შპს „ტვ-გლდანისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 03, 2018 10:53
მიღების თარიღი სექტემბერი 20, 2018
შპს „ტვ-გლდანისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№შ-10/3341-18, 13.07.2018) თანახმად, 2018 წლის 19 ივნისს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ განხორციელდა შპს „ტვ-გლდანის“ შემოწმება პროგრამების აუდიო-ვიზუალური დათვალიერება-მოსმენის საშუალებით და გადაცემის დროის დაფიქსირებით. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი №48. შემოწმება ჩატარდა ქ. თბილისში, გლდანის მე-7 და მე-8 მკრ. შორის მდებარე სავაჭრო ცენტრში, შპს „ტვ-გლდანის“ ოფისში, კომპანიის დირექტორის მ.მახარობლიშვილის თანდასწრებით. შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ შპს „ტვ-გლდანი“ საკუთარი ქსელით ახდენს შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „1 გასართობი“, „იმედი“, “რუსთავი 2”, „რაგბი ტვ“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „აჭარა“, „ქართული არხი“, „ერთსულოვნება“, „სტარვიზია“, „პალიტრა ტვ“, „იბერია“, „ტვ პირველი“, “ობიექტივი”, „ენკი-ბენკი“, „სტერეო+“, „Сарафан“, „ТНТ music“, „НТВ кинохит“, “МИР”, „Носталгия“, „Здоровое ТВ“, „Усадьба“, “НТВ МИР”, „КХЛ“, „Детский мир“, „Пятница“, „Домашное животное“, „История“, „НТВ Киносемья”, „RTVi”, „Кухня“, “Феникс кино”, „Индийское Кино“, „Music Box” (ტელეკომპანია თბილისი),“Кинопремьера”, „КХЛ HD“, “Охота и Рыбалка”, „Мужское Кино“, “РЕН ТВ”, „Матч! планета“, “Домашний”, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „Шансон“, „Живая планета“,“RU TV”(music one).
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე, ირკვევა, რომ შპს „ტვ-გლდანს“ 2018 წლის 13 ივლისის მდგომარეობით კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: “რუსთავი 2”, „იმედი“. შესაბამისად, შპს „ტვ-გლდანის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების შესწავლის საფუძველზე, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „ტვ-გლდანის“ მიერ ზემოაღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება ხორციელდება არამართლზომიერად.
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№შ-10/3341-18, 13.07.2018) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტვ-გლდანისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2018 წლის 2 აგვისტო. აღნიშნულის თაობაზე შეტყობინება ფოსტით გაეგზავნა შპს „ტვ-გლდანს“ და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. შეტყობინება (N03/2561-18; 27.07.2018) კომპანიას არ ჩაბარდა. შესაბამისად, საკითხის განხილვა გადაიდო და დაინიშნა 2018 წლის 9 აგვისტოს, რის შესახებაც შპს „ტვ-გლდანს“ ეცნობა კომისიის შეტყობინებით (N03/2660-18, 03.08.2018). აღნიშნული შეტყობინება კომპანიას ჩაბარდა 2018 წლის 3 აგვისტოს (ჩაიბარა: . მ. მახარობლიშვილმა).
