სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ რადიოსიხშირეების მინიჭებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 17 თებერვლის №157/13 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 23, 2018 12:21
მიღების თარიღი ოქტომბერი 11, 2018
სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ რადიოსიხშირეების მინიჭებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 17 თებერვლის №157/13 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ (რეგისტრირებული საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ. № 204858163) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/2084-18, 27.04.18) და მოითხოვა FM დიაპაზონში რადიომაუწყებლობისთვის კომისიის 2012 წლის 17 თებერვლის №157/13 გადაწყვეტილებით ქ. თბილისში, ქ. გორში, ქ. ახალციხეში, ქ. ბათუმში, ქ. ლენტეხში, ქ. მესტიაში, ქ. საჩხერეში და ქ. ჭიათურაში მინიჭებული ლუწი მეათედი დაბოლოების სიხშირეების ცვლილება კენტი მეათედების დაბოლოების მქონე სიხშირული რესურსით, ასევე ჩრდილოვანი ზონების დაფარვის მიზნით ჭადიჯვარის, ხაშურის და ფოთის გეოგრაფიულ ზონებში ახალი სიხშირეების მინიჭება.
კომისია აღნიშნავს, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ კომისიის 2012 წლის 17 თებერვლის №157/13 გადაწყვეტილებით ფლობს შემდეგ სიხშირულ რესურსს:
1. ამბროლაური - 102.9 მჰც;
2. ახალციხე - 102.4 მჰც;
3. ახალქალაქი - 99.1 მჰც;
4. ბათუმი - 102.4
5. ბორჯომი - 99.5
6. გორი - 100.6
7. გორი - 102.6
8. დედოფლისწყარო - 91.1
9. დმანისი - 99.5
10. ზუგდიდი - 101.3
11. თბილისი - 100.9
12. თბილისი - 102.4
13. თელავი - 99.1
14. ლაგოდეხი - 99.5
15. ლენტეხი - 102.4
16. მესტია - 102.4
17. ოზურგეთი - 102.5
18. საჩხერე - 101.4
19. ქუთაისი - 100.3
20. ყაზბეგი - 102.3
21. ყვარელი - 105.1
22.წალკა - 99.1
23. ჭიათურა - 102.4
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოსამაუწყებლო ქსელის განვითარებისათვის კომისია საზოგადოებრივ მაუწყებელს ანიჭებს დამატებით სიხშირეებს FM დიაპაზონში, შესაბამის ზონაში არსებული თავისუფალი სიხშირული რესურსიდან.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიამ სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ 2018 წლის 17 აგვისტოს წერილით (№06/2787-18) მიაწოდა ინფორმაცია ცალკეულ ქალაქებში ახალი სიხშირული რესურსის მინიჭების და რიგ ქალაქებში მათ სარგებლობაში არსებული სიხშირული რესურსის გაკენტების შესაძლებლობის თაობაზე. წერილში მითითებული იყო ის ქალაქებიც, სადაც რესურსის გაკენტების საკითხის შეთანხმება არ იყო დასრულებული მეზობელ სახელმწიფოებთან. სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ 2018 წლის 31 აგვისტოს (№შ-7/4316-18) წერილით განაცხადა თანხმობა კომისიის მიერ შემოთავაზებულ ვერსიაზე.
კომისიის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის 2018 წლის 9 ოქტომბრის №შ-10/5216-18 სამსახურებრივი ბარათის თანახმად სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სარგებლობაში არსებული ლუწი მეათედი დაბოლოების სიხშირეების შეცვლა კენტი მეათედების დაბოლოების მქონე სიხშირული რესურსით შესაძლებელია ქ. ამბროლაურში, ქ. გორში, ქ. ლენტეხში, ქ. მესტიაში, ქ. საჩხერეში და ქ. ჭიათურაში, ხოლო ახალი სიხშირული რესურსის მინიჭება ამ ეტაპზე შესაძლებელია ქ. ხაშურში, ქ. ფოთში, ქ. ონში და ქ. ხულოში.
კომისია აღნიშნავს, რომ ის კენტი მეათედების დაბოლოების მქონე სიხშირული რესურსი, რომელიც უნდა მიენიჭოს სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ქ. ამბროლაურში, ქ. გორში, ქ. ლენტეხში, ქ. მესტიაში, ქ. საჩხერეში და ქ. ჭიათურაში იმავე გეოგრაფიულ ზონებში დღეის მდგომარეობით ლუწი მეათედი დაბოლოების სიხშირეების ფუნქციონირების დროს არაგამოყენებადი რესურსია და შესაბამისად თავისუფალ სიხშირულ რესურსად ვერ განისაზღვრებოდა. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ ზემოაღნიშნული სიხშირეებით სარგებლობა, არ შეზღუდავს კომისიის 2015 წლის 30 აპრილის №227/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ „87.5მჰც÷108მჰც სიხშირულ დიაპაზონში რადიომაუწყებლობის თავისუფალი სიხშირული რესურსის განაწილების შესახებ“ ამჟამად მოქმედ გეგმაში განსაზღვრული სიხშირული რესურსის გამოყენებას. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ქ. ხაშურში, ქ. ონში და ქ. ხულოში მისანიჭებელი სიხშირული რესურსი არ არის მითითებული ზემოაღნიშნულ გეგმაში, ვინაიდან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად კომისია „რადიოკავშირის საერთაშორისო რეგლამენტის“ შესაბამისად, 2 წელიწადში ერთხელ განსაზღვრავს და აქვეყნებს რადიოსამაუწყებლო სიხშირეთა გეგმას ლიცენზიის მაძიებლებისათვის.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის 2018 წლის 9 ოქტომბრის №შ-10/5203-18 სამსახურებრივი ბარათის თანახმად საქართველოში ანალოგური მიწისზედა საეთერო სატელევიზიო მაუწყებლობის ეტაპობრივად გათიშვის გრაფიკის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 ივნისის №273 დადგენილების პირველი მუხლის, მე-3 პუნქტის თანახმად „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან შეთანხმებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ციფრული მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობის ძირითადი ქსელის ექსპლუატაციაში შეყვანის შემდეგ აღმოჩენილ ჩრდილოვან ზონებში საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისთვის მინიჭებულ სიხშირეებზე მოქმედი ანალოგური მიკრორეტრანსლატორების ეტაპობრივად გათიშვა განხორციელდეს მათ სანაცვლოდ ციფრულ სამაუწყებლო ზონებში გამოყენებულ სიხშირეებზე ან განსხვავებულ სიხშირეებზე ციფრული მიკრორეტრანსლატორების ამოქმედების შემდგომ“. ამ პუნქტის გათვალისწინებით კომისიამ შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის ჩრდილოვანი ზონების დასაფარად გასცა 110 მცირე სიმძლავრის მიკრორეტრანსლატორის ფუნქციონირებისათვის საჭირო სიხშირული რესურსი. მათი ამოქმედების შემდგომ ჩატარდა არაერთი მონიტორინგი სატელევიზიო სიგნალების გავრცელების შესასწავლად.
დღეის მდგომარეობით ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი ფუნქციონირებს სრული დატვირთვით. რაც შეეხება ჩრდილოვან ზონებს მათი გამოვლენის შემთხვევაში კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტი შეისწავლის არსებულ მდგომარეობას და შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრისთვის“ მისანიჭებლად შეარჩევს დამატებით სიხშირულ რესურსს. მონიტორინგის პროცესში ასევე დადგინდა, რომ ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის პარალელურად არც ერთ პუნქტში არ გამოიყენება ანალოგური ტელემაუწყებლობის მიკრორეტრანსლატორები და მათი ამოქმედების საჭიროებაც აღარ არსებობს. შესაბამისად ჩვენს დეპარტამენტს მიზანშეწონილად მიაჩნია გაუქმდეს ის გადაწყვეტილებები, რითაც სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ მინიჭებული აქვს სატელევიზიო სიხშირული რესურსი.
საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2018 წლის 11 ოქტომბრის სხდომაზე. სხდომაზე რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათების საფუძველზე აღინიშნა რომ ვინაიდან კომისიის 2012 წლის 17 თებერვლის №157/13 გადაწყვეტილების დანართი ითვალისწინებს სიხშირულ რესურსს როგორც სატელევიზიო, ასევე რადიო პროგრამებით საეთერო მაუწყებლობისთვის მიზანშეწონილია განხორციელდეს ცვლილებების შეტანა კომისიის 2012 წლის 17 თებერვლის №157/13 გადაწყვეტილებაში. კერძოდ: ახალი რედაქციით ჩამოყალიბდეს გადაწყვეტილების პირველი პუნქტი და დამტკიცდეს გადაწყვეტილების განახლებული დანართი, რომელშიც მითითებული იქნება რადიომაუწყებლობის განსახორციელებლად საჭირო სიხშირული რესურსი და ტექნიკური პარამეტრები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შევიდეს ცვლილება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 17 თებერვლის №157/13 გადაწყვეტილებაში მისი პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მიენიჭოს სსიპ ”საზოგადოებრივ მაუწყებელს” სიხშირეები დანართში (თან ერთვის) მითითებული პარამეტრების შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე საზოგადოებრივი რადიო პროგრამების საეთერო მაუწყებლობისთვის;“
2. შევიდეს ცვლილება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 17 თებერვლის №157/13 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;
3. უზრუნველყოს სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება;
4. დაევალოს რადიოსიხშირული სპექტრის მართვის (ს. შავგულიძე) და ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტებს (მ. ქადეიშვილი) სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ მინიჭებული სიხშირეების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებისთანავე;
7. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ გაგზავნა;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
|
|
|
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
