შპს ,,სუპერ ტვ“-ის განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 08, 2018 15:18
მიღების თარიღი ოქტომბერი 25, 2018
შპს ,,სუპერ ტვ“-ის განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე
2018 წლის 5 ოქტომბერს შპს „სუპერ ტვ”-იმ განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/5117-18) მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიას (შემდგომში - კომისია) კომპანიების მიერ კომისიისთვის წარდგენილი მონაცემების მესამე პირებისათვის გადაცემის შეზღუდვის თაობაზე.
შპს ,,სუპერ ტვ“ განცხადებაში აღნიშნავს, რომ კომპანიების მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაცია, რომელიც მოიცავს მონაცემებს აბონენტებისა და შემოსავლების შესახებ, განთავსებულია კომისიის ანალიტიკურ პორტალზე და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის. შპს „სუპერ ტვ“ განცხადებაში ასევე მიუთითებს, რომ გასულ პერიოდში განხორციელებული შერწყმის გარიგებების შედეგად, ბაზარზე ჩამოყალიბდა ორი გიგანტი კომპანია: „მაგთიკომი“ და „სილქნეტი“, რომლებთანაც კონკურენციაც რთულია, ხოლო სახელმწიფო ვალდებულია შექმნას ქვეყანაში კონკურენციის განვითარების ხელშეწყობის პირობები. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,სუპერ ტვ“-იმ მოითხოვა კომპანიების მიერ კომისიაში წარმოდგენილი, ანალიტიკურ პორტალზე განთავსებული მონაცემების მესამე პირებისათვის წვდომის შეზღუდვა.
შპს ,,სუპერ ტვ“-ის განცხადების განხილვის მიზნით, კომისიის სხდომა დაინიშნა 2018 წლის 25 ოქტომბერს, რის შესახებ წერილობითი შეტყობინებით ეცნობა შპს ,,სუპერ ტვ“-ის. შეტყობინებით, შპს „სუპერ ტვ“ მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
2018 წლის 25 ოქტომბრის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს „სუპერ ტვ“-ის უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომელმაც განაცხადა, რომ კომპანიას აქვს სურვილი დააზუსტოს თავისი მოთხოვნა, რის გამოც იგი უარს აცხადებს განცხადებაზე და მოგვიანებით შემოიტანს განცხადებას დაზუსტებული მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ა) ქვეპუნქტისა და კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება. ვინაიდან, შპს ,,სუპერ ტვ“ უარს აცხადებს განცხადებაზე, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა შეწყდეს შპს ,,სუპერ ტვ“-ის განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ა) ქვეპუნქტის, IX თავის, კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შეწყდეს შპს ,,სუპერ ტვ“-ის განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „სუპერ ტვ-ისათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სუპერ ტვ“-ისთვის ჩაბარებისთანავე;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, N6) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს (ქ. რეხვიაშვილი).
|
|
|
|
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
|
|
|