კომისია აღნიშნავს, რომ 2018 წლის 9 აგვისტოს კომისიაში შემოვიდა შპს „ტვ-გლდანის“ წერილი (შ-6/3819-18, 09.08.2018), რომლითაც წარმოდგენილია „რუსთავი 2“-თან და „ტელეიმედთან“ წარმოებული მიმოწერა.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა 2018 წლის 9 აგვისტოს, რომელსაც ესწრებოდა შპს „ტვ-გლდანის“ დირექტორი მ. მახარობლიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-თან და „ტელეიმედთან“ სცადა სატელეფონო კონტაქტის დამყარება, თუმცა უშედეგოდ. ამის შემდეგ მან მიმართა მაუწყებლებს ოფიციალურად, წერილობით. „ტელეიმედმა“ მას აცნობა, რომ შპს „ტვ-გლდანს“ უნდა მიემართა შპს „მედია რაითს ჯორჯიასთვის“. შპს „მედია რაითს ჯორჯიამ“ მას განუმარტა, რომ პაკეტში იგივე პირობები აქვს. მ. მახარობლიშვილმა აღნიშნა, რომ სატელეფონო კავშირი ჰქონდა „ტელეიმედის“ იურისტ ა.ლაშხთან, რომელმაც მას განუმარტა, რომ მისთვის უცნობი იყო, იყო თუ არა უფლებამოსილი მოლაპარაკების საწარმოებლად. ა.ლაშხმა მას სთხოვა ხელახლა მიემართა წერილობით კომპანიისთვის და ეს წერილი დაეწერებოდა მას შესასრულებლად, ამის შემდეგ იქნებოდა შესაძლებელი მათგან მიეღო პირობები. მ. მახარობლიშვილის განმარტებით ეს წერილიც გააგზავნა, თუმცა მაუწყებლის მხრიდან პირობები არ მიუღია. რაც შეეხება შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს, ამ დრომდე ვერ გაარკვია ხელშეკრულების გაფორმებაზე უფლებამოსილი პირი. მ. მახარობიშვილის აზრით, მაუწყებლის მხრიდან ხელშეკრულების გაფორმების გაჭიანურება გამოწვეული იყო იმით, რომ ისინი მოლაპარაკებას აწარმოებდნენ ხელშეკრულების გაფორმებაზე სს „სილქნეტთან“. ამის შემდეგ, იგი ვარაუდობს, რომ მათთანაც გაფორმდება ხელშეკრულება. წინააღმდეგ შემთხვევაში მას მოუწევს კომისიას მიმართოს მაუწყებლების წინააღმდეგ საჩივრით, თუმცა მ. მახარობლიშვილმა აღნიშნა, რომ მისთვის უკეთესია კომისია მას დაეხმაროს ხელშეკრულების გაფორმებაში. შპს „ტვ-გლდანის“ დირექტორმა მიმართა კომისიას მაუწყებლებთან ხელშეკრულების გაფორმებაში დახმარებისთვის და მზაობა გამოთქვა ხელშეკრულების გაფორმებაზე ამ ორ მაუწყებელთან. შესაბამისად, ითხოვა საკითხის განხილვის გადადება.
კომისია აღნიშნავს, რომ 2018 წლის 9 აგვისტოს სხდომა გადაიდო და დაინიშნა 2018 წლის 16 აგვისტოს, 15 საათზე, რის შესახებაც შპს „ტვ-გლდანი“ სხდომაზევე გაფრთხილდა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2018 წლის 16 აგვისტოს კომისიაში შემოვიდა შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენლის წერილი (შ-6/4022-18, 16.08.2018), რომელშიც აღნიშნულია, რომ მიმდინარე კვირის დასაწყისში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი - შპს „ტვ-გლდანის“ სახელით დაუკავშირდა პიროვნება, რომელმაც გამოთქვა სურვილი ტელეარხების იმედი, მაესტრო და GDS-ის სამაუწყებლო ეთერის ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნულ პირთან შეთანხმდნენ მომავალი კვირის დასაწყისში შეხვედრაზე და ფასიანი ტრანზიტის პირობების განხილვაზე.
2018 წლის 16 აგვისტოს კომისიაში შემოვიდა შპს „ტვ-გლდანის“ წერილი (შ-6/4014-18, 16.08.2018), რომლითაც წარმოადგინა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ აწარმოებს მოლაპარაკებას შპს „ტვ-გლდანთან კომპანიის კუთვნილებაში მქონე არხების რეტრანსლირებასთან დაკავშირებით. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ხელშეკრულება მზადების პროცესშია და მისი გაფორმება იგეგმება 2018 წლის აგვისტოს თვეში.
კომისიის 2018 წლის 16 აგვისტოს სხდომაზე გამოცხადდა შპს „ტვ-გლდანის“ დირექტორი მ. მახარობლიშვილი, რომელმაც განაცხადა თანხმობა მაუწყებლების მიერ წამოყენებულ პირობებზე და გამოთქვა მზაობა ხელშეკრულების ხელის მოწერაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიის 2018 წლის 16 აგვისტოს სხდომა გადაიდო და დაინიშნა 2018 წლის 13 სექტემბერს, 15 საათზე, რის შესახებაც შპს „ტვ-გლდანი“ სხდომაზევე გაფრთხილდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (შ-610/4608-2018, 12.09.2018) თანახმად, 2018 წლის 12 სექტემბერს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ განხორციელდა შპს „ტვ-გლდანის“ შემოწმება პროგრამების აუდიო-ვიზუალური დათვალიერება-მოსმენის საშუალებით და გადაცემის დროის დაფიქსირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი №74. შემოწმება ჩატარდა ქ. თბილისში, გლდანის მე-7 და მე-8 მკრ. შორის მდებარე სავაჭრო ცენტრში, შპს „ტვ-გლდანის“ ოფისში, კომპანიის დირექტორის მ. მახარობლიშვილის თანდასწრებით. შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ შპს „ტვ-გლდანი“ საკუთარი ქსელით ახდენს შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „კავკასია“ „1 გასართობი“, “რუსთავი 2”, „სტარვიზია“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „აჭარა“, „ქართული არხი“, „ერთსულოვნება“, „პალიტრა ტვ“, „იბერია“, „ტვ პირველი“, “ობიექტივი”, „ენკი-ბენკი“, „CTC“, „ТНТ music“, „რაგბი ტვ“, „МИР”, „TV 3“, „Сарафан“, „TMB RU“, “TV 1000”, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“ “еврокино“, “T24”, “История”, „Пятница“, „Viasat sport“, “Мульт”, “Доктор”, „RTVi”, “Феникс кино”, „Music Box” (ტელეკომპანია თბილისი), “Моя планета” “Охота и Рыбалка”, “НТВ МИР”, “РЕН ТВ”, „Viasat explorer“, “Домашний”, „Шансон“.
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე, ირკვევა, რომ შპს „ტვ-გლდანს“ 2018 წლის 12 სექტემბრის მდგომარეობით კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: “რუსთავი 2”. შესაბამისად, შპს „ტვ-გლდანის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების შესწავლის საფუძველზე, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „ტვ-გლდანის“ მიერ ზემოაღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება ხორციელდება არამართლზომიერად.
კომისიის 2018 წლის 13 სექტემბრის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ტვ-გლდანის“ დირექტორი მ. მახარობლიშვილი, რომელმაც სხდომაზე წარმოადგინა შპს „ტელეიმედთან“ გაფორმებული ხელშეკრულება და აღნიშნა, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-თან ვერ მოასწრო ხელშეკრულების გაფორმება, ვინაიდან მაუწყებლის თანამშრომლები იმყოფებოდნენ შვებულებაში. მ.მახარობლიშვილმა აღნიშნა, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა კომისიას და შპს „ტვ-გლდანს“ მიმართა წერილობით, რომ სექტემბრის თვეში გეგმავს შპს „ტვ-გლდანთან“ ხელშეკრულების გაფორმებას. მათსა და მაუწყებელს შორის სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია, მათ შორის არავითარი დავა არ არსებობს. თუმცა ამ პერიოდში კომპანიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ შვებულებაში და ამის გამო გაჭიანურდა ხელშეკრულების გაფორმება.
მ. მახარობლიშვილმა კომისიას წარუდგინა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ მხარეებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილებაში მქონე არხების რეტრანსლირებასთან დაკავშირებით. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ხელშეკრულება მზადების პროცესშია და მისი გაფორმება იგეგმებ 2018 წლის სექტემბრის თვეში.
ზეოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიის 2018 წლის 13 სექტემბრის სხომა გადაიდო და დაინიშნა 2018 წლის 20 სექტემბერს, 15 საათზე, რის შესახებაც შპს „ტვ-გლდანი“ სხდომაზევე გაფრთხილდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
კომისია აღნიშნავს, რომ 2018 წლის 20 სექტემბერს კომისიაში შემოვიდა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წერილი (შ-6/4765-18, 20.09.2018), რომელშიც აღნიშნულია, რომ მხარეებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილებაში მქონე არხების რეტრანსლირებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ნებას რთავენ შპს „-ტვ-გლდანს“ აწარმოონ არხების ტრანსლირება ხელშეკრულების გაფორმებამდე. ხელშეკრულების დამუშავების ეტაპი დასრულებას უახლოვდება. მისი გაფორმება იგეგმება 2018 წლის სექტემბრის თვეში. ხელშეკრულების გაფორმების დაგვიანება არ გამოიწვევს სხვა ტრანზიტორების მიმართ დისკრიმინაციულ მიდგომას და რეტრანსლაციის ფასი თითოეულ მათგანთან იქნება ანალოგიური.
კომისიის 2018 წლის 20 სექტემბრის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ტვ-გლდანის“ დირექტორი მ. მახარობლიშვილი, რომელსაც დამატებითი ახსნა-განმარტება არ გაუკეთებია.
II. კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები:
- კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/3341-18, 13.07.2018) თანდართული დოკუმენტაციით;
- კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2018 წლის 19 ივნისის შემოწმების აქტი N48;
- შპს „ტვ-გლდანის“ შემოწმების პროცესის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი (CD);
- კომისიის 2013 წლის 14 იანვრის №04/80–13 წერილი და ამ წერილის შპს ,,ტვ-გლდანისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან შპს „ტვ-გლდანის“ შესახებ;
- შპს „ტვ-გლდანის“ წერილი (შ-6/3819-18, 09.08.2018);
- შპს „ტვ-გლდანის“ წერილი (შ-6/4014-18, 16.08.2018) თანდართული დოკუმენტით (შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წერილი);
- შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენლის წერილი (შ-6/4022-18, 16.08.2018);
- კომისიის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (შ-610/4608-2018, 12.09.2018);
- კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2018 წლის 12 სექტემბრის შემოწმების აქტი N74;
- შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წერილი წარმოდგენილი კომისიის 2018 წლის 13 სექტემბრის სხდომაზე;
- შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წერილი (შ-6/4765-18, 20.09.2018);
- შპს „ტვ-გლდანის“ 2018 წლის 12 სექტემბრის შემოწმების პროცესის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი (CD);
- შპს „ტვ-გლდანის“ დირექტორის მ. მახარობლიშვილის ახსნა-განმარტებები მიცემული კომისიის სხდომებზე.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
- შპს „ტვ-გლდანი“ არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 01/02/2010; ავტორიზებული საქმიანობის სახე: A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.4 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: კოაქსიალური (საკაბელო) მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; კოაქსიალური (საკაბელო) მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი: ტელემაუწყებლობის ტრანზიტი);
- შპს „ტვ-გლდანს“ საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების უცვლელი სახით გადაცემის უფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეს ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საავტორო ან მომიჯნავე (მათ შორის ექსკლუზიური) უფლების მფლობელთან დადებული ხელშეკრულების ან/და სანებართვო წერილების საფუძველზე;
- 2018 წლის 19 ივნისს, 13:20 საათზე, შპს „ტვ-გლდანის“ ოფისში, მისამართზე: ქ. თბილისი, გლდანის მე-7 და მე-8 მკრ. შორის მდებარე სავაჭრო ცენტრი, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ (ზ. კვირველია, ი. ბაღაშვილი) განხორციელდა შპს „ტვ-გლდანის“ მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემის მართლზომიერების შემოწმება, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი №48. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლები: ზ.კვირკველია და ი.ბაღაშვილი, შემოწმებისა და შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმე, შპს ტვ-გლდანის“ დირექტორი მ. მახარობლიშვილი;
- შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ შპს „ტვ-გლდანი“ საკუთარი საკაბელო ქსელით ავრცელებს შემდეგ სამაუწყებლო არხებს: „1 გასართობი“, „იმედი“, “რუსთავი 2”, „რაგბი ტვ“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „აჭარა“, „ქართული არხი“, „ერთსულოვნება“, „სტარვიზია“, „პალიტრა ტვ“, „იბერია“, „ტვ პირველი“, “ობიექტივი”, „ენკი-ბენკი“, „სტერეო+“, „Сарафан“, „ТНТ music“, „НТВ кинохит“, “МИР”, „Носталгия“, „Здоровое ТВ“, „Усадьба“, “НТВ МИР”, „КХЛ“, „Детский мир“, „Пятница“, „Домашное животное“, „История“, „НТВ Киносемья”, „RTVi”, „Кухня“, “Феникс кино”, „Индийское Кино“, „Music Box” (ტელეკომპანია თბილისი),“Кинопремьера”, „КХЛ HD“, “Охота и Рыбалка”, „Мужское Кино“, “РЕН ТВ”, „Матч! планета“, “Домашний”, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „Шансон“, „Живая планета“,“RU TV”(music one);
- 2018 წლის 19 ივნისს განხორციელებული შემოწმების სისწორე დადასტურდა 2018 წლის 19 ივნისის №48 შემოწმების აქტით, რომელიც შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ასევე, შემოწმების პროცესის აუდიო-ვიზუალური ჩანაწერით;
- 2013 წლის 14 იანვრის №04/80-13 წერილით (შპს „ტვ-გლდას“ ჩაბარდა 16.01.2013; ქვითრის ნიმერი: N010003903493) მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, მათ შორის შპს „ტვ-გლდანს“ ეცნობა და განემარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირის მიერ ხორციელდება ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი, არა უშუალოდ ტელე ან რადიომაუწყებელთან გაფორმებული ხელშეკრულების, არამედ შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ტელე ან რადიოარხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად ტრანზიტის დასადასტურებლად, ავტორიზებულმა პირმა კომისიაში უნდა წარმოადგინოს: ა) ავტორიზებულ პირსა და შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; ბ) შუამავლობის /დისტრიბუციის/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; გ) ტელე ან რადიომაუწყებლის ოფიციალური დადასტურება ტელე ან რადიოარხის სამაუწყებლო ბადეებში განთავსებული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული გავრცელების უფლების ფლობის შესახებ. ამავე წერილით მას განემარტა, რომ თუ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება ხორციელდება ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, აუცილებელია კომისიაში აღნიშნული სამაუწყებლო არხის პროგრამებზე საავტორო და მომიჯნავე უფლების მქონე პირის/ კომპანიის ნებართვის წერილის წარმოდგენა (Permission Letter), რომელშიც აღნიშნული იქნება ა) ნებართვა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ სამაუწყებლო არხის საქართვლოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ; ბ) დადასტურება სამაუწყებლო არხის ბადეში განთავსებული პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების შესახებ; ასევე, განემარტა მის მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტებში ყოველი სამაუწყებლო არხის ცვლილების (დამატების) შემთხვევაში, აგრეთვე მოქმედი ხელშეკრულების ვადის გასვლისას ახალი ვადით ხელშეკრულების გაგრძელებისას შესაბამისი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება კომპანიის მიერ შესაბამისი სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე/ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე;
- 2018 წლის 13 ივლისის მდგომარეობით შპს „ტვ-გლდანს“ კომისიაში არ ქონდა წარმოუდგენილი შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: “რუსთავი 2”, „იმედი“;
- 2018 წლის 12 სექტემბერს, 14:30 საათზე, შპს „ტვ-გლდანის“ ოფისში, მისამართზე: ქ. თბილისი, გლდანის მე-7 და მე-8 მკრ. შორის მდებარე სავაჭრო ცენტრი, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ (ზ. კვირველია, ი. ბაღაშვილი) განხორციელდა შპს „ტვ-გლდანის“ მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემის მართლზომიერების შემოწმება, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი №74. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლები: ზ.კვირკველია და ი.ბაღაშვილი, შემოწმებისა და შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმე, შპს ტვ-გლდანის“ დირექტორი მ.მახარობლიშვილი;
- შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ შპს „ტვ-გლდანი“ საკუთარი საკაბელო ქსელით ავრცელებს შემდეგ სამაუწყებლო არხებს: „კავკასია“ „1 გასართობი“, “რუსთავი 2”, „სტარვიზია“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „აჭარა“, „ქართული არხი“, „ერთსულოვნება“, „პალიტრა ტვ“, „იბერია“, „ტვ პირველი“, “ობიექტივი”, „ენკი-ბენკი“, „CTC“, „ТНТ music“, „რაგბი ტვ“, „МИР”, „TV 3“, „Сарафан“, „TMB RU“, “TV 1000”, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“ “еврокино“, “T24”, “История”, „Пятница“, „Viasat sport“, “Мульт”, “Доктор”, „RTVi”, “Феникс кино”, „Music Box” (ტელეკომპანია თბილისი), “Моя планета” “Охота и Рыбалка”, “НТВ МИР”, “РЕН ТВ”, „Viasat explorer“, “Домашний”, „Шансон“.
