წვდომის მენიუ

შპს „იმკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 452 / 18

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 13, 2018 15:44

მიღების თარიღი აგვისტო 02, 2018

შპს „იმკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

 I.  აღწერილობითი ნაწილი 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის 2018 წლის 11 ივლისის №შ-10/3301-18 მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა, რომ შპს „იმკომს“ არ წარმოუდგენია 2018 წლის აპრილისა და მაისის თვეების რეგულირების საფასურის გაანგარიშების ელექტრონული ფორმა 1,9­­.  კომისიის 2018 წლის 28 ივნისის N07/2179-18 წერილით, შპს „იმკომი“ გაფრთხილებულ იქნა რეგულირების საფასურის გაანგარიშების 1.9 ფორმის წარმოუდგენლობის თაობაზე და განესაზღვრა ვადა 2018 წლის 30 ივნისის ჩათვლით აღნიშნული ფორმის წარმოდგენისა და კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასურის ჩარიცხვისათვის. მიუხედავად აღნიშნულისა, შპს „იმკომმა“ არ წარმოადგინა რეგულირების საფასურის გაანგარიშების შევსებული 1.9 ფორმა.

კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის 2018 წლის 11 ივლისის №შ-10/3301-18 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს “იმკომისთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, რის თაობაზეც მას ეცნობა 2018 წლის 27 ივლისის N03/2521-18 წერილობითი შეტყობინებით. წარმოების დაწყების თარიღად განისაზღვრა 2018 წლის 27 ივლისი, ხოლო საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2018 წლის 2 აგვისტო. შპს „იმკომს“ განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. ამავე შეტყობინებით, შპს „იმკომს“ ასევე განემარტა კომისიის უფლებამოსილება განიხილოს საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება  მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში. აღნიშნული შეტყობინება შპს „იმკომს“ ჩაბარდა 2018 წლის 30 ივლისს.

საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა კომისიის 2018 წლის 2 აგვისტოს. კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „იმკომის“ წარმომადგენელი. ვინაიდან, კომისიის მიერ შესრულებულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულება, შპს „იმკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი განხილულ იქნა კომპანიის წარმომადგენლის დასწრების გარეშე.

II.   ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათი თანდართული დოკუმენტაციით (№შ-10/3301-18, 11 ივლისი 2018);

2. კომისიის 2018 წლის 27 ივლისის №03/2521-18 შეტყობინება შპს „იმკომს“ და ამ წერილობითი შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

3. კომისიის 2018 წლის 28 ივნისის N07/2179-18 წერილი შპს „იმკომს“;

4. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილება „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“;

5. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „იმკომის“ შესახებ.

III.  კომისიის მიერ დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს „იმკომი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს. ავტორიზაციის თარიღი: 13/07/2015; ავტორიზებული საქმიანობის სახე: A.F.7  ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა: ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.1 ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი  კავშირით მომსახურება: ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

2. შპს „იმკომი“, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

3. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების მე-6 პუნქტის თანახმად,  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე;

4. შპს „იმკომს“ 2018 წლის 2 აგვისტოს მდგომარეობით არ წარმოუდგენია 2018 წლის აპრილისა და მაისის თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა 1.9;

5. შპს „იმკომის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე იგივე ან მსგავსი დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ხოლო ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური;

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი.  ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;

3. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების მე-6 პუნქტის თანახმად,  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე;

4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა;

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ რეგულირების საფასურის გაანგარიშების 1.9 ფორმის დადგენილ ვადებში წარმოუდგენლობისა და რეგულირების საფასურის გადაუხდელობით შპს „იმკომმა“ დაარღვია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) და ლ) ქვეპუნქტებისა და  „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულებები, რაც  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს წარმოადგენს. კერძოდ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. გამომდინარე იქიდან, რომ  შპს „იმკომის“ მიმართ  ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე იგივე ან მსგავსი დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა,  ის  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს. ამასთან, შპს „იმკომს“ უნდა დაევალოს რეგულირების საფასურის გაანგარიშების ელექტრონულად შევსებული 1.9 ფორმის კომისიაში წარმოდგენა.

V.  სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და ლ) ქვეპუნქტების,  45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95-ე,  98-ე, 99-ე, 103-ე, 104-ე და 105-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, „რეგულურების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს „იმკომს“ (ს/ნ 404383252) მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და ლ) ქვეპუნქტების,  „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის  2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების დარღვევის გამო;

2. დაევალოს შპს „იმკომს“  2018  წლის აპრილისა და მაისის თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშების 1.9 ფორმის შევსება და კომისიაში წარმოდგენა  10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „იმკომისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. ჭელიძე) შპს „იმკომის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „იმკომისთვის“ ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „იმკომისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს  კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი).

 

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები