წვდომის მენიუ

შპს „Voxbon“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 612 / 18

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 07, 2018 10:26

მიღების თარიღი ოქტომბერი 25, 2018

შპს Voxbon“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

  1. საქმის აღწერა 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (№შ-10/5339-18; 15.10.2018)   თანახმად, „შპს „Voxbone”-ს კომისიის 2018 წლის 5 ივლისის N393/22 გადაწყვეტილებით დაევალა 2018 წლის 5 ოქტომბრამდე საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის წარმოდგენა.  2018 წლის 15 ოქტომბრის მდგომარეობით კომპანიას ამონაწერი საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან არ წარმოუდგენია.

კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (№შ-10/5339-18; 15.10.2018)  საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „Voxbone”-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2018 წლის 25 ოქტომბერი. აღნიშნულის თაობაზე შეტყობინება  გაეგზავნა შპს „Voxbone”-ს და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.  შეტყობინება (N03/3400-18; 18.10.2018) კომპანიას ჩაბარდა 2018 წლის 23 ოქტომბერს (ჩაბარების  თარიღი: 23.10.18).

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა 2018 წლის 25 ოქტომბერს. კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს „Voxbone”-ის წარმომადგენელი ნ. ოთარიძე (მინდობილობა დათარიღებულია 2018 წლის 20 თებერვლით და მოქმედეს 1 წლის ვადით, გაცემულია შპს „Voxbone”-ის აღმასრულებელი და მმართველი დირექტორის იტაი როზენფელდის  მიერ), რომელმაც  აღნიშნა, რომ მარწმუნებლის მოთხოვნით სურს კომისიას მიაწოდოს ინფორმაცია უცხოური კომპანიების თაობაზე, რომლებიც ეწევიან შპს „Voxbone”-ს მსგავს საქმიანობას, თუმცა მათი ინფორმაციით აღნიშნული პირები არ არიან  ავტორიზებულები. შესაბამისად,  შპს „Voxbone“ ითხოვს კომისიამ შეისწავლოს აღნიშნული კომპანიების საქმიანობა, რათა შპს „Voxbone“ არ იყოს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩაყენებული. ნ. ოთარიძემ ასევე აღნიშნა, რომ შპს „Voxbone“ გადასახადის გადამხდელად არის რეგისტრირებული და საქართველოში მუდმივი დაწესებულებაც რეგისტრირებული აქვს, ასევე კომპანია არის ავტორიზებული პირი და შესაბამის საფასურსაც იხდის, თუმცა იმისთვის, რომ კომპანიამ მიიღოს გადაწყვეტილება მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე და აღნიშნული ამონაწერი წარმოადგინოს კომისიაში, სჭირდება 3 თვიან ვადა. 

II.  კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები

  1. კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (№შ-10/5339-18; 15.10.2018);
  2. შპს „Voxbone”-ის  შესახებ  ამონაწერი კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;
  3. “შპს „Voxbone”-ისთვის საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის წარმოდგენის დავალდებულების თაობაზე“ კომისიის 2018 წლის 5 ივლისის N393/22 გადაწყვეტილება; 
  4. შპს „Voxbone”-ის  წარმომადგენლის ნ.ოთარიძის ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის 2018 წლის 25 ოქტომბრის სხდომაზე.

III. კომისიის მიერ დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს „Voxbone”-ი  წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 03/03/2010; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: B.F.1 ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება: ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; B.F.5 სხვა ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურება: სხვა ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურება;

მტკიცებულება: კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები შპს „Voxbone”-ის შესახებ;

2. „შპს „Voxbone”-ისთვის საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის წარმოდგენის დავალდებულების თაობაზე“ კომისიის 2018 წლის 5 ივლისის N393/22 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „Voxbone”-ს დაევალა 2018 წლის 5 ოქტომბრამდე წარმოადგინოს ამონაწერი საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

მტკიცებულება: კომისიის 2018 წლის 5 ივლისის N393/22 გადაწყვეტილება;

3. შპს „Voxbone”-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ანალოგიური დარღვევისთვის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

 

IV.  გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება 

  1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
  2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;
  3. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;
  4. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებული სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად, ხოლო ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
  5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს;
  6. ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „Voxbone”-ის გარდა ყველა იმ კომპანიამ, რომლებიც რეგისტრირებული არიან  სხვა სახელმწიფოებში, მაგრამ ავტორიზაციის გავლის დროს კომისიაში არ ჰქონდათ წარმოდგენილი  ამონაწერი საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, დღეის მდგომარეობით კომისიაში წარმოადგინეს საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი ან საკუთარი ინიციატივით მოითხოვეს ავტორიზაციის გაუქმება (შეაჩერეს ავტორიზებადი საქმიანობა). კომისია აქვე აღნიშნავს, რომ შპს „Voxbone”-ის წარმომადგენლის მიერ კომისიისთვის მოწოდებული ინფორმაციის (უცხოური კომპანიების თაობაზე, რომლებიც სავარაუდოდ ეწევიან ავტორიზებად საქმიანობას ავტორიზაციის გარეშე) შესწავლა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა საოქმო გადაწყვეტილებით დაევალა კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიაჩნია, რომ შპს „Voxbone”-ის მიერ საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის წარმოუდგენლობით დარღვეულია „შპს „Voxbone”-ისთვის საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის წარმოდგენის დავალდებულების თაობაზე“ კომისიის 2018 წლის 5 ივლისის N393/22 გადაწყვეტილების პირველი პუნქტი და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) ქვეპუნქტი, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, სანქცირების საფუძველია. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის მხრიდან  ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადგილი არ ჰქონია იგივე/მსგავს დარღვევას, ის კანონის შესაბამისად წერილობით უნდა გაფრთხილდეს. ამავდროულად, სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „Voxbone”-ს უნდა დაევალოს აღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენა 3 (სამი) თვის ვადაში.

 V.    სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ)  ქვეპუნქტის,   45-ე მუხლის პირველი  პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის და  36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

 გადაწყვიტა:

  1. შპს „Voxbone”-ს მიეცეს გაფრთხილება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და „შპს „Voxbone”-ისთვის საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის წარმოდგენის დავალდებულების თაობაზე“ კომისიის 2018 წლის 5 ივლისის N393/22 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის  დარღვევის გამო;
  2. უზრუნველყოს  შპს „Voxbone”-მა საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის წარმოდგენა 3 (სამი) თვის  ვადაში;
  3. დაევალოს კომისიის  ადმინისტრაციას (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „Voxbone”-ისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ.შოვნაძე);
  4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ.გოშუა) შპს „Voxbone”-ის  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
  5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „Voxbone”-ისთვის ჩაბარების დღიდან;
  6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.,  N6) შპს „Voxbone”-ისთვის  ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
  7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (მე-3 და მე-4  პუნქტების გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ.ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები