წვდომის მენიუ

შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიშის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე

ნომერი: 465 / 18

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 27, 2018 15:41

მიღების თარიღი აგვისტო 09, 2018

შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიშის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე

I.საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2018 წლის 25 ივლისის Nშ-10/3521-18 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიშისათვის“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, მის მიერ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის და საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა განახორციელა შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიშის“  2018 წლის 18 და 19 ივლისის სამაუწყებლო ბადის მონიტორინგი. შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიში“ საკუთარ სამაუწყებლო ბადეში სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის გარეშე ანთავსებს  ანიმაციურ ფილმს - „მამაცი“, რომელიც მაუწყებელს განთავსებული აქვს საბავშო გადაცემაში და დაყოფილი აქვს ორ ნაწილად, 18 ივლისს ანიმაციული ფილმი მიმდინარეობდა 50 წუთის განმავლობაში, ხოლო 19 ივლისს 25 წუთის ხანგძლივობით. 

ზემოაღნიშნული სამსახურებრივი ბარათიდან ასევე ირკვევა, რომ 2018 წლის 12 ივლისს, კომისიამ N04/2352-18 წერილით მიმართა შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიშს“   და მოსთხოვა სამაუწყებლო ბადეში განთავსებული აუდიო-ვიზუალური პროდუქციის (ვიდეო კლიპები და ანიმაციული ფილმები) საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა ან არამართლზომიერად გადაცემული პროდუქციის დაუყოვნებლივ სამაუწყებლო ბადიდან ამოღება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისიაში 2018 წლის 17 ივლისს შემოვიდა შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიშის“   წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №6/3398-18; 17.07.2018), რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიშის“  მიერ განხორციელდება მუსიკალური კლიპების სამაუწყებლო ეთერიდან ამოღება, ხოლო ანიმაციური ფილმი საბავშო გადაცემის ნაწილია, რომელიც შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიშის“   პროდუქტია და ფილმები გამოყენებულია დაყოფილად, საბავშო დისკუსიის ფონზე.   

კომისის მიერ საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2018 წლის 9 აგვისტო. აღნიშნულის თაობაზე შეტყობინება ფოსტით გაეგზავნა შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიშს“   (N03/2687-18, 06.08.2018) და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.

2018 წლის 9 აგვისტოს კომისიაში შემოვიდა შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიშის“   განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის: N6/3807-18, 9.08.18), საიდანაც ირკვევა, რომ შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიში“ გადაცემა „ფერად ამბებში“ ახორციელებდა ანიმაციური ფილმი „მამაცის“ ფრაგმენტების გამოყენებას, რაც კომპანიის აზრით შეიძლება მიჩნეულ ყოფილიყო შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიშის“ პროდუქტად. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიშისათვის“ უმნიშვნელოვანესია  საავტორო უფლებების დაცვა, მათ მიერ ამოღებული იქნა გადაცემა „ფერადი ამბები“, შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიშის“   სამაუწყებლო ბადის საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეტყობინება სხდომის ჩატარების თაობაზე კომპანიას 2018 წლის 9 აგვისტოს დილით ჩაბარდა, რის გამოც ვერ უზრუნველყოფს წარმომადგენლის დასწრებას საკითხის განხილვაზე.

II. კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2018  წლის 25 ივლისის  №10/3521 -18 სამსახურებრივი ბარათი;

2.   სამაუწყებლო პროდუქციის სამაუწყებლო ბადეში განთავსების დამადასტურებელი ჩანაწერი – 1 CD;

3.    კომისიის 2018 წლის 12 ივლისის  №04/2352 – 18  წერილი, მისი  შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიშისათვის“  გაგზავნისა და აღნიშნული წერილის კომპანიისათვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

4.    შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიშის“  2018  წლის 17 ივლისის საპასუხო წერილი  (კომისიაში რეგისტრაციის №6/3398-18; 17.07.2018);

5.   შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიშის“  2018 წლის 9 აგვისტოს მდგომარეობით, სამაუწყებლო პროდუქციის სამაუწყებლო ბადეში განთავსების დამადასტურებელი ჩანაწერი - 1CD;

6.      კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიშის“    შესახებ მონაცემები;

7.  შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიშის“  2018 წლის 9 აგვისტოს განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის:N6/3807-18, 9.08.18).

III. კომისიის მიერ დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიში“  წარმოადგენს ავტორიზებულ მაუწყებელს (ავტორიზაციის ნომერი: BR-29; ავტორიზაციის თარიღი: 14/07/2015; მაუწყებლობის  სახეობა: კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; გავრცელების ტექნოლოგია და გეოგრაფიული არეალი: ცივრული (ზუგდიდი) მულტიპლექსი));

