შპს „ტელეიმედისა“ და შპს „სტუდია მაესტროს“ მიმართ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის კახა კუკავას საჩივრის განხილვის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 20, 2018 16:41
მიღების თარიღი ოქტომბერი 25, 2018
შპს „ტელეიმედისა“ და შპს „სტუდია მაესტროს“ მიმართ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის კახა კუკავას საჩივრის განხილვის თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიას (შემდგომში „კომისია“) 2018 წლის 9 ოქტომბერს მაუწყებლების - შპს „ტელეიმედისა“ და შპს „სტუდია მაესტროს“ მიმართ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა კახა კუკავამ საჩივრით (შ-6/5197-18) მიმართა წინასაარჩევნო რეკლამების სამაუწყებლო ბადეში განუთავსებლობის გამო.
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის კახა კუკავას საჩივარში აღნიშნულია, რომ შპს „ტელეიმედს“ გაეგზავნა წინასაარჩევნო რეკლამის სტატუსით განსათავსებლად შემდეგი ვიდეო რგოლები: „საქართველო მევახშეობის გარეშე“ და „საქართველო მარიხუანას გარეშე“, ხოლო შპს „სტუდია მაესტროს“ იმავე სტატუსით განსათავსებლად წარედგინა ვიდეორგოლები: „საქართველო იმიგრანტების გარეშე“ და საქართველო მარიხუანას გარეშე“. საჩივარში აღნიშნულია, რომ შპს „ტელეიმედმა“ ეთერში განათავსა მხოლოდ ვიდეო რგოლი „საქართველო მევახშეობის გარეშე“, ხოლო ვიდეორგოლი „საქართველო მარიხუანას გარეშე“ მიიჩნია კანონთან შესაძლო შეუსაბამოდ და მისი განთავსების მიზანშეწონილობის შესახებ შეკითხვით მიმართა კომისიას. შპს „სტუდია მაესტრომ“, ანალოგიური დასაბუთებით, კ.კუკავას მიერ მიწოდებული არცერთი ვიდეორგოლი არ განათავსა.
კომისიაში წარმოდგენილი საჩივრის სამართლებრივ საფუძვლად საჩივრის ავტორს მითითებული აქვს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-6 პუნქტი, რომლის თანახმად, საერთო ეროვნული საეთერო მაუწყებელი ვალდებულია საერთო არჩევნებისას საარჩევნო კამპანიის დროს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღიდან თავის ეთერში ყოველ 3 საათში გამოყოს არანაკლებ 7,5 წუთისა წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად, თანაბრად და არადისკრიმინაციულად განათავსოს თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ მისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა, იმ პირობით, რომ ამ პერიოდში ერთი საარჩევნო სუბიექტისათვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 90 წამს არ აღემატებოდეს (საარჩევნო სუბიექტს შეუძლია ეს დრო რამდენიმე ნაწილად დაყოს). არ შეიძლება საარჩევნო სუბიექტის მიერ გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის. საჩივრის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის შესაბამისად, მაუწყებელი პასუხს აგებს წინასაარჩევნო და სოციალური რეკლამების შინაარსზე. წინასაარჩევნო და სოციალური რეკლამების შინაარსზე პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება შესაბამის რეკლამის დამკვეთს. საჩივრის თანახმად, უფასო სარეკლამო დროით სარგებლობა წარმოადგენს კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტისთვის კანონით მინიჭებულ უფლებას და ამ უფლებით სარგებლობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ შედეგებზე პასუხისმგებლობასაც კანონმდებელი აკისრებს თავად სუბიექტს.
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის კახა კუკავას მოთხოვნა:
1. შპს „ტელეიმედისა“ და შპს „სტუდია მაესტროს“ მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, კანონით დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო;
2. დაადგინოს კომისიამ პრაქტიკა, რომლის შესაბამისად, საერთო ეროვნულ მაუწყებლებს დაეკისრებათ შინაარსის შეფასების გარეშე რგოლის ეთერში უპირობოდ განთავსების ვალდებულება.
შპს „ტელეიმედისა“ და შპს „სტუდია მაესტროს“ მიმართ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის კახა კუკავას საჩივრის კომისიის მიერ განხილვა დაინიშნა 2018 წლის 25 ოქტომბერს 15:00 საათზე, აღნიშნულის თაობაზე შეტყობინებით ეცნობათ, როგორც საჩივრის ავტორს, ისე მაუწყებლებს. მათ ასევე განემარტათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისიის 2018 წლის 25 ოქტომბრის სხდომაზე გამოცხადდნენ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის კ. კუკავას წარმომადგენელი თ. ომანიძე, შპს „ტელეიმედისა“ და შპს „სტუდია მაესტროს“ წარმომადგენლები: ა.ლაშხი და ნ.ფაშალიშვილი.
2018 წლის 25 ოქტომბრის კომისიის სხდომაზე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა კ. კუკავას წარმომადგენელმა თ. ომანიძემ საკუთარ ახსნა-განმარტებაში აღნიშნა, რომ თავდაპირველად მათ შპს „ტელეიმედსა“ და შპს „სტუდია მაესტროში“ წარადგინეს სამი ვიდეო რგოლი: 1. „საქართველო მევახშეობის გარეშე“; 2. „საქართველო იმიგრანტების გარეშე“; 3. „საქართველო მარიხუანას გარეშე“; აღნიშნული რეკლამებიდან მაუწყებლებმა სამაუწყებლო ეთერში განათავსეს მხოლოდ ვიდეორგოლი - „საქართველო მევახშეობის გარეშე“, ხოლო დანარჩენი ორი რეკლამა არ განათავსეს. მაუწყებლების არცერთი უარის წერილს არ ჰქონდა დასაბუთება, თუ რატომ მიიჩნიეს საეჭვოდ აღნიშნული ვიდეორგოლების შინაარსი. მათი ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით შეკითხვა გაიგზავნა კომისიაში. კომისიისგან მაუწყებლებმა მიიღეს პასუხი, რომ ვიდეო რგოლების განთავსება არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, თუმცა ამის შემდეგაც არ მოხდა ეთერში ვიდეო რგოლების განთავსება. იმიგრანტების შესახებ ვიდეო რგოლი შპს „ტელეიმედისა“ და შპს „სტუდია მაესტროს“ სამაუწყებლო ეთერში განთავსდა 2018 წლის 15 ოქტომბერს. ვიდეორგოლი „საქართველო მარიხუანას გარეშე“ საერთოდ არ განთავსებულა. თ.ომანიძის განცხადებით, მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „თავისუფალმა საქართველომ“ შეცვალა კომისიის სხდომის გამართვის დღემდე (25.10.2018) რამდენიმე დღით ადრე ორივე კლიპი, მაგრამ სადავოდ მიიჩნევს წინა პერიოდს. მისი აზრით, ამ ნაწილში დარღვევას აქვს ადგილი შპს „ტელეიმედის“ და შპს „სტუდია მაესტროს“ მხრიდან. თ. ომანიძის განმარტებით, არასწორია დამკვიდრებული პრაქტიკა, მაუწყებლის მიერ სარეკლამო რგოლის განთავსებაზე უარი თქმასთან დაკავშირებით, ვინაიდან კანონში მითითებულია, რომ თუ ვიდეორგოლის შინაარსი არღვევს კანონს, ამაზე პასუხისმგებელია ვიდეორგოლის წარმდგენი პირი და არა მაუწყებელი. საჩივრის ავტორის წარმომადგენლის განმარტებით, ეს არის კანონით საარჩევნო სუბიექტისთვის მინიჭებული დრო, რომლის გამოყენების უფლება და შესაძლებლობაც მას უნდა ჰქონდეს. თ. ომანიძემ ასევე აღნიშნა, რომ პრაქტიკის თანახმად, როდესაც საარჩევნო სუბიექტი მაუწყებელს მიმართავს ვიდეო რგოლის განთავსების მოთხოვნით, მაუწყებელი მათთვის ბუნდოვანი მიზეზით აცხადებს, რომ სარეკლამო რგოლის შინაარსი საეჭვოდ ეჩვენება, აგზავნის შეკითხვას კომისიაში, რის შედეგად პროცედურებში იკარგება ორი-სამი კვირა და ვიდეორგოლი ვერ ხვდება ეთერში და ამ დროის განმავლობაში ვიდეო რგოლი ისედაც გამოსაცვლელი ხდება. თ. ომანიძის განმარტებით, აღნიშნული პრაქტიკა უნდა შეიცვალოს და მაუწყებლები არ უნდა აფასებდნენ პოლიტიკური სარეკლამო რგოლის კანონთან შესაბამისობას. საჩივრის ავტორის განცხადებით, მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „თავისუფალმა საქართველომ“ სულ რომ ომის პროპაგანდა წარუდგინოს მაუწყებელს განსათავსებლად, რაც კანონით აკრძალულია, უნდა განთავსდეს მაუწყებლის მიერ, რადგან ამაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება თვით პოლიტიკურ გაერთიანებას და არა მაუწყებელს.
2018 წლის 25 ოქტომბრის კომისიის სხდომაზე შპს „ტელეიმედისა“ და შპს „სტუდია მაესტროს“ წარმომადგენლებმა ა.ლაშხმა და ნ.ფაშალიშვილმა თავიანთ ახსნა-განმარტებაში აღნიშნეს, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, აკრძალულია არასათანადო რეკლამის განთავსება, მათ შორის რეკლამის, რომელიც შეიცავს დისკიმინაციის, ეროვნული შუღლის გაღვივების და ა.შ. ნიშნებს, შესაბამისად, პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილი ვიდეო რგოლის კანონთან შესაბამისობა უნდა შეფასდეს მაუწყებლის მიერ. მაუწყებლების წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველოს“ მიერ წარდგენილი ვიდეორგოლი „საქართველო იმიგრანტების გარეშე“, განთავსდა მაუწყებლების ეთერში 2018 წლის 15 ოქტომბერს, ხოლო ვიდეორგოლი „საქართველო მარიხუანას გარეშე“ აღარ განთავსდა, ვინაიდან მოქალაქეთა პოლიტიკური პარტიის „თავისუფალი საქართველოს“ საკონტაქტო პირისგან მიიღეს სხვა ვიდეო რგოლი და მიიჩნიეს, რომ აღნიშნული ვიდეორგოლით უნდა ჩანაცვლებულიყო მანამდე წარდგენილი ვიდეორგოლები. აღნიშნული გარემოება არ დაადასტურა თ.ომანიძემ და განაცხადა, რომ მათ არ მოუთხოვიათ ვიდეორგოლების ჩანაცვლება.
II. კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები
1. შპს „ტელეიმედისა“ და შპს „სტუდია მაესტროს“ მიმართ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის კ.კუკავას საჩივარი (09.10.2018 შ-6/5197-18);
2. შპს „ტელეიმედის“ წერილი (25.09.2018 Nშ-6/4887-18) კომისიას;
3. შპს „სტუდია მაესტროს“ წერილი (25.09.2018 შ-6/4886-18) კომისიას;
4. კომისიის საპასუხო წერილი (03.10.18 N04/3313-18) შპს „ტელეიმედს“;
5. კომისიის საპასუხო წერილი (03.10.18 N04/3314-18) შპს „სტუდია მაესტროს“;
6. კომისიის წერილები (12.10.2018 N03/3363-18; 12.10.2018 N03/3363-18) შპს „ტელეიმედსა“ და შპს „სტუდია მაესტროს“ ახსნა-განმარტების წარმოდგენის თაობაზე;
7. შპს „ტელეიმედის“ მიერ საჩივართან დაკავშირებით კომისიაში წარმოდგენილი ახსნა-განმარტება (15.10.2018 Nშ-6/5333-18);
8. შპს „სტუდია მაესტროს“ მიერ საჩივართან დაკავშირებით კომისიაში წარმოდგენილი ახსნა-განმარტება (15.10.2018 Nშ-6/5345-18);
9. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის კ.კუკავას პასუხი მაუწყებლების ახსნა-განმარტებებზე (17.10.2018 შ-6/5396-18);
10. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (25.10.2018 Nშ-10/5585-18);
11. 2018 წლის 25 ოქტომბრის კომისიის სხდომაზე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის კ.კუკავას წარმომადგენლის თ.ომანიძის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებები;
12. 2018 წლის 25 ოქტომბრის კომისიის სხდომაზე შპს „ტელეიმედისა“ და შპს „სტუდია მაესტროს“ წარმომადგენლების ა.ლაშხისა და ნ.ფაშალიშვილის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებები.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
- შპს „ტელეიმედი“ და შპს „სტუდია მაესტრო“ წარმოადგენენ საერთო ეროვნულ მაუწყებლებს და ვალდებულნი არიან დაიცვან საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული წესები სამაუწყებლო ეთერში უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებით;
- წინასაარჩევნო პერიოდში მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „თავისუფალი საქართველო“, როგორც კვალიფიციურმა საარჩევნო სუბიექტმა შპს „ტელეიმედსა“ და შპს „სტუდია მაესტროს“ წარუდგინა ვიდეო რგოლები, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის საფუძველზე, უფასო პოლიტიკური რეკლამის სტატუსით განთავსების მიზნით. ორი ვიდეორგოლი: „საქართველო მევახშეობის გარეშე“ და „საქართველო მარიხუანას გარეშე“ წარედგინა შპს „ტელეიმედს“, ხოლო ვიდეორგოლები: „საქართველო იმიგრანტების გარეშე“ და „საქართველო მარიხუანას გარეშე“ წარედგინა შპს „სტუდია მაესტროს“;
- შპს „ტელეიმედმა“ და შპს „სტუდია მაესტრომ“ 2018 წლის 25 სექტემბერს მომართეს კომისიას შეკითხვით, ხომ არ ეწინააღმდეგებოდა მოქმედ კანონმდებლობას მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველოს“ მიერ წარდგენილი ვიდეორგოლები: „საქართველო იმიგრანტების გარეშე“ და „საქართველო მარიხუანას გარეშე“;
- 2018 წლის 3 ოქტომბერს კომისიამ აცნობა შპს „ტელეიმედსა“ და შპს „სტუდია მაესტროს“, რომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველოს“ მიერ წარდგენილი ვიდეორგოლები არ ეწინააღმდეგებოდა მოქმედ კანონმდებლობას;
- 2018 წლის 15 ოქტომბერს შპს „ტელეიმედმა“ და შპს „სტუდია მაესტრომ“ საკუთარ სამაუწყებლო ეთერში განათავსეს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველოს“ მიერ წარდგენილი ვიდეორგოლი „საქართველო იმიგრანტების გარეშე“;
- შპს „ტელეიმედმა“ და შპს „სტუდია მაესტრომ“ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველოს“ მიერ წარდგენილი ვიდეორგოლი „საქართველო მარიხუანას გარეშე“ არ განათავსეს საკუთარ სამაუწყებლო ეთერში.
IV. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება, ხოლო ი) ქვეპუნქტის შესაბამისად, საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
3. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საერთო ეროვნული საეთერო მაუწყებელი ვალდებულია საერთო არჩევნებისას საარჩევნო კამპანიის დროს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღიდან თავის ეთერში ყოველ 3 საათში გამოყოს არანაკლებ 7,5 წუთისა წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად და თანაბრად და არადისკრიმინაციულად განათავსოს თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ მისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა, იმ პირობით, რომ ამ პერიოდში ერთი საარჩევნო სუბიექტისათვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 90 წამს არ აღემატებოდეს (საარჩევნო სუბიექტს შეუძლია ეს დრო რამდენიმე ნაწილად დაყოს). არ შეიძლება საარჩევნო სუბიექტის მიერ გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის;
4. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 83-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, წინასაარჩევნო აგიტაციასთან, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებასა და ინფორმაციის გადაცემასთან ან გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევა გამოიწვევს ელექტრონული მედიის საშუალების დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით, ხოლო ბეჭდვითი მედიის საშუალებისას – 500 ლარის ოდენობით; ხოლო ამავე ორგანული კანონის 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 82-ე და 83-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;
5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის წ) ქვეპუნქტის თანახმად, რეკლამა არის კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას;
6. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ14) ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასაარჩევნო რეკლამა არის რეკლამა, რომლის მიზანია საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირის – მერის არჩევის ხელშეწყობა;
7. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე იკრძალება არასათანადო, არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური და აშკარად ყალბი რეკლამის ან ტელეშოპინგის განთავსება;
8. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა. მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელეიმედისა“ და შპს „სტუდია მაესტროს“ მიერ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველოს“ მიერ წარდგენილი წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის სტატუსით ვიდეორგოლის „საქართველო მარიხუანას გარეშე“ სამაუწყებლო ბადეში განუთავსებლობით, მაუწყებლების მიერ დარღვეულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-6 პუნქტი, რაც ამავე ორგანული კანონის 83-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის საფუძველია.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი პასუხს არ აგებს წინასაარჩევნო და სოციალური რეკლამების შინაარსზე. წინასაარჩევნო და სოციალური რეკლამების შინაარსზე პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება შესაბამისი რეკლამის დამკვეთს. აღნიშნულ ნორმასთან მიმართებაში კომისია აღნიშნავს, რომ მაუწყებელი არ არის პასუხისმგებელი წინასაარჩევნო/პოლიტიკურ რეკლამაში პოლიტიკური პარტიის მიერ ამომრჩევლისთვის მიწოდებულ ინფორმაციაზე, რადგან იგი არ არის მომზადებული მაუწყებლის სარედაქციო პასუხისმგებლობის ფარგლებში, ამასთან, თუ პოლიტიკური რეკლამის შინაარსი ეწინააღმდეგება მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის პრინციპებს, მაუწყებელმა ამ მოტივით რეკლამა არ უნდა შეაფასოს და უარი არ უნდა განაცხადოს მის განთავსებაზე; თუმცა, კომისიას მიაჩნია, რომ მაუწყებელმა ნებისმიერი რეკლამის განთავსებამდე უნდა შეაფასოს მისი კანონთან შესაბამისობა, ვინაიდან რეკლამა და მათ შორის წინასაარჩევნო რეკლამა შესაძლოა შეიცავდეს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ ან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით აკრძალულ დარღვევებს. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით აკრძალულია არასათანადო, არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური და აშკარად ყალბი რეკლამის განთავსება. ამასთანავე, კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული რეკლამის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, მაუწყებელი და კომისია უფლებამოსილნი და ვალდებულნი არიან უზრუნველყონ სამაუწყებლო ეთერით გადასაცემი პროდუქციის კანონთან შესაბამისობის შეფასება, მათ შორის წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამების გადაცემისა და წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების დროს, შესაბამისად, კომისია ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ წინასაარჩევნო პერიოდში სამაუწყებლო სივრცეში უნდა განთავსდეს ნებისმიერი წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამა, რომელსაც საარჩევნო სუბიექტი წარუდგენს მაუწყებელს.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13, 53-ე, 54-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-6 პუნქტის, 82-ე მუხლის პირველი პუნქტის, 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 70-ე მუხლის პირველი პუნქტის, შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის კ.კუკავას საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. კომისიის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე) დაევალოს შპს „ტელეიმედისა“ და შპს „სტუდია მაესტროს“ მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შედგენა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-6 პუნქტის დარღვევის გამო, ამავე კოდექსის 83-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად;
3. არ დაკმაყოფილდეს საჩივრის ავტორის მოთხოვნა, რომლის შესაბამისად, საერთო ეროვნულ მაუწყებლებს დაეკისრებათ წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის სტატუსით წარდგენილი ვიდეორგოლის კანონშესაბამისობის შეფასების გარეშე, სამაუწყებლო ეთერში უპირობოდ განთავსება.
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი კ.კუკავასთვის, შპს „ტელეიმედისთვის“, შპს „სტუდია მაესტროსთვის“ მისი დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში;
6. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის დაუყოვნებლივ გაგზავნა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი კ.კუკავასთვის, შპს „ტელეიმედისთვის“, შპს „სტუდია მაესტროსთვის“ და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);
7.დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე) გადაწყვეტილების (გარდა მე-4 პუნქტისა) შესრულებაზე კონტროლი.
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე
|
