შპს ,,მიკრონეტ“-ის წინააღმდეგ ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ საჩივრის განხილვის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 11, 2018 16:13
მიღების თარიღი აგვისტო 23, 2018
შპს ,,მიკრონეტ“-ის წინააღმდეგ ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ საჩივრის განხილვის თაობაზე
I. საქმის აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შემოვიდა ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ საჩივარი (Nშ-6/3459-18; 23.07.2018) საიდანაც ირკვევა, რომ ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრსა“ და შპს ,,მიკრონეტ“-ს (ს/ნ: 204557960) შორის 2016 წელს გაფორმდა სააბონენტო ხელშეკრულება, რომლის ვადად განისაზღვრა 6 თვე. იმის გამო, რომ ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრს“ სისტემატურად აქვს შპს ,,მიკრონეტ“-თან პრობლემები ინტერნეტ სიჩქარესთან, ხშირ წყვეტასთან დაკავშირებით (აბონენტს ინტერნეტი ხშირად რამდენიმე დღის განმავლობაში არ მიეწოდება გაუგებარი მიზეზების გამო, გათიშულია რადიომაუწყებლობა, მაგრამ, თვის ბოლოს მაინც არ ხდება თანხის შემცირება), მან ზეპირი ფორმით არაერთგზის მოითხოვა კონტრაქტის განახლება, მაგრამ უშედეგოდ. აბონენტის განცხადებით, კომპანიას მასთან დღემდე ხელშეკრულება არ გაუფორმებია. აბონენტის განცხადებით, ბოლო 2 თვის განმავლობაში ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების სიჩქარე იმდენად დაბალია, რომ იწვევს რადიომაუწყებლობის გათიშვას და ამ დროისთვის რადიო მაუწყებლობა გამორთულია. შესაბამისად, ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ პანკისის ოფისში (ახმეტის მუნიციპალიტეტი, სოფელი დუისი), სადაც ინტერნეტ-მომსახურება მიეწოდებოდა აბონენტს, სამუშაო პროცესი შეწყვეტილია და ოფისი დაკეტილია. აბონენტის განცხადებით, მან ა/წ ივლისის თვეში რამდენჯერმე მიმართა შპს ,,მიკრონეტ“-ს კომპანიის ცხელ ხაზზე, რომელიც მხოლოდ სამუშაო საათებში ფუნქციონირებს და მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ინტერნეტი ფაქტობრივად არ ჰქონდა. ამასთანავე, ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ მოითხოვა შპს ,,მიკრონეტ“-ს მიეწოდებინა მისთვის ინფორმაცია მისთვის ფაქტობრივად მიწოდებული ინტერნეტის სიჩქარის, მინიმალური სიჩქარის, დაყოვნების, დაკარგული პაკეტების კოეფიციენტისა და ჯიტერის შესახებ, თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია კომპანიას მისთვის არ მიუწოდებია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ ითხოვს კომისიამ მოახდინოს შესაბამისი რეაგირება შპს ,,მიკრონეტ“-ის მიერ კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებისა და პანკისის სათემო რადიოს შეუფერხებლად მუშაობის მიზნით.
2018 წლის 2 აგვისტოს კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება (N447/23; 02.08.2018) შპს ,,მიკრონეტ“-ის წინააღმდეგ ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე და საკითხის განსახილველად ზეპირი მოსმენა დანიშნა 2018 წლის 16 აგვისტოს.
კომისიის 2018 წლის 16 აგვისტოს სხდომაზე გამოცხადდა ა(ა)იპ ,სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ წარმომადგენელი გელა მთივლიშვილი, ხოლო შპს ,,მიკრონეტის“ წარმომადგენელი არ გამოცხადდა, მიუხედავად იმისა, რომ ის კომისიის 2018 წლის 2 აგვისტოს სხდომაზე გაფრთხილდა ზეპირი მოსმენის გამართვის თარიღისა და დროის შესახებ და ამასთანავე, მას არ წარმოუდგენია რაიმე შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას შესრულებული ჰქონდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა და უფლებამოსილი იყო განეხილა საკითხი შპს ,,მიკრონეტ“-ის წარმომადგენლის დაუსწრებლად.
კომისიის 2018 წლის 16 აგვისტოს სხდომაზე გ. მთივლიშვილმა აღნიშნა, რომ ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ საჩივარში მითითებულ მოთხოვნას და შინაარსს არ ცვლის. მისი განცხადებით, მათ ოფისს შპს „მიკრონეტ“-ის ინტერნეტი მიეწოდება, თუმცა ისინი არ იყენებენ მას, რადგან ყველაზე მძლავრი 100 ლარიანი ინტერნეტ პაკეტის შეძენის მიუხედავად, ინტერნეტის უხარისხობის გამო ვერ ხერხდება მეილის გახსნა და Speed test-ის ჩატვირთვა. შესაბამისად, ისინი ვერ უზრუნველყოფენ რადიო სიგნალის მიწოდებას ანძაზე. ამასთანავე, მან დაამატა, რომ ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ რადიო ფუნქციონირებდა 2018 წლის 23 ივლისამდე. კომისიის სხდომაზე ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ წარმომადგენელმა გ. მთივლიშვილმა წარმოადგინა შპს ,,მიკრონეტ“-ის მიერ მათთვის ხელმოსაწერად გამოგზავნილი განახლებული ხელშეკრულება ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების თაობაზე, რომელსაც მომხმარებელმა ხელი არ მოაწერა და უარი განაცხადა შპს ,,მიკრონეტ“-თან ურთიერთობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტს დაავალა შპს „მიკრონეტ“-ის და ა(ა)იპ სამოქალაქო განათლების ცენტრის“ წარმომადგენელთა ჩართულობით, შპს ,,მიკრონეტ“-ის ინტერნეტ-მომსახურების ხარისხის მონიტორინგის ჩატარება და დასკვნის წარმოდგენა, ხოლო ზეპირი მოსმენის გაგრძელების მიზნით სხდომა დანიშნა 2018 წლის 23 აგვისტოს.
კომისიის 2018 წლის 23 აგვისტოს სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,მიკრონეტ“-ის დირექტორი დ. სიხარულიძე, ხოლო ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ წარმომადგენელი არ გამოცხადდა კომისიის სხდომაზე, მიუხედავად იმისა, რომ ის კომისიის 2018 წლის 16 აგვისტოს სხდომაზე გაფრთხილდა ზეპირი მოსმენის გამართვის თარიღისა და დროის შესახებ და ამასთანავე, მას არ წარმოუდგენია რაიმე შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას შესრულებული ჰქონდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა და უფლებამოსილი იყო განეხილა საკითხი ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ წარმომადგენლის დაუსწრებლად.
კომისიის 2018 წლის 23 აგვისტოს სხდომაზე კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა მ. ჯღამაძემ აღნიშნა, რომ ა/წ 21 აგვისტოს შემოწმდა შპს ,,მიკრონეტ“-ის მიერ ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრისთვის“ ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების ხარისხი. შემოწმების დროს, ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრი შპს ,,მიკრონეტ“-ისგან ღებულობდა მომსახურებას იმ პირობებით, რაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო. დადგინდა, რომ მიმღები მოწყობილობა - ანტენა დაზიანებული იყო. მისი განმარტებით, ანტენა მაღალია, განთავსებულია ოფისის კედელზე გარედან, ხოლო დამაბოლოებელი მოწყობილობა ოფისშია განთავსებული, რის გამოც მისი შემოწმება შესაძლებელი იყო ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ ოფისიდან. მომსახურების მიწოდების wi-fi ტექნოლოგია ისეთია, რომ ტექნიკური წუნის გამოვლენის შემთხვევაში, დამაბოლოებელ მოწყობილობასთან იზომება მომსახურების მიწოდების ხარისხი.
კომისიის 2018 წლის 23 აგვისტოს სხდომაზე შპს ,,მიკრონეტ“-ის დირექტორმა დ. სიხარულიძემ აღნიშნა, რომ შპს ,,მიკრონეტ“-ი არის პატარა კომპანია, 24 საათიანი ცხელი ხაზი საჭიროებს დიდ რესურს და მუშაობს იმაზე, რომ უზრუნველყოს 24 საათიანი ცხელი ხაზი, რისთვისაც ითხოვა 3 თვემდე ვადის მიცემა, ხოლო ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების თაობაზე ხელშეკრულების პირობების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით კომპანიას დაწყებული აქვს მუშაობა. შპს ,,მიკრონეტ“-ის დირექტორის დ. სიხარულიძის განცხადებით, კომპანიაში ტექნიკურ სამსახურს ეკრძალებოდა ღია ნომრით მომხმარებელთან დარეკვა, რადგან მომხმარებლის მიერ ამავე ნომერზე გადმორეკვისას კომპანია ვერ აკეთებდა დაზიანებების თაობაზე შემოსული განაცხადების აღრიცხვას. მან ასევე, აღნიშნა, რომ თუ მომხმარებელი დაუშვებს აპარატურასთან, კომპანია ორიენტირებული იქნება მიაწოდოს მას ხარისხიანი ინტერნეტ-მომსახურება. მოცემულ შემთხვევაში, მისი განცხადებით, შპს ,,მიკრონეტ“ არ იქნა დაშვებული აპარატურასთან და კომპანიამ დაზიანების აღმოფხვრის მიზნით ვერ შეამოწმა მომსახურების ხარისხი.
II. გამოკვლეული მტკიცებულებები
1. ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ საჩივარი (Nშ-6/3459-18; 23.07.2018);
2. შპს ,,მიკრონეტ“-ის წერილი ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ გაფრთხილების თაობაზე (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/3622-18; 01.08.2018);
3. ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-3647-18; 02.08.2018) თანდართული შპს ,,მიკრონეტ“-თან გაფორმებული სააბონენტო ხელშეკრულებით;
4. შპს ,,მიკრონეტ“-ის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/3657-18; 02.08.2018) თანდართული დოკუმენტაციით (შპს ,,მიკრონეტ“-ის წერილობითი გაფრთხილება ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრს“ (31.07.18); ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ წერილი შპს ,,მიკრონეტ“-ს (23.0718); შპს ,,მიკრონეტ“-ის საპასუხო წერილი ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრს“(31.07.18); შპს ,,საქართველოს ფოსტის“ მიერ გაცემული დოკუმენტი წერილების გაგზავნის თაობაზე; სატელეფონო ნომრიდან 57728XXXX სატელეფონო ნომერზე 59913XXXX ზარის განხორციელების თაობაზე დეტალური ამონაბეჭდი, სატელეფონო ნომერზე 57752XXXX ზარის განხორციელების ამსახველი დოკუმენტი, სატელეფონო ნომერზე 57741XXXX ზარის განხორციელების ამსახველი დოკუმენტი, სატელეფონო ნომრებზე 57741XXXX და 57752XXXX ზარის განხორციელების თაობაზე დეტალური ამონაბეჭდი);
5. ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ წარმომადგენლის გ. მთივლიშვილის მიერ კომისიის 2018 წლის 16 აგვისტოს სხდომაზე წარმოდგენილი სააბონენტო ხელშეკრულება ინტერნეტ-მომსახურების თაობაზე, რომელსაც ცალმხრივად ხელს აწერს შპს ,,მიკრონეტ“-ის დირექტორი;
6. შპს ,,მიკრონეტ“-ის წერილი ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრს“ (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-4077-18; 20.08.2018);
7. შპს ,,მიკრონეტ“-ის წერილი კომისიას (Nშ-6/4119-18; 21.08.2018) თანდართული დოკუმენტაციით (შპს ,,საქართველოს ფოსტის შეტყობინების ბარათი შპს ,,მიკრონეტ“-ის ა/წ 6 აგვისტოს წერილის მიღების თაობაზე, შპს ,,მიკრონეტ“-ის წარმომადგენლის ს. ამაღლობელის ელექტრონული წერილი ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრს“ (ამონაბეჭდი); ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ წერილი შპს ,,მიკრონეტ“-ს (06.08.18) თანდართული კომპანიის მიერ ხელმოწერილი სააბონენტო ხელშეკრულებით);
8. შპს ,,მიკრონეტ“-ის წერილი კომისიას (Nშ-6/4149-18; 22.08.2018) თანდართული დოკუმენტაციით (შპს ,,მიკრონეტ“-ის ბუღალტერის წერილობითი ახსნა-განმარტება; ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ წერილი შპს ,,მიკრონეტ“-ს (28.08.2018); ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრისთვის“ გაგზავნილი წერილების მისთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი);
9. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (Nშ-10/4175-18; 23.08.2018) თანდართული დოკუმენტაციით (შპს ,,მიკრონეტ“-ის 2018 წლის 21 აგვისტოს შემოწმების აქტი N1; ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების ხარისხობრივი მაჩვენებლების ამსახველი დოკუმენტები);
10. შპს ,,მიკრონეტ“-ის საკონტაქტო ნომერზე (+995 322 194949) დარეკვის ამსახველი ვიდეოჩანაწერი (22.08.2018);
11. შპს ,,მიკრონეტ“-ის წარმომადგენლის ს. ამაღლობელის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება;
12. შპს ,,მიკრონეტ“-ის დირექტორის დ. სიხარულიძის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება;
13. ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ წარმომადგენლის გ. მთივლიშვილის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს ,,მიკრონეტ“-ი წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი:15.02.2010; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა (A.F.2.1 რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა), ინტერნეტ-მომსახურება (B.F.2.6 WiFi) და სხვ.
2. ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ კომისიაში საჩივრის წარდგენის მომენტისთვის (23.08.2018) წარმოადგენდა შპს ,,მიკრონეტ“-ის აბონენტს და შპს ,,მიკრონეტ“-თან გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულება ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების თაობაზე.
3. ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ 2018 წლის 23 ივლისის წერილით მიმართა შპს ,,მიკრონეტ“-ს და მოითხოვა ინფორმაცია მისთვის მიწოდებული ინტერნეტ-მომსახურების ფაქტობრივი სიჩქარის, მინიმალური სიჩქარის, დაყოვნების, დაკარგული კოეფიციენტებისა და ჯიტერის შესახებ. ამავე წერილში მომხმარებელმა მიუთითა, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში მისთვის მოწოდებული ინტერნეტ-მომსახურების სიჩქარე იმდენად დაბალი, რომ რადიომაუწყებლობა გათიშული აქვს.
4. შპს ,,მიკრონეტ“-ის 2018 წლის 31 აგვისტოს წერილით მომხმარებელს ეცნობა, რომ მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულით გათვალისწინებული სიჩქარის მიწოდება კომპანიის აპარატურას შეუძლია, თუმცა, თუ მომხმარებლის ქსელში ხარვეზი ფიქსირდება, იმის გამო, რომ ლოკალურად პრობლემის იდენტიფიცირებისთვის შპს ,,მიკრონეტ“-ი ვერ ახერხებდა ადგილზე მისვლას, ვერ ხერხდება პრობლემის აღმოჩენა და აღმოფხვრა. წერილით მომხმარებელს განემარტა, რომ პრობლემის გასარკვევად აუცილებელია მოხდეს ადგილზე ტექნიკური ჯგუფის თანამშრომლის დაშვება და ეთხოვა წერილობით ეცნობებინა შპს ,,მიკრონეტ“-ისთვის კომპანიის კუთვნილ აპარატურასთან კომპანიის თანამშრომლის დაშვების თარიღი.
5. შპს ,,მიკრონეტ“-ის 2018 წლის 31 აგვისტოს წერილით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/3622-18; 01.08.2018), მომხმარებელი გაფრთხილდა მისთვის სააბონენტო ხელშეკრულების მოსალოდნელი შეწყვეტის თაობაზე, 10 კალენდარული დღის განმავლობაში შპს ,,მიკრონეტ“-ის ტექნიკური ჯგუფის თანამშრომლის კომპანიის კუთვნილ ანტენასთან და ქსელთან დაუშვებლობის შემთხვევაში, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მომხმარებელი არღვევდა სახელშეკრულებო პირობებს, არ აძლევდა საშუალებას შპს ,,მიკრონეტ“-ის თანამშრომელს ანტენასთან მისვლის, ქსელის შემოწმების, პრობლემის იდენტიფიცირებისა და მისი აღმოფხვრის საშუალებას. როგორც ირკვევა, ადმინისტრაციული წარმოების მასალებით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით, ზემოთ მითითებულ ვადაში არ მომხდარა შპს ,,მიკრონეტ“-ის ტექნიკური ჯგუფის თანამშრომლის კომპანიის კუთვნილ ანტენასთან და ქსელთან დაშვება.
6. 2018 წლის 6 აგვისტოს წერილით, შპს ,,მიკრონეტ“-მა ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრს“ აცნობა, რომ „ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების ხარისხის განსაზღვრისა და შემოწმების წესების“ საფუძველზე აუცილებელი იყო სააბონენტო ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა. ამავე წერილით მომხმარებელს გაუგზავნა განახლებული სააბონენტო ხელშეკრულება და სთხოვა თანხმობის შემთხვევაში, ხელმოწერილი ხელშეკრულების დაბრუნება.
7. შპს ,,მიკრონეტ“-ის 2018 წლის 31 ივლისისა და 6 აგვისტოს წერილების პასუხად 2018 წლის 8 აგვისტოს N28 წერილით ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ აცნობა შპს ,,მიკრონეტ“-ს, რომ წყვეტდა მასთან ყველანაირ ურთიერთობას.
8. 2018 წლის 15 აგვისტოს წერილით, ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრს“ ეცნობა, რომ შპს ,,მიკრონეტ“-ი ცალმხრივად წყვეტდა ხელშეკრულებას მასთან, ხელშეკრულების 9.3 პუნქტის შესაბამისად, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მომხმარებლისგან არ მიუღია წერილობითი პასუხი იმის შესახებ, თუ როდის დაუშვებდა შპს ,,მიკრონეტ“-ს აპარატურასთან და რომ მომხმარებელმა გაფრთხილების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში არ უზრუნველყო დარღვევის აღმოფხვრა. ამავე წერილით, კომპანიამ ითხოვა თანამშრომლის დაშვება ანტენასთან, რათა მოეხსნა კუთვნილი აპარატურა.
9. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (Nშ-10/4175-18; 23.08.2018) თანახმად, 2018 წლის 21 აგვისტოს, სოფელ დუისში, ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ ოფისში კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ განხორციელდა შპს ,,მიკრონეტ“-ის მიერ ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრისთვის“ ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების ხარისხის შემოწმება. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სოფელ დუისში, ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრისთვის“ შპს ,,მიკრონეტ“-ის მიერ მიწოდებული ინტერნეტ-მომსახურების ხარისხობრივი მაჩვენებლები, შემოწმების დროს აკმაყოფილებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ყველა პირობას. კერძოდ: გლობალურ ინტერნეტ რესურსებთან წვდომა: ჩატვირთვა - 3.07 გბ/წ; ატვირთვა - 2.46 მგბ/წ; დაყოვნება - 108 მწ; ლოკალურ ინტერნეტ რესურსებთან წვდომა: ჩამოტვირთვა - 5.66 მგბ/წ; ატვირთვა - 3.83 მგბ/წ; დაყოვნება - 19 მწ. ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ ოფისში განთავსებული შპს ,,მიკრონეტ“-ის კუთვნილი მიმღებ/გადამცემი მოწყობილობა (AirGrid M5) დაზიანებულია, რადგან სიგნალის დონე თავდაპირველად იყო - 82 დცბ, ხოლო მაქსიმალურად გასწორების შედეგად დავიდა - 72 დცბ-ზე (დასაშვებია - 60 დცბ-მდე). გაიზომა ამავე შენობაში განთავსებული სხვა აბონენტთან განთავსებული მიმღებ/გადამცემი მოწყობილობა, რომლის სიგნალის დონე მერყეობდა - 37-დან - 46 დცბ-მდე. შპს ,,მიკრონეტ“-ის მაგისტრალური ქსელი მუშაობს გამართულად. ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ ოფისში არსებული ლოკალური ქსელი, ასევე ყველა სერვერი და კომპიუტერი გამართულია.
10. შპს ,,მიკრონეტ“-ის ვებ-გვერდზე და ასევე, ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების თაობაზე ხელშეკრულებაში შპს ,,მიკრონეტ“-ის საკონტაქტო ნომრად მითითებულია +995 322 194949. 2018 წლის 22 აგვისტოს მდგომარეობით, შპს ,,მიკრონეტ“-ის საკონტაქტო ნომერზე 0332 194949 დარეკვისას ირთვება ავტომოპასუხე, რომელიც აცხადებს: ,,გთხოვთ დარეკოთ ,,მიკრონეტ“-ის სამუშაო საათებში. ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 09:00 – 22.:00 საათამდე, ხოლო კვირას 10:00 – 18:00 საათამდე.“ აქედან გამომდინარე, შპს ,,მიკრონეტ“-ი არ უზრუნველყოფს მომხმარებლებისთვის 24 საათიანი ცხელი ხაზის ფუნქციონირებას.
11. 2018 წლის 10 მაისს, კომისიამ მიიღო დადგენილება „ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების ხარისხის განსაზღვრისა და შემოწმების წესების დამტკიცების თაობაზე“, რომლითაც საცალო ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებლებს დაეკისრათ ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების მინიმალური, მაქსიმალური და ფაქტობრივი სიჩქარეების, ასევე, ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების პარამეტრების: ჯიტერი, დაყოვნება და დაკარგული პაკეტების კოეფიციენტი ასახვა სააბონენტო ხელშეკრულებაში. ამავე დადგენილებით ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებლებს დაევალათ საცალო ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულებებისა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, მომხმარებლებთან სხვა ფორმით შეთანხმებული მომსახურების პირობების ამ დადგენილებასთან შესაბამისობაში მოყვანა 2018 წლის 15 აგვისტომდე. აქედან გამომდინარე, ზემოაღნიშნული პარამეტრების მომსახურების პირობებში ასახვის ვალდებულება ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებლებს, მათ შორის, შპს ,,მიკრონეტ“-ს ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ მიერ 2018 წლის 23 ივლისის წერილით მომართვის დროისთვის არ გააჩნდა.
12. შპს ,,მიკრონეტ“-ის მიერ ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრისთვის“ 2018 წლის 6 აგვისტოს გაგზავნილი განახლებული სააბონენტო ხელშეკრულების პირობები არ შეიცავს ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების ისეთ პარამეტრს, როგორიცაა ჯიტერი. ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, საკომუნიკაციო მომსახურების შეუფერხებელი მიწოდების უზრუნველყოფა შეიძლება იყოს მიმწოდებლის კონტროლისა და შესაძლებლობის მიღმა და დამოკიდებული იყოს სხვადასხვა ინტერნეტ-პროვაიდერისა და ოპერატორის ტექნიკურ შესაძლებლობებზე. გარდა აღნიშნულისა, მხარეთა შორის 2016 წლის თებერვალში გაფორმებული ხელშეკრულების 9.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს ვადაზე ადრე: შემსრულებლის მიერ ცალმხრივად, დამკვეთის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისას, თუ დამკვეთს აცნობეს ვალდებულების დარღვევის ფაქტის შესახებ და დამკვეთი არ გამოასწორებს დარღვევას 10 კალენდარული დღის ვადაში; შემსრულებლის მიერ ცალმხრივად, 7.3 მუხლით გათვალისწინებული მომსახურების შეჩერებიდან 10 კალენდარული დღის შემდეგ დამკვეთის მიერ დავალიანებების გადაუხდელობის შემთხვევაში. ამავე შინაარსის პირობა გათვალისწინებულია განახლებული ხელშეკრულების 9.2 პუნქტით. ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრსა“ და შპს ,,მიკრონეტ“-ს შორის 2016 წლის თებერვალში გაფორმებული ხელშეკრულება არ შეიცავს პირობებს მომსახურების პირველადი ჩართვის ვადის, სააბონენტო გადასახადის გადახდის ვადას, ჯარიმის ოდენობასა და დარიცხვის წესს, მომსახურების მიმწოდებლის მიერ საჩივრების განხილვის წესს. აღნიშნულ პირობებს არ შეიცავს ასევე, შპს ,,მიკრონეტ“-ის მიერ განახლებული ხელშეკრულების პირობები.
13. შპს ,,მიკრონეტ“-ის ვებ-გვერდზე www.micronet.ge არ არის გამოქვეყნებული მომსახურების მიწოდების პირობების თაობაზე სააბონენტო ხელშეკრულება.
14. ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს ,,მიკრონეტ“-ის მიმართ იგივე/მსგავსი დარღვევებისთვის არ ყოფილა გამოყენებული ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.
5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას ზედამხედველობს კომისია, ხოლო მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისია ადგენს მომსახურების გაწევის ხარისხს და ზედამხედველობს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლების მიერ ამ ხარისხის დაცვას.
6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარ აბონენტს დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მიაწოდოს მომსახურება სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც უნდა მოიცავდეს: ა) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის დასახელებასა და მისამართს; ბ) პირობებს მიწოდებული მომსახურების სახის, ხარისხისა და პირველადი ჩართვის ვადის შესახებ; გ) მომსახურების მიწოდების შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობებს; დ) დაზიანების აღმოფხვრის პირობებს; ე) დეტალურ ინფორმაციას მომსახურების ტარიფების, აგრეთვე ცვლილების შემთხვევაში განახლებული ინფორმაციის მიღების შესახებ; ვ) ხელშეკრულების მოქმედების ვადის, მოქმედების შეწყვეტისა და მოქმედების ვადის გაგრძელების პირობებს; ზ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ხარისხის დაცვის უზრუნველყოფისა და აღნიშნული ხარისხობრივი მაჩვენებლების დაუცველობის შემთხვევაში გათვალისწინებულ საკომპენსაციო მექანიზმებს; თ) მომსახურებასთან დაკავშირებული საჩივრების წარდგენისა და დავის გადაწყვეტის პროცედურას.
7. კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, წინამდებარე რეგლამენტი სავალდებულოა შესასრულებლად ნებისმიერი ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლისა და მომხმარებლისათვის.
8. კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, მომსახურების მიმწოდებელი მომხმარებელთა ინფორმაციული უზრუნველყოფისათვის მომხმარებელს მიაწვდის საინფორმაციო კატალოგებს საჩივრისა და საპრეტენზიო განცხადების შეტყობინების უფასო ნომრების მითითებით და უზრუნველყოფს მუდმივმოქმედი 24–საათიანი ცხელი ხაზის მუშაობას.
9. კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მომხმარებლისათვის მიწოდებული ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი, უტყუარი, ამომწურავი და გასაგები, რომელსაც არ ექნება დამაბნეველი ან მაცდური ხასიათი.
10. კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარ ვებგვერდზე ინტერნეტში განათავსოს ინფორმაცია მომხმარებლებისთვის შეთავაზებული მომსახურების პირობების, მათ შორის, მომსახურების პაკეტების და მომსახურების ტარიფების თაობაზე, ასევე ინფორმაცია მომსახურების მიღების, შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობებისა და მომსახურების პაკეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
11. კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-13 მუხლის მე-2 პუნთის თანახმად, მომსახურების შეზღუდვის ფორმები დგინდება მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის დადებული ხელშეკრულებით და შეიძლება ითვალისწინებდეს: ა) საერთაშორისო, საქალაქთაშორისო და მობილური კავშირის შეზღუდვას; ბ) შემომავალი ზარის შეზღუდვას; გ) გამავალი ზარის შეზღუდვას დ) შეზღუდვის სხვა ფორმებს; მე-3 პუნქტის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელმა უნდა გამოიყენოს მომსახურების შეზღუდვის ერთ-ერთ ისეთი ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ერთი მხრივ დარღვევის აღმოფხვრას, ხოლო მეორე მხრივ უსაფუძვლოდ არ შეზღუდავს მომხმარებლის ინტერესს ისარგებლოს მომსახურების სხვა სახეებით. მე-4 პუნქტის თანახმად, მომსახურების შეზღუდვის საფუძველი შეიძლება იყოს: ა) მომხმარებლის მიერ სავალდებულო დეპოზიტის გადაუხდელობა; ბ) წუთობრივი მომსახურების საფასურის გადაუხდელობა; გ) სააბონენტო გადასახდელის გადაუხდელობა; დ) მომსახურების მიმწოდებლის მოწყობილობის დაზიანება; ე) მომხმარებლის მიერ ტექნიკური მოწყობილობის დემარკაციის წერტილთან მომსახურების მიმწოდებლის წარმომადგენლის დაუშვებლობა.
12. კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიმწოდებლის ინიციატივით მომსახურების შეწყვეტა დაიშვება მომხმარებლის მიერ მომსახურების შეზღუდვის საფუძვლის 60 დღეში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების გარდა, სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის ინიციატივით მომსახურების შეწყვეტა დაიშვება მომხმარებლის მიერ მომსახურების შეზღუდვის საფუძვლის 45 დღეში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში.
13. კომისიის 2018 წლის 10 მაისის N4 დადგენილებით დამტკიცებულ „ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების ხარისხის განსაზღვრისა და შემოწმების წესების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, საცალო ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებული ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების პირობები კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა პირობებთან ერთად უნდა შეიცავდეს მიწოდებული მომსახურების მინიმალურ, მაქსიმალურ და ფაქტობრივ სიჩქარეს, ასევე მიწოდებული ინტერნეტ-მომსახურების შესახებ შემდეგ პარამეტრებს: ა.ა) ჯიტერი; ა.ბ) დაყოვნება; ა.გ) დაკარგული პაკეტების კოეფიციენტი (packet loss ratio). მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საბითუმო ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებელსა და საცალო ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულება საბითუმო ინტერნეტის მიწოდების თაობაზე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა პირობებთან ერთად უნდა შეიცავდეს მიწოდებული ინტერნეტ-მომსახურების პარამეტრებს: ა) ჯიტერი; ბ) დაყოვნება; გ) დაკარგული პაკეტების კოეფიციენტი; დ) მომსახურების ხელმისაწვდომობა, ხოლო მე-7 პუნქტის თანახმად, საბითუმო ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებელი და ამ მომსახურების მიმღები ავტორიზებული პირი უზრუნველყოფენ საბითუმო ინტერნეტ-მომსახურების მიწოდებას/მიღებას გამოყოფილი არხის მეშვეობით.
14. „ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების ხარისხის განსაზღვრისა და შემოწმების წესების“ მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საცალო ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებლები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ საცალო ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულებებისა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, მომხმარებლებთან სხვა ფორმით შეთანხმებული მომსახურების პირობების ამ წესებთან შესაბამისობაში მოყვანა 2018 წლის 15 აგვისტომდე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისია აღნიშნავს, რომ 2018 წლის 21 აგვისტოს შპს ,,მიკრონეტ“-ის შემოწმების საფუძველზე დადგინდა, სოფელ დუისში, ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრისთვის“ შპს ,,მიკრონეტ“-ის მიერ მიწოდებული ინტერნეტ-მომსახურების ხარისხობრივი მაჩვენებლები, შემოწმების დროს აკმაყოფილებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ყველა პირობას. ასევე, გამოვლინდა, რომ ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ ოფისში განთავსებული შპს ,,მიკრონეტ“-ის კუთვნილი მიმღებ/გადამცემი მოწყობილობა (AirGrid M5) დაზიანებულია და დაზიანების აღმოფხვრა შესაძლებელი იყო მხოლოდ შპს ,,მიკრონეტ“-ის წარმომადგენლის ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ ოფისში დაშვების შემთხვევაში. (იხ. ფაქტობრივი გარემოებების მე-10 პუნქტი და კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის მ. ჯღამაძის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება).
