სს ,,სილქნეტისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 04, 2018 10:43
მიღების თარიღი აგვისტო 30, 2018
სს ,,სილქნეტისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (№შ-10/3799-18; 08.08.2018) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება სს „სილქნეტისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, სს „სილქნეტის“ მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო.
კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის თანახმად, კომისიამ 2018 წლის 22 მაისის N08/1718-18 წერილით მიმართა სს „სილქნეტს“ „NGA და NGN ქსელებით მომსახურების მიწოდების გრძელვადიანი ნაზარდი დანახარჯების (BU-LRIC) მოდელის“ გაანგარიშებისთვის კითხვარის შევსების თაობაზე. კომპანიამ 2018 წლის 6 ივნისის N2377/01-8 წერილით ითხოვა ინფორმაციის წარმოდგენის ვადის 2018 წლის 1 აგვისტომდე გაგრძელება. კომისიამ 2018 წლის 11 ივნისის წერილით, სს „სილქნეტს“ ინფორმაციის წარმოდგენის ვადად 2018 წლის 25 ივნისი განუსაზღვრა (კომისიის 2018 წლის 11 ივნისის N08/7961-18 წერილი). სს „სილქნეტს“ 2018 წლის 17 აგვისტოს მდგომარეობით (ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თარიღი) კომისიის მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია კომისიისთვის არ წარმოუდგენია.
კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა, რომ კომისიამ 2018 წლის 1 აგვისტოს სს „სილქნეტს“ შეახსენა, რომ 2018 წლის 25 ივნისს, კომპანიას უნდა წარმოედგინა „NGA და NGN ქსელებით მომსახურების მიწოდების გრძელვადიანი ნაზარდი დანახარჯების (BU-LRIC) მოდელის“ გაანგარიშებისთვის შედგენილი შევსებული კითხვარი. მოხსენებითი ბარათის თანახმად, სს „სილქნეტს“ განემარტა, რომ კომისიას და კომპანია „Pricewaterhouse Coopers Advisory, s.r.o. (PWC)” შორის „საკონსულტაციო მომსახურებაზე“ გაფორმებულ ხელშეკრულებას 4 აგვისტოს ეწურება ვადა, სს „სილქნეტის“ მიერ ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო „Pricewaterhouse Coopers Advisory, s.r.o. (PWC)”-თან ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა რამოდენიმე კვირით.
კომისიამ სს „სილქნეტს“ განუმარტა, რომ ინფორმაციის წარმოუდგენლობის, დაგვიანებით წარმოდგენის, არასრული ან არასწორი სახით წარმოდგენის შემთვევაში კომისია უფლებამოსილია იმსჯელოს სს „სილქნეტის“ მიმართ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის გამოყენების თოაბაზე. მიუხედავად კომისიის გამართხილებელი წერილისა, კომპანიამ არ განახორციელა შესაბამისი ქმედებები.
სს „სილქნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2018 წლის 23 აგვისტო. აღნიშნულის თაობაზე კომპანიას გაეგზავნა შეტყობინება (N03/2791-18; 17.08.2018) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით სს „სილქნეტს“ განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისია აღნიშნავს, 2018 წლის 23 აგვისტოს სს „სილქნეტმა“ კომისიაში წარმოადგინა კომისიის მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია (23.08.2018 შ-6/4178-18) და მოითხოვა სს „სილქნეტისთვის“ ადმინისტრაციული წარმოების დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა. სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლისა და გადამოწმების მიზნით, კომისიის სხდომა გადაიდო 2018 წლის 30 აგვისტოსთვის.
2018 წლის 30 აგვისტოს კომისიის სხდომაზე, კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა დ.გოგიჩაიშვილმა განაცხადა, რომ კომპანია „Pricewaterhouse Coopers Advisory, s.r.o. (PWC)”-მ შეისწავლა სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია და კომისიას აცნობა, რომ სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი მონაცემები საკმარისია შესაბამისი გაანგარიშების შესასრულებლად.
II. კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები
- კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის 2018 წლის 08 აგვისტოს Nშ-10/3799-18 მოხსენებითი ბარათი თანდართული მასალით;
- სს „სილქნეტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაცია (23.08.2018 შ-6/4178-18);
- კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის დ.გოგიჩაიშვილის მეილი თანდართული კომპანია „Pricewaterhouse Coopers Advisory, s.r.o. (PWC)”-ის წარმომადგენლის ბ.ჰუსარის მეილით;
- სს „სილქნეტის“ შესახებ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
- სს „სილქნეტის“ შესახებ ამონაწერი კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;
- კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის დ.გოგიჩაიშვილის ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის 2018 წლის 30 აგვისტოს სხდომაზე.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
1. სს ,,სილქნეტი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 10.03.2010; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა, პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა და სხვ.);
მტკიცებულება: მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.
2. 2018 წლის 23 ივნისს სს „სილქნეტმა“ კომისიაში წარმოადგინა კომისიის მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია „NGA და NGN ქსელებით მომსახურების მიწოდების გრძელვადიანი ნაზარდი დანახარჯების (BU-LRIC) მოდელის“ გაანგარიშებისთვის კითხვარის შევსების თაობაზე;
მტკიცებულება: სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია (23.08.2018 შ-6/4178-18);
3. სს „სილქნეტის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ანალოგიური დარღვევისთვის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.
მტკიცებულება: მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
- ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
- ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;
- ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;
- ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის ა) სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად, ხოლო ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს;
- ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას, მიაჩნია რომ სს „სილქნეტის“ „NGA და NGN ქსელებით მომსახურების მიწოდების გრძელვადიანი ნაზარდი დანახარჯების (BU-LRIC) მოდელის“ გაანგარიშებისთვის კითხვარის შევსების თაობაზე ინფორმაციის, კომისიის მიერ მოთხოვნილ ვადებში წარმოუდგენლობით დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტები, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, სს „სილქნეტის“ გაფრთხილების დაკისრების საფუძველია, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ სს „სილქნეტის“ მიერ დარღვევა აღმოფხვრილი იქნა ნებაყოფლობით, კერძოდ, წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის სს „სილქნეტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია „NGA და NGN ქსელებით მომსახურების მიწოდების გრძელვადიანი ნაზარდი დანახარჯების (BU-LRIC) მოდელის“ გაანგარიშებისთვის კითხვარის შევსების თაობაზე ინფორმაცია, კომისია უფლებამოსილია დარღვევის აღმოფხვრის ფაქტის გათვალისწინებით, გაათავისუფლოს სს „სილქნეტი“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან და შეწყვიტოს სს „სილქნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება.
V. სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შეწყდეს სს „სილქნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება;
2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (მ. ნინუა) აღნიშნული გადაწყვეტილების სს „სილქნეტისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს „სილქნეტისთვის“ ჩაბარების დღიდან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) სს „სილქნეტისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ.ჯანელიძე).
|
კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
