წვდომის მენიუ

შპს ,,ფლაი ტივისთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე სს „სილქნეტის“ განცხადების განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 485 / 16

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 04, 2018 10:50

მიღების თარიღი აგვისტო 16, 2018

შპს ,,ფლაი ტივისთანმოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე სსსილქნეტისგანცხადების განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

I.  აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნული   კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2018 წლის 3 ივლისს კომისიაში შემოვიდა სს „სილქნეტის“ განცხადება (№შ-6/3152-18; 3.07.2018), რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს „ფლაი ტივისა“ და შპს „სილქნეტს“ შორის გაფორმებულია ურთიერთჩართვის ხელშეკრულება სს „სილქნეტის“ კუთვნილი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების შესახებ.  განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 2017 წლის მაისი-ივნისი-ივლისის თვეებში სს „სილქნეტის“ მიერ საერთაშორისო სატესტო ზარების განხორციელების შედეგად, შპს „ფლაი ტივის“ მხრიდან  შემომავალ ტრაფიკზე დაფიქსირდა შეუსაბამო ქმედება, კერძოდ, შემომავალ საერთაშორისო ზარებს, ნაცვლად საერთაშორისო ნომრისა, „ა“ ნომრად დაუფიქსირდა ადგილობრივი ნომერი. აღნიშნული საერთაშორისო ზარის დასრულება ხსენებული ავტორიზებული პირის მიერ განხორციელდა ლოკალური ზარებისათვის განკუთვნილი მათი არხიდან. შპს ,,ფლაი ტივის“  მხრიდან ე.წ. „ფროდის“ ფაქტი დადასტურებულ იქნა კომისიის 2017 წლის 28 სექტემბრის N638/16 გადაწყვეტილებით.

როგორც სს „სილქნეტის“ განცხადებაშია აღნიშნული, სს ,,სილქნეტის“ 2016 წლის მოწვევის ოფერტის (რომლის შესაბამისადაც განხორციელდა ხელშეკრულებების გაფორმება სს „სილქნეტსა“ და შპს „ფლაი ტივის“ შორის) 9.10 პუნქტის შესაბამისად, „ყველა აქცეპტანტი (ურთიერთჩართული ავტორიზებული პირი), რომელიც სარგებლობს საერთაშორისო ზარის ოფერენტის ქსელში დასრულების (ტერმინაციის) მომსახურებით, ოფერენტის მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულია გამოყოს და დააიდენტიფიციროს არხი („ტრანკი“), რომელიც გამოიყენება მხოლოდ საერთაშორისო ზარების ოფერტის ქსელში დასასრულებლად. ამ არხის საშუალებით შემოსული ნებისმიერი ზარი ჩაითვლება საერთაშორისო ზარად და დაერიცხება შესაბამისი საფასური. ამავე ოფერტის 9.11 პუნქტის შესაბამისად, „იმ შემთხვევაში, თუ აქცეპტანტი საერთაშორისო ზარს განახორციელებს ლოკალური ზარებისთვის განკუთვნილი ეროვნული ფორმატით ან/და ლოკალური ზარებისთვის განკუთვნილი არხებით, ოფერენტი უფლებამოსილია შეაჩეროს ტრაფიკის გატარება და საერთაშორისო ზარისთვის გათვალისწინებული ტარიფის დარიცხვის გარდა, დაარიცხოს აქცეპტანტს ჯარიმა ასეთი ზარის ღირებულების  (საერთაშორისო ზარის ტარიფით) ოცმაგი ოდენობით, გარდა აღნიშნულისა, აქცეპტანტი რეგრესის წესით აუნაზღაურებს ოფერენტს ყველა იმ დანახარჯს, საურავს, სანქციას, ჯარიმას, ზარალს, რომლის გადახდაც მოუწევს ოფერენტს სახელმწიფო ან კერძო სტრუქტურებისთვის მის სისტემაში ასეთი ზარის გატარებისათვის და აღნიშნულის თაობაზე ეცნობება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.“

ანალოგიური ვალდებულებებია გათვალისწინებული 2017 და 2018 წლების სს „სილქნეტის“ კუთვნილი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების შეთავაზების წინადადებით (მოწვევის ოფერტა) და სს „სილქნეტის“ კუთვნილი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და საერთაშორისო ზარ(ებ)ის დასრულების მომსახურების შეთავაზების წინადადებით (მოწვევის ოფერტა).