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,მიკრონეტ“-ს არ აქვს უზრუნველყოფილი 24 საათიანი ცხელი ხაზის ფუნქციონირება მომხმარებლებისთვის, რითაც დარღვეული აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი და კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტი. აღნიშნული დასტურდება შპს ,,მიკრონეტ“-ის საკონტაქტო ნომერზე ზარის განხორციელების ამსახველი ვიდეოჩანაწერით და ასევე, შპს ,,მიკრონეტ“-ის დირექტორის ახსნა-განმარტებით (იხ. ფაქტობრივი გარემოებების მე-11 პუნქტი).
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,მიკრონეტ“-ის მიერ ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრისთვის“ 2018 წლის 6 აგვისტოს გაგზავნილი განახლებული სააბონენტო ხელშეკრულების პირობები არ შეიცავს ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების ისეთ პარამეტრს, როგორიცაა ჯიტერი. ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, საკომუნიკაციო მომსახურების შეუფერხებელი მიწოდების უზრუნველყოფა შეიძლება იყოს მიმწოდებლის კონტროლისა და შესაძლებლობის მიღმა და დამოკიდებული იყოს სხვადასხვა ინტერნეტ-პროვაიდერისა და ოპერატორის ტექნიკურ შესაძლებლობებზე. ასეთი შედეგის თავიდან ასაცილებლად „ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების ხარისხის განსაზღვრისა და შემოწმების წესების“ მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საბითუმო ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებელსა და საცალო ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულება საბითუმო ინტერნეტის მიწოდების თაობაზე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა პირობებთან ერთად უნდა შეიცავდეს მიწოდებული ინტერნეტ-მომსახურების პარამეტრებს: ა) ჯიტერი; ბ) დაყოვნება; გ) დაკარგული პაკეტების კოეფიციენტი; დ) მომსახურების ხელმისაწვდომობა, ხოლო მე-7 პუნქტის თანახმად, საბითუმო ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებელი და ამ მომსახურების მიმღები ავტორიზებული პირი უზრუნველყოფენ საბითუმო ინტერნეტ-მომსახურების მიწოდებას/მიღებას გამოყოფილი არხის მეშვეობით. „ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების ხარისხის განსაზღვრისა და შემოწმების წესების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, საცალო ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებული ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების პირობები კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა პირობებთან ერთად უნდა შეიცავდეს მიწოდებული მომსახურების მინიმალურ, მაქსიმალურ და ფაქტობრივ სიჩქარეს, ასევე მიწოდებული ინტერნეტ-მომსახურების შესახებ შემდეგ პარამეტრებს: ა.ა) ჯიტერი; ა.ბ) დაყოვნება; ა.გ) დაკარგული პაკეტების კოეფიციენტი (packet loss ratio). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,მიკრონეტ“-ის მიერ ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრისთვის“ 2018 წლის 6 აგვისტოს გაგზავნილი განახლებული სააბონენტო ხელშეკრულების პირობები არ არის შესაბამისობაში კომისიის 2018 წლის 10 მაისის N4 დადგენილებით დამტკიცებულ „ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების ხარისხის განსაზღვრისა და შემოწმების წესებთან“. შპს ,,მიკრონეტ“-ი ვალდებული იყო ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების თაობაზე ხელშეკრულება შესაბამისობაში მოეყვანა „ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების ხარისხის განსაზღვრისა და შემოწმების წესებთან“ 2018 წლის 15 აგვისტომდე. 2018 წლის 23 აგვისტოს მდგომარეობით, მას ეს ვალდებულება არ შეუსრულებია, რითაც დაარღვია კომისიის 2018 წლის 10 მაისის N4 დადგენილებით დამტკიცებულ „ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების ხარისხის განსაზღვრისა და შემოწმების წესების“ მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი.
კომისია აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის 2016 წლის თებერვალში გაფორმებული ხელშეკრულების 9.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს ვადაზე ადრე: შემსრულებლის მიერ ცალმხრივად, დამკვეთის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისას, თუ დამკვეთს აცნობეს ვალდებულების დარღვევის ფაქტის შესახებ და დამკვეთი არ გამოასწორებს დარღვევას 10 კალენდარული დღის ვადაში; შემსრულებლის მიერ ცალმხრივად, 7.3 მუხლით გათვალისწინებული მომსახურების შეჩერებიდან 10 კალენდარული დღის შემდეგ დამკვეთის მიერ დავალიანებების გადაუხდელობის შეთხვევაში. ამავე შინაარსის პირობა გათვალისწინებულია განახლებული ხელშეკრულების 9.2 პუნქტით. მომსახურების მიწოდებია ასეთი პირობის დაწესებით შპს ,,მიკრონეტ“-ის მიერ დარღვეულია კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი.
კომისია აღნიშნავს, რომ ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრსა“ და შპს ,,მიკრონეტ“-ს შორის 2016 წლის თებერვალში გაფორმებული ხელშეკრულება არ შეიცავს პირობებს მომსახურების პირველადი ჩართვის ვადის, სააბონენტო გადასახადის გადახდის ვადის, ჯარიმის ოდენობისა და დარიცხვის წესის, საჩივრების წარდგენის და განხილვის პროცედურის წესის შესახებ. აღნიშნულ პირობებს არ შეიცავს ასევე, შპს ,,მიკრონეტ“-ის მიერ განახლებული ხელშეკრულების პირობები. შესაბამისად, ხელშეკრულება არ შეიცავს პირობებს, რომელთა ხელშეკრულებაში ასახვას ავალდებულებს მომსახურების მიმწოდებელს კანონმდებლობა. ამასთან, ხელშეკრულებაში მომსახურების პირობების თაობაზე ინფორმაცია არ არის ამომწურავი და გასაგები და აქვს დამაბნეველი ხასიათი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,მიკრონეტ“-ის მიერ დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტი და კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი (იხ. ფაქტობრივი გარემოებების მე-12 პუნქტი).
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,მიკრონეტ“-ის ვებ-გვერდზე www.micronet.ge არ არის გამოქვეყნებული მომსახურების მიწოდების პირობების თაობაზე სააბონენტო ხელშეკრულება, რითაც შპს ,,მიკრონეტ“-ის მიერ დარღვეულია კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი (იხ. ფაქტობრივი გარემოებების მე-13 პუნქტი).
ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს ,,მიკრონეტ“-ის მიმართ იგივე/მსგავსი დარღვევებისთვის არ ყოფილა გამოყენებული ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე.
კომისია ასევე, აღნიშნავს, რომ ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ თავის საჩივარში ითხოვდა კომისიის მიერ შესაბამის რეაგირებას, შპს ,,მიკრონეტ“-ის მიერ კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას და პანკისის ხეობაში სათემო რადიოსთვის შეუფერხებლად მუშაობის შესაძლებლობის მიცემას. ამასთანავე, კომისია აღნიშნავს, რომ ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ 2018 წლის 8 აგვისტოს წერილით შპს ,,მიკრონეტ“-ს აცნობა, რომ წყვეტდა მასთან ყველანაირ ურთიერთობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ საჩივარი შპს ,,მიკრონეტ“-ის წინააღმდეგ უნდა დაკმაყოფილეს ნაწილობრივ, შპს ,,მიკრონეტ“-ს უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 62-ე მუხლის მე-4 პუნქტის, კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტის მე-4 და მე-7 პუნქტებისა და მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის, ასევე, კომისიის 2018 წლის 10 მაისის N4 დადგენილებით დამტკიცებული „ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების ხარისხის განსაზღვრისა და შემოწმების წესების“ მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის გამო. ამასთან, სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს ,,მიკრონეტ“-ს უნდა დაევალოს ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების შესახებ სააბონენტო ხელშეკრულების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა 1 თვის ვადაში, ხოლო მომხმარებლებისთვის 24 საათიანი ცხელი ხაზის ფუნქციონირების უზრუნველყოფა - 3 თვის ვადაში.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII და VIII თავების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ვ) და ძ) ქვეპუნქტების, მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 62-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების, 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის, კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუქტის, მე-3 და მე-7 პუნქტების, მე-14 მუხლის მე-2 პუნქტისა და 32–ე მუხლის მე–2 პუნქტის, კომისიის 2018 წლის 10 მაისის N4 დადგენილებით დამტკიცებული „ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების ხარისხის განსაზღვრისა და შემოწმების წესების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ა), მე-6 და მე-7 პუნქტებისა და მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
- ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ საჩივარი შპს ,,მიკრონეტ“-ის წინააღმდეგ;
- მიეცეს წერილობითი გაფრთხილება შპს ,,მიკრონეტ“-ს ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 62-ე მუხლის მე-4 პუნქტის, კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტის მე-4 და მე-7 პუნქტებისა და მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის, ასევე, კომისიის 2018 წლის 10 მაისის N4 დადგენილებით დამტკიცებული „ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების ხარისხის განსაზღვრისა და შემოწმების წესების“ მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის გამო;
- დაევალოს შპს ,,მიკრონეტ“-ს ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების თაობაზე სააბონენტო ხელშეკრულების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა 1 თვის ვადაში, ხოლო მომხმარებლებისთვის 24 საათიანი ცხელი ხაზის ფუნქციონირების უზრუნველყოფა 3 თვის ვადაში;
- დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე) გადაწყვეტილების შპს „მიკრონეტ”-ითვის“ დაა(ა)იპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
- დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ე. ჭახრაკია) შპს ,,მიკრონეტ“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ მონაცემის შეტანა კომისიის უწყებრივ რეესტრში;
- გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
- ეთხოვოს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს (ქ. გუნიავა) კომისიაში ინფორმაციის წარმოდგენა შპს ,,მიკრონეტ“-ის მიერ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულების თაობაზე;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (გარდა მე-4, მე-5 და მე-8 პუნქტებისა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტს (მ. ჯღამაძე).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
