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან  მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
  7. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლისა და  „ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ  ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით; ამ ნორმის გამოყენებისათვის კი აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა საშუალებები და ხერხები;
  8. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების”  აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);
  9. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;
  10. ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ნიშნავს ნება დართოს ან აკრძალოს: ა) გადაცემის ჩაწერა; ბ) გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით  და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც  მოხდა მისი ჩაწერა; გ) გადაცემის ერთდროულად გადაცემა ეთერში და კაბელით ხელახალი გადაცემა შესაბამისად საეთერო და საკაბელო მაუწყებლობის სხვა ორგანიზაციის მიერ; დ) გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელით; ე) გადაცემის საჯარო გადაცემა ადგილებში, სადაც შესვლა ფასიანია. ვ) გადაცემის ჩანაწერის გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით; ზ) გადაცემის ჩანაწერის გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა; თ) გადაცემის ჩანაწერის გადაცემა სადენებით ანდა უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეული ადგილიდან და დროს;
  11. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;
  12. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი;
  13. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს;
  14. ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სამაუწყებლო არხების:  „იმედი“, „მაესტრო“, “რუსთავი 2“-ის შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე საკაბელო ქსელით უცვლელი სახით გადაცემით, შპს „კოსმოსის“ მიერ დარღვეულია „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლი, ,,საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) ქვეპუნქტი, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, სანქცირების საფუძველია. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის მხრიდან  ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადგილი არ ჰქონია იგივე/მსგავს დარღვევას, ის კანონის შესაბამისად წერილობით უნდა გაფრთხილდეს.

კომისია აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „კოსმოსს“ უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე  სატელევიზიო  არხის: „ „იმედი“, „მაესტრო“, “რუსთავი 2”-ის არამართლზომიერი ტრანზიტი.

V.    სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ)  ქვეპუნქტების,  45-ე მუხლის პირველი  პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის ბ) პუნქტის,  36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად 

 გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

  1. შპს „კოსმოსს“ მიეცეს გაფრთხილება  „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის, ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტების   დარღვევის გამო;
  2.  უზრუნველყოს შპს „კოსმოსმა“ საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო არხების: „იმედი“, „მაესტრო“, “რუსთავი 2”-ის არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
  3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „კოსმოსისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
  4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „კოსმოსისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
  5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „კოსმოსისთვის“  ჩაბარების დღიდან;
  6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.,  N6) შპს „კოსმოსისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
  7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიდუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები