საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 28 დეკემბრის N840/23 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 14, 2018 16:01
მიღების თარიღი თებერვალი 01, 2018
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 28 დეკემბრის N840/23 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2014 წლის 6 ნოემბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება N620/9 „საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“. აღნიშნული გადაწყვეტილებით განსაზღვრულ საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში 100 მმ-იანი საკანალიზაციო მილის ერთ არხ კილომეტრზე თვეში იმ გეოგრაფიულ ზონაში სადაც ამავე გადაწყვეტილებით ისინი ცნობილ იქნა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებად ელექტრონულ საკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურებაზე დაუდგინდათ ზედა ზღვრული ტარიფი 370 ლარის ოდენობით (გადასახადების გარეშე).
კომისიის 2017 წლის 26 ოქტომბრის N 695/19 გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის №620/9 გადაწყვეტილებაში. აღნიშნული ცვლილებით დადგინდა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის მიერ საკანალიზაციო არხში კაბელის გატარების კვეთის დიამეტრის (კაბელის კვეთის ფართობი) მიხედვით დადგენის წესი. ამ წესის მიხედვით საკანალიზაციო არხში კაბელის განთავსებისას საკანალიზაციო არხის შევსების კოეფიციენტი შეადგენს 65%-ს.
კომისია აღნიშნავს, რომ 2017 წლის 20 დეკემბრის N5678/05-08 წერილით კომისიას მიმართა სს „სილქნეტმა“ და ითხოვა „საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო - საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის №620/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” კომისიის 2017 წლის 26 ოქტომბრის N695/19 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობა. სს „სილქნეტი“ აღნიშნულ მოთხოვნას საფუძვლად უდებს იმ მოსალოდნელი ზიანის თავიდან აცილებას, რომელიც შესაძლოა გამოიწვიოს კომისიის 2017 წლის 26 ოქტომბრის N 695/19 გადაწყვეტილებამ.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2017 წლის 28 დეკემბერის N 840/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 26 ოქტომბრის N695/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომა დაინიშნა 2018 წლის 22 თებერვალს.
კომისია აღნიშნავს, რომ სს „სილნეტის“ მოთხოვნის სრულყოფილად შესწავლის მიზნით სს „სილქნეტს“ 2018 წლის 22 იანვრამდე კომისიაში უნდა წარმოედგინა ინფორმაცია კომისიის 2017 წლის 26 ოქტომბრის N695/19 გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით გაანგარიშებული სატელეკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებიდან მოსალოდნელი მისაღები საპროგნოზო ყოველთვიური შემოსავლებისა და შესაბამისად გაწეული/გასაწევი დანახარჯების შესახებ. აღნიშნული ინფორმაციის განხილვის საფუძველზე კომისია იმსჯელებს იმის თაობაზე არის თუ არა „სილქნეტისთვის“ აღნიშნული ტარიფით სატელეკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებზე გაწეული დანახარჯები ანაზღაურებადი პროგნოზირებად მომავალში.
კომისია აღნიშნავს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სს „სილნეტის“ მიერ კომისიაში არ იქნა წარმოდგენილი სრულყოფილად. 2018 წლის პირველი თებერვლის კომისიის სხდომაზე სს „სილქნეტის“ წარმომადგენელმა, კ. ყურაშვილმა განცხადა, რომ კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის სრულად წარმოსადგენად სს „სილქნეტს“ ესაჭიროებოდა კომისიის თანამშრომლებთან კონსულტაცია. შესაბამისად, კომისიის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას სს „სილქნეტი“ კომისიაში წარმოდგენდა კონსულტაციების შემდგომ რამდენიმე კვირაში.
კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ სს „სიქლნეტის” მიერ სრულყოფილი ინფორმაციის მომზადებას, წარმოდგენას და შემდეგ ამ ინფორმაციის შესწავლას გარკვეული დრო დასჭირდება. შესაბამისად, მიზანშეწონილია კომისიის 2017 წლის 28 დეკემბრის №840/23 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დანიშნული ზეპირი მოსმენის სხდომა გადაიდოს 2018 წლის 22 თებერვალს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია იზიარებს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების არგუმენტაციას, ზეპირი მოსმენის გადადების თაობაზე და ასევე აღნიშნავს, რომ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დასრულების მაქსიმალურ ვადად უნდა განისაზღვროს 3 თვე და მიზანშეწონილად მიიჩნევს ზეპირი მოსმენის სხდომის 2018 წლის 22 თებერვლისთვის გადადებას.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII და IX თავების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. კომისიის 2017 წლის 28 დეკემბრის N840/23 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნას ცვლილებები:
ა) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 28 დეკემბრის N840/23 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2018 წლის 22 თებერვალს 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18);“.
ბ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 28 დეკემბრის N840/23 გადაწყვეტილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის განისაზღვროს სამ თვიანი ვადა;“.
2. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ.ჯანელიძე) საჯარო გაცნობისათვის ცნობის განმეორებით გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ.გოგიჩაიშვილი).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