სს „სილქნეტის“ განცხადებაში (03.07.2018, Nშ-6/3152-18) ასევე აღნიშნულია, რომ მას შემდეგ, რაც კომისიამ არ მისცა სს „სილქნეტს“ თანხმობა შპს „ფლაი ტივისთან“ ურთიერთჩართვის შეჩერებაზე, იმ მოტივით, რომ კომისიიდან შეტყობინების მიღებისთანავე შპს „ფლაი ტივიმ“  მისი სააბონენტო ნომრებიდან სავარაუდო ფროდის განმახორციელებელი პიროვნების გამოვლენის მიზნით მიმართა შესაბამის ზომებს და გამოთქვა მზადყოფნა სს „სილქნეტის“ მოწვევის ოფერტის 9.11 პუნქტით გათვალისწინებული ტარიფის დარიცხვის გადახდაზე და ყოველმხრივ თანამშრომლობაზე. სს „სილქნეტმა“ გამოიყენა ოფერტით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და შპს „ფლაი ტივის“ დაარიცხა როგორც საერთაშორისო ზარისთვის გათვალისწინებული ტარიფი, ასევე ჯარიმა ასეთი ზარის ღირებულების  (საერთაშორისო ზარის ტარიფით) ოცმაგი ოდენობით. აღნიშნულის გათვალისწინებით, შპს „ფლაი ტივისთვის“ დარიცხულმა საერთაშორისო ზარებისათვის გათვალისწინებულმა საფასურმა შეადგინა - 75.17 ლარი, ხოლო ჯარიმამ - 1503.43 ლარი. გარდა აღნიშნულისა, ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამოდინარე სს „სილქნეტის“ მიერ გაწეულ მომსახურებაზე შპს „ფლაი ტივის“ 2018 წლის ივნისის მდგომარეობით ერიცხება 2018 წლის აპრილის თვის დავალიანება 571.76 ლარის ოდენობით. ჯამში შპს „ფლაი ტივის“ დავალიანებამ სს „სილქნეტის“ მიმართ შეადგინა 2150.36 ლარი.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.

სს „სილქნეტის“ განცხადების შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ შპს „ფლაი ტივის“ მხრიდან ადგილი აქვს სს „სილქნეტის“ მოწვევის ოფერტითა და მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების დარღვევას, ხელშეკრულების პირობების შესრულების (დავალიანების დაფარვის) უზრუნველსაყოფის მიზნით, სს „სილქნეტი“ ითხოვს კომისიისგან თანხმობას შპს „ფლაი ტივისთან“ ურთიერთჩართვის შეჩერებაზე.

სს ,,სილქნეტის“ განცხადების გახილვის მიზნით კომისიის სხდომა გაიმართა 2018 წლის 26 ივლისს. კომისიის სხდომაზე სს „სილქნეტის“ წარმომადგენელმა ნ. ნიჟარაძემ დაადასტურა, რომ ა/წ 26 ივლისის მდგომარეობით შპს „ფლაი ტივის“  აპრილის თვის დავალიანება 571.76 ლარი დაფარული ჰქონდა, მაისის თვის დავალიანება 12.03 ლარის ოდენობით კვლავ ერიცხებოდა, ხოლო საერთაშორისო ზარების ადგილობრივ ზარებად გარდაქმნისათვის 2017 წლის ოქტომბერში დაკისრებული ჯარიმა და საერთაშორისო ზარის საფასური გადახდილი არ ჰქონდა. შესაბამისად, სს „სილქნეტი“ ითხოვდა შპს „ფლაი ტივისთან“ ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობას. ნ. ნიჟარაძემ ასევე აღნიშნა, რომ სს „სილქნეტის“ მოწვევის ოფერტის შესაბამისად, თუ აქცეპტანტი საერთაშორისო ზარს განახორციელებს ლოკალური ზარებისათვის განკუთვნილი ეროვნული ფორმატით, ან/და ლოკალური ზარებისთვის განკუთვნილი არხებით, ოფერენტი უფლებამოსილია შეაჩეროს ტრაფიკის გატარება და საერთაშორისო ზარის გატარების ტარიფის დარიცხვის გარდა დაარიცხოს აქცეპტანტს ჯარიმა საერთაშორისო ზარის ტარიფის ოცმაგი ოდენობით. მან დაამატა, რომ აღნიშნულ მოწვევის ოფერტას შპს „ფლაი ტივი“ დაეთანხმა და მხარეთა შორის არსებობს 2017 წლის ხელშეკრულება.

