შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 04, 2018 10:59
მიღების თარიღი აგვისტო 23, 2018
შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, კომისიაში 2018 წლის 2 აგვისტოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის (Nშ-10/3650-18; 2.08.18) სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათს დართული აქვთ ამავე სამსახურში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიმართ 2018 წლის 24 ივლისს შედგენილი შემოწმების აქტი N63, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ შემოწმების ვიდეო ჩანაწერი, შემოწმების დამსწრე მოწმის პირადობის მოწმობის ასლი, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2018 წლის 2 აგვისტოს Nშ-10/3650-18 სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ 2018 წლის 24 ივლისს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ განხორციელდა შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ შემოწმება პროგრამების აუდიო-ვიზუალური დათვალიერება-მოსმენის საშუალებით და გადაცემის დროის დაფიქსირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი №63. შემოწმება ჩატარდა შემდეგ მისამართზე: ქ. რუსთავი, მე-16 მკრ/ი, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ ოფისში. შემოწმებას ესწრებოდა კომპანიის საკაბელო მეურნეობის უფროსი გ. გორგაძე.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ 2018 წლის 24 ივლისს, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ხორციელდებოდა შემდეგი სამაუწყებლო არხების ტრანზიტი: “რუსთავი 2”, „იმედი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „აჭარა“, „ვინილი“, „GDS“, “მარაო”, „კომედი არხი“, „ტვ პირველი“, „მაესტრო“, „ობიექტივი“, „პალიტრა ტვ“, „კავკასია“, „ქართული არხი“, „ერთსულოვნება“, „საფერავი ტვ“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „აფხაზეთის ხმა“, „Music Box “, „ენკი ბენკი“, „ქვ. ქართლი“, „Vip megahit“, “Vip premiera”, „სილქ უნივერსალი“, „Setanta sport“, „Боец“, “Авто+”, “24Техно”, “Охота и Рыбалка”, “Discovery”, “Anmal planet”, “Viasat History”, “Viasat Explorer”, “TLC”, “РТР планета”, “ORT”, “HTH comedy”, “THT 4”, “CTC”, „Euronews“, “TV 1000”, “TV 1000 action”, “Дом Кино”, „Феникс“, “XXI”, “Еврокино”,”Иллюзион+”, „Индийское Кино“, “World Fashion”, „არტარეა“, „Шансон“, “Кухня ТВ”, “Russiaan Music Box”, “მარნეული ტვ”, „იბერია“.
კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების და კომისიის აპრატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე, ირკვევა, რომ 2018 წლის 24 ივლისის მდგომარეობით, კომპანიას კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „კავკასია“, „სილქ უნივერსალი“, „არტარეა“, „Vip megahit“, “Vip premiera, „Боец“, “Авто+”, “24Техно”, “Охота и Рыбалка”, “Viasat History”, “Viasat Explorer”, “TLC”, “РТР планета”, “ORT”, “HTH comedy”, “THT 4”, “CTC”, “TV 1000”, “TV 1000 action”, “Дом Кино”, „Феникс“, “XXI”, “Еврокино”,”Иллюзион+”, „Индийское Кино“, “World Fashion”, „Шансон“, “Кухня ТВ”, “Russiaan Music Box”.
კომისიის 2013 წლის 14 იანვრის N04/80-13 წერილით (ჩაბარების თარიღი: 16.01.2013; ქვითრის ნომერი: 010003903622), შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბულობის კორპორაციას“, როგორც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს, დავალებული ჰქონდა, მის მიერ მომხმარებლებისათვის შეთავაზებულ პაკეტებსა და საკაბელო ქსელებით გავრცელებული ყველა სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები ან სანებართვო წერილები) კომისიაში წარმოდგენა პრაქტიკული საქმიანობის დაწყებამდე ან/და აღნიშნული არხების პაკეტში განთავსებამდე.
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2018 წლის 24 ივლისის სამსახურებრივი ბარათების საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2018 წლის 13 აგვისტოს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2018 წლის 16 აგვისტოს; აღნიშნულის თაობაზე შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ ეცნობა შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2018 წლის 16 აგვისტოს სხდომაზე შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ წარმომადგენელმა მ. ალბორაშვილმა წარმოადგინა, მისივე განმარტებით, რიგ სამაუწყებლო არხზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (კომისიაში რეგისტრაციის:16.08.18, N6/4017-18).
აღნიშნული დოკუმენტაციის შესწავლის მიზნით, 2018 წლის 16 აგვისტოს კომისიის გადაწყვეტილებით შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა გადატანილ იქნა 2018 წლის 23 აგვისტოს, რის თაობაზეც შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ წარმომადგენელი გაფრთხილდა კომისიის სხდომაზე კანონის შესაბამისად.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, დადგინდა, რომ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ 2018 წლის პირველი აგვისტოდან მოპოვებული აქვს კომპანია „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედ“-ის სამაუწყებლო არხების: „Vip megahit“, “Vip premiera, “Viasat History”, “Viasat Explorer”, “HTH comedy”, “THT 4”, “CTC”, “TV 1000”, “TV 1000 action”, „Феникс“, “Еврокино”,”Иллюзион+” გადაცემის უფლება; 2018 წლის 1 აგვისტოდან შპს „სი-ენ-ეი ჯორჯიას“ სამაუწყებლო არხების “Охота и Рыбалка”, „Шансон“, “Russiaan Music Box” გადაცემის უფლება; 2018 წლის 1 აგვისტოდან ააიპ „საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ სამაუწყებლო არხების: “РТР планета”, “ORT”, “Дом Кино”, “XXI”, “World Fashion” გადაცემის უფლება. კომპანიის მიერ ასევე წარმოდგენილ იქნა სამაუწყებლო არხების: „კავკასია“ და „არტარეას“ სანებართვო წერილები.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2018 წლის 23 აგვისტოს სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ წარმომადგენელი მ. ალბორაშვილი. მან აღნიშნა, რომ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ გათიშულია ყველა ის სამაუწყებლო არხი, რომელზეც კომპანიას არ გააჩნია შესაბამისი სანებართვო წერილები. აღნიშნული კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2018 წლის 22 აგვისტოს N10/4141-18 სამსახურებრივი ბარათითაც დასტურდება.
II. კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები
- კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2018 წლის 2 აგვისტოს Nშ-10/3650-18 სამსახურებრივი ბარათი თანდართული მასალით;
- შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ შესახებ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
- შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ შესახებ ამონაწერი კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;
- შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ 2018 წლის 16 აგვისტოს სხდომაზე კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (კომისიაში რეგისტრაციის: N6/4017-18, 16.08.18);
- კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2018 წლის 22 აგვისტოს N10/4141-18 სამსახურებრივი ბარათი არამართლზომიერად გადაცემული სამაუწყებლო არხების ტრანზიტული გადაცემის შეწყვეტის თაობაზე;
- კომისიის 2018 წლის 15 მარტის N147/18 გადაწყვეტილება „შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე“;
- შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ წარმომადგენლების ახსნა-განმარტებები გაკეთებული 2018 წლის 23 აგვისტოს კომისიის სხდომაზე.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე, მათ შორის ტელემაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი:15.02.2010);
2. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ, 2018 წლის 24 ივლისს, 14:15 საათზე განხორციელდა შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ საქმიანობის შემოწმება შემდეგ მისამართზე: ქ. რუსთავი, მე-16 მკრ/ი, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ ოფისში, რასთან დაკავშირებითაც შედგა შემოწმების აქტი N63. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებული უფლებამოსილი პირები: ი. ბაღაშვილი და ზ. კვირკველია, შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმე გ. გორგაძე;
3. შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ ახორციელებს მომხმარებლებისთვის ტრანზიტით მაუწყებლობის მომსახურების მიწოდებას;
4. 2018 წლის 24 ივლისს შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ ახდენდა შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერ რეტრანსლირებას: „კავკასია“, „სილქ უნივერსალი“, „არტარეა“, Vip megahit“, “Vip premiera, „Боец“, “Авто+”, “24Техно”, “Охота и Рыбалка”, “Viasat History”, “Viasat Explorer”, “TLC”, “РТР планета”, “ORT”, “HTH comedy”, “THT 4”, “CTC”, “TV 1000”, “TV 1000 action”, “Дом Кино”, „Феникс“, “XXI”, “Еврокино”,”Иллюзион+”, „Индийское Кино“, “World Fashion”, „Шансон“, “Кухня ТВ”, “Russiaan Music Box”;
5. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2018 წლის 24 ივლისის N63 შემოწმების აქტები შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;
6. კომისიის 2013 წლის 14 იანვრის N04/80-13 წერილით (შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ ჩაბარდა 16.01.2013) მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, მათ შორის შპს „საქართველოს კავშირგაბმულობის კორპორაციას“ ეცნობა და განემარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირის მიერ ხორციელდება ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი, არა უშუალოდ ტელე ან რადიომაუწყებელთან გაფორმებული ხელშეკრულების, არამედ შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ტელე ან რადიოარხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად ტრანზიტის დასადასტურებლად, ავტორიზებულმა პირმა კომისიაში უნდა წარმოადგინოს: ა) ავტორიზებულ პირსა და შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; ბ) შუამავლობის /დისტრიბუციის/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; გ) ტელე ან რადიომაუწყებლის ოფიციალური დადასტურება ტელე ან რადიოარხის სამაუწყებლო ბადეებში განთავსებული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული გავრცელების უფლების ფლობის შესახებ - ყოველთვიურად, სამაუწყებლო ბადის დართვით, მომდევნო 30 დღეზე; ამავე წერილით მას განემარტა, რომ თუ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება ხორციელდება ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, აუცილებელია კომისიაში აღნიშნული სამაუწყებლო არხის პროგრამებზე საავტორო და მომიჯნავე უფლების მქონე პირის/ კომპანიის ნებართვის წერილის წარმოდგენა (Permission Letter), რომელშიც აღნიშნული იქნება ა) ნებართვა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ სამაუწყებლო არხის საქართვლოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ; ბ) დადასტურება სამაუწყებლო არხის ბადეში განთავსებული პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების შესახებ; ამავე წერილით შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ ასევე, განემარტა მის მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტებში ყოველი სამაუწყებლო არხის ცვლილების (დამატების) შემთხვევაში, აგრეთვე მოქმედი ხელშეკრულების ვადის გასვლისას ახალი ვადით ხელშეკრულების გაგრძელებისას შესაბამისი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება კომპანიის მიერ შესაბამისი სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე/ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე;
7. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2018 წლის 22 აგვისტოს N10/4141-18 სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ 22 აგვისტოს მდგომარეობით შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ აღმოფხვრილი აქვს დარღვევა და კომპანია აღარ ახორციელებს სამაუწყებლო არხების „სილქ უნივერსალი“, „Боец“, “Авто+”, “24Техно”, „Индийское Кино“, , “Кухня ТВ” არამართლზომიერ ტრანზიტს;
8. შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ 2018 წლის 15 მარტის N147/18 გადაწყვეტილებით კომისიამ ცნო სამართალდამრღვევად საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონდებლობის დარღვევის გამო, გაათავისუფლა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან და ამავდროულად, კომპანიას აეკრძალა სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი ტრანზიტი.
9. შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ანალოგიური დარღვევებისთვის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.
IV. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
2. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით), ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
3. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლისა და „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების” აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება). „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;
4. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელში. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას;
5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად, ხოლო ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი;
7. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ი1) ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;
8. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქრთველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.
კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ“ კომისიაში წარმოადგინა სანებართვო წერილები სამაუწყებლო არხების: „კავკასია“, „არტარეა“, Vip megahit“, “Vip premiera,“Охота и Рыбалка”, “Viasat History”, “Viasat Explorer”, “TLC”, “РТР планета”, “ORT”, “HTH comedy”, “THT 4”, “CTC”, “TV 1000”, “TV 1000 action”, “Дом Кино”, „Феникс“, “XXI”, “Еврокино”,”Иллюзион+”, “World Fashion”, „Шансон“, “Russiaan Music Box” ტრანზიტის თაობაზე . ამასთანავე, ამავე ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დადგინდა, რომ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ“ შეწყვიტა სამაუწყებლო არხების „სილქ უნივერსალი“, „Боец“, “Авто+”, “24Техно”, „Индийское Кино“, , “Кухня ТВ” არამართლზომიერი ტრანზიტი. კომისიას მიაჩნია, რომ ზემოთ მითითებული სამაუწყებლო არხების შესაბამისი ხელშეკრულებების/სანებართვო წერილების გარეშე საკაბელო ქსელით უცვლელი სახით გადაცემით, კომპანიის მიერ დარღვეულია „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ,,საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, სანქცირების საფუძველია. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები და ვალდებულებები შესრულებულ იქნა (დარღვევა აღმოფხვრილი იქნა) ნებაყოფლობით, კერძოდ, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის შესრულებულია ყველა ის კანონისმიერი ვალდებულება, რომელიც მას, როგორც ავტორიზებულ პირს გააჩნდა ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე, კომისიას მიაჩნია, რომ კომპანიას არ უნდა დაეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს.
V. სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის ბ) პუნქტის, 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.შეწყდეს შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება;
2.დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
3.გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის“ ჩაბარების დღიდან;
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
