შპს „ალიონისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 24, 2018 17:29
მიღების თარიღი აგვისტო 09, 2018
შპს „ალიონისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№შ-10/3303-18, 11.07.2018) თანახმად, 2018 წლის 13 ივნისს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ განხორციელდა შპს „ალიონის“ შემოწმება პროგრამების აუდიო-ვიზუალური დათვალიერება-მოსმენის საშუალებით და გადაცემის დროის დაფიქსირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი №41. შემოწმება ჩატარდა ქ. ქუთაისში, ბუხაიძის ქ, N59, შპს „ალიონის“ ოფისში კომპანიის მოლარე-ოპერატორის ე.გელაშვილის თანდასწრებით. შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ შპს „ალიონი“ საკუთარი ქსელით ახდენს შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „Шансон“, „Дом Кино“, „Перец“, „НТВ Мир“, „Россия К“, „THT comedy“, “იბერია”, “Viasat History”, “TV3”, “Авто 24”, “Viasat Nature”, „ქართული არხი“, „ობიექტივი“, „რიონი“,„საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „რაგბი ტვ“, „ტვ პირველი“, „ერთსულოვნება“, „აჭარა“, „ენკი ბენკი“, „პალიტრ ტვ“, “RTVi”,“Рен ТВ”, “TV 1000 action”, „Еврокино“, “Пятница”, „МИР“, „СТС, “ORT”, “РТР планета”, „საფერავი ტვ“, “Viasat sport”, „Сарафан“, “TV 1000”, „Иллюзион“, “Моя планета”, “Viasat Explorer”, “24 Техно”, „Оруже“,“Охота и Рыбалка”.
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე, ირკვევა, რომ შპს „ალიონს“ 2018 წლის 11 ივლისის მდგომარეობით კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „Дом Кино“, „Россия К“, „იბერია”, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „რაგბი ტვ“, „ტვ პირველი“, „ერთსულოვნება“, „ენკი ბენკი“, „პალიტრა ტვ“, „МИР“, „ORT”, „РТР планета”. შესაბამისად, შპს „ალიონის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების შესწავლის საფუძველზე, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „ალიონის“ მიერ ზემოაღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება ხორციელდება არამართლზომიერად.
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№შ-10/3303-18, 11.07.2018) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ალიონისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2018 წლის 2 აგვისტო. აღნიშნულის თაობაზე შეტყობინება ფოსტით გაეგზავნა შპს „ალიონს“ და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. შეტყობინება (N03/2565-18; 27.07.2018) კომპანიას ჩაბარდა 2018 წლის 31 ივლისს.
კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა, რომ შპს „ალიონს“ კომისიაში წარმოდგენილი ჰქონდა სამაუწყებლო არხების: „ტვ პირველი“, „ერთსულოვნება“, „იბერია“, „ენკი ბენკი“-ის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ტრანზიტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა 2018 წლის 2 აგვისტოს, რომელსაც ესწრებოდა შპს „ალიონის“ დირექტორი კახა სოხაძე, რომელმაც განაცხადა, რომ კომისიაში წარმოადგინა რიგი სამაუწყებლო არხების მართლზომიერი ტრანზიტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და შესაბამისად, შპს „ალიონი“ მართლზომიერად ახდენდა სამაუწყებლო არხების ტრანზიტს, ხოლო რაც შეეხება სამაუწყებლო არხ „МИР“-ს, კახა სოხაძემ განმარტა, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო ავტომატურად ჩაირთო და დღეის მდგომარეობით აღნიშნული არხი ამოღებულია მათი ქსელიდან.
კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკითხის განხილვა გადაიდო და დაინიშნა 2018 წლის 9 აგვისტოს, 15 საათზე, რის შესახებ შპს „ალიონი“ სხდომაზევე გაფრთხილდა კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ხოლო კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს დაევალა შპს „ალიონის“ განმეორებით შემოწმება.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ალიონის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/3783-18, 08.08.2018) ხელშეკრულებების შესაბამისად, დგინდება, რომ შპს „ალიონი“ შემოწმების პერიოდში (2018 წლის 13 ივნისი) მართლზომიერად ახდენდა სამაუწყებლო არხების „Дом Кино“, „Россия К“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „რაგბი ტვ“, „პალიტრა ტვ“, “ORT”, “РТР планета”ტრანზიტს.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის (შ-10/3803-18, 09.08.2018) სამსხურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ 2018 წლის 7 აგვისტოს განმეორებით განხორციელდა შპს „ალიონის“ შემოწმება. პირველი მონიტორინგის დროს შპს „ალიონის“ სამაუწყებლო არხების ჩამონათვალში იყო დაფიქსირებული სამაუწყებლო არხი „МИР“, ხოლო შპს „ალიონის“ განმეორებით შემოწმების დროს (2018 წლის 7 აგვისტო) სამაუწყებლო არხი „МИР“ კომპანის სამაუწყებლო არხების პაკეტში აღარ დაფიქსირდა.
კომისიის 2018 წლის 9 აგვისტოს სხდომაზე შპს „ალიონის“ წარმომადგენელი არ გამოცხადდა, მიუხედავად იმისა, რომ სხდომის ჩატარების თარიღისა და დროის თაობაზე კომპანიას ეცნობა კომისიის 2018 წლის 2 აგვისტოს სხდომაზე. ამასთანავე, კომისიაში არ შემოსულა შპს ,,ალიონის“ შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „ალიონის“ წარმომადგენლის დაუსწრებლად.
II. კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები:
- კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/3303-18, 11.07.2018) თანდართული დოკუმენტაციით;
- კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2018 წლის 13 ივნისის შემოწმების აქტი N41;
- შპს „ალიონის“ 2018 წლის 13 ივნისის შემოწმების პროცესის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი (CD);
- კომისიის 2013 წლის 14 იანვრის №04/80–13 წერილი და ამ წერილის შპს ,,ალიონისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმე (არაკომერციაული) იურიდიული პირების რეესტრიდან შპს „ალიონის“ შესახებ;
- შპს „ალიონის“ დირექტორის კახა სოხაძის ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის 2018 წლის 2 აგვისტოს სხდომაზე;
- შპს „ალიონის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ხელშეკრულებები, სანებართვოს წერილები და სხვა.);
- შპს „ალიონის“ წერილი თანდართული დოკუმენტაციით (Nშ-6/3783-18, 08.08.2018);
- კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (შ-10/3803-18, 09.08.2018) და შპს „ალიონის“ 2018 წლის 7 აგვისტოს შემოწმების ვიდეო ჩანაწერი - 1 CD.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
- შპს „ალიონი“ არის ავტორიზებული პირი (კომისიაში ავტორიზაციის თარიღი: 29/04/2015; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი: ტელემაუწყებლობის ტრანზიტი);
- შპს „ალიონს“ საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების უცვლელი სახით გადაცემის უფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეს ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საავტორო ან მომიჯნავე (მათ შორის ექსკლუზიური) უფლების მფლობელთან დადებული ხელშეკრულების ან/და სანებართვო წერილების საფუძველზე;
- 2018 წლის 13 ივნისს, 14:00 საათზე, შპს „ალიონის“ ოფისში, მისამართზე: ქ. ქუთაისში, ბუხაიძის ქ, N59, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ (ზ. კვირველია, ი. ბაღაშვილი) განხორციელდა შპს “ალიონის“ მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემის მართლზომიერების შემოწმება, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი №41. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლები: ზ.კვირკველია და ი.ბაღაშვილი, შემოწმებისა და შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმე, შპს „ალიონის“ მოლარე-ოპერატორი ე.გელაშვილი;
- შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ შპს „ალიონი“ საკუთარი საკაბელო ქსელით ავრცელებს შემდეგ სამაუწყებლო არხებს: „Шансон“, „Дом Кино“, „Перец“, „НТВ Мир“, „Россия К“, „THT comedy“, “იბერია”, “Viasat History”, “TV3”, “Авто 24”, “Viasat Nature”, „ქართული არხი“, „ობიექტივი“, „რიონი“,„საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „რაგბი ტვ“, „ტვ პირველი“, „ერთსულოვნება“, „აჭარა“, „ენკი ბენკი“, „პალიტრ ტვ“, “RTVi”,“Рен ТВ”, “TV 1000 action”, „Еврокино“, “Пятница”, „МИР“, „СТС, “ORT”, “РТР планета”, „საფერავი ტვ“, “Viasat sport”, „Сарафан“, “TV 1000”, „Иллюзион“, “Моя планета”, “Viasat Explorer”, “24 Техно”, „Оруже“,“Охота и Рыбалка”;
