შპს „ტელეიმედის“ და შპს „სტუდია მაესტროს“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიმართ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის კახა კუკავას საჩივრის თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 20, 2018 16:39
მიღების თარიღი ოქტომბერი 25, 2018
შპს „ტელეიმედის“ და შპს „სტუდია მაესტროს“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიმართ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის კახა კუკავას საჩივრის თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში „კომისია“) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა კახა კუკავამ მიმართა საჩივრებით შპს „ტელეიმედის“ (10.10.2018 Nშ-6/5231-18), შპს „სტუდია მაესტროს“ (15.10.2018 Nშ-6/5321-18) და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ 1(5.10.2018 6/5322-18) მიმართ.
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის კ.კუკავას საჩივრების თანახმად, შპს „ტელეიმედისა“ და შპს „სტუდია მაესტროს“ მიერ წინასაარჩევნო პერიოდში ადგილი აქვს კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მამართ დისკრიმინაციულ მიდგომას, ვინაიდან კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის, პრეზიდენტობის კანდიდატის კ.კუკავას საარჩევნო კამპანიას არ აშუქებენ და არ იწვევენ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში. საჩივრებში აღნიშნულია, რომ შპს „ტელეიმედს“ და შპს “სტუდია მაესტროს” მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველო“ მუდმივად აწვდის ინფორმაციას თავისი საპრეზიდენტო კანდიდატის კ.კუკავას მიერ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, თუმცა აღნიშნული მაუწყებლები არასოდეს ესწრებიან ასეთ ღონისძიებებს და მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური პარტია თავად აწვდის ღონისძიების მზა ვიდეო-მასალას, შპს „ტელეიმედი“ და შპს „სტუდია მაესტრო“ არ აშუქებენ პრეზიდენტობის კანდიდატის კ.კუკავას წინასაარჩევნო კამპანიას. საჩივრებში ასევე აღნიშნულია, რომ შპს „ტელეიმედსა“ და შპს „სტუდია მაესტროს“ არ განუცხადებიათ წინასაარჩევნო დებატების მოწყობის თაობაზე და სავარაუდოა, რომ მაუწყებლები არ აპირებენ ასეთი დებატების გამართვას, რაც ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიმართ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის კ.კუკავას საჩივრის თანახმად, მაუწყებელი კ.კუკავას არ იწვევს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში, განსხვავებით სხვა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებისაგან. საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანის რუსთავი 2“-მა დააანონსა წინასაარჩევნო დებატები და მასში მონაწილე პრეზიდენტობის ოთხი კანდიდატი, თუმცა მათ შორის არ იყო მოხსენიებული საჩივრის ავტორი, რაც კ.კუკავას განმარტებით წარმოადგენს დისკრიმინაციულ მიდგომას კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიმართ.
კომისიაში წარმოდგენილი საჩივრების სამართლებრივ საფუძვლად ავტორს მითითებული აქვს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმად, საერთო მაუწყებელმა, რომელიც გადაწყვეტს, წინასაარჩევნო კამპანია საკუთარ ეთერში გააშუქოს, წინასაარჩევნო დებატები უნდა გადასცეს არადისკრიმინაციულად და ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით, თავისი მომსახურების ზონაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის დროს. საჩივრის სამართლებრივ საფუძვლად ასევე მითითებულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლი, რომლის შესაბამისად, საერთო მაუწყებელმა უნდა გადასცეს წინასაარჩევნო დებატები მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს. ამასთან, საერთო მაუწყებელმა მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს, აგრეთვე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არადისკრიმინაციულად უნდა უზრუნველყონ ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში.
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის კახა კუკავას მოთხოვნა:
1. შპს „ტელეიმედის“, შპს „სტუდია მაესტროსა“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შედგენა, კანონით დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო;
2. მიიღოს კომისიამ ზომები მაუწყებელთა მხრიდან, საარჩევნო კამპანიის დისკრიმინაციულად გაშუქების ტენდენციის აღმოსაფხვრელად.
შპს „ტელეიმედის“, შპს „სტუდია მაესტროს“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიმართ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის კახა კუკავას საჩივრების კომისიის მიერ განხილვა დაინიშნა 2018 წლის 25 ოქტომბერს 15:00 საათზე, აღნიშნულის თაობაზე შეტყობინებით ეცნობათ, როგორც საჩივრის ავტორს, ისე მაუწყებლებს. მათ ასევე განემარტათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისიის 2018 წლის 25 ოქტომბრის სხდომაზე გამოცხადდნენ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის კ. კუკავას წარმომადგენელი თ. ომანიძე, შპს „ტელეიმედისა“ და შპს „სტუდია მაესტროს“ წარმომადგენლები: ა.ლაშხი და ნ.ფაშალიშვილი და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენელი დ.საძაგლიშვილი.
2018 წლის 25 ოქტომბრის კომისიის სხდომაზე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა კ. კუკავას წარმომადგენელმა თ. ომანიძემ საკუთარ ახსნა-განმარტებაში მხარი დაუჭირა საჩივრებში დაფიქსირებულ პოზიციას და განაცხადა, რომ 2018 წლის 15 ოქტომბრიდან შპს „ტელეიმედისა“ და შპს „სტუდია მაესტროს“ სამაუწყებლო ეთერში შუქდება პრეზიდენტობის კანდიდატის კ.კუკავას წინასაარჩევნო კამპანია, თუმცა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში კვლავ არ იწვევენ.
2018 წლის 25 ოქტომბრის კომისიის სხდომაზე შპს „ტელეიმედისა“ და შპს „სტუდია მაესტროს“ წარმომადგენლებმა ა.ლაშხმა და ნ.ფაშალიშვილმა თავიანთ ახსნა-განმარტებაში აღნიშნეს, რომ მაუწყებლის დებატებსა და საინფორმაციო გამოშვებებში საარჩევნო სუბიექტთა მიმართ დისკრიმინაციული მიდგომის შეფასება შესაძლებელია მხოლოდ არჩევნების დასრულების შემდგომ.
2018 წლის 25 ოქტომბრის კომისიის სხდომაზე შპს „სამაუწყბლო კომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენელმა დ. საძაგლიშვილმა განმარტა, რომ ტელეკომპანიის ეთერში არ ყოფილა წინასაარჩევნო დებატები. დებატები არის გამოყოფილი ცალკე, როგორც „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“, ისე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით. ეს არის ფორმატი, როცა საარჩევნო სუბიექტებს ეძლევათ საარჩევნო პროგრამის წარდგენის საშუალება და არ შეიძლება მისი გაიგივება თოქ-შოუებთან. მაუწყებლის წარმომადგენლის განმარტებით, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ დისკრიმინაციულად არ უდგება საარჩევნო სუბიექტებს, ამ დრომდე ფიზიკურად არ ჰქონია ტელეკომპანიას დებატები ეთერში, შესაბამისად, არ დაურღვევია არც საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დაკისრებული ვალდებულება.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის შესაბამისად, საერთო მაუწყებელმა უნდა გადასცეს წინასაარჩევნო დებატები მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს. ამასთან, საერთო მაუწყებელმა მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს, აგრეთვე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არადისკრიმინაციულად უნდა უზრუნველყონ ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში. „საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საერთო მაუწყებელმა, რომელიც გადაწყვეტს, წინასაარჩევნო კამპანია საკუთარ ეთერში გააშუქოს, წინასაარჩევნო დებატები უნდა გადასცეს არადისკრიმინაციულად და ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით, თავისი მომსახურების ზონაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის დროს.
კომისია აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობისა და დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, მაუწყებლების მიერ წინასაარჩევნო დებატების განთავსების კანონიერების შემოწმებას კომისია ახორციელებს წინასაარჩევნო პერიოდის დასრულების შემდეგ, ვინაიდან მაუწყებლები კანონმდებლობის შესაბამისად არ არიან შეზღუდულნი წინასაარჩევნო დებატების მოწყობის დროში, ოდენობასა და ფორმატში. ამდენად, შპს „ტელეიმედის“, შპს „სტუდია მაესტროს“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიერ წინასაარჩევნო დებატებთან დაკავშირებით კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების შეფასებას კომისია განახორციელებს წინასაარჩევნო პერიოდის დასრულების შემდგომ და ამ ეტაპზე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატის კ.კუკავას მოთხოვნას დებატების ნაწილში უარი უნდა ეთქვას და უნდა შეწყდეს დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია ქცევის კოდექსის საფუძველზე შექმნას თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას. მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს. ამავე კანონის 591 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების, აგრეთვე ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების დარღვევებზე რეაგირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია განსაზღვრავს საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესს, უზრუნველყოფს მაუწყებლის მიერ ამ კანონით დადგენილ ნორმათა დაცვის მონიტორინგს და ახდენს შესაბამის რეაგირებას ამ ნორმების დარღვევაზე.
„საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საარჩევნო პროცესში მაუწყებლის მიერ წინასაარჩევნო დებატების, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების გაშუქებისას მაუწყებლის მიმართ წაყენებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დაინტერესებული პირის მიერ საჩივრის შეტანა ხდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ გათვალიწინებულ მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოში.
კომისია აღნიშნავს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მაუწყებლის სამაუწყებლო ეთერში წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქება ხორციელდება მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის ფარგლებში და ის მოთხოვნები, რომლებიც მაუწყებელმა უნდა შეასრულოს წარმოადგენს „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დარეგულირებულ საკითხებს („მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“, მუხლი 24). ამდენად, „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ განსაზღვრულ საკითხებთან დაკავშირებით, დაინტერესებულმა პირებმა უნდა მიმართონ მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს, შესაბამისად, შპს „ტელეიმედის“ და შპს „სტუდია მაესტროს“ მიმართ კომისიაში წარმოდგენილ საჩივართან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13, 53-ე, 54-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, 55-ე მუხლის, 591 მუხლის პირველი პუნქტის, „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
- შპს „ტელეიმედის“, შპს „სტუდია მაესტროსა და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიმართ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის კ.კუკავას საჩივართან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შეწყდეს;
- გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი კ.კუკავასთვის, შპს „ტელეიმედისთვის“, შპს „სტუდია მაესტროსთვის“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის მისი დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან;
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
- დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის დაუყოვნებლივ გაგზავნა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი კ.კუკავასთვის, შპს „ტელეიმედისთვის“, შპს „სტუდია მაესტროსთვის“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის;
- დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა) გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი.
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე
|
