წვდომის მენიუ

ფიზიკურ პირ ირაკლი დიდებულიძისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 498 / 18

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 04, 2018 10:55

მიღების თარიღი აგვისტო 23, 2018

ფიზიკურ პირ ირაკლი დიდებულიძისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I. საქმის აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ 2018 წლის 3 აგვისტოს კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებული უფლებამოსილი პირების მიერ შემოწმდა საინფორმაციო პორტალი www.iptv.ge . შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ საინფორმაციო პორტალის მფლობელი პირი ირაკლი დიდებულიძე აღნიშნული პორტალის მეშვეობით ახორციელებს მაუწყებლობის ტრანზიტს ავტორიზაციის გარეშე, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე  მის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N000278. სამსახურებრივ ბარათს თან ერთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და შემოწმების  ჩატარების ამსახველი ვიდეოჩანაწერი (1 CD).

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა კომისიის მიერ უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან 7 დღის ვადაში. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა 2018 წლის 3 აგვისტოს, რომელიც კომისიას წარედგინა იმავე დღეს. შესაბამისად, საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2018 წლის 9 აგვისტო, 15:00 საათი, რის შესახებაც შეტყობინებით ეცნობა  ფიზიკურ პირ ი. დიდებულიძეს (07.08.2018, N03/2697-18). ფიზიკურ პირ ი. დიდებულიძეს გაეგზავნა ადმინისტრაციული წარმოების მასალები და  განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება, აგრეთვე ის, რომ  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“  38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით საქმე განიხილება მასში მონაწილე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ შეტყობინებით პირი სხდომაზე მოწვეულ იქნა, ის არ გამოცხადდა და კომისიაში არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.

კომისიის 2018 წლის 9 აგვისტოს სხდომაზე გამოცხადდა ფიზიკური პირი ი. დიდებულიძის წარმომადგენელი შალვა ნადირაძე (მოქმედი ი. დიდებულიძის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე; სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N180947016; 08.08.2018). კომისიის სხდომაზე შ. ნადირაძემ დაადასტურა, რომ www.iptv.ge ვებ-გვერდის მეშვეობით ხდება მხოლოდ ქართული არხების გადაცემა. მან ასევე, აღნიშნა, რომ ინტერნეტის საშუალებით ყველგან შეიძლება სამაუწყებლო არხის ნახვა. მისი განმარტებით, დომენი iptv.ge რეგისტრირებულია ი. დიდებულიძის სახელზე, თუმცა იგი არ არის ვებ გვერდის მფლობელი და ადმინისტრატორი. ვებ-გვერდის სერვერი განთავსებულია გერმანიაში. ი. დიდებულიძის განცხადებით, ვებ-გვერდს არავითარი კომერციული მიზანი არ გააჩნია, არც შემოსავალი აქვს, არც აბონენტი ჰყავს და არც რეკლამებს ანთავსებს. მისი განმარტებით, ვებ-გვერდი შექმნილია ემიგრანტებისთვის, რათა მათ წვდომა ჰქონდეთ ქართულ არხებთან. ი. დიდებულიძე, რომლის მიმართ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება არის მისი მეგობრის მამა, რომელიც არანაირ კავშირშია ამ თემასთან, ხოლო თავად ვებ-გვერდი შექმნილია ი. დიდებულიძის შვილის მიერ. შ. ნადირაძის განმარტებით, ვებ-გვერდის მეშვეობით არ ხდება ავტორიზებადი მომსახურების მიწოდება და ვებ-გვერდის მეშვეობით განხორციელებული საქმიანობა ისეთივეა, როგორც ნებისმიერი პირის მიერ სოციალურ ქსელში სტრიმის განთავსება. შესაბამისად, ი. დიდებულიძეს არ ჩაუდენია სამართალდარღვევა.

ი. დიდებულიძის წარმომადგენელს, კომისიის სხდომაზე მითითებული გარემოებების დასადასტურებლად, ეთხოვა კომისიაში წარმოედგინა შესაბამისი მტკიცებულებები, ხოლო საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2018 წლის 23 აგვისტო.

კომისიის 2018 წლის 16 აგვისტოს, კომისიაში შემოვიდა ი. დიდებულიძის წარმომადგენლის შ. ნადირაძის წერილობითი ახსნა-განმარტება (Nშ-9/4035-18; 16.08.2018). შ. ნადირაძის განმარტებით, ი. დიდებულიძის მიერ განხორციელებული ქმედება არ წარმოადგენს ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებას, ვინაიდან იგი არ არის ავტორიზებული პირი და არც რაიმე საფასურის სანაცვლოდ ახორციელებდა ქმედებას, რაც ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების კანონისმიერი განმარტების მიხედვით, მომსახურების აუცილებელი კომპონენტებია. შ. ნადირაძის განცხადებით, ი. დიდებულიძის მიერ განხორციელებული ქმედება არ წარმოადგენს კანონით გათვალისწინებულ მაუწყებლობის ტრანზიტს, ვინაიდან იგი არამეწარმე ფიზიკური პირია, ხოლო ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის განმარტების მიხედვით, მაუწყებლობის ტრანზიტს ახორციელებენ მხოლოდ მეწარმე პირები დ არაკომერციული იურიდიული პირები. შესაბამისად, მისი ქმედება არ არის ავტორიზებადი. შ. ნადირაძის განმარტებით, ი. დიდებულიძე, სურვილის შემთხვევაშიც ვერ გაივლიდა ავტორიზაციას, ვინაიდან ავტორიზაციას ექვემდებარება მხოლოდ ელექტრონული საკომუნიკაციო საქმიანობის განხორციელება მხოლოდ მეწარმე პირის ან არაკომერციული იურიდიული პირის მიერ. შ. ნადირაძის განცხადებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გამოყენება კომისიას შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა ჩადენილია საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო www.iptv.ge -ის სერვერი განთავსებულია გერმანიაში და ვებ-გვერდს მართავს და მისი მეშვეობით საქმიანობს არა ი. დიდებულიძე, არამედ გერმანიაში მცხოვრები, არამეწარმე ფიზიკური პირი. შ. ნადირაძის განმარტებით, ი. დიდებულიძემ თავის სახელზე რეგისტრირებული დომენი ათხოვა სხვა ფიზიკურ პირს, რომელიც უსასყიდლოდ სარგებლობს მისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შ. ნადირაძეს მიაჩნია, რომ ი. დიდებულიძეს არ ჩაუდენია სამართალდარღვევა და მის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს.

კომისიის 2018 წლის 23 აგვისტოს სხდომას ესწრებოდა ი. დიდებულიძის წარმომადგენელი შ. ნადირაძე, რომელმაც დაადასტურა კომისიაში წარმოდგენილ წერილობით ახსნა-განმარტებაში (Nშ-9/4035-18; 16.08.2018) მითითებული გარემოებები და მოთხოვნა.

II. კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (Nშ-10/3686-18; 03.08.2018);

2. 2018 წლის 3 აგვისტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N000278;

3. საინფორმაციო პორტალის www.iptv.ge-ის 2018 წლის 3 აგვისტოს შემოწმების ამსახველი ვიდეოჩანაწერი (1 CD);

4. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წერილი (Nშ-6/3482-18; 23.07.2018);

5. ი. დიდებულიძის წარმომადგენლის შ. ნადირაძის წერილობითი ახსნა-განმარტება (Nშ-9/4035-18; 16.08.2018);

6. ფიზიკური პირი ი. დიდებულიძის წარმომადგენლის შ. ნადირაძის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. 2018 წლის 3 აგვისტოს, კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებული უფლებამოსილი პირების მიერ შემოწმდა საინფორმაციო პორტალი www.iptv.ge. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ფიზიკური პირი ირაკლი დიდებულიძე საინფორმაციო პორტალის www.iptv.ge მეშვეობით ახორციელებს მაუწყებლობის ტრანზიტს ავტორიზაციის გარეშე, რის გამოც მის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N000278;

2. საინფორმაციო პორტალი www.iptv.ge დაარეგისტრირა და ფლობს ფიზიკური პირი ირაკლი დიდებულიძე, რაც დასტურდება შპს ,,კავკასუს ონლაინის” წერილით (Nშ-6/3482-18; 23.07.2018);

3. 2018 წლის 3 აგვისტოს მდგომარეობით ვებ-გვერდიდან www.iptv.ge ხორციელდებოდა ქართული სამაუწყებლო არხების გადაცემა, რაც დაადასტურა ი. დიდებულიძის წარმომადგენელმა შ. ნადირაძემ კომისიის 2018 წლის 9 აგვისტოს სხდომაზე.

4. ვებ-გვერდ www.iptv.ge -ზე განთავსებულია ქართული სამაუწყებლო არხები (,,იმედი“ და ,,რუსთავი 2“). ვებ-გვერდზე განთავსებული სამაუწყებლო არხები ხელმისაწვდომია  საქართველოს ტერიტორიაზე. შესაბამისად, ვებ-გვერდზე განთავსებული სამაუწყებლო არხების ტრანზიტი ხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე.

5. ვებ-გვერდ www.iptv.ge –ზე განთავსებული ქართული არხების ტრანზიტი ხორციელდება პირდაპირ აღნიშნული ვებ-გვერდის მეშვეობით და არ ხდება ბმულის გამოყენებით სხვა ვებ-გვერდზე გადასვლა სამაუწყებლო არხზე წვდომისთვის.

6. ფიზიკურ პირის ირაკლი დიდებულიძის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საკითხის (ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა) განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში. 2018 წლის 3 აგვისტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის  ოქმი №000278  შედგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლისა და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი  წესების” 37-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერენ ოქმის შემდგენი, კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლები ი. ბაღაშვილი და ზ. კვირკველია და სამართალდამრღვევი ირაკლი დიდებულიძე, რომელსაც წარედგინა აღნიშნული ოქმი.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

  1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზაცია არის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის საქმიანობის რეგისტრაცია ამ კანონით დადგენილი ერთიანი წესით;
  2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე- ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე- ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი;
  3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის, ლიცენზიის ან ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მოპოვების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა დაუშვებელია და იწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას;
  4. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ ან სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა - გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
  5. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან;
  6. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 228-ე მუხლის შესაბამისად, ამ კოდექსის 141-ე, 142-ე, 1441 და 1443–1445 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას;
  7. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 231-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების წესი იმ ორგანოებში (თანამდებობის პირთა მიერ), რომლებიც უფლებამოსილნი არიან განიხილონ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები, განისაზღვრება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების წესი სასამართლოებში განისაზღვრება ამ კოდექსით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით;
  8. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 1441 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები განიხილება 7 დღის ვადაში, ხოლო, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიის მიერ განხილვა უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე 7 დღის ვადაში;
  9.  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განსახილველად მომზადებისას ორგანო (თანამდებობის პირი) წყვეტს შემდეგ საკითხებს: 1) განეკუთვნება თუ არა მის კომპეტენციას აღნიშნული საქმის განხილვა; 2) სწორად არის თუ არა შედგენილი ოქმი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის სხვა მასალები; 3) ეცნობათ თუ არა საქმის განხილვის მონაწილე პირებს საქმის განხილვის დრო და ადგილი; 4) გამოთხოვილია თუ არა საჭირო დამატებითი მასალები; 5) უნდა დაკმაყოფილდეს თუ არა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის, დაზარალებულის, კანონიერი წარმომადგენლების, ადვოკატის შუამდგომლობები;
  10. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 264-ე მუხლის შესაბამისად, ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის.
  11. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება, აგრეთვე ამ კოდექსის 234მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში. აღნიშნული ვადის საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში ეს ვადა იმ პირის განცხადებით, რომლის მიმართაც გამოტანილია დადგენილება, შეიძლება აღადგინოს საჩივრის განსახილველად უფლებამოსილმა ორგანომ (თანამდებობის პირმა).

კომისია აღნიშნავს, რომ ვებ-გვერდი www.iptv.ge დაარეგისტრირა და ფლობს ფიზიკური პირი ირაკლი დიდებულიძე, რაც დასტურდება შპს ,,კავკასუს ონლაინის” წერილით (Nშ-6/3482-18; 23.07.2018). ი. დიდებულიძის სახელზე აღნიშნული ვებ-გვერდის რეგისტრაციის ფაქტი დაადასტურა მისმა წარმომადგენელმა შ. ნადირაძემ კომისიის ა/წ 9 აგვისტოს სხდომაზე და ასევე, თავის წერილობით ახსნა-განმარტებაში (Nშ-9/4035-18; 16.08.2018).

2018 წლის 3 აგვისტოს მდგომარეობით ვებ-გვერდიდან www.iptv.ge ხორციელდებოდა ქართული სამაუწყებლო არხების გადაცემა, რაც დაადასტურა ი. დიდებულიძის წარმომადგენელმა შ. ნადირაძემ კომისიის 2018 წლის 9 აგვისტოს სხდომაზე.

ვებ-გვერდ www.iptv.ge -ზე განთავსებულია ქართული სამაუწყებლო არხები (,,იმედი“ და ,,რუსთავი 2“). ვებ-გვერდზე განთავსებული სამაუწყებლო არხები ხელმისაწვდომია  საქართველოს ტერიტორიაზე. შესაბამისად, ვებ-გვერდზე განთავსებული სამაუწყებლო არხების ტრანზიტი ხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე.

ვებ-გვერდ www.iptv.ge –ზე განთავსებული ქართული არხების ტრანზიტი ხორციელდება პირდაპირ აღნიშნული ვებ-გვერდის მეშვეობით და არ ხდება ბმულის გამოყენებით სხვა ვებ-გვერდზე გადასვლა სამაუწყებლო არხზე წვდომისთვის.

ი. დიდებულიძის წარმომადგენელს კომისიაში არ წარმოუდგენია ვებ-გვერდის www.iptv.ge სხვა პირის მიერ მართვისა და ადმინისტრირების დამადასტურებელი მტკიცებულება.

კომისია ვერ გაიზიარებს ი. დიდებულიძის წარმომადგენლის შ. ნადირაძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ი. დიდებულიძის მიერ განხორციელებული ქმედება არ წარმოადგენს ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებას, ვინაიდან იგი არ არის ავტორიზებული პირი, რაიმე საფასურის სანაცვლოდ არ ახორციელებს ქმედებას და არ არის მეწარმე, ხოლო მაუწყებლობის ტრანზიტს ახორციელებენ მხოლოდ მეწარმე პირები დ არაკომერციული იურიდიული პირები.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე- ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე- ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი. შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტის კანონისმიერი განმარტებიდან გამომდინარე, იმის დასადგენად ხორციელდება თუ არა მაუწყებლობის ტრანზიტი, მნიშვნელობა აქვს, ხდება თუ არა ტელე- ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე- ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემა და არა იმას, თუ ვის მიერ ხორციელდება.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ ან სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა - გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. აქედან გამომდინარე, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობა ავტორიზაციის გარეშე, ასევე,  ულიცენზიოდ ან სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე სახელმწიფო რესურსით - რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა ეკრძალება ნებისმიერ პირს, მიუხედავად მისი საქმიანობის კომერციული თუ არაკომერციული ხასიათისა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისია აღნიშნავს, რომ ფიზიკურ პირ ირაკლი დიდებულიძის მიერ ჩადენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441  მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, ვინაიდან, ის ავტორიზაციის გარეშე ახორციელებდა ტელემაუწყებლობის ტრანზიტს საქართველოს ტერიტორიაზე. ფიზიკურ პირ ირაკლი დიდებულიძის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441  მუხლის პირველი ნაწილით ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა, 5000  ლარის ოდენობით.

კომისია აღნიშნავს, რომ ი. დიდებულიძემ არ აღიარა სამართალდარღვევის ფაქტი და არ დაადასტურა სამართალდარღვევის ჩადენის გულწრფელი მონანიება, ასევე, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ შეუწყვეტია მაუწყებლობის არამართლზომიერი ტრანზიტი. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ ადგილი არ აქვს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას აღნიშნავს, რომ ფიზიკურ პირ ი. დიდებულიძეს უნდა დაეკისროს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის - 5000 ლარის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 23-ე მუხლის, 1441 მუხლის პირველი ნაწილის,  228-ე, 260-ე,  262-ე, 264-ე და 273-ე მუხლების,  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. დაეკისროს ფიზიკურ პირ ირაკლი დიდებულიძეს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

2. უზრუნველყოს ფიზიკურმა პირმა ირაკლი დიდებულიძემ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის - 5000 (ხუთი ათასი) ლარის გადახდა, წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900;

- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი  - TRESGE22;

- სახაზინო კოდი -  300773251;

3. უზრუნველყოს ფიზიკურმა პირმა ირაკლი დიდებულიძემ  ჯარიმის გადახდის დამადასტურებლი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის  ფიზიკურ პირ ირაკლი დიდებულიძისთვის ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით, გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 10 დღის ვადაში;

6. დაევალოს კომისიის  ადმინისტრაციას (მ. ნინუა) წინამდებარე გადაწყვეტილების ფიზიკურ პირ ირაკლი დიდებულიძისთვის  დაუყოვნებლივ გაგზავნა;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (გარდა მე-6 პუნქტისა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის   აპარატის   აუდიოვიზუალური   მედია   მომსახურებების   რეგულირების   დეპარტამენტს (ი. მახარაძე).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები