„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 1 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 25, 2018 14:59
მიღების თარიღი სექტემბერი 13, 2018
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 1 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონებში 2017 წლის 23 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, კომისიას განესაზღვრა საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის ფუნქცია[1].
აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნის მისაღწევად, კომისია უფლებამოსილია სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობით შექმნას მედიაწიგნიერების განვითარების ქსელი/პლატფორმა, ვებგვერდი[2]; შეიმუშავოს და დაამტკიცოს მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის სამოქმედო გეგმა მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად[3]; საჯარო ინსტიტუტებთან, მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროებში შესაბამისი ბაზრების მონაწილეებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებთან და სხვა ორგანიზაციებთან, აგრეთვე უცხო ქვეყნების ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებთან, უცხოურ და საერთაშორისო სასწავლო-საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან დადოს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის სამოქმედო გეგმის შესასრულებლად[4].
კომისია თავისი საქმიანობის განხორციელებისას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების გამოცემისას, ითვალისწინებს მედიაწიგნიერების განვითარებისა და მისი ხელშეწყობის მიზნებსა და ამოცანებს, და დამატებების შეტანისას ხელმძღვანელობს მედიაწიგნიერების განვითარების სტრატეგიით და უზრუნველყოფს ამ პროცესში საზოგადოებისა და ყველა დაინტერესებული ჯგუფის/პირის მონაწილეობას[5]. მედიაწიგნიერების განვითარებისა და მისი ხელშეწყობის მიზნების მისაღწევად კომისიას უფლება აქვს, განახორციელოს სხვა უფლებამოსილებებიც[6]. აღნიშნული მიზნების მისაღწევად და ამოცანების შესასრულებლად კომისია უფლებამოსილია კომისიის ბიუჯეტიდან გამოყოს შესაბამისი თანხები, მოიპოვოს გრანტები და დაფინანსების სხვა წყაროები, აგრეთვე კომისიის ბიუჯეტიდან დააფინანსოს მედიაწიგნიერების ხელშეწყობის პროგრამები/პროექტები[7].
კომისია აღნიშნავს, რომ საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის, მათ შორის, საზოგადოებაში მედიაწიგნიერების მდგომარეობის შეფასების, გამოწვევების იდენტიფიცირების და მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის კვლევების ჩატარების, საზოგადოების სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისა და სხვა ჯგუფებისათვის (ბავშვები და მათი მშობლები, მასწავლებლები, მედიის წარმომადგენლები და სხვა) სპეციალური სასწავლო კურსების ჩატარების/პროგრამების განხორციელების მიზნით, კომისიის 2018 წლის 7 აგვისტოს N455/22 გადაწყვეტილებით დაფუძნდა ა(ა)იპ მედიააკადემია და მიღებულ იქნა წესდება.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების ეფექტურად შესრულების მიზნით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია კომისიის აპარატში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის დეპარტამენტის შექმნა, რომლის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს: ა) საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის სამოქმედო გეგმის შემუშავება;
ბ) საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა მედიაწიგნიერების მიმართულებით;
გ) საზოგადოებაში მედიაწიგნიერების მდგომარეობის შეფასების, გამოწვევების იდენტიფიცირებისა და მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით კვლევების ჩატარება;
დ) არასრულწლოვანებზე მავნე ზეგავლენისგან დაცვის ხელშემწყობა.
აღნიშნული მიმართულებების გათვალისწინებით, მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის დეპარტამენტის ფუნქციებად უნდა განისაზღვროს:
ა) ლიდერობის, კოორდინაციისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობისათვის და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება;
ბ) საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა მედიაწიგნიერების მიმართულებით და ამ მიზნით სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე სამიზნე ჯგუფებთან თანამშრომლობა (პარტნიორობა) საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა ქვეყნების ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებთან;
გ) მედიაწიგნიერების კვლევითი პროგრამების შემუშავება, მედიაწიგნიერების კუთხით არსებული მდგომარეობისა და გამოწვევების შეფასების მიზნით;
დ) ცნობიერების ამაღლებისთვის განკუთვნილი მასალების/რესურსების ონლაინ ბაზის შექმნა;
ე) პროექტების განხორციელება სხვადასხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად;
ვ) საგანმანთლებლო პროექტების განხორციელება ცნობიერების ამაღლების კუთხით განათლების ყველა საფეხურზე (სკოლამდელი, სასკოლო ასაკისა და სკოლის შემდეგომ);
ზ) მოსწავლეებსა და სტუდენტებში, ასევე მშობლებსა მასწავლებლებში და შესაბამის სამიზნე აუდიტორიასთან მედია და ციფრული წიგნიერების განვითარების უნარების გაუმჯობესებისათვის სამოქმედო გეგმის შემუშავება, შესაბამისი აქტივობის დაგეგმვა, შესრულება და მონიტორინგი;
თ) საზოგადოებაში მედიაწიგნიერების მდგომარეობის შეფასების, გამოწვევების იდენტიფიცირებისა და მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით კვლევების ჩატარება, შედეგების ანალიზი და შეფასება;
ი) არასრულწლოვანებზე მავნე ზეგავლენისგან დაცვის ხელშემწყობა;
კ) არასრულწლოვანებზე მავნე ზეგავლენისგან დაცვის მიზნით ცხელი ხაზის ამოქმედება, მიღებული ინფორმაციის დამუშავება და შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფა.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის 1 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულებით (შემდგომში „დებულება“) განსაზღვრულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა კომისიის ფუნქციები, საქმიანობის წესი, კომისიის აპარატის სტრუქტურა და მასში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და ფუნქციები. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით ცვლილებების შეტანა კომისიის დებულებაში, კერძოდ დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს უნდა დაემატოს „ი)“ ქვეპუნქტი - „მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის დეპარტამენტი“, ასევე დაემატოს 151 მუხლი, სადაც დეტალურად განისაზღვრება მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის დეპარტამენტის საქმიანობის ზემოაღნიშნული ძირითადი მიმართულებები და ფუნქციები.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, ასევე VII და IX თავების შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია“), კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის პირველი მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კომისიის დადგენილების მიღების მიზნით;
2. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2018 წლის 11 ოქტომბერს 15:00 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3.დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ.ჯანელიძე) დადგენილების პროექტის საჯაროობის უზრუნველყოფა და საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ცნობის გამოქვეყნება;
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს (თ. ბოკუჩავა).
|
||||||||||||||||||
[1] საქართველოს კანონი ,,მაუწყებლობის შესახებ“, მუხლი 5, პუნქტი 3, ო) ქვეპუნქტი და მუხლი 141. საქართველოს კანონი ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“, მუხლი 4, პუნქტი 1; მუხლი 11, პუნქტი 2, რ) და ლ) ქვეპუნქტები.
[2] საქართველოს კანონი ,,მაუწყებლობის შესახებ“, მუხლი 141, პუნქტი 3
[3] იქვე, პუნქტი 1
[4] იქვე, პუნქტი 2
[5] იქვე, პუნქტი 4
[6] იქვე, პუნქტი 8
[7] იქვე, პუნქტი 6
