წვდომის მენიუ

„საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო - საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის №620/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 600 / 23

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 23, 2018 12:45

მიღების თარიღი ოქტომბერი 18, 2018

 „საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო - საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის №620/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების  დაწყების შესახებ

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”)  აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2014 წლის 6 ნოემბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება  N620/9  „საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“. აღნიშნული გადაწყვეტილებით განსაზღვრულ საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე  ავტორიზებულ პირებს ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში  100 მმ-იანი საკანალიზაციო მილის ერთ არხ კილომეტრზე თვეში იმ გეოგრაფიულ ზონაში სადაც ამავე გადაწყვეტილებით ისინი ცნობილ იქნა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებად ელექტრონულ საკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურებაზე დაუდგინდათ  ზედა ზღვრული ტარიფი 370 ლარის ოდენობით (გადასახადების გარეშე).  

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 6 ნოემბერის  N620/9  გადაწყვეტილების მიღებისას კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატელეკომუნიკაციო  საკანალიზაციო არხებთან დაშვების მომსახურების ტარიფების გაანგარიშების მოდელები განსხვავებული იყო, როგორც მიდგომების, ასევე დანახარჯების მომსახურების სახეებზე  გადანაწილების კრიტერიუმების მიხედვით. გაანგარიშების მოდელთან დაკავშირებით, როგორც ავტორიზებული პირების ასევე კომისიის მხრიდან არსებობდა შენიშვნები. იმისათვის, რომ კომისიის მიერ დადგენილი ზღვრული ტარიფი დამოკიდებული არ ყოფილიყო კონკრეტული კომპანიების სააღრიცხვო პრობლემებზე კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების  მომსახურებების მსურველი ავტორიზებული პირების ინტერესების დაცვის მიზნით ზედა ზღვრული ტარიფების სიზუსტის დასადგენად უნდა გაგრძელებულიყო კომისიის მუშაობა გაანგარიშების ახალ მოდელთან დაკავშირებით, რისთვისაც აუცილებელი იყო, ევრო კავშირის ქვეყნებში ეფექტური  ოპერატორის დანახარჯების მოდელის შესახებ არსებული პრაქტიკის შესწავლა.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ  2017 წლის 18 დეკემბერს გამოცხადდა ტენდერი  NGA და NGN ქსელებით მათ შორის,  საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით მომსახურების მიწოდების  ტარიფების  მომავალზე ორიენტირებული, გრძელვადიანი  ნაზარდი დანახარჯების „LRIC“  მოდელის შემუშავებისა და საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე. კომისიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში „NGA და NGN ქსელებით მომსახურების მიწოდების გრძელვადიანი ნაზარდი დანახარჯების (BU–LRIC) მოდელის შემუშავებისა და საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე“ გაიმარჯვა საკონსულტაციო კომპანია „Pricewaterhouse Coopers Advisory, s. r. o. (PwC)”-მა,  რომელმაც სატენდერო პირობების შესაბამისად 2018 წლის 9 ოქტომბრის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის N6/5214-1) წარმოადგინა „LRIC“   მოდელის მიხედვით გაანგარიშებული NGA-ტექნოლოგიაზე დაფუძნებული საბითუმო მომსახურებების მათ შორის, სატელეკომუნიკაციო საკანალიზაციო არხის იჯარის ტარიფები.  აღნიშნული დოკუმენტი გამოქვეყნებულ იქნა კომისიის ვებ გვერდზე 2018 წლის 10 ოქტომბერს (http://gncc.ge/uploads/other/3/3272.pdf ). 2018 წლის  23 ოქტომბერს კომისიაში „PwC“-ის სლოვაკეთის ოფისის წარმომადგენლებთან ერთად მოხდება ზემოაღნიშნული შედეგების პრეზენტაცია და საჯარო განხილვა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და  IX თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის №620/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით;

2. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2018 წლის 22 ნოემბერს 15:00 საათზე, მისამართზე: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას, ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში;

3. დაევალოს კომისიის  ადმინისტრაციას  (ნ. შოვნაძე)  საჯარო გაცნობისათვის ცნობათა გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრდებას არ  ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

5. გადაწყვეტილება ძალაში  შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის დეპარტამენტს (დ.გოგიჩაიშვილი).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი

 

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები