წვდომის მენიუ

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ

ნომერი: 554 / 13

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 27, 2018 17:30

მიღების თარიღი სექტემბერი 20, 2018

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებლმა“ (რეგისტრირებულია საგადასახადო ინსპექციის მიერ 1995 წლის 18 აპრილს; ს.კ. №204858163) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/4084-17, 20.08.18) და მოითხოვა კომისიის 2018 წლის 21 სექტემბრის №630/7 გადაწყვეტილებით მინიჭებული ოთხი რადიოსარელეო სიხშირის განმეორებით 10 წლის ვადით მინიჭება. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპტიკური ბოჭკოს დაზიანების შემთხვევაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობიდან მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე სიგნალის მიმოსვლისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“  საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კომისია მაუწყებელს რადიოსიხშირებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის ანიჭებს მაუწყებლობის განხორციელების ვადით. მაუწყებელი (გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსი) რადიოსიხშირული სპექტრის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად იხდის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურს.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად „საზოგადოებრივ მაუწყებელს და  საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, რადიოსარელეო ქსელის ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთის გამოყენების მიზნით, რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლება ენიჭება უფასოდ, კომისიის გადაწყვეტილებით.“

კომისია აღნიშნავს, რომ რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის 2018 წლის 29 აგვისტოს №შ-10/4273-18 სამსახურებრივი ბარათის თანახმად სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ შესაძლებელია მიენიჭოს რადიოსიხშირეები სამსახურებრივი ბარათის დანართში განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

კომისია აღნიშნავს, რომ 2018 წლის 20 სექტემბრის სხდომას ესწრებოდა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენელი დიმიტრი ბერძენიშვილი. სხდომაზე კომისიამ იმსჯელა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წერილთან დაკავშირებით და მიზანშეწონილად მიიჩნია სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური, დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭება 10 წლის ვადით.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის და  „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“  71 მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის თანახმად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.  მიენიჭოს სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ რადიოსიხშირეებით სარგებლობის უფლება №F1862 დანართში (თან ერთვის) მითითებული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად, რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით 2018 წლის 20 სექტემბრიდან 2028 წლის 20 სექტემბრამდე;

2. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე;

3. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ რადიოსიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს  კანონმდებლობასთან;

4. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;

5. წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი და მეორე პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრის მართლზომიერი გამოყენების მიზნით მონიტორინგის განხორციელება დაევალოს კომისიის  აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტს   (ს. შავგულიძე);

6. დაევალოს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელს“ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით  გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.gncc.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

7. დაევალოს რადიოსიხშირული სპექტრის მართვის (ს. შავგულიძე) და ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტებს (მ. ქადეიშვილი) სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ მინიჭებული სიხშირეების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;

8. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება; 

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“  ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში;  

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი, მეორე და მეექვსე პუნქტების შესრულებაზე  დაევალოს  რადიოსიხშირული სპექტრის  მართვის  დეპარტამენტს   (ს. შავგულიძე);

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი და მეორე პუნქტისა) დაევალოს ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 დანართი

ქ.თბილისი, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა - მთაწმინდის სატელევიზიო ანძა

სიხშირული წყვილები:

18140.0 მჰც ± 14 მჰც  და 19150.0 მჰც ± 14 მჰც

ზოლის სიგანე - 28მჰც,

გასხივების სიმძლავრე - 0.5   ვატამდე,

 სხვაობითი სიხშირე  (Rx-Tx)  -  1010 მჰც;

18167.5 მჰც ± 14 მჰც  და 19177.5მჰც ± 14 მჰც

ზოლის სიგანე - 28მჰც,

გასხივების სიმძლავრე - 0.5   ვატამდე,

 სხვაობითი სიხშირე  (Rx-Tx)  -  1010 მჰც;

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები