წვდომის მენიუ

შპს „მეტაკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 464 / 18

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 24, 2018 11:05

მიღების თარიღი აგვისტო 09, 2018

შპსმეტაკომისთვისადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული წარმოების შეწყვეტის შესახებ

 I.     აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათის  (№შ-10/3301-18; 11.07.18) საფუძველზე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „მეტაკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, მის მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ)  ქვეპუნქტების,  მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების  დარღვევის  გამო.

 კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს „მეტაკომს“ კომისიაში წარმოსადგენი აქვს  2018 წლის აპრილის და მაისის თვეების რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმები, რომელთა წარმოუდგენლობის გამო ვერ დგინდება კომპანიის რეგულირების საფასურის დავალიანება.

კომისიის მიერ საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2018 წლის 2 აგვისტო. აღნიშნულის თაობაზე შეტყობინება ფოსტით გაეგზავნა შპს „მეტაკომს“ და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. 

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა 2018 წლის 2 აგვისტოს. კომისიის  სხდომაზე  არ გამოცხადდა შპს „მეტაკომის“  წარმომადგენელი და არც მისთვის სხდომის გამართვის თაობაზე წერილობითი შეტყობინების (N03/2522-18, 27.07.2018)   ჩაბარების ფაქტი არ დადასტურდა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია  ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. გამომდინარე აქედან, კომისიამ გადადო საკითხის განხილვა 2018 წლის 9 აგვისტოს.

კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, შპს „მეტაკომმა“ აღმოფხვრა დარღვევა და კომისიაში წარმოადგინა რეგულირების საფასურის (ნულოვანი)  გაანგარიშების ფორმები (მტკიცებულება: კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის წამყვანი სპეციალისტის ნ. ჯანელიძის 2018 წლის 3 აგვისტოს განმარტება გამოგზავნილი ელექტრონული ფოსტით)

კომისიის 2018 წლის 9 აგვისტოს სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „მეტაკომის“  წარმომადგენელი მიუხედავად იმისა, რომ  კომისიის შეტყობინება (№03/2658-18; 03.08.2018) სხდომის გადადების თაობაზე გაგზავნილ იქნა, როგორც კომპანიის იურიდიულ მისამართზე, ისე კომპანიის ფაქტობრივ მისამართზე ასევე, შეტყობინება  შპს „მეტაკომისთვის“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და საკითხის განხილვის დღის, დროისა და ადგილის შესახებ  გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (http://gncc.ge/ge/news/shetyobinebebi/shetyobineba-shps-metakoms.page ).

შეტყობინების კომპანიის იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართზე გაგზავნით, ასევე საჯაროდ  გამოქვეყნებით კომისიამ უზრუნველყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „მეტაკომის“  წარმომადგენლის დაუსწრებლად.

II.   ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები

  1. კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათი  (№შ-10/3301-18; 11.07.18);
  2. კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის წამყვანი სპეციალისტის ნ. ჯანელიძის 2018 წლის 3 აგვისტოს განმარტება გამოგზავნილი ელექტრონული ფოსტით, შპს „მეტაკომის“ მიერ რეგულირების საფასურის (ნულოვანი) ფორმების წარმოდგენის თაობაზე;
  3. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „მეტაკომის“  შესახებ მონაცემები.

III. დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს „მეტაკომი“ 2010 წლის 15 თებერვლიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზებული საქმიანობის სახე: B.F.1 ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტის სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება: ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახუება; საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება);

2.     შპს „მეტაკომი“ როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

3.  შპს „მეტაკომს“ ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისთვის კომისიაში წარმოსადგენი ჰქონდა 2018 წლის აპრილის და მაისის თვეების რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმები;

4.     ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის შპს „მეტაკომს“  სრულად აქვს წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშებები და კომისიის წინაშე დავალიანება არ ერიცხება.

IV.  გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ხოლო ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური;

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს, ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი.  ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;

3. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია ელექტრონული კომუნიკაციებისა მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირების მიერ კომისიაში რეგულირების საფასურის გაანგარიშებების  წარმოდგენისა და გადახდის წესი, რომლის შესაბამისადაც, ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული  ფორმით  წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;

4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.

კომისიას მიაჩნია, რომ შპს „მეტაკომის“ მიერ რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოდგენასთან  დაკავშირებით ვადების დარღვევა სახეზეა, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები და ვალდებულებები შესრულებულ იქნა (დარღვევა აღმოფხვრილი იქნა)  ნებაყოფლობით, კერძოდ,  შპს „მეტაკომის“  მიერ ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის შესრულებულია  ყველა ის კანონისმიერი ვალდებულება, რომელიც მას, როგორც ავტორიზებულ პირს გააჩნდა ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე,  კომისია უფლებამოსილია დარღვევის აღმოფხვრის ფაქტის გათვალისწინებით, გაათავისუფლოს შპს „მეტაკომი“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან და  შეწყვიტოს დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შპს „მეტაკომისთვის“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.

 V.    სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პიველი პუნქტის, მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის,  მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტების, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, 44-ე მუხლის პირველი პუნქტის,  45-ე მუხლის პირველი პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99-ე მუხლებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

  1. შეწყდეს შპს „მეტაკომისთვის“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება;
  2. დაევალოს კომისიის  ადმინისტრაციას (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „მეტაკომისთვის“  გაგზავნა;
  3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „მეტაკომისთვის“  ჩაბარების დღიდან;
  4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „მეტაკომისთვის“  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
  5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის  ადმინისტრაციას (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები