შპს „ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 24, 2018 17:36
მიღების თარიღი აგვისტო 09, 2018
შპს „ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№შ-10/3304-18, 11.07.2018) თანახმად, 2018 წლის 13 ივნისს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ განხორციელდა შპს „ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბის“ შემოწმება პროგრამების აუდიო-ვიზუალური დათვალიერება-მოსმენის საშუალებით და გადაცემის დროის დაფიქსირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი №43. შემოწმება ჩატარდა ქ. ფოთში, აღმაშენებლის ქ, N12, შპს „ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბის“ ოფისში კომპანიის დირექტორის ვ.ხაინდრავას თანდასწრებით. შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ შპს „ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბი“ საკუთარი ქსელით ახდენს შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „მაესტრო“, „ტვ პირველი“, „Animal Planet“, “Travel”, “ORT”, “Домашний”, „Шансон“, „Россия К“, “History”, „Разгавор о рыбалке“, “იბერია”, „იმედი“, „მე-9 ტალღა“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „Кинопремиера“, “РТР планета”, „GDS“, “Рен ТВ”, „კომედი არხი“, „მარაო“, „რუსთავი 2“, „Ru Tv“, „Мулт“, „ობიექტივი“.
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე, ირკვევა, რომ შპს „ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბს“ 2018 წლის 11 ივლისის მდგომარეობით კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „მაესტრო“, „ტვ პირველი“, „Animal Planet“, “Travel”, “ORT”, “Домашний”, „Россия К“, “History”, „Разгавор о рыбалке“, “იბერია”, „იმედი“, „Кинопремиера“, “РТР планета”, „GDS“, „კომედი არხი“, „მარაო“, „რუსთავი 2“, „Ru Tv“, „Мулт“, „ობიექტივი“. შესაბამისად, შპს „ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების შესწავლის საფუძველზე, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბის“ მიერ ზემოაღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება ხორციელდება არამართლზომიერად.
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№შ-10/3304-18, 11.07.2018) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2018 წლის 2 აგვისტო. აღნიშნულის თაობაზე შეტყობინება ფოსტით გაეგზავნა შპს „ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბს“ და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. შეტყობინება (N03/2566-18; 27.07.2018) კომპანიას ჩაბარდა 2018 წლის პირველ აგვისტოს.
კომისიის 2018 წლის 2 აგვისტოს სდომაზე შპს „ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბის“ წარმომადგენელი არ გამოცხადდა. შესაბამისად, საკითხის განხილვა გადაიდო და დაინიშნა 2018 წლის 9 აგვისტოს. აღნიშნულის თაობაზე შპს „ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბს“ ეცნობა კომისიის შეტყობინებით (N03/2662-18, 03.08.2018), რომელიც კომპანიას ჩაბარდა 2018 წლის 6 აგვისტოს.
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის (Nშ-10/3805-18, 9.08.2018) სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ 2018 წლის 8 აგვისტოს შპს „ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბმა“ კომისიაში წარმოადგინა (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/3717-18 ,08.08.2018) სამაუწყებლო არხებზე საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, კერძოდ: „ტვ პირველი“, „ობიექტივი“, “Travel”, “ORT”, “РТР планета”. შესაბამისად, შპს „ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბის“ მიერ ხორციელდება შემდეგი სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი ტრანზიტი: „მაესტრო“, „Animal Planet“, “Домашний”, „Россия К“, “History”, „Разгавор о рыбалке“, “იბერია”, „იმედი“, „Кинопремиера“, „GDS“, „კომედი არხი“, „მარაო“, „რუსთავი 2“, „Ru Tv“, „Мулт“.
კომისიის 2018 წლის 9 აგვისტოს სხდომაზე გამოცხადდა შპს „ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბის“ დირექტორი ვახტანგ ხაინდრავა, რომელმაც აღნიშნა, რომ კომისიაში წარმოადგინა რიგი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ხოლო რაც შეეხება შემოწმების აქტში დაფიქსირებულ ქართული არხების ტრანზიტს, აღნიშნა, რომ მას გააჩნია უვადო სანებართვო წერილები თავად მაუწყებლებისგან მიღებული. ასევე, აღნიშნა, რომ არ მიუღია წერილი ქართული არხების მფლობელებისაგან აღნიშნული ნებართვების გაუქმების თაობაზე.
II. კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები:
- კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/3304-18, 11.07.2018);
- კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2018 წლის 13 ივნისის შემოწმების აქტი N43;
- შპს „ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბის“ შემოწმების პროცესის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი (CD);
- კომისიის 2013 წლის 14 იანვრის №04/80–13 წერილი და ამ წერილის შპს ,,ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციაული) იურიდიული პირების რეესტრიდან შპს „ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბის“ შესახებ;
- კომისიის შეტყობინება (N03/2662-18, 03.08.2018) გაგზავნილი შპს „ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბისთვის“ და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
- კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (Nშ-10/3805-18, 09.08.2018) თანდართული დოკუმენტაციით (შპს „ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/377-18; 08.08.2018);
- შპს „ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბის“ დირექტორის ვ.ხაინდრავას ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის 2018 წლის 9 აგვისტოს სხდომაზე.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
- შპს „ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბი“ არის ავტორიზებული პირი (კომისიაში ავტორიზაციის თარიღი: 01/02/2010; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: A.F.1ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.4 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: კოაქსიალური (საკაბელო) მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; კოაქსიალური (საკაბელო) მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი: ტელემაუწყებლობის ტრანზიტი);
- შპს „ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბს“ საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების უცვლელი სახით გადაცემის უფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეს ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საავტორო ან მომიჯნავე (მათ შორის ექსკლუზიური) უფლების მფლობელთან დადებული ხელშეკრულების ან/და სანებართვო წერილების საფუძველზე;
- 2018 წლის 13 ივნისს, 17:00 საათზე, შპს „ფოთის ტელევიზიი მოყვარულთა კლუბის“ ოფისში, მისამართზე: ქ. ფოთში, აღმაშენებლის ქ.12, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ (ზ. კვირველია, ი. ბაღაშვილი) განხორციელდა შპს „ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბის“ მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემის მართლზომიერების შემოწმება, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი №43. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლები: ზ.კვირკველია და ი.ბაღაშვილი, შემოწმებისა და შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმე, შპს „ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბის“ დირექტორი ვ.ხაინდრავა;
- შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ შპს „ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბი“ საკუთარი საკაბელო ქსელით ავრცელებს შემდეგ სამაუწყებლო არხებს: „მაესტრო“, „ტვ პირველი“, „Animal Planet“, “Travel”, “ORT”, “Домашний”, „Шансон“, „Россия К“, “History”, „Разгавор о рыбалке“, “იბერია”, „იმედი“, „მე-9 ტალღა“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „Кинопремиера“, “РТР планета”, „GDS“, “Рен ТВ”, „კომედი არხი“, „მარაო“, „რუსთავი 2“, „Ru Tv“, „Мулт“, „ობიექტივი“;
- 2018 წლის 13 ივნისს განხორციელებული შემოწმების სისწორე დადასტურდა 2018 წლის 13 ივნისის №43 შემოწმების აქტით, რომელიც შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ასევე, შემოწმების პროცესის აუდიო-ვიზუალური ჩანაწერით;
- 2013 წლის 14 იანვრის №04/80-13 წერილით (შპს „ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბს“ ჩაბარდა 16.01.2013.) მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, მათ შორის შპს „ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბს“ ეცნობა და განემარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირის მიერ ხორციელდება ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი, არა უშუალოდ ტელე ან რადიომაუწყებელთან გაფორმებული ხელშეკრულების, არამედ შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ტელე ან რადიოარხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად ტრანზიტის დასადასტურებლად, ავტორიზებულმა პირმა კომისიაში უნდა წარმოადგინოს: ა) ავტორიზებულ პირსა და შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; ბ) შუამავლობის /დისტრიბუციის/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; გ) ტელე ან რადიომაუწყებლის ოფიციალური დადასტურება ტელე ან რადიოარხის სამაუწყებლო ბადეებში განთავსებული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული გავრცელების უფლების ფლობის შესახებ. ამავე წერილით მას განემარტა, რომ თუ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება ხორციელდება ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, აუცილებელია კომისიაში აღნიშნული სამაუწყებლო არხის პროგრამებზე საავტორო და მომიჯნავე უფლების მქონე პირის/ კომპანიის ნებართვის წერილის წარმოდგენა (Permission Letter), რომელშიც აღნიშნული იქნება ა) ნებართვა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ სამაუწყებლო არხის საქართვლოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ; ბ) დადასტურება სამაუწყებლო არხის ბადეში განთავსებული პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების შესახებ; ასევე, განემარტა მის მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტებში ყოველი სამაუწყებლო არხის ცვლილების (დამატების) შემთხვევაში, აგრეთვე მოქმედი ხელშეკრულების ვადის გასვლისას ახალი ვადით ხელშეკრულების გაგრძელებისას შესაბამისი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება კომპანიის მიერ შესაბამისი სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე/ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე;
- 2018 წლის 11 ივლისის მდგომარეობით შპს ,,ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბს“ კომისიაში არ ჰქონდა წარმოდგენილი შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „მაესტრო“, „ტვ პირველი“, „Animal Planet“, “Travel”, “ORT”, “Домашний”, „Россия К“, “History”, „Разгавор о рыбалке“, “იბერია”, „იმედი“, „Кинопремиера“, “РТР планета”, „GDS“, „კომედი არხი“, „მარაო“, „რუსთავი 2“, „Ru Tv“, „Мулт“, „ობიექტივი“.;
- 2018 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით შპს „ფოთის ტელევიზიის კლუბმა“ კომისიაში წარმოადგინა სამაუწყებლო არხების „ტვ პირველი“, „ობიექტივი“, “Travel”, “ORT”, “РТР планета”-ს საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
- ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის შპს „ფოთი ტელევიზიის მოყვარულთა კლუბს“ კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „მაესტრო“, „Animal Planet“, “Домашний”, „Россия К“, “History”, „Разгавор о рыбалке“, “იბერია”, „იმედი“, „Кинопремиера“, „GDS“, „კომედი არხი“, „მარაო“, „რუსთავი 2“, „Ru Tv“, „Мулт“;
- შპს „ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის გამოყენებული არ ყოფილა.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
- ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
- ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;
- ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;
- ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად, ხოლო ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
- „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით), ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
- „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლისა და „ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით; ამ ნორმის გამოყენებისათვის კი აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა საშუალებები და ხერხები;
- ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების” აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);
- „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;
- ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ნიშნავს ნება დართოს ან აკრძალოს: ა) გადაცემის ჩაწერა; ბ) გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც მოხდა მისი ჩაწერა; გ) გადაცემის ერთდროულად გადაცემა ეთერში და კაბელით ხელახალი გადაცემა შესაბამისად საეთერო და საკაბელო მაუწყებლობის სხვა ორგანიზაციის მიერ; დ) გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელით; ე) გადაცემის საჯარო გადაცემა ადგილებში, სადაც შესვლა ფასიანია. ვ) გადაცემის ჩანაწერის გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით; ზ) გადაცემის ჩანაწერის გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა; თ) გადაცემის ჩანაწერის გადაცემა სადენებით ანდა უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეული ადგილიდან და დროს;
- ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს;
- ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სამაუწყებლო არხების: „მაესტრო“, „Animal Planet“, “Домашний”, „Россия К“, “History”, „Разгавор о рыбалке“, “იბერია”, „იმედი“, „Кинопремиера“, „GDS“, „კომედი არხი“, „მარაო“, „რუსთავი 2“, „Ru Tv“, „Мулт“-ის შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე საკაბელო ქსელით უცვლელი სახით გადაცემით, შპს „ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბის“ მიერ დარღვეულია „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ,,საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, სანქცირების საფუძველია.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2018 წლის 15 და 29 მარტის სხდომებზე, განხილულ იქნა 6 სამაუწყებლო არხის: ,,იმედი“, ,,რუსთავი 2“, ,,მაესტრო“, ,,კომედი არხი“, ,,მარაო“ და ,,GDS“ არამართლზომიერი ტრანზიტის გამო მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი, სადაც კომპანიები, აღნიშნული სამაუწყებლო არხების მართლზომიერად გავრცელების საფუძვლად მიუთითებდნენ ამ არხების დისტრიბუციის ექსკლუზიური უფლებების მქონე კომპანია შპს ,,მედია რაითს ჯორჯიას“ მიერ ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულების დასადებად გამართული მოლაპარაკებების კეთილსინდისიერად წარმართვის მოთხოვნის შეუსრულებლობას. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი ტრანზიტის გამო კომპანიები ცნო სამართალდამრღვევად, კომისიამ კანონით მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ისინი გაათავისუფლა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან, ვინაიდან, კომისიას მაუწყებელსა და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს შორის ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულების დასადებად გამართული მოლაპარაკებების კეთილსინდისიერად წარმართვის მოთხოვნის შეუსრულებლობასთან დაკავშირებით აქამდე გადაწყვეტილება არ მიუღია, რაც, კომისიის აზრით, ხელს შეუწყობდა კომპანიების მიერ აღნიშნული საკითხისადმი ერთგვაროვან მიდგომას და სამართალდარღვევის პრევენციას. ამასთან, გადაწყვეტილების მიღების დროისთვის ცნობილი გახდა, რომ შპს ,,მედია რაითს ჯორჯიამ“ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირებისთვის ხელმისაწვდომი გახადა მათთვის შეთავაზებულ პაკეტში შემავალი 6 ქართული სამაუწყებლო არხის: ,,იმედი“, ,,რუსთავი 2“, ,,მაესტრო“, ,,კომედი არხი“, ,,მარაო“ და ,,GDS“ ინდივიდუალური ფასიანი ტრანზიტი, რაც მხარეებს შორის მოლაპარაკებების დროს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ მიიჩნია, რომ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების სამართალდამრღვევებად ცნობითა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან განთავისუფლებით, ასევე მათთვის სამაუწყებლო არხების არამართლზომიერად გავრცელების აკრძალვით დაცული იქნებებოდა კანონიერებისა და პროპორციულობის პრინციპი, ასევე, მიიღწეოდა ის მიზნები, რაც ზოგადად გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების, ასევე მისთვის საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების „მაესტრო“, „Animal Planet“, “Домашний”, „Россия К“, “History”, „Разгавор о рыбалке“, “იბერია”, „იმედი“, „Кинопремиера“, „GDS“, „კომედი არხი“, „მარაო“, „რუსთავი 2“, „Ru Tv“, „Мулт“-ის არამართლზომიერი გადაცემის ორი კვირის ვადაში კანონთან შესაბამისობაში მოყვანის, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ, მართლზომიერი ტრანზიტის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის არარსებობის შემთხვევაში, აღნიშნული არხების არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტის დავალდებულებით დაცული იქნება კომპანიებისადმი ერთგვაროვანი მიდგომა, კანონიერების, თანასწორობისა და პროპორციულობის პრინციპი.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის ბ) პუნქტის, 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
- შპს „ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბი“ ცნობილ იქნას სამართალდამრღვევად „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო;
- შპს „ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბი“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან;
- მიეცეს შპს „ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბს“ ორკვირიანი ვადა შემდეგი სამაუწყებლო არხების: „მაესტრო“, „Animal Planet“, “Домашний”, „Россия К“, “History”, „Разгавор о рыбалке“, “იბერია”, „იმედი“, „Кинопремиера“, „GDS“, „კომედი არხი“, „მარაო“, „რუსთავი 2“, „Ru Tv“, „Мулт“-ის გავრცელების უფლების მოსაპოვებლად, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ, მართლზომიერი ტრანზიტის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის არარსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს აღნიშნული არხების არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
- დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
- გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბისთვის“ ჩაბარების დღიდან;
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) შპს „ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