- 2018 წლის 13 ივნისს განხორციელებული შემოწმების სისწორე დადასტურდა 2018 წლის 13 ივნისის №41 შემოწმების აქტით, რომელიც შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ასევე, შემოწმების პროცესის აუდიო-ვიზუალური ჩანაწერით;
- შპს „ალიონის“ წარმომადგენელს, კომპანიის ავტორიზაციის დღეს -2015 წლის 29 აპრილს, ხელზე გადაეცა კომისიის 2013 წლის 14 იანვრის N04/80-13 წერილის ასლი (ჩაიბარა: შპს „ალიონის“ დირექტორმა - ლ. გელაშვილმა), რომელშიც განმარტებულია მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის ვალდებულებები. შესაბამისად, შპს „ალიონს“ ეცნობა და განემარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირის მიერ ხორციელდება ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი, არა უშუალოდ ტელე ან რადიომაუწყებელთან გაფორმებული ხელშეკრულების, არამედ შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ტელე ან რადიოარხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად ტრანზიტის დასადასტურებლად, ავტორიზებულმა პირმა კომისიაში უნდა წარმოადგინოს: ა) ავტორიზებულ პირსა და შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; ბ) შუამავლობის /დისტრიბუციის/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; გ) ტელე ან რადიომაუწყებლის ოფიციალური დადასტურება ტელე ან რადიოარხის სამაუწყებლო ბადეებში განთავსებული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული გავრცელების უფლების ფლობის შესახებ - ყოველთვიურად, სამაუწყებლო ბადის დართვით, მომდევნო 30 დღეზე; ამავე წერილით მას განემარტა, რომ თუ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება ხორციელდება ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, აუცილებელია კომისიაში აღნიშნული სამაუწყებლო არხის პროგრამებზე საავტორო და მომიჯნავე უფლების მქონე პირის/ კომპანიის ნებართვის წერილის წარმოდგენა (Permission Letter), რომელშიც აღნიშნული იქნება ა) ნებართვა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ სამაუწყებლო არხის საქართვლოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ; ბ) დადასტურება სამაუწყებლო არხის ბადეში განთავსებული პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების შესახებ; ასევე, განემარტა მის მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტებში ყოველი სამაუწყებლო არხის ცვლილების (დამატების) შემთხვევაში, აგრეთვე მოქმედი ხელშეკრულების ვადის გასვლისას ახალი ვადით ხელშეკრულების გაგრძელებისას შესაბამისი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება კომპანიის მიერ შესაბამისი სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე/ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე;
- შპს „ალიონს“ 2018 წლის 11 ივლისის მდგომარეობით კომისიაში არ ჰქონდა წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების Дом Кино“, „Россия К“, “იბერია”, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „რაგბი ტვ“, „ტვ პირველი“, „ერთსულოვნება“, „ენკი ბენკი“, „პალიტრა ტვ“, „МИР“, “ORT”, “РТР планета” მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
- ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა, რომ შპს „ალიონს“ კომისიაში წარმოდგენილი ჰქონდა სამაუწყებლო არხების: „ტვ პირველი“, „ერთსულოვნება“, „იბერია“, „ენკი ბენკი“-ის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ტრანზიტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ხოლო 2018 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით შპს „ალიონმა“ კომისიაში წარმოადგინა ხელშეკრულებები/სანებართვო წერილები, რომლის შესაბამისად დგინდება, რომ შპს „ალიონი“ შემოწმების პერიოდში (2018 წლის 13 ივნისი) მართლზომიერად ახდენდა სამაუწყებლო არხების Дом Кино“, „Россия К“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „რაგბი ტვ“, „პალიტრა ტვ“, “ORT”, “РТР планета”ტრანზიტს;
- 2018 წლის 7 აგვისტოს, შპს „ალიონის“ განმეორებით შემოწმების დროს სამაუწყებლო არხი „МИР“ კომპანის სამაუწყებლო არხების პაკეტში აღარ დაფიქსირდა, რაც დასტურდება კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათით (Nშ-10/3803-18, 09.08.2018) და შპს „ალიონის“ შემოწმების ვიდეო ჩანაწერით;
- შპს „ალიონს“, 2018 წლის 9 აგვისტოს მდგომარეობით, ასევე გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის კომისიაში წარმოდგენილი ჰქონდა ყველა სამაუწყებლო არხზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
- შპს „ალიონი“, 2018 წლის 15 მარტის N146/18 გადაწყვეტილებით, კომისიამ ცნო სამართალდამრღვევად საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო, გაათავისუფლა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან და ამავდროულად, აუკრძალა სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი ტრანზიტი;
- შპს „ალიონის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის გამოყენებული არ ყოფილა.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
- ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
- ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;
- ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;
- ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად, ხოლო ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
- „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით), ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
- „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლისა და „ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით; ამ ნორმის გამოყენებისათვის კი აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა საშუალებები და ხერხები;
- ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების” აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);
- „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;
- ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ნიშნავს ნება დართოს ან აკრძალოს: ა) გადაცემის ჩაწერა; ბ) გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც მოხდა მისი ჩაწერა; გ) გადაცემის ერთდროულად გადაცემა ეთერში და კაბელით ხელახალი გადაცემა შესაბამისად საეთერო და საკაბელო მაუწყებლობის სხვა ორგანიზაციის მიერ; დ) გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელით; ე) გადაცემის საჯარო გადაცემა ადგილებში, სადაც შესვლა ფასიანია. ვ) გადაცემის ჩანაწერის გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით; ზ) გადაცემის ჩანაწერის გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა; თ) გადაცემის ჩანაწერის გადაცემა სადენებით ანდა უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეული ადგილიდან და დროს;
- ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს;
- ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,ალიონმა“ ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას კომისიაში წარმოადგინა სამაუწყებლო არხების ტრანზიტის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რითაც დადასტურდა, რომ 2018 წლის 13 ივნისის მდგომარეობით (შემოწმების ჩატარების დროს) კომპანია ახორციელებდა ამ არხების მართლზომიერ ტრანზიტს. ამასთანავე, ამავე ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დადგინდა, რომ შპს ,,ალიონმა“ შეწყვიტა სამაუწყებლო არხ „МИР“-ის არამართლზომიერი ტრანზიტი. კომისიას მიაჩნია, რომ სამაუწყებლო არხ „МИР“-ის შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე საკაბელო ქსელით უცვლელი სახით გადაცემით, შპს „ალიონის“ მიერ დაირღვა „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ,,საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, სანქცირების საფუძველია. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები და ვალდებულებები შესრულებულ იქნა (დარღვევა აღმოფხვრილი იქნა) ნებაყოფლობით, კერძოდ, შპს „ალიონის“ მიერ ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის შესრულებულია ყველა ის კანონისმიერი ვალდებულება, რომელიც მას, როგორც ავტორიზებულ პირს გააჩნდა ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ალიონს“ არ უნდა დაეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და შპს „ალიონისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის ბ) პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
- შეწყდეს შპს „ალიონისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება;
- დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ალიონისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
- გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ალიონისთვის“ ჩაბარების დღიდან;
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) შპს „ალიონისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
