ი/მ „ივანე ხეიძისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 04, 2018 11:08
მიღების თარიღი აგვისტო 23, 2018
ი/მ „ივანე ხეიძისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№შ-10/3814-18; 9.08.2018) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ი/მ „ივანე ხეიძისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით სამაუწყებლო არხების ტრანზიტის გამო.
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, 2018 წლის 30 ივლისს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ განხორციელდა ი/მ ,,ივანე ხეიძის“ შემოწმება პროგრამების აუდიო-ვიზუალური დათვალიერება-მოსმენის საშუალებით და გადაცემის დროის დაფიქსირებით, რის თაობაზეც შედგა შემოწმების აქტი N64. შემოწმება ჩატარდა ი/მ ,,ივანე ხეიძის“ ოფისში, ივანე ხეიძის თანდასწრებით.
შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ ი/მ ,,ივანე ხეიძის” მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ხორციელდება შემდეგი სამაუწყებლო არხების ტრანზიტი:„საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „ობიექტივი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „ერთსულოვნება“, „ტვ პირველი“, „იბერია“, „კავკასია“, „ენკი ბენკი“, „რაგბი ტვ“, „Setanta sport geo“, “Setanta sport geo+”, “Домашный”, “ORT”, “РТР планета”, “CTC”, “THT comedy”, „Детский Мир“, “Россия К”, “ЧЕ”, “TV 1000 action”,“TV 1000 ру.кино”, “HТВ”, “Русский иллюзион”, “РЕН ТВ”, „Сарафан“, “Шансон ТВ”, „Шант“ (სომხური), „ТВЦ“, „Viasat History“, “Viasat Nature”, “Travel”, “RU TV”, “МИР”.
ი/მ „ივანე ხეიძის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ ი/მ „ივანე ხეიძეს“ 2018 წლის 30 ივლისის მდგომარეობით კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების მართლზომიერების რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურბელი დოკუმენტაცია: „ტვ პირველი“, “ЧЕ”, “HТВ”, „Шант“ (სომხური),“Travel”.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ი/მ „ივანე ხეიძისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დანიშნა 2018 წლის 23 აგვისტოს. აღნიშნულის თაობაზე ი/მ ,,ივანე ხეიძეს“ ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (N03/2783-18; 17.08.2018) და ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.
2018 წლის 16 აგვისტოს ი/მ ,,ივანე ხეიძემ“ წარმოადგინა სამაუწყებლო არხი ,,ტვ პირველი“-ის 2018 წლის აგვისტოს სანებართვო წერილი.
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2018 წლის 22 აგვისტოს N10/4141-18 სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა, რომ ი/მ „ივანე ხეიძემ“ აღმოფხვრა დარღვევა და 2018 წლის 22 აგვისტოს მდგომარეობით აღარ ახორციელებს სამაუწყებლო არხების „ЧЕ”, “HТВ”, „Шант“ (სომხური),“Travel” არამართლზომიერ ტრანზიტს (მტკიცებულება: კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2018 წლის 22 აგვისტოს N10/4141-18 სამსახურებრივი ბარათი 1CD).
კომისიის 2018 წლის 23 აგვისტოს სხდომაზე არ გამოცხადდა ი/მ „ივანე ხეიძე“ მიუხედავად იმისა, რომ შეტყობინება სხდომის ჩატარების თაობაზე კომპანიას 2018 წლის 20 აგვისტოს ჩაბარდა. ამასთან, კომპანიას კომისიაში არ წარმოუდგენია შუამდგომლობა 2018 წლის 23 აგვისტოს სხდომის გადადების თაობაზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. გამომდინარე აქედან, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი ი/მ „ივანე ხეიძის“ დაუსწრებლად.
II. გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/3814-18; 9.08.2018);
2. ი/მ ,,ივანე ხეიძის“ 2018 წლის 30 ივლისის შემოწმების აქტი N64;
3. 2018 წლის 30 იანვრის შემოწმების დამსწრე მოწმის ივანე ხეიძის პირადობის მოწმობის ასლი;
4. კომისიის 2012 წლის 27 თებერვლის №04/462–12 წერილი და ამ წერილის ი/მ „ივანე ხეიძისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
5. კომისიის 2013 წლის 14 იანვრის №04/80–13 წერილი და ამ წერილის ი/მ „ივანე ხეიძისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
6. ი/მ ,,ივანე ხეიძის“ განცხადება (Nშ-6/4050-18; 17.08.2018) თანდართული სამაუწყებლო არხი „ტვ პირველი“ სანებართვო წერილით;
7. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2018 წლის 22 აგვისტოს N10/4141-18 სამსახურებრივი ბარათი ი/მ „ივანე ხეიძეს“ მიერ არამართლზომიერად გადაცემული სამაუწყებლო არხების გათიშვის თაობაზე;
8. მონაცემები ი/მ ,,ივანე ხეიძის“ შესახებ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
1. ი/მ „ივანე ხეიძე“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 26.01.2010; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: A.F.1.3 კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: A.F.1.6 კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; მაუწყებლობის ტრანზიტი: B.F.4.1 ტელემაუწყებლობის ტრანზიტი და სხვ.;
2. ი/მ ,,ივანე ხეიძეს“ საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების უცვლელი სახით გადაცემის უფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეს ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საავტორო ან მომიჯნავე (მათ შორის ექსკლუზიური) უფლების მფლობელთან დადებული ხელშეკრულების ან/და სანებართვო წერილების საფუძველზე.
3. 2018 წლის 30 ივლისს, 14:20 საათზე, ი/მ „ივანე ხეიძის“ ოფისში, მისამართზე: ქ. თბილისი, ქინძმარაულის მე-2 შესახვევი, კორპ. 2ა. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ (ზ. კვირველია, ი. ბაღაშვილი) განხორციელდა ი/მ ,,ივანე ხეიძის” მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემის მართლზომიერების შემოწმება, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი №14. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლები: ზ.კვირკველია და ი.ბაღაშვილი, შემოწმებისა და შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმე, ივანე ხეიძე.
4. შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ ი/მ ,,ივანე ხეიძე“ 2018 წლის 30 ივლისს საკუთარი საკაბელო ქსელით საქართველოს ტერიტორიაზე ავრცელებს შემდეგ სამაუწყებლო არხებს: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „ობიექტივი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „ერთსულოვნება“, „ტვ პირველი“, „იბერია“, „კავკასია“, „ენკი ბენკი“, „რაგბი ტვ“, „Setanta sport geo“, “Setanta sport geo+”, “Домашный”, “ORT”, “РТР планета”, “CTC”, “THT comedy”, „Детский Мир“, “Россия К”, “ЧЕ”, “TV 1000 action”,“TV 1000 ру.кино”, “HТВ”, “Русский иллюзион”, “РЕН ТВ”, „Сарафан“, “Шансон ТВ”, „Шант“ (სომხური), „ТВЦ“, „Viasat History“, “Viasat Nature”, “Travel”, “RU TV”, “МИР”;
5. 2018 წლის 30 ივლისს განხორციელებული შემოწმების სისწორე დადასტურდა 2018 წლის 30 ივლისის №64 შემოწმების აქტით, რომელიც შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ასევე, შემოწმების პროცესის აუდიო-ვიზუალური ჩანაწერით;
6. კომისიის 2012 წლის 27 თებერვლის №04/462-12 წერილით მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, მათ შორის, ი/მ ,,ივანე ხეიძეს” (გზავნილის კოდი: 715; ჩაბარების თარიღი: 2.03.2012) ეცნობათ და განემარტათ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირის მიერ ხორციელდება ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი, არა უშუალოდ ტელე ან რადიომაუწყებელთან გაფორმებული ხელშეკრულების, არამედ შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ტელე ან რადიოარხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად ტრანზიტის დასადასტურებლად, ავტორიზებულმა პირმა კომისიაში უნდა წარმოადგინოს: ა) ავტორიზებულ პირსა და შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; ბ) შუამავლობის /დისტრიბუციის/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; გ) ტელე ან რადიომაუწყებლის ოფიციალური დადასტურება ტელე ან რადიოარხის სამაუწყებლო ბადეებში განთავსებული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული გავრცელების უფლების ფლობის შესახებ ყოველთვიურად, მომდევნო 30 დღეზე; ამავე წერილით ი/მ ,,ივანე ხეიძეს“ განემარტა, რომ წერილში აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ტელე ან რადიოარხის საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების მართლზომიერება დაუდასტურებლად იქნებოდა მიჩნეული. ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის ვალდებულების თაობაზე მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, მათ შორის, ი/მ ,,ივანე ხეიძეს“ განმეორებით განემარტა კომისიის 2013 წლის 14 იანვრის №04/80-13 წერილით (გზავნილის კოდი:010003896953; ჩაბარების თარიღი: 16.01.2013. ამავე წერილით ი/მ ,,ივანე ხეიძეს“ განემარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება ხორციელდება ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, აუცილებელია კომისიაში აღნიშნული სამაუწყებლო არხის პროგრამებზე საავტორო და მომიჯნავე უფლების მქონე პირის/კომპანიის ნებართვის წერილის წარმოდგენა (Permission Letter), რომელშიც აღნიშნული იქნება ა) ნებართვა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ სამაუწყებლო არხის საქართვლოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ; ბ) დადასტურება სამაუწყებლო არხის ბადეში განთავსებული პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების შესახებ; კომისიის 2013 წლის 14 იანვრის №04/80-13 წერილით ი/მ ,,ივანე ხეიძეს” ასევე ეცნობა, რომ მომხმარებლისთვის მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ შეთავაზებულ პაკეტში ყოველი სამაუწყებლო არხის ცვლილების (დამატების) შემთხვევაში, აგრეთვე მოქმედი ხელშეკრულების ვადის გასვლისას ახალი ვადით ხელშეკრულების გაგრძელებისას მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია კომისიაში წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია შესაბამისი სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე/ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე;
7. 2018 წლის 17 მარტს, ი/მ ,,ივანე ხეიძემ“ კომისიაში წარმოადგინა საქართველოს ტერიტორიაზე მაუწყებლობის ტრანზიტის უფლებამოსილების დამადასტურებელი სანებართვო წერილი სამაუწყებლო არხი „ტვ პირველის“ ტრანზიტული გადაცემის თაობაზე;
8. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2018 წლის 22 აგვისტოს N10/4141-18 სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ 22 აგვისტოს მდგომარეობით ი/მ „ივანე ხეიძეს“ აღმოფხვრილი აქვს დარღვევა და ი/მ „ივანე ხეიძე“ აღარ ახორციელდებს სამაუწყებლო არხების „HTB“,„Че“, “Travel”, „Шант“ არამართლზომიერ ტრანზიტს;
9. ი/მ „ივანე ხეიძე“, 2018 წლის 29 მარტის N179/18 გადაწყვეტილებით, კომისიამ ცნო სამართალდამრღვევად საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო, გაათავისუფლა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან და ამავდროულად, აუკრძალა სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი ტრანზიტი;
10. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ი/მ „ივანე ხეიძის“ მიმართ არ გამოყენებულა მსგავსი/იდენტური სამართალდარღვევისთვის ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
- ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
- ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;
- ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;
- ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად, ხოლო ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
- „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით), ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
- „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლისა და „ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით; ამ ნორმის გამოყენებისათვის კი აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა საშუალებები და ხერხები;
- ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების” აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);
- „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად,მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;
- ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ნიშნავს ნება დართოს ან აკრძალოს: ა) გადაცემის ჩაწერა; ბ) გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც მოხდა მისი ჩაწერა; გ) გადაცემის ერთდროულად გადაცემა ეთერში და კაბელით ხელახალი გადაცემა შესაბამისად საეთერო და საკაბელო მაუწყებლობის სხვა ორგანიზაციის მიერ; დ) გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელით; ე) გადაცემის საჯარო გადაცემა ადგილებში, სადაც შესვლა ფასიანია. ვ) გადაცემის ჩანაწერის გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით; ზ) გადაცემის ჩანაწერის გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა; თ) გადაცემის ჩანაწერის გადაცემა სადენებით ანდა უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეული ადგილიდან და დროს;
- ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა;
- ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
კომისია აღნიშნავს, რომ ი/მ ,,ივანე ხეიძემ“ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიაში წარმოადგინა სანებართვო წერილი სამაუწყებლო არხის „ტვ პირველის“ ტრანზიტის თაობაზე. ამასთანავე, ამავე ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დადგინდა, რომ ი/მ „ივანე ხეიძემ“ შეწყვიტა სამაუწყებლო არხების „HTB“,„Че“, “Travel”, „Шант“ არამართლზომიერი ტრანზიტი. კომისიას მიაჩნია, რომ სამაუწყებლო არხების: „ტვ პირველი“ „HTB“,„Че“, “Travel”, „Шант“ შესაბამისი ხელშეკრულებების/სანებართვო წერილების გარეშე საკაბელო ქსელით უცვლელი სახით გადაცემით, ი/მ ,,ივანე ხეიძის“ მიერ დარღვეულია „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ,,საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, სანქცირების საფუძველია. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები და ვალდებულებები შესრულებულ იქნა (დარღვევა აღმოფხვრილი იქნა) ნებაყოფლობით, კერძოდ, ი/მ „ივანე ხეიძეს“ მიერ ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის შესრულებულია ყველა ის კანონისმიერი ვალდებულება, რომელიც მას, როგორც ავტორიზებულ პირს გააჩნდა ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე, კომისიას მიაჩნია, რომ კომპანიას არ უნდა დაეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და ი/მ „ივანე ხეიძესთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის ბ) პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
- შეწყდეს ი/მ „ივანე ხეიძესთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება;
- დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების ი/მ „ივანე ხეიძესთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
- გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ი/მ „ივანე ხეიძესთვის“ ჩაბარების დღიდან;
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) ი/მ „ივანე ხეიძესთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
