არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,მედიააკადემია“’ დაფუძნების თაობაზე

ნომერი: 455 / 22

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 07, 2018 9:42

მიღების თარიღი აგვისტო 02, 2018

 

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,მედიააკადემია“დაფუძნების თაობაზე

,,მაუწყებლობის შესახებ“ და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონებში 2017 წლის 23 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში - კომისია) განესაზღვრა  საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის ფუნქცია[1]. მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის, მათ შორის, საზოგადოებაში მედიაწიგნიერების მდგომარეობის შეფასების, გამოწვევების იდენტიფიცირების და მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის კვლევების ჩატარების, საზოგადოების სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისა და სხვა ჯგუფებისათვის (ბავშვები და მათი მშობლები, მასწავლებლები, მედიის წარმომადგენლები და სხვა) სპეციალური სასწავლო კურსების ჩატარების/პროგრამების განხორციელების მიზნით კომისია უფლებამოსილია დააფუძნოს მედიაწიგნიერების სასწავლო-კვლევითი ცენტრი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით. ასევე,

საზოგადოებაში მედია წიგნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნის მისაღწევად, კომისია უფლებამოსილია სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობით შექმნას მედიაწიგნიერების განვითარების ქსელი/პლატფორმა, ვებგვერდი[2]; შეიმუშავოს და დაამტკიცოს მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის სამოქმედო გეგმა მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად[3]; საჯარო ინსტიტუტებთან, მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროებში შესაბამისი ბაზრების მონაწილეებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებთან და სხვა ორგანიზაციებთან, აგრეთვე უცხო ქვეყნების ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებთან, უცხოურ და საერთაშორისო სასწავლო-საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან დადოს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის სამოქმედო გეგმის  შესასრულებლად[4]. კომისია თავისი საქმიანობის განხორციელებისას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების გამოცემისას, ითვალისწინებს მედიაწიგნიერების განვითარებისა და მისი ხელშეწყობის მიზნებსა და ამოცანებს, ქცევის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანისას ხელმძღვანელობს მედიაწიგნიერების განვითარების სტრატეგიით და უზრუნველყოფს ამ პროცესში საზოგადოებისა და ყველა დაინტერესებული ჯგუფის/პირის მონაწილეობას[5]. კომისია ხელს უწყობს მედიაწიგნიერების პოპულარიზაციას კანონით დაშვებული ყველა ფორმით, მათ შორის, სამაუწყებლო სასწავლო-საგანმანათლებლო პროდუქციის შექმნის,  კონფერენციებისა და სხვა მიზნობრივი ღონისძიებების ორგანიზების გზით[6]. კომისია აფასებს საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარების დონეს, ახდენს გამოწვევების იდენტიფიცირებას, აანალიზებს კომისიის მიერ მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობისათვის განხორციელებულ ღონისძიებებს და აღნიშნულ ანალიზს აქვეყნებს კომისიის საქმიანობის ანგარიშში[7]. მედიაწიგნიერების განვითარებისა და მისი ხელშეწყობის მიზნების მისაღწევად კომისიას უფლება აქვს, განახორციელოს სხვა უფლებამოსილებებიც[8]. აღნიშნული მიზნების მისაღწევად და ამოცანების შესასრულებლად კომისია უფლებამოსილია კომისიის ბიუჯეტიდან გამოყოს შესაბამისი თანხები, მოიპოვოს გრანტები და დაფინანსების სხვა წყაროები, აგრეთვე კომისიის ბიუჯეტიდან დააფინანსოს მედიაწიგნიერების ხელშეწყობის პროგრამები/პროექტები[9].

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებებით კომისიისთვის დაკისრებული ფუნქციის შესრულების მიზნით, კერძოდ, საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის, მათ შორის, საზოგადოებაში მედიაწიგნიერების მდგომარეობის შეფასების, გამოწვევების იდენტიფიცირების და მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის კვლევების ჩატარების, საზოგადოების სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისა და სხვა ჯგუფებისათვის (ბავშვები და მათი მშობლები, მასწავლებლები, მედიის წარმომადგენლები და სხვა) სპეციალური სასწავლო კურსების ჩატარების/პროგრამების განხორციელების მიზნით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა დაფუძნდეს მედიაწიგნიერების სასწავლო-კვლევითი ცენტრი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით და მიღებულ იქნას წესდება.

,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ო) ქვეპუნქტისა და 141 მუხლის შესაბამისად,  ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის, მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის რ) და ლ) ქვეპუნქტების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 25-ე - 29-ე მუხლების შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 54-ე და 56-ე მუხლებისა და VII თავის შესაბამისად, კომისიამ ერთხმად,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

  1. საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარებისა და მისი ხელშეწყობის მიზნების მისაღწევად დაფუძნდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,მედიააკადემია“.
  2.  მიღებულ იქნას არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის  ,,მედიააკადემია“ წესდება (დანართი 1).
  3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,მედიააკადემია“ რეგისტრაციაში გატარების მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ წარდგენა (პ. ბერია).
  4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას წინამდებარე გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნება (ი. ხარებავა).
  5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე.
  6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) ერთი თვის ვადაში.
  7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-4 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (პ. ბერია).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 


[1] საქართველოს კანონი ,,მაუწყებლობის შესახებ“, მუხლი 5, პუნქტი 3, ო) ქვეპუნქტი და მუხლი 141. საქართველოს კანონი ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“, მუხლი 4, პუნქტი 1; მუხლი 11, პუნქტი 2, რ) და ლ) ქვეპუნქტები.

[2]  საქართველოს კანონი ,,მაუწყებლობის შესახებ“, მუხლი 141, პუნქტი 3

[3]  იქვე, პუნქტი 1

[4]  იქვე, პუნქტი 2

[5]  იქვე, პუნქტი 4

[6] იქვე, პუნქტი 5

[7] იქვე პუნქტი 7

[8] იქვე, პუნქტი 8

[9] იქვე, პუნქტი 6

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები