შპს „ჯეოსელის“ (ს/კ 203841940) სს “სილქნეტთან“ (ს/კ 204566978) შერწყმაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 27, 2018 17:14
მიღების თარიღი სექტემბერი 20, 2018
შპს „ჯეოსელის“ (ს/კ 203841940) სს “სილქნეტთან“ (ს/კ 204566978) შერწყმაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებით (№3503/05-8 02.08.2018; 2/383-18 02.08.2018; კომისიაში რეგისტრაციის №6/3651-18 02.08.2018) მიმართეს შპს „ჯეოსელმა“ და სს „სილქნეტმა“, შპს „ჯეოსელის“ სს “სილქნეტთან“ შერწყმის თაობაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიამ 2018 წლის 13 მარტის №132/11 გადაწყვეტილებით (შპს „ჯეოსელში“ 100%-იანი წილის გასხვისებისა და ამ წილის სს „სილქნეტის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ“) წინაწარი თანხმობა მისცა სს „სილქნეტს“ შპს „ჯეოსელის“ წილის 100 პროცენტის შეძენაზე.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის 2018 წლის 16 აგვისტოს №489/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჯეოსელის“ სს “სილქნეტთან“ შერწყმის გამოკვლევის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, ზეპირი მოსმენის სხდომის თარიღად განისაზღვრა 2018 წლის 20 სექტემბერი. კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდა სს „სილქნეტის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი კახი ყურაშვილი.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომებზე კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მიერ (დ.გოგიჩაიშვილი) წარმოდგენილი იქნა შემდეგი ინფორმაცია:
შპს “ჯეოსელი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
A.F.3. ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.M.1. ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
GSM
WCDMA
LTE
A.S.1. თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
თანამგზავრული საკომუნიკაციო სისტემის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
B.F.2. ინტერნეტ მომსახურება
3G
სხვა
ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება
B.M.1. მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება
ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება
მოძრავი საერთაშორისო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება
როუმინგული კავშირით მომსახურება
B.M.2. მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა
ტექსტური შეტყობინების მომსახურება;
მულტიმედიური მომსახურება;
ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვა)
მოძრავი ინტერნეტ მომსახურება;
მოძრავი ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება.
B.S.3. თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება
თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება.
B.S.4. |
თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება |
|
თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება |
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ სს “სილქნეტი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
A.F.3. ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
A.F.4. მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
სპილენძის წყვილების მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
სპილენძის წყვილების მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.5. მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული მაგისტრალური არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
A.F.6. საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა
საკანალიზაციო არხების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
A.F.7. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა
საბილინგო მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
სააბონენტო (მომხმარებელთა) მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით, მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323 ), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
ელექტრონული საკომუნიკაციო ანძების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.M.1.ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
CDMA
LTE
WIMAX
WiFi
A.S.1. თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
თანამგზავრული საკომუნიკაციო სისტემის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
B.F.1. ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება
ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
ტექსტური შეტყობინების მომსახურება.
B.F.2. ინტერნეტ მომსახურება
სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL);
CDMA
ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება;
კომუტირებადი არხებით ინტერნეტ მომსახურება (dial-up);
|
Wi Max WiFi |
|
|
ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება. |
B.F.3. მონაცემთა გადაცემა
მონაცემთა გადაცემა
B.F.4. მაუწყებლობის ტრანზიტი
ტელემაუწყებლობის ტრანზიტი
B.F.6. გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand)
გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand)
B.M.1. მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება
ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება
მოძრავი საერთაშორისო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება.
B.M.2. მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა
ტექსტური შეტყობინების მომსახურება;
მულტიმედიური მომსახურება.
ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვა);
მოძრავი ინტერნეტ მომსახურება;
მოძრავი ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება;
სხვა მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება;
B.S.2. ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით
ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით.
B.S.3. თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება
თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ სს “სილქნეტი“ წარმოადგენს მაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირს.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ სს „სილქნეტი“ ფლობს:
1) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F11 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 827,955 მჰც÷831,645 მჰც და 872,955 მჰც÷876,645 მჰც;
ბ) დანიშნულება: მობილური და ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურებისთვის;
გ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;
დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2023 წლის 23 ივლისამდე;
2) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F48 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული ზოლი: 2299 მჰც ÷ 2350 მჰც უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილოვანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის ქ.თბილისში;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 05.05.2026;
3) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F53 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული ზოლი: 2300 მჰც-დან - 2350 მჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში;
ბ) გეოგრაფიული არეალი: საქართველოს ტერიტორია (ქ.თბილისის, ქ.ქუთაისის, სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის, ხონის რაიონებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა);
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2027 წლის 18 იანვრის ჩათვლით;
4) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F98 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული ზოლი: 2300 მჰც-დან - 2350 მჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში;
ბ) გეოგრაფიული არეალი: ქ. ქუთაისის, სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის და ხონის მუნიციპალიტეტები;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2026 წლის 11 აგვისტოს ჩათვლით;
5) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F36 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: ა.ა) 11.294გჰც - 11.883 გჰც შემდეგ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში: ბათუმი, ქობულეთი, ფოთი, სამტრედია, სენაკი, ლანჩხუთი, ჩოხატაური და ოზურგეთი;
ა.ბ) 11,700 - 12,289 გჰც შემდეგ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ჭიათურა, მცხეთა, გორი, კასპი, ხაშური, ხარაგაული, ზესტაფონი, საჩხერე, თერჯოლა, ტყიბული, აბაშა, ხობი, ზუგდიდი, მარტვილი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, ხულო, ქედა, ხელვაჩაური, დუშეთი, ახალგორი, თიანეთი, ყაზბეგი, ონი, ამბროლაური, ლენტეხი, ცაგერი, მესტია, გალი, ოჩამჩირე, სოხუმი, გარდაბანი, მარნეული, თეთრიწყარო, ბოლნისი, დმანისი, წალკა, ცხინვალი, ბორჯომი, ასპინძა, ახალციხე, ახალქალაქი, ვანი, ბაღდათი, ხონი, წყალტუბო, ნინოწმინდა;
ა.გ) 11.359გჰც – 11672გჰც და 12.228გჰც – 12.289გჰც ქ.თელავში და ყვარელში;
ა.დ) 11083 მჰც ÷ 11672 მჰც - ახმეტის, გურჯაანისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში; 12228 მჰც ÷ 12817 მჰც დედოფლისწყაროს და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2026 წლის 1 დეკემბრამდე;
გ) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F36 ლიცენზიის მფლობელმა 11.7-12.5 მჰც სიხშირეებზე ფუნქციონირებისას არ უნდა გამოიწვიოს საზიანო ინტერფერენციები სამაუწყებლო-თანამგზავრული სისტემების მიმართ, და ასევე, არ უნდა მოითხოვოს დაცვა სამაუწყებლო-თანამგზავრული სისტემებისაგან
6) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F54 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: ა.ა) სიხშირული ზოლი: 12317 მჰც ÷ 12905 მჰც შემდეგ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში: კასპი, ქარელი, ხაშური, გორი, ცხინვალი, დუშეთი, ყვარელი, თელავი, ლაგოდეხი, ახმეტა, სიღნაღი, გურჯაანი;
ა.ბ) სიხშირული ზოლი: 11191 მჰც ÷11667 მჰც შემდეგ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში: თბილისი, მცხეთა, ზესტაფონი, ქუთაისი, ჭიათურა, საჩხერე, გარდაბანი, თეთრი წყარო, დმანისი, ბოლნისი, საგარეჯო, დედოფლისწყარო;
ა.გ) სიხშირული ზოლი 10705 მჰც ÷11293 მჰც შემდეგ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში: თერჯოლა, ტყიბული, ბაღდათი, ხონი, სამტრედია, აბაშა, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური, ფოთი, ქობულეთი, ხელვაჩაური, ხულო, ბათუმი, ონი, ამბროლაური, ახალქალაქი, ახალციხე, ნინოწმინდა, თიანეთი, წალკა, ყაზბეგი, სენაკი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ზუგდიდი, ცაგერი, ლენტეხი, მესტია, გალი, სოხუმი, გაგრა, გულრიფში, ოჩამჩირე, გუდაუთა, ტყვარჩელი;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2026 წლის 9 დეკემბრამდე;
გ) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F54 ლიცენზიის მფლობელმა 12.5-12.75 მჰც სიხშირეებზე ფუნქციონირებისას არ უნდა გამოიწვიოს საზიანო ინტერფერენციები ფიქსირებული-თანამგზავრული სისტემების მიმართ, და ასევე, არ უნდა მოითხოვოს დაცვა ფიქსირებული-თანამგზავრული სისტემებისაგან.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ჯეოსელი“ ფლობს:
1) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F17 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 890-901.8 მჰც და 935-946.8 მჰც (სულ 23.6 (2x11.8) მჰც );
ბ) გეოგრაფიული არეალი: საქართველო;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2015 წლის 1 თებერვლიდან 2030 წლის 1 თებერვლამდე;
2) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F18 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 1710-1725 მჰც და 1805-1820 მჰც, 1725.1-1740 მჰც და 1820.1-1835 მჰც (სულ 59.8 (2 x 29.9) მჰც);
ბ) გეოგრაფიული არეალი: საქართველო;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2015 წლის 1 თებერვლიდან 2030 წლის 1 თებერვლამდე;
3) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F24 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 1950-1965 მჰც და 2140-2155 მჰც (სულ 30 (2x 15) მჰც);
ა.ა) გეოგრაფიული არეალი: საქართველო;
ა.ბ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ვადა: 2015 წლის 1 თებერვლიდან - 2030 წლის 1 თებერვლამდე;
რადიოსიხშირული რესურსის მაქსიმალურ ოდენობის შეფასება
სს „სილქნეტი“ ე.წ. 850 მჰც დიაპაზონში (№F11 ლიცენზია-23. 07. 2023-მდე) ფლობს 7.38 მჰც (2 x3.69) რესურსს და ახორციელებს CDMA ტექნოლოგიით უსადენო ფიქსირებული და მობილური მომსახურების მიწოდებას.
რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის თანახმად №F11 ლიცენზიით განსაზღვრული (827.955-831.645 მჰც და 872.955-876.645 მჰც) სიხშირული რესურსი დროებით სარგებლობაშია CDMA- 850 (სისტემა კოდური დაყოფით და მრავალჯერადი დაშვებით) ტექნოლოგიისათვის. №F11 ლიცენზიის ვადის გასვლის/გაუქმების შემდეგ აღნიშნული სქემით (3GPP -ის Band 5) სიხშირეების დანაწილება, რომელიც არათავსებადია 800-900 მჰც დიაპაზონების დანაწილების (ევროპის ფარგლებში არსებულ) სტანდარტულ სქემებთან (3GPP -ის Band 8 და 20), აღარ შენარჩუნდება.
დამატებით, ე.წ. 2.3. გჰც დიაპაზონში (3 GPP -ის Band 40) სს „სილქნეტი“ №F48, №F53 და №F98 ლიცენზიებით საქართველოს მასშტაბით ფლობს 50 მჰც სიხშირულ რესურსს და LTE (TDD) ტექნოლოგიით ახორციელებს ფიქსირებულ მისამართზე უსადენო ფართოზოლოვანი მომსახურების მიწოდებას. მოცემული 2.3 გჰც დიაპაზონი, დღეს, ევროკავშირის ფარგლებში არ არის ჰარმონიზებული, თუმცა ჰარმონიზაციის მიზნით, გადადგმულია ნაბიჯები; 2014 წელს, ევროკომისიის მოთხოვნის საფუძველზე, CEPT -ის ელექტრონული კომუნიკაციების კომიტეტმა (ECC) მიიღო შესაბამისი რეკომენდაცია ECC/REC/(14) და გადაწყვეტილება 04ECC/DEC/(14)02, რომლის შესაბამისადაც CEPT -ის წევრი ქვეყნები, სურვილისა და შესაძლებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოფენ ე.წ. 2.3 გჰც დიაპაზონის უსადენო/ფართოზოლოვანი სისტემებისათვის გამოყენებას. ITU-ს რადიო რეგულაციების მიხედვით კი 2300-2400 მჰც დიაპაზონი (ITU-ს სამივე რეგიონისათვის, მათ შორის პირველი რეგიონისათვის, რომელსაც მიეკუთვნება საქართველო და ევროპა) ე.წ. co-primary (სხვა მომსახურებებთან ერთობლივად პირველადი გამოყენების) საფუძველზე უკვე წლებია განაწილებულია IMT მომსახურებისათვის. საქართველოს რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის თანახმადაც ე.წ. 2.3 გჰც დიაპაზონი სხვა მომსახურებებთან ერთად პირველადი გამოყენების საფუძველზე განაწილებულია ფიქსირებული და მობილური ფართოზოლოვანი სისტემებისთვის (MFCN) CEPT -ის ECC/DEC/(14)02 და ECC/REC/(14)04-ის დოკუმენტებით განსაზღვრული ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად.
შპს „ჯეოსელი“, 2030 წლის 1 თებერვლამდე, უსადენო ფართოზოლოვანი სისტემებისათვის ჰარმონიზებულ ე.წ. 900მჰც, 1800მჰც და 2100მჰც დიაპაზონებში (№F18, №F17 და №F24 ლიცენზიებით) ფლობს რადიოსიხშირულ რესურსს, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა (GSM, UMTS და LTE) ტექნოლოგიებით უზრუნველყოფს მობილური მომსახურების მიწოდებას. კერძოდ შპს „ჯეოსელი“ ე.წ. 900 მჰც დიაპაზონში ფლობს 23.6 (2x11.8) მჰც რესურსს, ე.წ. 1800 მჰც დიაპაზონში - 59.8 (2 x 29.9) მჰც, ხოლო დაწყვილებულ 2100 მჰც დიაპაზონში- 30 (2x 15) მჰც რადიოსიხშირულ სპექტრს.
რაც შეეხება სს „სილქნეტისა“ და შპს „ჯეოსელის“ სარგებლობაში არსებული რადიოსიხშირული რესურსის (შესაბამისი დიაპაზონების) ურთიერთჩანაცვლებადობის საკითხს, უნდა აღინიშნოს, რომ:
ა) სს სილქნეტის სარგებლობაში არსებული CDMA 850 ტექნოლოგიისათვის განსაზღვრული რესურსი (რომელიც ეროვნული გეგმის თანახმად დროებით სარგებლობაშია) არ წარმოადგნს ჰარმონიზებული 700 მჰც, 800მჰც და 900 მჰც დიაპაზონებში არსებული სიხშირეების ურთიერთჩანაცვლებად რესურსს და მისი გამოყენება (აგრეგაცია) შეუძლებელია ევროპის ფარგლებში არსებული სტანდართული დანაწილების სქემის შესაბამისად 800მჰც ან 900 მჰც დიაპაზონებში აგებული ქსელის ფარგლებში;
ბ)მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. 2.3 გჰც დიაპაზონი, დღეს, არ არის ევროკავშირის მასშტაბით ჰარმონიზებული, საქართველოს რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის თანახმად, სხვა მომსახურებებთან ერთად, პირველადი გამოყენების საფუძველზე, განაწილებულია ფიქსირებული და მობილური ფართოზოლოვანი სისტემებისათვის (MFCN) CEPT -ის ECC/DEC/(14)02 /ECC/REC/(14)04-ის დოკუმენტებით განსაზღვრული ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად და საქართველოში ხელმისაწვდომი, 1 გჰც-ს ზემოთ არსებული, ჰარმონიზებული სიხშირული დიაპაზონების (1800, 2100, 3.4-3.8) მსგავსი მახასიათებელი გააჩნია. შესაბამისად, განსაკუთრებით მომავალი პერსპექტივის გათვალისწინებით, შესაძლებელია, 2.3 გჰც დიაპაზონი ჩაითვალოს ამგვარი დიაპაზონების ურთიერთჩანაცვლებად დიაპაზონად.
იმის გათვალისწინებით, რომ სს „სილქნეტი“ და შპს „ჯეოსელი“ არც ერთ სიხშირულ დიაპაზონში ერთობლივად არ ფლობენ რადიოსიხშირულ რესურსს, ტრანზაქციის განხორციელების შემთხვევაში კონკრეტული დიაპაზონების ჭრილში სიხშირეების განაწილების მაჩვენებლები უცვლელი დარჩება.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, სს „სილქნეტის“ და შპს „ჯეოსელის“ 2018 წლის 6 სექტემბრის N4037/05-8 წერილით (კომისიაში წერილის რეგისტრაციის №შ-6/4439-18), კომისიაში წარმოდგენილ იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია:
- ტრანზაქციასთან დაკავშირებით შპს „ჯეოსელისა“ და სს „სილქნეტის“ აქციონერთა ან/და პარტნიორთა კრების ოქმები;
- კომპანიების მიერ 2018 წლის განმავლობაში სხვა ავტორიზებული პირებისათვის გაწეული რეგულირებადი და არა რეგულირებადი საბითუმო მომსახურებების შესახებ დეტალური ინფორმაცია
- ინფორმაცია 2018 წლის განმავლობაში კომპანიის სატელეკომუნიკაციო მომსახურების ძირითადი მომწოდებლების სიის შესახებ, რომლის ბრუნვა წლის განმავლობაში აღემატება 200 000 ლარს;
სს „სილქნეტის“ 2018 წლის 6 სექტემბრის № N4037/05-8 წერილის თანახმად სს “სილქნეტის“ აქციების 100%-ის მფლობელია არარეზიდენტი იურიდიული პირი “Rhinestream Holdings Limited“ (“რაინსტრიმ ჰოლდინგს ლიმიტედ“).
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ “Rhinestream Holdings Limited“-ის პარტნიორები არიან: გიორგი რამიშვილი (წილის 61,9%-ის მფლობელი); ალექსი თოფურია (წილის 28,58% მფლობელი) და დავიდ ბორგერი (წილის 9,52%-ის მფლობელი). კომპანიის გენერალური დირექტორია დავით მამულაიშვილი.
კომისია აღნიშნავს, რომ სს „სილქნეტი“ არის შპს „ჯეოსელის“ წილის 100%-ის მფლობელი.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ სს „სილქნეტი“ არის შპს „ვაიმაქს ჯორჯიას“ წილის 100%-ის მფლობელი. შპს „ვაიმაქს ჯორჯია“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, რომელიც მიმდინარე ეტაპზე საქმიანობას არ ახორციელებს.
კომისია აღნიშნავს, რომ “სილქნეტის“ აქციების 100%-ის მფლობელი არარეზიდენტი იურიდიული პირი “რაინსტრიმ ჰოლდინგს ლიმიტედ“, ასევე “რაინსტრიმ ჰოლდინგს ლიმიტედ“-ის პარტნიორები: გიორგი რამიშვილი, ალექსი თოფურია და დავიდ ბორგერი სხვა ავტორიზებულ პირებთან აფილირებულნი არ არიან.
კომისია აღნიშნავს, რომ „შპს „ჯეოსელში“ 100%-იანი წილის გასხვისებისა და ამ წილის სს „სილქნეტის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ კომისიის 2018 წლის 13 მარტის №132/11 გადაწყვეტილების მიღებისას კომისიამ კონცენტრაცია შეაფასა, როგორც საცალო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე, ასევე საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე. კონცენტრაციის შეფასება მოიცავდა: ა) იმ მომსახურებების და მათი გეოგრაფიული არეალ(ებ)ის იდენტიფიცირებას და განსაზღვრას, რომელზეც გავლენას მოახდენდა კონცენტრაცია; ბ) იდენტიფიცირებულ ბაზარის შესაბამის სეგმენტებზე საბაზრო წილებისა და კონცენტრაციის დონეების შეფასებას; გ) ეფექტიან კონკურენციაზე კონცენტრაციის ზეგავლენის და კონცენტრაციის შესაძლო ანტიკონკურენტულ ეფექტების განსაზღვრას; დ) კონცენტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას.
საცალო მომსახურებების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის შეფასება
სს „სილქნეტი“ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საცალო ბაზარზე, უზრუნველყოფს მომხმარებლებისთვის სატელეფონო ხმოვანი (ფიქსირებული და მობილური), ინტერნეტის და ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურების მიწოდებას. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს, როგორც ცალკეულ მომსახურებებს, ასევე სხვადასხვა სახის მომსახურებათა ნაკრებს (ორ, სამ და ოთხ სერვისს ერთ პაკეტად) იმ ტექნოლოგიებისა და ქსელების გათვალისწინებით, რაც ხელმისაწვდომია შესაბამის გეოგრაფიულ ზონებში.
შპს „ჯეოსელი“ საცალო ბაზარზე მომხმარებლებს უზრუნველყოფს მობილური ხმოვანი, ინტერნეტ და SMS მომსახურებებით. ჰორიზონტალური კონცენტრაციის შესაფასებლად განისაზღვრა სატელეკომუნიკაციო საცალო მომსახურების შემდეგი ბაზრის შესაბამისი სეგმენტები:
– ფიქსირებული ინტერნეტის საცალო მომსახურება;
– ფიქსირებული საცალო სატელეფონო ხმოვანი მომსახურება;
– მაუწყებლობის ტრანზიტი;
– მობილური საცალო ხმოვანი მომსახურება;
– მობილური ინტერნეტ მომსახურება;
– მოკლე ტექსტური შეტყობინებები - SMS.
„შპს „ჯეოსელში“ 100%-იანი წილის გასხვისებისა და ამ წილის სს „სილქნეტის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ კომისიის 2018 წლის 13 მარტის №132/11 გადაწყვეტილების მიღებისას ჩატარებული ბაზრის ანალიზის შედეგად, კომისიამ დაადგინა, რომ სატელეკომუნიკაციო მომსახურებების საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე სს „სილქნეტის“ მიერ შპს „ჯეოსელის“ 100 პროცენტიანი წილის შეძენის ტრანზაქცია ბაზარზე არსებულ კონკურენციასთან თავსებადი იყო. კომისიის მსჯელობა ეფუძნებოდა შემდეგს:
ელექტრონული კომუნიკაციების საცალო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე სს „სილქნეტი“ და შპს „ჯეოსელი“ არ წარმოადგენენ კონკურენტებს, რადგან ოპერატორები მომხმარებლებს განსხვავებული სახის მომსახურებებს სთავაზობენ. შესაბამისად, ტრანზაქციის განხორცილებამდე და ტრანზაქციის განხორცილების შემდეგ კომპანიის ჯამური საბაზრო ხვედრითი წილი და კონცენტრაციის დონე არ იცლება. აღნიშნულიდან გამოდინარე, კონცენტრაცია პირდაპირ გავლენას არ ახდენს კონკურენციის ინტენსიურობაზე და მისი საშუალებით კონკურენციაში მონაწილე ავტორიზებულ პირებს შორის კონკურენცია არ იზღუდება. ამასთან ერთად, ადგილი არ აქვს ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენტების საერთო რაოდენობის შემცირებას და კონკურენციაში მყოფი რომელიმე ავტორიზებული პირის საბაზრო ძალაუფლება აღნიშნული ტრანზაქციით არ ძლიერდება. ამასთან, საცალო ბაზრის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ საცალო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გეოგრაფიული ზონების მიხედვით მომხმარებელთა მხრიდან მომსახურების მიმწოდებლების შეცვლის შესაძლებლობა არსებობს.
საბითუმო მომსახურებების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის შეფასება
სს „სილქნეტი“ და შპს „ჯეოსელი“ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სხვა ავტორიზებულ პირებს უზრუნველყოფენ სხვადასხვა საბითუმო მომსახურებებით რომლებიც, ავტორიზებული პირებისათვის აუცილებელია სხვადასხვა საცალო მომსახურების მისაწოდებლად. ვერტიკალური კონცენტრაციის შესაფასებლად განისაზღვრა სატელეკომუნიკაციო საბითუმო მომსახურების შემდეგი ბაზრის შესაბამისი სეგმენტები:
– კანალიზაციაში კაბელების გატარება;
– ინტერნეტის საბითუმო მომსახურება მათ შორის, გაფართოებული ურთიერთჩართვა, ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვება და ლოკალური საბითუმო ინტერნეტი;
– მაგისტრალურ არხებთან დაშვება;
– ურთიერთჩართვა ფიქსირებულ სადენიან და უსადენო (CDMA) ქსელში;
– ურთიერთჩართვა მობილურ ქსელში;
– სპილენძის წყვილებთან დაშვება.
„შპს „ჯეოსელში“ 100%-იანი წილის გასხვისებისა და ამ წილის სს „სილქნეტის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ კომისიის 2018 წლის 13 მარტის №132/11 გადაწყვეტილების მიღებისას ჩატარებული კვლევისა და ანალიზის შედეგად კომისიამ დაადგინა, რომ სატელეკომუნიკაციო მომსახურებების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე სს „სილქნეტის“ მიერ შპს „ჯეოსელის“ 100 პროცენტიანი წილის შეძენის ტრანზაქცია ბაზარზე არსებულ კონკურენციასთან თავსებადი იყო.
აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას ჩატარებული ბაზრის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ საბითუმო ხმოვანი მომსახურებებისთვის (ურთიერთჩართვა, ზარის წამოწყება/ზარის დასრულება) კონცენტრაცია ვერტიკალურია, რადგან კონცენტრაციაში მონაწილე ავტორიზებული პირები ერთი და იმავე მომსახურების მიწოდების ჯაჭვის სხვადასხვა დონეზე საქმიანობენ, სადაც სს „სილქნეტი“ და შპს „ჯეოსელი“ უზრუნველყოფს აღმავალი მიმართულების საბითუმო მომსახურებას, რომელიც აუცილებელია მობილური და ფიქსირებული საცალო მომსახურებების მიწოდების უზრუნველსაყოფად.
საბითუმო მომსახურებებზე სხვა კონკურენტი ავტორიზებული პირების დაშვების მნიშვნელოვანი შეზღუდვის შესაძლებლობების შეფასებისას დადგინდა, რომ სს „სილქნეტზე“ დაკისრებული „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების გათავლისწინებით კომპანიის შესაძლებლობები არ არის იმ მოცულობის, რომ მან შესძლოს საბითუმო მომსახურებაზე დაშვების ისეთი შეზღუდვა, რომელიც უარყოფითად აისახება საბითუმო მომსახურების ხელმისაწვდომობაზე ფასისა და ხარისხის გაუარესების თვალსაზრისით. აღნიშნულის შეფასებისას ასევე გათვალისწინებელ იქნა ისიც, რომ სს „სილქნეტის“ მხრიდან საბითუმო მომსახურებაზე დაშვების შეზღუდვის ინტერესი ვერ იქონიებს მის კონკურენტებზე საზიანო გავლენას დანახარჯების გაზრდის თვალსაზრისით, რადგან აღნიშნულ მომსახურებაზე კომისიის მიერ დადგენილია ზედა ზღვრული ტარიფი. ამასთან გასათვალისწინებელია კომისიის მიერ ფიქსირებულ და მობილურ ქსელში ურთიერთჩართვის მომსახურებაზე LRIC მოდელით გაანგარიშებული ტარიფების ძალში შესვლაც (2018 წლის ივლისიდან), რომლის გაანგარიშება ეფუძნება მომავალზე ორიენტირებული გრძელვადიანი ნაზარდი დანახარჯების მოდელს („LRIC”), რაც ითვალისწინებს ოპერატორის მიერ მხოლოდ ეფექტურად გაწეულ დანახარჯებს. შესაბამისად, არ არსებობს საცალო ხმოვანი მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე პოტენციური კონკურენტების შესვლის დაბრკოლებები, რომლებიც შესაძლოა წარმოშობილიყო ბაზრის ამ სეგმენტზე აღნიშნული კონცენრაციის შედეგად.
კონცენტრაცია ვერტიკლალურია ასევე ინტერნეტის საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტის შემთხვევაშიც, რადგან კონცენტრაციაში მონაწილე ავტორიზებული პირები ერთი და იმავე მომსახურების მიწოდების ჯაჭვის სხვადასხვა დონეზე საქმიანობენ, სადაც სს „სილქნეტი“ უზრუნველყოფს აღმავალი მიმართულების საბითუმო მომსახურებას, რომელიც აუცილებელია მობილური და ფიქსირებული ინტერნეტ საცალო მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად. თუმცა სს „სილქნეტის“ შესაძლებლობები არ არის იმ მოცულობის, რომ მან შესძლოს საბითუმო მომსახურებაზე დაშვების ისეთი შეზღუდვა, რომელიც უარყოფითად აისახება საბითუმო მომსახურების ხელმისაწვდომობაზე. აღნიშნულის შეფასებისას ასევე გათვალისწინებულ იქნა ისიც, რომ ინტერნეტის საცალო (ფიქსირებული და მობილური) მომსახურების ბაზრის სხვა მონაწილეებისთვის (შპს „მაგთიკომი“ და შპს „ვიონი საქართველო“) საბითუმო ინტერნეტის მიწოდებას უზრუნველყოფს შპს „კავაკსუს ონლაინი“, რომელიც ინტერნეტის საცალო მომსახურების ბაზარზე არ საქმიანობს (კავკასუს ინლაინს ინტერესი არ გააჩნია ინტერნეტის საცალო ბაზარზე). შესაბამისად, არ არსებობს ინტერნეტის საცალო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე პოტენციური კონკურენტების შესვლის მნიშვნელოვანი დაბრკოლებები, რომლებიც წარმოიშობოდა ინტერნეტის საბითუმო ბაზარზე ამ კონცენტრაციის შედეგად .
რაც შეეხება სპილენძის წყვილებით და სატელეკომუნკაციო საკანალიზაციო არხებით მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონცენტრაციას ის არ არის ვერტიკალური, რადგან კონცენტრაციაში მონაწილე ავტორიზებული პირები ერთი და იმავე მომსახურების მიწოდების ჯაჭვში არ საქმიანობენ. ამასთან, აღნიშნულის შეფასებისას ასევე გათვალისწინებელი იქნა ისიც, რომ სს „სილქნეტის“ მხრიდან აღნიშნულ საბითუმო მომსახურებაზე დაშვების შეზღუდვის ინტერესი ვერ იქონიებს მის კონკურენტებზე საზიანო გავლენას დანახარჯების გაზრდის თვალსაზრისით, რადგან აღნიშნულ მომსახურებებზე კომისიის მიერ დადგენილია ზედა ზღვრული ტარიფი, რომელიც საშულებას იძლევა ალტერნატიული ოპერატორისთვის ეკონომიკურად გაიმეოროს სს „სილქნეტის“ მიერ ფიქსირებული ინტერნეტის საცალო ბაზარზე შეთავაზებული მომსახურება.
კომისიის 2018 წლის 13 მარტის №132/11 გადაწყვეტილების მიღებისას მაგისტრალურ არხებთან დაშვების მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ჩატარებული კვლევისა და ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული საბითუმო მომსახურება მნიშვნელოვან როლს თამაშობს საცალო ინტერნეტ მომსახურების მოწოდების ერთიან ჯაჭვში. შესაბამისად, კონცენტრაცია შეფასებულ იქნა ამ მომსახურებების მიწოდების გეოგრაფიული საზღვრების მიხედვით, რომლის თანახმადაც დადგინდა, რომ ოპტიკურ-ბოჭკოვან ქსელთან და მაგისტრალური ქსელის აქტიურ მოწყობილობებთან დაშვების საბითუმო მომსახურების სეგმენტებზე არსებობდა ისეთი გეოგრაფიული ერთეულები სადაც, მხოლოდ სს „სილქნეტი” იყო წარმოდგენილი. შესაბამისად, ასეთ ადმინისტრაციულ ერთეულებში საბითუმო მომსახურების მიმღებ ავტორიზებულ პირს არ აქვს შესაძლებლობა აღნიშნული მომსახურება მიიღოს სხვა ავტორიზებული პირისგანაც. აღნიშნული რისკების გათვალისწინებით, ვერტიკალურად ინტეგრირებული სტრუქტურის ქსელის მფლობელის - სს „სილქნეტის“ მიერ საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების რისკის შესამცირებლად კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით დაეკისრა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სპეციფიკური ვალდებულებები.
კომისია აღნიშნავს, რომ სს „სილქნეტისა“ და შპს „ჯეოსელის“ შერწყმის შემთხვევაში, კიდევ უფრო გაძლიერდება სს „სილქნეტის“ ვერტიკალურად ინტეგრირებული ოპერატორის საბაზრო ძალაუფლება, ამიტომ წარმოების პროცესში შესწავლილ იქნა სს „სილქნეტის“ მიერ დისკრიმინაციის აკრძალვის და კროს-სუბსიდირების ვალდებულების შესრულების საკითხი. კერძოდ, კომისიამ მოიპოვა სს „სილქნეტის" პოზიცია თუ, როგორ აპირებს კომპანია უზრუნველყოს საკუთარი სტრუქტურული ქვედანაყოფის, აფილირებული და სხვა ავტორიზებული პირებისათვის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებისა და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის არადისკრიმინაციულად (შეუზღუდავად), ერთსა და იმავე ვადებში და ერთნაირი პირობებით მიწოდებას.
აღნიშნულთან დაკავშრებით სს „სილქნეტი“ 2018 წლის 6 სექტემბრის N4037/05-8 წერილში აღნიშნავს, რომ საბითუმო ბაზრებზე ფუნქციონირების კუთხით, შერწყმის შემთხვევაში, სს „სილქნეტი“ რეგულირებას დაქვემდებარებულ საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე უზრუნველყოფს (სადაც სს „სილქნეტი“ და შპს „ჯეოსელი“ ცნობილნი არიან მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებად) კომპანიისთვის დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების შესაბამისად შესრულებას, რომლის შედეგადაც ავტორიზებულ პირებს საშუალება ექნებათ, ისარგებლონ კომპანიის ქსელურ რესურსებთან არადისკრიმინაციული და ერთგვაროვანი პირობებით დაშვებით.
2018 წლის 6 სექტემბრის N4037/05-8 წერილში სს „სილქნეტი“ ასევე აღნიშნავს, რომ შპს „ჯეოსელის“ სს „სილქნეტთან“ შერწყმის შემთხვევაში, რესურსების ეფექტიანად გამოყენების გზით, განხორციელდება ხარჯების ოპტიმიზაცია, რაც საშუალებას მისცემს კომპანიას ეფექტურად გაგრძელოს ქსელების განვითრების კუთხით დაგეგმილი საქმიანობა, კერძოდ:
ა) მე-4 თაობის (LTE ტექნოლოგიაზე დაფუძნებული) მობილური ადგილობრივი დაშვების ქსელის გეოგრაფიული გაფართოება, რომლის ფარგლებში, ასევე, მოიაზრება სერვის-დეფიციტურ რეგიონებში მაღალსიჩქარიანი LTE მობილური ქსელის ეტაპობრივი დანერგვა და ქსელის ფარგლებში არსებული გამტარუნარიანობის მნიშვნელოვანი ზრდა;
ბ) ფიქსირებული სახაზო ინფრასტრუქტურისა და ტექნიკური აღჭურვილობის მოდერნიზაცია/განვითარება, რომელიც გულისხმობს, როგორც სპილენძის სახაზო მეურნეობის ოპტიკური ქსელით ეტაპობრივ ჩანაცვლებას, ასევე დამატებით დასახლებული პუნქტების ოპტიკური ქსელებით დაფარვასა და არსებული რეგიონალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელების გეოგრაფიულ გაფართოებას.
სს „სილქნეტის“ განმარტების თანახმად, ყოველივე ზემოაღნიშნული, მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყანაში, როგორც ფართოზოლოვანი მობილური, ასევე სადენიანი ფიქსირებული ქსელების ე.წ „პენეტრაციასა“ და მაღალსიჩქარიან ინტერნეტ მომსახურებაზე საქართველოს მოსახლეობის ხელმისაწვდომობას, ისევე, როგორც, საშუალებას მისცემს კომპანიას, მომხმარებლებს შესთავაზონ მათ მოთხოვნებზე მორგებული მრავალფეროვანი და ხარისხიანი მომსახურებები, ხელმისაწვდომ ფასად.
კომისია აღნიშნავს, რომ „შპს „ჯეოსელში“ 100%-იანი წილის გასხვისებისა და ამ წილის სს „სილქნეტის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ კომისიის 2018 წლის 13 მარტის №132/11 გადაწყვეტილების მიღებისას კომისიამ კონცენტრაცია შეაფასა, როგორც საცალო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე, ასევე საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე. აღნიშნული ბაზრის ანალიზის შედეგად კომისიამ დაადგინა, რომ სატელეკომუნიკაციო მომსახურებების საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე სს „სილქნეტის“ მიერ შპს „ჯეოსელის“ 100 პროცენტიანი წილის შეძენის ტრანზაქცია ბაზარზე არსებულ კონკურენციასთან თავსებადი იყო.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის 2018 წლის 13 მარტის №132/11 გადაწყვეტილების მიღებიდან დღემდე გასული პერიოდი იმდენად უმნიშვნელოა/მცირეა, რომ სატელეკომუნიკაციო ბაზრის შესაბამისი სეგმენტების ახალი ანალიზის ჩატარების საჭიროება არ არის. ამასთან, კომისია შპს „ჯეოსელის“ სს „სილქნეტთან“ შერწყმის შემთხვევაშიც ბაზარზე კონცენტრაციის შესაფასებლად იგივე შინაარსის და მოცულობის კვლევასა და ანალიზს ჩაატარებდა, როგორიც ჩატარდა კომისიის 2018 წლის 13 მარტის №132/11 გადაწყვეტილების მიღებისას. შესაბამისად, აღნიშნული წარმოების ფარგლებში დამატებით კვლევისა და ანალიზის ჩატარების საჭიროება არ არის და მიმდინარე წარმოების ფარგლებში კომისიის გადაწყვეტილება უნდა დაეფუძნოს კომისიის 2018 წლის 13 მარტის №132/11 გადაწყვეტილების მიღებისას ჩატარებულ კვლევასა და ანალიზის შედეგებს მათ შორის, აღნიშნული გადაწყვეტილებით სს „სილქნეტზე“ დაკისრებულ სპეციფიკურ ვალდებულებებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „ჯეოსელის“ სს „სილქნეტთან“ შერწყმაზე წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა შპს „ჯეოსელს“ სს „სილქნეტთან“ შერწყმაზე;
2. კომისიის 2010 წლის 21 მაისის N 240/9, 2009 წლის 13 ნოემბრის 610/9, 2011 წლის 25 იანვრის N26/9, 2017 წლის 16 მაისის N345/22 და 2015 წლის 29 იანვრის N55/2 გადაწყვეტილებებში შესაბამისი ცვლილებების შეტანის მიზნით სს „სილქნეტმა“ შერწყმიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისიას აცნობოს შერწყმის შესახებ;
3. განემარტოს სს „სილქნეტს“, რომ შპს „ჯეოსელის“ სს „სილქნეტთან“ შერწყმის შემთხვევაში, ძალაში რჩება კომისიის 2018 წლის 13 მარტის №132/11 გადაწყვეტილებით (შპს „ჯეოსელში“ 100%-იანი წილის გასხვისებისა და ამ წილის სს „სილქნეტის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ“) მასზე დაკისრებული ვალდებულებები;
4. განემარტოს სს „სილქნეტს“, რომ შპს „ჯეოსელის“ სს „სილქნეტთან“ შერწყმის შემთხვევაში შპს „ჯეოსელის“ მფლობელობაში არსებული ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვების გადაცემა უნდა განახორციელოს კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ განსაზღვრული წესების შესაბამისად;
5. დაევალოს შპს „ჯეოსელს“, სს „სილქნეტთან“ შერწყმის შემთხვევაში, უზრუნველყოს შპს „ჯეოსელის“ აბონენტების ინფორმირება მომსახურების მიმწოდებლის შეცვლის თაობაზე, კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტით განსაზღვრული წესით.
6. განემარტოს სს „სილქნეტს“, რომ შპს „ჯეოსელის“ სს „სილქნეტთან“ შერწყმის შემთხვევაში, სს „სილქნეტმა“ მომსახურების წესისა და პირობების ნებისმიერი ცვლილების თაობაზე შეატყობინოს მომხმარებლებს და კომისიას, ცვლილების განხორციელებამდე 10 სამუშაო დღით ადრე; ხოლო მომსახურების პირობების ისეთი ცვლილების შესახებ, რომელიც ზრდის მომხმარებელზე დაკისრებული ვალდებულებების მოცულობას ან/და იმგვარად ცვლის მომსახურების პირობებს, რომ აღნიშნულს შეუძლია არსებითი გავლენა მოახდინოს მომხმარებლის გადაწყვეტილებაზე მომსახურების მიღების გაგრძელების თაობაზე - ცვლილების განხორციელებამდე ინდივიდუალურად შეატყობინოს ერთი თვით ადრე;
7. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების სს „სილქნეტისთვის“ და შპს „ჯეოსელისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
8. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის მიერ ამ გადაწყვეტილების სს „სილქნეტისთვის“ და შპს „ჯეოსელისთვის“ ჩაბარების დღიდან;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (დ.გოგიჩაიშვილს).
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |