სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წინააღმდეგ კომპანია “European Profiles S.A.”-ის საჩივრის განხილვის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 04, 2018 10:48
მიღების თარიღი აგვისტო 09, 2018
სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წინააღმდეგ კომპანია “European Profiles S.A.”-ის საჩივრის განხილვის თაობაზე
I. აღწრილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შემოვიდა ფიზიკურ პირ თ. უფლისაშვილის საჩივარი (Nშ-6/3154-18; 03.07.2018), საიდანაც ირკვევა, რომ ,,ევროკავშირი საქართველოსთვის“ პროგრამის EU4Justice პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში მომზადდა ორი სოციალური თემატიკის ვიდეორგოლი, რომელიც ამავე პროექტის სახელით წარედგინა სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ პირველი არხის სამაუწყებლო ბადეში განსათავსებელად ა/წ 23 ივნისიდან 23 ივლისის ჩათვლით პერიოდში. აღნიშნული პროექტის სახელით მომჩივანმა თ. უფლისაშვილმა სსიპ ,,საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ვიდეო რგოლების განთავსების მიზნით წერილობით მიმართა ა/წ 21 ივნისს. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2018 წლის 28 ივნისის წერილით მას ეცნობა, რომ წარმოდგენილი ვიდეორგოლი არ პასუხობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ7“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და უარი ეთქვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში აღნიშნული ვიდეორგოლის სოციალური რეკლამის სახით განთავსებაზე.
საჩივარში აღნიშნულია, რომ პროექტის მიზანია პენიტენციური და პრობაციის სისტემების რეფორმირება ევროკავშირისა და ქართველი ექსპერტების დახმარებით და თანამედროვე, ევროპული სტანდარტების დანერგვა. პროექტის ფარგლებში ორმხრივი ვიზიტების დროს არაერთი, სფეროში დასაქმებული ადამიანი ესტუმრა ევროპულ დაწესებულებებს გამოცდილების გასაზიარებლად. შეიქმნა ქართულ სისტემაზე მორგებული არაერთი სახელმძღვანელოები, გადამზადდა ასეულობით სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი და შეიქმნა სხვადასხვა მულტიდისციპლინური ჯგუფი.
საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ ქართულ დაწესებულებებში უკვე ბევრი პოზიტიური სიახლე დაინერგა. საბოლოოდ, დაწესებულებებს უნდა ჰქონდეს ის მისია, რისთვისაც არსებობს - პატიმარი საზოგადოებისგან იზოლირებულ პერიოდში წინა წლების მსგავსად არ დეგრადირდეს და არ ჰქონდეს ცდუნება, დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განმეორებით ჩაიდინოს დანაშაული. მომჩივანი აღნიშნავს, რომ ციხის ადმინისტრაცია, სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი და სხვადასხვა ჯგუფი ცდილობს პატიმარმა ეს დრო მისთვის სასარგებლოდ გამოიყენოს და სასჯელის მოხდის შემდეგ ის არ წარმოადგენდეს საზოგადოებისთვის საფრთხეს, არამედ პირიქით, ის დაბრუნდეს უფრო სასარგებლო ქვეყნისთვის. ამისთვის, თ. უფლისაშვილის განცხადებით, პროექტის ფარგლებში განხორციელებული რეფორმის შედეგად, ხშირ შემთხვევაში მათ აქვთ სწავლისა თუ მუშაობის უფლება, როგორც დაწესებულებაში, ისე მის გარეთ, თუნდაც პატიმრობის პერიოდში. თუმცა, საზოგადოებაში არსებული სტიგმა იმის შესახებ, რომ ყოფილი პატიმარი აუცილებლად პოტენციური დამნაშავეა, ხელს უშლის მათ რესოციალიზაციას. დაწესებულებიდან გამოსული ყოფილი პატიმარი, რაც არ უნდა მოტივირებული იყოს, აღარ ჩაიდინოს დანაშაული, თუ საზოგადოებამ გარიყა, რეციდივის დიდ რისკს შეიცავს.
საჩივარში აღნიშნულია, რომ სწორედ ზემოთ მითითებული გარემოებების გამო მომზადდა სოციალური რგოლები, რომლებიც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. რგოლები საზოგადოებას ამცნობს იმ ახალი რეფორმების შესახებ და ირიბ მესიჯს აწვდის, რომ ყოფილი პატიმარი აპრიორი პოტენციური დამნაშავე არაა.
საჩივრის ავტორი სადაოდ ხდის სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ უარს მისთვის წარდგენილი სარეკლამო რგოლების განთავსებაზე და ითხოვს საჩივრის განხილვასა და წარმოდგენილი ვიდეო რგოლების შეფასებას, კერძოდ, შეესაბამება თუ არა წარმოდგენილი ვიდეორგოლები ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით სოციალური რეკლამის სტატუსს.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა 2018 წლის 26 ივლისს. კომისიის სხდომაზე გამოცხადდნენ ფიზიკურ პირ თ. უფლისაშვილის წარმომადგენელი ბ. კოკაია და ასევე, სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენელი დ. ბერძენიშვილი.
თ. უფლისაშვილის წარმომადგენელმა ბ. კოკაიამ აღნიშნა, რომ ,,ევროკავშირი საქართველოსთვის“ პროგრამის EU4Justice პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში იხარჯება 50 მილიონი ევრო საქართველოში სამართლებრივი რეფორმების მხარდაჭერის მიზნით, სხვადასხვა სამინისტროში, მათ შორის, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში. ბ. კოკაიას განცხადებით, აღნიშნული პროექტი არ არის იურიდიული პირი. მისი განმარტებით, პროექტი მომზადებულია და მას ახორციელებს საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია “European Profiles S.A.”-ის საბერძნეთის ოფისი. ბ. კოკაიას განცადებით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში გაწეულ ხარჯებს ფარავს ევროკავშირი, ხოლო კომპანია “European Profiles S.A.”-ის საბერძნეთის ოფისი უზრუნველყოფს თანხის გადარიცხვას. მისი განმარტებით, სარეკლამო რგოლები მომზადდა ქართული სარეკლამო კომპანიის მიერ საქართველოში, კომპანია “European Profiles S.A.”-ის საბერძნეთის ოფისის დაკვეთით, რომელმაც გადაიხადა სარეკლამო რგოლების საფასური. ბ. კოკაიას განცხადებით, კომპანია “European Profiles S.A.”-ის საბერძნეთის ოფისი ვერ მიმართავდა სსიპ ,,საზოგადოებრივ მაუწყებელს“ სარეკლამო რგოლების განთავსების თაობაზე, რის გამოც თ. უფლისაშვილმა პროექტის სახელით მიმართა მაუწყებელს. ამასთანავე, ვინაიდან პროექტი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში არ არის რეგისტრირებული, მან კომისიას მიმართა როგორც ფიზიკურმა პირმა. ბ. კოკაიამ ასევე აღნიშნა, თ. უფლისაშვილს, როგორც პროექტის ხელმძღვანელის მოადგილეს აქვს უფლება ხელი მოაწეროს დოკუმენტს პროექტის სახელით.
საჩივრის ავტორის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებების მოსმენის საფუძველზე, კომისიამ მიიჩნია, რომ საკითხის არსებითად განხილვამდე უნდა შესწავლილიყო კომისიაში საჩივრის განსახილველად დასაშვებობის საკითხი. აქედან გამომდინარე, თ. უფლისაშვილს მიეცა ვადა ა/წ 9 აგვისტომდე, რათა წარმოედგინა დოკუმენტი, რომლითაც კომპანია “European Profiles S.A.”-ი დაადასტურებდა მისი დაკვეთით სარეკლამო რგოლების დამზადების, პროექტის მისი სახელით განხორციელებისა და მისი თანხმობით სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლისადმი“ მიმართვის ფაქტს.
2018 წლის 7 აგვისტოს, კომისიაში შემოვიდა კომპანია “European Profiles S.A.”-ის წერილი (Nშ8/3751-18; 07.08.2018), რომელიც შედგენილი იყო ინგლისურ ენაზე, ხოლო კომისიის 2018 წლის 9 აგვისტოს სხდომაზე საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა ბ. კოკაიამ წარმოადგინა წერილის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. კომპანია “European Profiles S.A.”-ის წერილიდან (Nშ8/3751-18; 07.08.2018) ირკვევა, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,საქართველოს პენიტენციალური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში (კონტრაქტის №ENI/2016/377963) კომპანია “European Profiles S.A.”-მა მოამზადა სოციალური რეკლამები. ამავე წერილის თანახმად, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და საკითხის მიმართ დაინტერესების გაზრდის მიზნით, კომპანია ითხოვს სოციალური რგოლების განთავსებას საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ თ. უფლისაშვილი (მთავარი ექსპერტი/გუნდის ხელმძღვანელის მოადგილე) და ბ. კოკაია (უმცროსი ექსპერტი კომუნიკაციის საკითხებში) მოქმედებენ კომპანია “European Profiles S.A.”-თან შეთანხმებულად და აქვთ უფლება ამ მიმართულებით წარმოადგინონ კომპანია “European Profiles S.A.”. წერილს ხელს აწერს კომპანიის პრეზიდენტი დიმიტრიოს ბაკოლასი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ მიიჩნია, რომ სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წინააღმდეგ კომისიაში შემოსული იყო კომპანია “European Profiles S.A.”-ის საჩივარი და შესაბამისად, კომისიას უნდა განეხილა აღნიშნული კომპანიის საჩივარი.
კომისიის 2018 წლის 9 აგვისტოს სხდომაზე კომპანია “European Profiles S.A.”-ის წარმომადგენელმა ბ. კოკაიამ აღნიშნა, რომ ვიდეო რგოლების დამზადების მთავარი მოტივი იყო საზოგადოების ჩართულობა რეკლამაში ნაჩვენებ პროცესში, რადგან თუ სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში ჩართული მხარეების მიერ განხორციელდება გარკვეული რეფორმები, პატიმრის რესოციალიზაციაზე დადებითად იმუშავებს. მისი განმარტებით, პატიმართან მუშაობენ სოციალურმა მუშაკი, ფსიქოლოგი და მულტიდისციპლინარული ჯგუფი და არკვევენ მათ პრობლემებს. რამდენიმე თვის წინ კანონში შესული ცვლილების შედეგად პატიმარს პატიმრობის პერიოდში შეუძლია ეროვნულ გამოცდებზე გასვლა და უმაღლესი განათლების მიღება. ასევე კომპანიებს შეუძლიათ დაასაქმონ პატიმარი თუკი პირველი პატიმრობაა და არ იხდის სასჯელს მძიმე დანაშაულისთვის. ბ. კოკაიამ აღნიშნა, რომ ევროკავშირის დახმარებით სამინისტროში და კონკრეტულ საპატიმროებში ხორციელდება მსგავსი ტიპის უპრეცედენტო რეფორმები. მისი განმარტებით, საზოგადოებამ უნდა გაიგოს ამის შესახებ და ამ საკითხზე მეტ-ნაკლები მზაობა უნდა ჰქონდეს. ბ. კოკაიას განცხადებით, პროექტი დაიწყო წელიწადნახევრის წინ. ამ პროექტის ფარგლებში გაკეთდა მე-16 დაწესებულება რუსთავში, რომელიც არის 100 კაციანი საპატიმრო და ამ დროისთვის აქ იმყოფება 97 პატიმარი. აქედან ყველა მუშაობს და დასაქმებულია. ეს პატიმრები მეტნაკლებად ახდენენ თვითრეალიზებას.
ბ. კოკაიას განცხადებით, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით ხდება ამ ვიდეო რგოლების გაშვება. მისი განმარტებით, ვიდეო რგოლში არაფერი რომ ეთქვათ რეფორმების შესახებ, მაშინ საზოგადოებას ფიზიკურად ვერ მიაწვდიდნენ ინფორმაციას, რაში უნდა ყოფილიყო მათი მზაობა და ჩართულობა საჭირო. ბ. კოკაიას განცხადებით, ვიდეო რგოლის თვითმიზანი არ არის რეკლამირება გაუწიონ კონკრეტული საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რგოლის მიზანია რეფორმების შესახებ აცნობონ მოსახლეობას, რათა მათი მხრიდან იყოს ჩართულობა პროექტებში. სწორედ ამიტომ მიიჩნევს მომჩივანი წარმოდგენილ ვიდეო რგოლებს სოციალურად და სურს, რომ მაქსიმალურად ბევრმა ადამიანმა გაიგოს ამ რეფორმის შესახებ.
კომისიის 2018 წლის 9 აგვისტოს სხდომაზე სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენელის დ. ბერძენიშვილის განცხადებით, მომჩივანის მიერ სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ წარდგენილ განცხადებაში მითითებულია, რომ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით მომზადდა სოციალური რგოლები, რომლებიც ემსახურება პენიტენციური და პრობაციის სფეროში მიმდინარე რეფორმების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას. მისი განმარტებით, ეს ვიდეო რგოლები სოციალური ვიდეოს ფარგლებში წარმოსადგენი ვიდეო რგოლები არ არის. დ. ბერძენიშვილის განცხადებით, ვიდეო რგოლებში საუბარია მნიშვნელოვან საკითხებზე, თუმცა ვიდეო რგოლები საინფორმაციო ხასიათისაა. მისი აზრით, არასწორია ისეთი პრაქტიკის დანერგვა, რომელიც ამა თუ იმ პროექტის ფარგლებში ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს მისცემს საშუალებას მის მიერ განხორციელებული გარკვეული აქტივობების გასაშუქებლად მიმართოს სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“, ხოლო მაუწყებელმა მათ უსასყიდლოდ განუთავსოს ეთერში ვიდეო რგოლები სოციალური რეკლამის სახით. დ. ბერძენიშვილის განცხადებით, ეს ვიდეო რგოლები არის ადმინისტრაციული ორგანოს საიმიჯო რგოლები, რადგან ამ რგოლებიდან ჩანს, რომ ეს ორგანიზაცია კარგ საქმეს ემსახურება და ამ სისტემას ნერგავს. დ. ბერძენიშვილის განმარტებით, შესაძლოა ეს ვიდეო რგოლები მიჩნეულ იქნას საჯარო ადმინისტრაციული ორგანოს მომსახურების რეკლამადაც, რადგან მითითებულია ის აქტივობები, რასაც ახორციელებს სამინისტრო თავის სისტემაში. დ. ბერძენიშვილის განცხადებით, ვიდეო რგოლები არა სოციალური რეკლამის სტატუსით უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი, არამედ ისინი თავად ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა წარმოედგინა და განეთავსებინა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის შესაბამისად, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის სახით.
II. კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები:
- კომპანია “European Profiles S.A.” (Nშ-6/3154-18; 03.07.2018) თანდართული დოკუმენტაციით: (წერილი სსიპ ,,საზოგადოებრივ მაუწყებელს“, სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საპასუხო წერილი);
- კომპანია “European Profiles S.A.” საჩივარში მითითებულ ბმულებზე განთავსებული ორი ვიდეო რგოლი(https://www.youtube.com/watch?v=FtqSVsH--io&feature=youtu.be; https://www.youtube.com/watch?v=bJKS095D1_Q&feature=youtu.be;
- კომპანია “European Profiles S.A.” წერილი (Nშ8/3751-18; 07.08.2018) და მისი სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
- კომპანია “European Profiles S.A.” წარმომადგენლის ბ. კოკაიას მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება;
- სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენლის დ. ბერძენიშვილის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
- 2018 წლის 21 ივნისს, კომპანია “European Profiles S.A.”-მა წერილობით მიმართა სსიპ ,,საზოგადოებრივ მაუწყებელს“ მის სამაუწყებლო ბადეში ვიდეო რგოლების განთავსების მიზნით და ამავე წერილში მიუთითა, რომ ვიდეო რგოლები მომზადდა ევროკავშირის დაფინანსებული პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით და ემსახურება პენიტენციური და პრობაციის სფეროში მიმდინარე რეფორმების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.
- სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2018 წლის 28 ივნისის წერილით კომპანია “European Profiles S.A.”-ს ეცნობა, რომ წარმოდგენილი ვიდეორგოლი არ პასუხობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ7“ ქვეპუნქტით სოციალური რეკლამისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს და უარი ეთქვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში აღნიშნული ვიდეორგოლის სოციალური რეკლამის სახით განთავსებაზე.
- საჩივარში მითითებულ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=FtqSVsH--io&feature=youtu.be განთავსებული ვიდეორგოლი შეიცავს ანიმაციურ გამოსახულებებს, რომლებსაც თან სდევს შემდეგი შინაარსის ხმოვანი ტექსტი: ,,ჩაკეტილი სივრცე, სადაც არ ზრუნავენ ადამიანის განვითარებაზე, დროთა განმავლობაში დამთრგუნველად მოქმედებს მის ფსიქიკაზე. ასეთ პირობებში სასჯელის მოხდის შემდეგ რეციდივის რისკი მაღალია. დღეს პენიტენციური სისტემა ორიენტირებულია მსჯავრდებულთა რისკების მართვისა და საჭიროებების დაკმაყოფილებაზე. სისტემა ზრუნავს, რომ თავისუფლებააღკვეთილმა პირმა ჩაკეტილ სივრცეშიც შეძლოს განვითარება, გაანალიზოს შეცდომები, შეცვალოს ქცევა და საზოგადოებას დაუბრუნდეს ახალი უნარებითა და შესაძლებლობებით.“ ვიდეო რგოლის ბოლოს მოცემულია შემდეგი შინაარსის ტექსტი: ,,სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ამ მიზნის მიღწევაში ევროკავშირის პროექტი პენიტენციური და პრობაციის სისტემის მხარდაჭერა ეხმარება. პროექტს ახორციელებს “European Profiles S.A.” ტექსტის ქვეშ მოცემულია ევროკაშირის ლოგო და პროექტის სახელწოდება (ევროკავშირი საქართველოსთვის EU4Justice: მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა), ასევე, მითითება კომპანია ”European Profiles S.A.”-ზე და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ლოგო.
- საჩივარში მითითებულ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=bJKS095D1_Q&feature=youtu.be ვიდეორგოლი შეიცავს ანიმაციურ გამოსახულებებს, რომლებსაც თან სდევს შემდეგი შინაარსის ხმოვანი ტექსტი: ,,შინაპატიმრობა ახალი არასაპატიმრო სასჯელია, რაც გულისხმობს მსჯავრდებულის განსაზღვრულ საათებში საცხოვრებელ ადგილას ყოფნის ვალდებულებას და სასჯელის ეს სახე აღსრულდება ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით. შინაპატიმრობა საპატიმრო სასჯელის ალტერნატივაა და მსჯავრდებულს უნარჩუნებს საზოგადოებასთან მჭიდრო კონტაქტს. ამ პერიოდში მასთან აქტიურად მუშაობენ პრობაცის სისტემაში დასაქმებული პროფესიონალები, რაც ორიენტირებულია დანაშაულის განმეორების ალბათობის მინიმუმადე შემცირებაზე და საზოგადოების დაცვაზე მოსალოდნელი საფრთხეებისგან. ვიდეო რგოლის ბოლოს მოცემულია შემდეგი შინაარსის ტექსტი: ,,სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ამ მიზნის მიღწევაში ევროკავშირის პროექტი პენიტენციური და პრობაციის სისტემის მხარდაჭერა ეხმარება. პროექტს ახორციელებს “European Profiles S.A.” ტექსტის ქვეშ მოცემულია ევროკაშირის ლოგო და პროექტის სახელწოდება (ევროკავშირი საქართველოსთვის EU4Justice: მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა), ასევე, მითითება კომპანია ”European Profiles S.A.”-ზე და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ლოგო.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს;
2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ტ) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებელი განმარტებულია როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი;
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის წ) ქვეპუნქტის თანახმად, რეკლამა არის კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას;
4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ7) ქვეპუნქტის თანახმად, სოციალური რეკლამა არის საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას;
5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმოს 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამისა ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, აგრეთვე სათემო მაუწყებელი ვალდებული არიან, ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმონ 1 საათში ჯამში არანაკლებ 60 წამისა, რომლიდანაც არანაკლებ 10 წამისა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სათანადო სარეკლამო რგოლის წარმოდგენის შემთხვევაში საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ სოციალურ რეკლამას უნდა დაუთმოს.
ადმინისტრაციული წარმოების მასალების შესწავლისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის საფუძველზე კომისიას მიაჩნია, რომ კომპანია ”European Profiles S.A.”-ის მიერ მომზადებული და წარმოდგენილი ვიდეო რგოლები არ შეესაბამება სოციალური რეკლამის მიმართ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ კრიტერიუმებს.
ერთ-ერთ ვიდეო რგოლში საუბარია მსჯავრდებულებზე ნეგატიური ზემოქმედების ფაქტორებზე და თანმდევ რისკებზე. ასევე, საუბარია ამ პრობლემის გადაჭრის მიზნით პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე, რომლებსაც ახორციელებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო. ვიდეო რგოლში აღნიშნულია ის ორგანიზაციები, რომლებიც ეხმარებიან სამინისტროს ამ მიზნის მიღწევაში.
მეორე ვიდეო რგოლში საუბარია შინაპატიმრობაზე და იმ თავისებურებებზე, რომლებიც შინაპატიმრობას განასხვავებს სასჯელის სხვა სახეებისგან. ასევე, საუბარია დანაშაულის განმეორებით ჩადენის ალბათობის შემცირებისა და მოსალოდნელი საფრთხეებისგან საზოგადოების დაცვის მიზნით ადმინისტრაციულ ორგანოში დასაქმებულ პირთა მუშაობაზე. ვიდეო რგოლში აღნიშნულია ის ორგანიზაციები, რომლებიც ეხმარებიან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ამ მიზნის მიღწევაში.
შესაბამისად, ორივე ვიდეო რგოლი, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, ასევე, კომპანია ”European Profiles S.A.”-ის სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ ა/წ 21 ივნისს გაგზავნილი წერილისა და კომპანიის წარმომადგენლის კომისიისთვის მიცემული ახსნა-განმარტების გათვალისწინებით, მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე, რომლებსაც ახორციელებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო და ასევე, იმ ორგანიზაციებზე ინფორმაციის მიწოდებას, რომლებიც ეხმარებიან მას ამ პროცესში.
კომისია აღნიშნავს, რომ ,,ევროკავშირი საქართველოსთვის“ პროგრამის EU4Justice პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში მიმდინარე რეფორმები, რომელთა მიზანია პატიმრის რესოციალიზაცია და დანაშაულის რეციდივის რისკის შემცირება, მნიშვნელოვანია და მიაჩნია, რომ ვიდეო რგოლებში აღნიშნული ინფორმაცია შესაძლებელია შეფასდეს როგორც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომლის მაუწყებლის ეთერში განთავსების წესი განსაზღვრულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ კომპანია ”European Profiles S.A.”-ის მიერ წარდგენილი ვიდეო რგოლები არ ექვემდებარებიან სოციალური რეკლამის სტატუსით ეთერში განთავსებას.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ტ), წ) და ჰ7) ქვეპუნქტების, მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის, 65-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. კომპანია “European Profiles S.A.”-ის საჩივარი სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წინააღმდეგ არ დაკმაყოფილდეს;
2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების კომპანია ”European Profiles S.A.”-ისა და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) მხარეებისთვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