- 2018 წლის 12 სექტემბერს განხორციელებული შემოწმების სისწორე დადასტურდა 2018 წლის 12 სექტემბრის №74 შემოწმების აქტით, რომელიც შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ასევე, შემოწმების პროცესის აუდიო-ვიზუალური ჩანაწერით;
- 2018 წლის 12 სექტემბრის მდგომარეობით შპს „ტვ-გლდანს“ კომისიაში არ ქონდა წარმოუდგენილი შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: “რუსთავი 2”;
- 2018 წლის 13 სექტემბერს შპს „ტვ-გლდანის“ მიერ სხდომაზე წარმოადგინილ იქნა შპს „ტელეიმედთან“ გაფორმებული ხელშეკრულება;
- 2018 წლის 20 სექტემბერს კომისიაში შემოვიდა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წერილი (შ-6/4765-18, 20.09.2018), რომელში აღნიშნულია, რომ მხარეებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილებაში მქონე არხების რეტრანსლირებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ნებას რთავენ აწარმოონ არხების ტრანსლირება ხელშეკრულების გაფორმებამდე;
- გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის შპს „ტვ-გლდანის“ მიერ, 19 ივნისის და 12 სექტემბრის მდგომარეობით არამართლზომიერად გადაცემული სამაუწყებლო არხების მართლზომიერი გადაცემის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარმოდგენილ იქნა სრულად;
- შპს „ტვ-გლდანის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის გამოყენებული არ ყოფილა.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
- ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
- ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;
- ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;
- ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად, ხოლო ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
- „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით), ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
- „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლისა და „ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით; ამ ნორმის გამოყენებისათვის კი აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა საშუალებები და ხერხები;
- ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების” აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);
- „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;
- ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ნიშნავს ნება დართოს ან აკრძალოს: ა) გადაცემის ჩაწერა; ბ) გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც მოხდა მისი ჩაწერა; გ) გადაცემის ერთდროულად გადაცემა ეთერში და კაბელით ხელახალი გადაცემა შესაბამისად საეთერო და საკაბელო მაუწყებლობის სხვა ორგანიზაციის მიერ; დ) გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელით; ე) გადაცემის საჯარო გადაცემა ადგილებში, სადაც შესვლა ფასიანია. ვ) გადაცემის ჩანაწერის გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით; ზ) გადაცემის ჩანაწერის გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა; თ) გადაცემის ჩანაწერის გადაცემა სადენებით ანდა უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეული ადგილიდან და დროს;
- ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს;
- ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტვ-გლდანის“ მიერ სამაუწყებლო არხების “რუსთავი 2”, „იმედი“-ის შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე საკაბელო ქსელით უცვლელი სახით გადაცემით, შპს „ტვ-გლდანის“ მიერ დარღვეულია „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ,,საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, სანქცირების საფუძველია. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები და ვალდებულებები შესრულებულ იქნა (დარღვევა აღმოფხვრილი იქნა) ნებაყოფლობით, კერძოდ, შპს „ტვ-გლდანის“ მიერ 2018 წლის 12 სექტემბრის მდგომარეობით შეწყვეტილ იქნა სამაუწყებლო არხ „იმედის“ ტრანზიტი, ხოლო 2018 წლის 13 სექტემბერს, სხდომაზე წარმოდგენილ იქნა სამაუწყებლო არხ „იმედის“ ფასიანი ტრანზიტის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება. ასევე, წარმოდგენილია სამაუწყებლო არხ “რუსთავი 2”-ის წერილობითი ნებართვა ფასიანი ტრანზიტის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებამდე არხის ტრანზიტის მართლზომიერების თაობაზე. შესაბამისად, კომპანიის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის შესრულებულია ყველა ის კანონისმიერი ვალდებულება, რომელიც მას, როგორც ავტორიზებულ პირს გააჩნდა ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე, შპს „ტვ-გლდანს“ არ უნდა დაეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და შპს „ტგ-გლდანისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის ბ) პუნქტის, 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
- შეწყდეს შპს „ტვ-გლდანისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება;
- დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (მ/შ ნ.ჯანელიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ტვ-გლდანისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
- გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ტვ-გლდანისთვის“ ჩაბარების დღიდან;
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) შპს „ტვ-გლდანისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (მ/შ ნ.ჯანელიძე).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