2.  კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა განახორციელა  შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიშის“  2018  წლის 18 და 19  ივლისის  სამაუწყებლო ბადის მონიტორინგი, რის შედეგად გამოვლინდა, რომ  შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიში“   საკუთარ სამაუწყებლო ბადეში საბავშო გადაცემაში ანთავსებდა ანიმაციურ ფილმს - „მამაცი“, რომელიც საბავშო დისკუსიების ფონზე დაყოფილი იყო ორ ნაწილად. პირველი ნაწილი ანიმაციური ფილმის სამაუწყებლო ბადეში განთავსდა 18 ივლისს და მიმდინარეობდა 50 წუთის განმავლობაში, ხოლო მეორე ნაწილი 19 ივლისს და გრძელდებოდა 25 წუთი. ამასთან, ა/წ 18 ივლისს, ანიმაციური ფილმის დასრულებისას, წამყვანებმა დაანონსეს ანიმაციური ფილმის გაგრძელების თაობაზე, კერძოდ: „საინტერესოა რა მოხდება ფილმის ბოლოს, ამას კი ხვალ ვნახავთ, დღეს კი ამით გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე“;

3.  კომისიამ 2018  წლის 12 ივლისს  №04/2352-18  წერილით  შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიშს“   მოსთხოვა სამაუწყებლო ბადეში განთავსებული აუდიო-ვიზუალური პროდუქციის (ვიდეო კლიპები და ანიმაციული ფილმები) საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა ან არამართლზომიერად გადაცემული პროდუქციის დაუყოვნებლივ სამაუწყებლო ბადიდან ამოღება;

4.   შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიშს“   2018 წლის 9 აგვისტოს მდგომარეობით აღმოფხვრილი ჰქონდა დარღვევა, კერძოდ, კომპანიის მიერ ამოღებული იქნა გადაცემა „ფერადი ამბები“ სადაც კომპანიის მიერ ხორციელდებოდა ანიმაციური ფილმი „მამაცის“ ფრაგმენტული ჩვენება (მტკიცებულება: კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2018 წლის 9 აგვისტოს შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიშის“ სამაუწყებლო ბადის ჩანაწერი 1CD);

5.   შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიშის“ მიმართ  ბოლო  ერთი  წლის  განმავლობაში  ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

  1. ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
  2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად,  ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა, ხოლო  ვ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა;
  3.  „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის  №609 დადგენილებით) და ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის № 879 დადგენილებით)   მიერთებით, საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
  4. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლისა და  „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით.  შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები;
  5. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების”  აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);
  6. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. კერძოდ, ავტორი ან  საავტორო უფლების სხვა მფლობელი უფლებამოსილია სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე გადასცეს ლიცენზიანტს ნაწარმოების გამოყენების უფლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით;
  7. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის თანახმად, სალიცენზიო ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით;
  8. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას;
  9. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;
  10. ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ი” ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისის ფუნქციას წარმოადგენს  საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
  11. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია მაუწყებლისაგან გამოითხოვოს, ხოლო მაუწყებელი ვალდებულია კომისიას სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მაუწყებლის მიერ კომისიისათვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. მაუწყებელმა მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას უნდა წარუდგინოს მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში, თუ კომისიის მიერ სხვა ვადა არ არის განსაზღვრული. კომისია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები;
  12. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად;

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიშის“ მიერ  ანიმაციური ფილმის: „მამაცი“ შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე გადაცემით,  კომპანიის  მიერ დაირღვა  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ვ) ქვეპუნქტები, ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლი,  „ისმო-ს“  საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლები.

იმის გათვალისწინებით, რომ შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიშის“   მიერ ადგილი არ აქვს ბოლო ერთი წლის განმავლობაში განმეორებით იგივე/ერთგვაროვანი სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევას და ამასთან,  შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიშმა“  აღმოფხვრა სამართალდარღვევა კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების დღეს, კერძოდ, 2018 წლის 9 აგვისტოს მდგომარეობით, შპს „დამოუკიდებლი ტელე-რადიო კომპანია ოდიშის“ მიერ სამაუწყებლო ბადიდან ამოღებულია  გადაცემა „ფერადი ამბები“, სადაც ხორციელდებოდა ანიმაციური ფილმი „მამაცის“ ფრაგმენტული ჩვენება, კომისია უფლებამოსილია დარღვევის აღმოფხვრის ფაქტის გათვალისწინებით, სამართალდამრღვევებად ცნოს შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიში“ და გაათავისუფლოს კომპანია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან. 

კომისიას მიაჩნია, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს უნდა დაევალოს შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიშის“  სამაუწყებლო ბადის ხელახალი მონიტორინგის განხორციელება.

V.  სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით,  ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ“ ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლის,   ,,საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 98-ე და 99-ე მუხლების, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლების, ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) და ი) ქვეპუნქტების, 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის  ა) და ვ) ქვეპუნქტების  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

  1. შპს ,,დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიში“ ცნობილ იქნას სამართალდამრღვევად „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლებისა, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ვ) ქვეპუნქტების  დარღვევის გამო;
  2. შპს ,,დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიში“  გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან;
  3. დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე) ორი კვირის ვადაში შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიშის“ სამაუწყებლო ბადის მონიტორინგი;
  4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ,,დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიშისათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
  5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიშის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
  6. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ავტორიზებული პირისათვის ჩაბარების დღიდან;
  7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „ტელე-რადიო კომპანია ოდიშისათვის“ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
  8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები