წვდომის მენიუ

შპს „ავეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე

ნომერი: 451 / 18

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 13, 2018 15:46

მიღების თარიღი აგვისტო 02, 2018

შპს „ავეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე  დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე

I.     საქმის აღწერა

„ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, ასევე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა შპს „ავეტის“ ოფისში, მდებარე ქ. ახალქალაქი, აღმაშენებლის ქ. N1/1, 2018 წლის 20 ივნისს, 13:45 საათზე განახორციელა შპს „ავეტის“ საკაბელო ქსელში არსებული არხების შემოწმება, რომლის შედეგებიც აისახა 2018 წლის 20 ივნისის N49 შემოწმების აქტში. შემოწმებისას გაირკვა, რომ შპს „ავეტი“ საკუთარი საკაბელო ქსელით ახდენს შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტს: НТВ Мир“, “Рен ТВ”, „ТНТ music“, “RT”, “RTD”, “UA TV”, “Юмор”, “Music Box ru”, “Шансон ТВ”,“Music Box ”, „Детский Мир“, „Мама“, „Матч планета!“ “Кухня”, „Наука“, “Охота и Рыбалка”, „Киносвидание“, „Кинопремиера“, „Кинохит“, „Родное кино“, „Наше новое кино“, “Индийское кино”, „Киномикс“, „შოღაკათ“ (სომხური), „კენტრონ“ (სომხური), „ერკირ მედია“ (სომხური), „C1“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „აჭარა“,  „თრიალეთი“, „ტელეარხი 25“.

2018 წლის 20 ივნისის N49 შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა მოამზადა 2018 წლის 13 ივლისის №შ-10/3349-18 სამსახურებრივი ბარათი, სადაც აღინიშნა, რომ 2018 წლის 13 ივლისის მდგომარეობით შპს „ავეტს“ არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ტრანზიტის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“,  „თრიალეთი“, „ტელეარხი 25“.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2018 წლის 13 ივლისის (№შ-10/3349-18) სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ავეტი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე,  მის მიერ საკუთარი საკაბელო ქსელით სამაუწყებლო პროდუქციის საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემის გამო. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თარიღად განისაზღვრა 2018 წლის 20 ივლისი. აღნიშნულის თაობაზე შპს „ავეტს“ 2018 წლის 20 ივლისს ფოსტით გაეგზავნა შეტყობინება (03/2385-18) და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. შპს „ავეტს“ შეტყობინება ჩაბარდა 2018 წლის  23 ივლისს.

შპს „ავეტი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხის დანიშნული განხილვა კომისიის 2018 წლის 26 ივლისის სხდომაზე გადაიდო შპს „ავეტის“ წარმომადგენლის გამოუცხადებლობის გამო. საკითხის განხილვა გაიმართა 2018 წლის 2 აგვისტოს. სხდომაზე გამოცხადდნენ შპს „ავეტის“ წარმომადგენლები: რუდიკ ავეტისიანი, ხელმძღვანელი და აკოპ აზარიანი, ინჟინერი, რომლებმაც წარმოადგინეს სამაუწყებლო არხების: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“,  „თრიალეთი“, „ტელეარხი 25“ მართლზომიერი ტრანზიტის დამასტურებელი დოკუმენტაცია.

II. კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები:   

1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/3349-18, 13.07.2018) თანდართული დოკუმენტაციით;

2. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების  რეგულირების დეპარტამენტის 2018 წლის 20 ივნისის შემოწმების აქტი N49;

3. შპს „ავეტის“ შემოწმების პროცესის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი (CD);

4. კომისიის 2018 წლის 20 ივლისის N03/2385-18 წერილობითი შეტყობინება შპს „ავეტს“ და ამ წერილის შპს „ავეტი“-სთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

5. კომისიის 2018 წლის 27 ივლისის N03/2526-18 წერილობითი შეტყობინება შპს „ავეტს“ და ამ წერილის მისთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

6. მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმე (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან შპს „ავეტის“ შესახებ.

III.       კომისიის მიერ დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები:

1. შპს „ავეტი“ არის ავტორიზებული პირი. ავტორიზაციის თარიღი: 08/02/2010 ავტორიზებული საქმიანობის სახე: A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი: ტელემაუწყებლობის ტრანზიტი;

2. შპს „ავეტს“ საქართველოს ტერიტორიაზე  სამაუწყებლო არხების უცვლელი სახით გადაცემის უფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეს ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საავტორო ან მომიჯნავე (მათ შორის ექსკლუზიური) უფლების მფლობელთან დადებული ხელშეკრულების ან/და სანებართვო წერილების  საფუძველზე;

3. 2018 წლის 20 ივნისს 13:45 საათზე შპს „ავეტის“ ოფისში, მდებარე ქ. ახალქალაქი, აღმაშენებლის ქ. 1//1, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ (ზ. კვირველია, ი. ბაღაშვილი) განხორციელდა შპს „ავეტის“ მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემის მართლზომიერების შემოწმება, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი №49. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირებების დეპარტამენტის თანამშრომლები: ზ.კვირკველია და ი.ბაღაშვილი. აქტი წარედგინა შპს „ავეტის“ ინჟინერ აკოპ აზარიანს, რაც დასტურდება მისი ხელმოწერით;

4. შემოწმებისას გაირკვა, რომ შპს „ავეტი“ საკუთარი საკაბელო ქსელით ახდენს შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტს: „НТВ Мир“, “Рен ТВ”, „ТНТ music“, “RT”, “RTD”, “UA TV”, “Юмор”, “Music Box ru”, “Шансон ТВ”,“Music Box ”, „Детский Мир“, „Мама“, „Матч планета!“ “Кухня”, „Наука“, “Охота и Рыбалка”, „Киносвидание“, „Кинопремиера“, „Кинохит“, „Родное кино“, „Наше новое кино“, “Индийское кино”, „Киномикс“, „შოღაკათ“ (სომხური), „კენტრონ“ (სომხური), „ერკირ მედია“ (სომხური), „C1“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „აჭარა“,  „თრიალეთი“, „ტელეარხი 25“.

5. 2018 წლის 20 ივნისს განხორციელებული შემოწმების სისწორე დასტურდება 2018 წლის 20 ივნისის №49 შემოწმების აქტით, რომელიც შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ასევე, შემოწმების პროცესის აუდიო-ვიზუალური ჩანაწერით;

6. შპს „ავეტმა“ კომისიის 2018 წლის 2 აგვისტოს სხდომაზე წარმოადგინა სამაუწყებლო არხების:  „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“,  „თრიალეთი“, „ტელეარხი 25“ მართლზომიერად გავრცელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;

2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;

4. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად,. ამავე მუხლის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;

6. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” 1886 წლის 9 სექტემბრის ბერნის კონვენცია (შემდგომში „ბერნის კონვენცია“) რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის  №609 დადგენილებით. ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულება (შემდგომში „ისმოს ხელშეკრულება“) რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის № 879 დადგენილებით. ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენცია (შემდგომში „რომის კონვენცია“) რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით. „ბერნის კონვენციასთან“, „რომის კონვენციასთან“ და „ისმოს ხელშეკრულებასთან“   მიერთებით, საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებები;

7. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლისა და  „ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ  ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით; ამ ნორმის გამოყენებისათვის კი აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა;

8. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების”  აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);

9. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;

10. ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ნიშნავს ნება დართოს ან აკრძალოს: ა) გადაცემის ჩაწერა; ბ) გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით  და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც  მოხდა მისი ჩაწერა; გ) გადაცემის ერთდროულად გადაცემა ეთერში და კაბელით ხელახალი გადაცემა შესაბამისად საეთერო და საკაბელო მაუწყებლობის სხვა ორგანიზაციის მიერ; დ) გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელით; ე) გადაცემის საჯარო გადაცემა ადგილებში, სადაც შესვლა ფასიანია. ვ) გადაცემის ჩანაწერის გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით; ზ) გადაცემის ჩანაწერის გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა; თ) გადაცემის ჩანაწერის გადაცემა სადენებით ანდა უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეული ადგილიდან და დროს;

11. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;

12. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი;

13. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.

14. ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

15. კომისიას მიაჩნია, რომ სამაუწყებლო არხების: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“,  „თრიალეთი“, „ტელეარხი 25“ შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე საკაბელო ქსელით უცვლელი სახით გადაცემით, შპს „ავეტი“-ს მიერ დარღვეულია „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლი, ,,საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, სანქცირების საფუძველია. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები და ვალდებულებები შესრულებულ იქნა (დარღვევა აღმოფხვრილი იქნა)  ნებაყოფლობით, კერძოდ,  შპს „ავეტის“  მიერ ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის შესრულებულია  ყველა ის კანონისმიერი ვალდებულება, რომელიც მას, როგორც ავტორიზებულ პირს გააჩნდა ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე,  კომისია უფლებამოსილია დარღვევის აღმოფხვრის ფაქტის გათვალისწინებით, გაათავისუფლოს შპს „ავეტი“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან და  შეწყვიტოს დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შპს „ავეტისთვის“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.

V.    სარეზოლუციო ნაწილი:

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე, 103-ე, 104-ე და 105-ე მუხლების, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ)  ქვეპუნქტის, 45-ე მუხლის პირველი  პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის,  36-ე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად 

 გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.  შეწყდეს შპს “ავეტი“-სთვის (ს/ნ223353118) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება;

2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) ამ გადაწყვეტილების შპს „ავეტისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „“ავეტი“-სთვის  ჩაბარების დღიდან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.,  N6) შპს „ავეტი“-სთვის  ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის  ადმინისტრაციას (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები