შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 16, 2018 12:01
მიღების თარიღი აგვისტო 09, 2018
შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2018 წლის 04 ივლისს კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/3178-18) მიმართა შპს „მაგთიკომმა“ კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის, კერძოდ აუდიტის დასკვნის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე. შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი აუდიტის დასკვნა იყო ინგლისურ ენაზე, რის გამოც კომისიამ 2018 წლის 12 ივლისის N04/2351-18 წერილით აცნობა განმცხადებელს, რომ ადმინისტრაციული წარმოების დასაწყებად აუცილებელი იყო აღნიშნული აუდიტის დასკვნის თარგმნა ქართულ ენაზე და სათანადო წესით ნოტარიულად დამოწმება. 2018 წლის 23 ივლისის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/3467-18) განცხადებელმა მოითხოვა დამატებითი ვადა აუდიტის დასკვნის თარგმანის მოსაწოდებლად. 2018 წლის 30 ივლისს შპს „მაგთიკომმა“ წარმოადგინა სათანადოდ ნათარგმნი აუდიტის დასკვნა. კომპანიამ წარმოდგენილ აუდიტის დასკვნის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა მოითხოვა სრულად, გარდა განზოგადებული ინფორმაციისა მიღებული შემოსავლების და გაწეული ხარჯების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.
შპს „მაგთიკომის“ მიერ 2018 წლის 30 ივლისის განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/3572-18) მოთხოვნილია შემდეგი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა:
ა) კაპიტალის ცვლილებების ანგარიშგება 2016 და 2017 წლების 31 დეკემბრის მდგომარეობით (დასკვნის გვერდი 8);
ბ) ფულადი ნაკადების ანგარიშგება 2016 და 2017 წლების 31 დეკემბრის მდგომარეობით (დასკვნის გვერდი 9);
გ) სამართლიანი ღირებულების განსაზღვრა (დასკვნის გვერდი 12);
დ) შემოსავლები და ხარჯები საოპერაციო საქმიანობიდან (დასკვნის გვერდი 13);
ე) რეალიზაცია და ადმინისტრაციული დანახარჯები (დასკვნის გვერდი 14);
ვ) მოგების გადასახადის ხარჯი და ეფექტური საგადასახადო განაკვეთის შეჯერება (დასკვნის გვერდი 15);
ზ) ძირითადი საშუალებები (დასკვნის გვერდები 16, 17, 18);
თ) არამატერიალური აქტივები და გუდვილი (დასკვის გვერდები 19, 20, 21);
ი) მარაგები (დასკვნის გვერდი 22);
კ) სავაჭრო და სხვა მიმდინარე მოთხოვნები (დასკვნის გვერდი 22);
ლ) ფულადი სახსრები და მათი ექვივალენტები; კაპიტალი (დასკვნის გვერდი 22);
მ) სესხები და კრედიტები (დასკვნის გვერდები 23, 24, 25);
ნ) სავაჭრო და სხვა ვალდებულებები (დასკვნის გვერდები 25, 26);
ო) სამართლიანი ღირებულება და რისკების მართვა (დასკვნის გევრდენი 26, 27, 28, 29, 30, 31, 32);
პ) შვილობილი კოპმანიები (დასკვნის გვერდები 33, 34, 35, 36);
ჟ) საცალო ინტერნეტთან დაკავშირებული აქტივების შეძენა (დასკვნის გვერდები 36, 37, 38);
რ) გაცემული სესხი (დასკვნის გვერდი 38);
ს) კაპიტალთან დაკავშირებული ვალდებულებები პირობითი ვალდებულებები და ოპერაციები დაკავშირებულ მხარეებთან (დასკვნის გვერდი 38, 39, 40, 41);
ტ) შეფასების საფუძვლები და მნიშვნელოვანი სააღრიცხვო პოლიტიკა (დასკვნის გვერდები 41, 42, 43, 44, 45, 46, 47, 48, 49, 50);
აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება, თანდართული დოკუმენტაცია და მიიჩნია, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაცია, შინაარსობრივად ნაწილობრივ შეიცავს კომერციული საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, რადგან მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეიცავს ცნობებს კომპანიის მიერ გადასახდელი თანხებისა და ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების შესახებ. აგრეთვე სხვა პირობებს, რომელთა გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას. განმცხადებელმა თავად მოითხოვა ხელშეკრულების იმ პირობების ღიად დატოვება, რომლებზეც კომისია თვლის, რომ არ შეიძლება იყოს ცნობილი კომერციულ საიდუმლოებად, კერძოდ: განზოგადებული ინფორმაცია მიღებული შემოსავლების და გაწეული ხარჯების შესახებ.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი აუდირებული ფინანსური ანგარიშები შეიცავს ისეთი სახის ინფორმაციას, რომელიც ვერ იქნება ცნობილი კომერციულ საიდუმლოებად. მაგალითად, მონაცემები, რომლებიც სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების სახით არის წარმოდგენილი კომისიაში და კომისიის მიერ არაა ცნობილი კომერციულ საიდუმლოებად (მათ შორის ფორმა 1.8-ით წარმოდგენილი მონაცემები).
ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, კომისიას დასაშვებად მიაჩნია, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშები, როგორც დამოუკიდებელი დოკუმენტები, ცნობილ იქნას კომერციულ საიდუმლოებად. კომისია დამატებით განმარტავს, რომ კომერციული საიდუმლოება არაა ფინანსურ ანგარიშებში არსებული ინფორმაცია, რომელიც კომპანიის მიერ წარმოდგენილია ან წარმოდგენილი იქნება სხვა სახით (წერილობითი ფორმით, ელექტრონული ფორმით, სტატისტიკური ფორმის სახით) და რომელიც კომისიის მიერ მიჩნეულია/მიჩნეულ იქნება საჯაროდ (არ იქნება ცნობილი კომერციულ საიდუმლოებად).
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31–ე მუხლის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე–4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს „მაგთიკომის“ მოთხოვნა წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მოთხოვნის შესახებ იმ განმარტებით, რომ კომერციული საიდუმლოება არაა ფინანსურ უწყისებში არსებული ინფორმაცია, რომელიც კომპანიის მიერ წარმოდგენილია ან წარმოდგენილი იქნება სხვა სახით (წერილობითი ფორმით, ელექტრონული ფორმით, სტატისტიკური ფორმის სახით) და რომელიც კომისიის მიერ მიჩნეულია/მიჩნეულ იქნება საჯაროდ (არ იქნება ცნობილი კომერციულ საიდუმლოდ). 2017 წლის ფინანსური ანგარიშები შპს „მაგთიკომის“ მიერ მოთხოვნილ ნაწილებში ცნობილი იქნას კომერციულ საიდუმლოებად;
2. ინფორმაცია შპს „მაგთიკომის“ კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს შპს „მაგთიკომის“ მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მომართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არ დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „მაგთიკომისთვის“ გაგზავნა (ნ.ჯავახიძე).
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „მაგთიკომისთვის“ ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, N6) 1 თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
