საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 5 ივლისის №387/8 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 16, 2018 11:04
მიღების თარიღი აგვისტო 02, 2018
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 5 ივლისის №387/8 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2018 წლის პირველ აგვისტოს კომისიას მიმართა შპს „ჯეოსელმა“ და მოითხოვა ცვლილების შეტანა „მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ“ კომისიის 2018 წლის 5 ივლისის №387/8 გადაწყვეტილებაში, კერძოდ ლიცენზიის მაძიებლების მიერ განცხადებების წარმოდგენის და აუქციონის ჩატარების თარიღის ერთი თვით გადაწევა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული კომპანიას სურს მიიღოს მონაწილეობა აუქციონში თუმცა ამ ეტაპზე კომპანიაში მიმდინარეობს რიგი ტექნიკური საკითხების დაზუსტება, რის გამოც ითხოვენ განცხადების წარმოდგენის ვადის გადაწევას.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2018 წლის 5 ივლისის №387/8 გადაწყვეტილებით გამოცხადდა აუქციონი მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად 800 მჰც სიხშირულ დიაპაზონში. აუქციონის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2018 წლის 21 აგვისტოს 12:00 საათი, ხოლო ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების წარმოდგენის ვადად 2018 წლის 6 აგვისტოს 17:00 საათი.
კომისიის 2018 წლის 2 აგვისტოს სხდომაზე გადაწყვეტილების მიღებისას კომისიამ გაითვალისწინა, რომ 2018 წლის 2 აგვისტოს მდგომარეობით განცხადება აუქციონში მონაწილეობასთან დაკავშირებით არც ერთ ლიცენზიის მაძიებელს არ წარმოუდგენია; ასევე გაითვალისწინა ის გარემოება, რომ 2018 წლის 5 ივლისს აუქციონი გამოცხადდა შპს „ჯეოსელის“ მოთხოვნით და დღეის მდგომარეობით კომისიის 2018 წლის 5 ივლისის №387/8 გადაწყვეტილებაში ცვლილებების განხორციელებას ითხოვს ასევე შპს „ჯეოსელი“. აღნიშნული გარემოებების გთვალისწინებით სხდომაზე აღინიშნა, რომ კომისია დაინტერესებულია აუქციონი არ ჩაიშალოს და მასში მონაწილეობა მიიღოს ლიცენზიის მიღების მსურველებმა. შესაბამისად კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია დაკმაყოფილდეს შპს „ჯეოსელის“ მოთხოვნა, შევიდეს ცვლილებები კომისიის 2018 წლის 5 ივლისის №387/8 გადაწყვეტილებაში და აუქციონის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2018 წლის 20 სექტემბრის 12:00 საათი, ხოლო ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მოხდეს 2018 წლის 6 სექტემბრის 17:00 საათამდე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2018 წლის 5 ივლისის №387/8 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ) აუქციონის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2018 წლის 20 სექტემბერი 12:00 საათი;
გ) ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მოხდეს 2018 წლის 6 სექტემბრის 17:00 საათამდე;
2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა):
ა) აღნიშნული გადაწყვეტილების გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ჯეოსელისთვის“ გაგზავნა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევდეს კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