კომისიის 2018 წლის 26 ივლისის სხდომაზე შპს „ფლაი ტივის“ დირექტორმა გიორგი ყურულაშვილმა განაცხადა, რომ 2018 წლის მაისის თვის დავალიანება - 12.03 ლარი, სავარაუდოდ, ბუღალტრული შეცდომაა. რაც შეეხება დავალიანებას 75.17 ლარის ოდენობით, კომპანია თანახმაა გადაიხადოს ეს დავალიანება, მაგრამ ჯარიმის თანხის (1,503.43 ლარი) გადახდა არასამართლიანად მიაჩნია და არ აპირებს მის გადახდას.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაგრძელდა 2018 წლის 2 აგვისტოს. კომისიის 2018 წლის 2  აგვისტოს სხდომაზე შპს „ფლაი ტივის“ დირექტორმა გ.ყურულაშვილმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო ზარის განხორციელებისთვის დაკისრებულ საფასურს გადაიხდიდა, მაგრამ არ იყო თანახმა გადაეხადა ამ ზარის ღირებულების ოცმაგი ოდენობა ჯარიმის სახით. მისი განმარტებით, სს „სილქნეტის“ მიერ დადგენილი ოცმაგი ოდენობა არაპროპორციულია. მაგალითად, შპს „ფლაი ტივის“ არ შეუძლია დააკისროს სს „სილქნეტს“ ან სხვა რომელიმე კომპანიას ღირებულების ოცმაგი ოდენობა, თუ პირობითად, მის ქსელში დაფიქსირდა გარდაქმნილი ნომერი. ეს მიუთითებს, რომ კომპანიები არაკონკურენტულ გარემოში არიან. მისი განცხადებით, კომპანიები არ არიან თანაბარ პირობებში.

კომისიის 2018 წლის 2 აგვისტოს სხდომაზე სს „სილქნეტის“ წარმომადგენელმა ნ. ნიჟარაძემ  დაადასტურა, რომ შეცვლილი „ა“ ნომრით განხორციელებული საერთაშორისო ზარებისთვის ღირებულების ოცმაგი ოდენობის ჯარიმის დაკისრების თაობაზე მოწვევის ოფერტის პირობის  რომელიმე სხვა მსგავსი კომპანიის მიმართ გამოყენების შემთხვევა სს ,,სილქნეტს“ არ ჰქონია. ნ. ნიჟარაძის განცხადებით, შპს „ინექსფონთან“ არის ანალოგიური სიტუაცია, რის თაობაზეც კომისიისთვის ჯერ არ მოუმართავთ განცხადებით. მისი განმარტებით, ამ კომპანიასაც დაეკისრა როგორც საერთაშორისო ზარების ღირებულება, ისე ჯარიმა განხორციელებული საერთაშორისო ზარებისთვის ღირებულების ოცმაგი ოდენობით.

კომისია აღნიშნავს, რომ SIGOS-ის პროგრამის მონაცემებით დადგინდა, რომ სს ,,სილქნეტის“ ქსელში სხვა კომპანიებიდან საერთაშორისო ზარის ლოკალურ ზარად გარდაქმნის ანუ ,,ფროდის“ შემთხვევებს ჰქონდა ადგილი. ამასთანავე, კომისია აღნიშნავს, რომ  სს „სილქნეტს“ როგორც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირს დაკისრებული აქვს დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება, რომელიც გულისხმობს ერთგვაროვანი პირობებით მომსახურებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, სს ,,სილქნეტს“ დაევალა კომისიაში წარმოედგინა ინფორმაცია, ახორციელებდა თუ არა  სხვა კომპანიების მიმართ ტარიფიკაციას საერთაშორისო ზარის ტარიფით საერთაშორისო ზარის ლოკალურ ზარად გარდაქმნის დროს და ასეთ  შემთხვევაში ჰქონდა თუ არა დაკისრებული ჯარიმა სხვა ავტორიზებული პირისთვის, შესაბამისი თვის მითითებითა და მტკიცებულების სახით შედარების აქტის დართვით, ხოლო საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2018 წლის 16 აგვისტო.  

2018 წლის 16 აგვისტოს კომისიაში შემოვიდა სს ,,სილქნეტის“ განცხადება (Nშ-6/4026-18; 16.08.2018), საიდანაც ირკვევა, რომ კომისიის მიერ N638/16: 28.09.2017 გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, სს ,,სილქნეტმა“ შპს ,,ინექსფონის“ შპს ,,ფლაი ტივის“ და შპს ,,მაიფონის“ მიმართ ერთგვაროვნად გამოიყენა სს ,,სილქნეტის“ მოწვევის ოფერტით გათვალისწინებული ღონისძიებები, კერძოდ, სამივე კომპანიას, მოწვევის ოფერტის 9.11 პუნქტის შესაბამისად, დაარიცხა როგორც საერთაშორისო ზარისთვის გათვალისწინებული ტარიფი, ასევე ჯარიმა ასეთი ზარის ღირებულების ოცმაგი ოდენობით. შპს ,,მაიფონის“ მიერ სრულად იქნა გადახდილი სს ,,სილქნეტის“ მიერ დარიცხული როგორც საერთაშორისო ზარებისთვის გათვალისწინებული ტარიფი, ასევე ჯარიმის სახით ასეთი ზარის ღირებულების ოცმაგი ოდენობა. შპს ,,ინექსფონის“ მიერ გადახდილ იქნა საერთაშორისო ზარისთვის გათვალისწინებული ტარიფის ოდენობა, თუმცა, კომპანიას არ გადაუხდია მასზე დარიცხული ჯარიმა, ხოლო შპს ,,ფლაი ტივის“ მიერ არც საერთაშორისო ზარებისთვის გათვალისწინებული ტარიფი და არც დარიცხული ჯარიმა იქნა გადახდილი. განცხადებაში სს ,,სილქნეტი“ უთითებს, რომ სს ,,სილქნეტის 2018 წლის 26 ოქტომბრისა და 2018 წლის 25 იანვრის წერილებში ცალ-ცალკე იყო მითითებული როგორც საერთაშორისო ზარების დასრულებისთვის გათვალისწინებული საფასურის ოდენობა - 75.17 ლარი, ასევე დარიცხული ჯარიმაც - 1503.43 ლარი. სს ,,სილქნეტის“ განცხადებაში (Nშ-6/4026-18; 16.08.2018) აღნიშნულია, რომ სს ,,სილქნეტი“ უარს აცხადებს შპს ,,ფლაი ტივისთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე სს „სილქნეტის“ განცხადებაზე და ითხოვს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტას ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად. განცხადებას თან ერთვის სს ,,სილქნეტის“ 2017 წლის 26 ოქტომბრის წერილი შპს ,,მაიფონს“, შპს ,,მაიფონის“ მიერ სს ,,სილქნეტის“ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი, სს ,,სილქნეტის“ 2017 წლის 26 ოქტომბრის წერილი შპს ,,ინექსფონს“, შპს ,,ინექსფონის“ მიერ სს ,,სილქნეტის“ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი, სს ,,სილქნეტის“ 2017 წლის 26 ოქტომბრისა და 2018 წლის 25 იანვრის წერილები შპს ,,ფლაი ტივის“.

კომისიის 2018 წლის 16 აგვისტოს სხდომაზე სს ,,სილქნეტის“ წარმომადგენელმა კ. ყურაშვილმა დაადასტურა სს ,,სილქნეტის“ განცხადებაში მითითებული გარემოებები და ითხოვა შპს ,,ფლაი ტივისთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე სს „სილქნეტის“ განცხადების განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა.

II.  გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება 

  1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;
  2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა. ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით;
  3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ავტორიზებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით; მხარეები კომისიაში საქმის წარმოებას იწყებენ კომისიისთვის სათანადო განცხადების წარდგენით;
  4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, განმცხადებელი უფლებამოსილია უარი განაცხადოს განცხადებაზე, ხოლო მეორე მხარე უფლებამოსილია ცნოს განმცხადებლის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის  საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.
  5. კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 451მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,  განმცხადებელი უფლებამოსილია უარი განაცხადოს განცხადებაზე, ხოლო მეორე მხარე უფლებამოსილია ცნოს განმცხადებლის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება   საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ სს ,,სილქნეტმა“ უარი განაცხადა თავის განცხადებაზე შპს ,,ფლაი ტივისთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,ფლაი ტივისთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე სს „სილქნეტის“ განცხადების განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს.

 III.   სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-3  პუნქტისა და 36-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 42-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 451მუხლის მე-3 პუნქტისშესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

  1. შეწყდეს შპს ,,ფლაი ტივისთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე სს „სილქნეტის“ განცხადების განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება;
  2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს „სილქნეტისთვის“ და შპს „ფლაი ტივისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
  3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს „სილქნეტისთვის“ და შპს „ფლაი ტივისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
  4. კონტროლი აღნიშნული  გადაწყვეტილების შესრულებაზე   დაევალოს   კომისიის   ადმინისტრაციას   (ნ. ჯანელიძე).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები