წვდომის მენიუ

,,სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორგანიზაციული მოწყობის სტრუქტურისა და პოზიციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2017 წლის 14 დეკემბრის N816/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: 614 / 19

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 06, 2018 10:14

მიღების თარიღი ოქტომბერი 30, 2018

,,სსიპსაქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორგანიზაციული მოწყობის სტრუქტურისა და პოზიციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე კომისიის 2017 წლის 14 დეკემბრის N816/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიაში მიმდინარეობს  ორგანიზაციული ეფექტიანობის ამაღლების პროცესი. აღნიშნული პროცესი, კომისიის დასაქმებულთა ყოველდღიური სამუშაო პროცესების აღწერას, ოპტიმიზაციას, ახალი პროექტების მართვას, ახალი თანამდებობრივი ინსტრუქციების შემუშავებას და, საერთო ჯამში,  შუა რგოლის  პასუხისმგებლობის გაზრდას და, შესაბამისად, მათი პროფესიული და სამუშაო უნარების გაუმჯობესებას გულისხმობს. 2019 წლიდან, კომისიაში იგეგმება შესრულებული  სამუშაოს შეფასების ისეთი სისტემის დანერგვა, რომელიც შესაძლებელს გახდის  განისაზღვროს როგორც  დასაქმებულის ტრენინგისა და განვითარების საჭიროება, ასევე სამოტივაციო პოლიტიკა.  ამ მიმართულებით, 2018 წლისათვის კომისიაში უკვე შემუშავებულია თითოეული სტრუქტურული ერთეულისათვის მიზნები და  შესრულების ძირითადი ინდიკატორები (KPI). USAID-ის ადამიანური და ინსტიტუციური გაძლიერების პროექტის (HICD- Human and institutional capacity development) ფარგლებში, კომისიის აპარატის 75 სამუშაო პროცესი აღიწერა და მოხდა 20 პროცესის ოპტიმიზაცია. განისაზღვრა კომისიის 2018-2019 წლის სტრატეგიული პროექტები  და, მათი გათვალისწინებით, შემუშავდა თითოეული დეპარტამენტის მიზნებისა და აქტივობების  გეგმა და შეფასების შესაბამისი ინდიკატორები.

კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ კომისიის მიერ იდენტიფიცირებულ იქნა და 2018 წლის განმავლობაში განხორციელდა (ან განხორციელების პროცესშია) კომისიის  10 სტრატეგიული პროექტი, მათ შორის, მაგალითად, ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორებიცაა კომისიის 2018 წლის 10 მაისის N4 დადგენილებით დამტკიცებული „ინტერნეტმომსახურების მიწოდების ხარისხის განსაზღვრისა და შემოწმების წესები“ და მის საფუძველზე ინტერნეტ მომსახურების ხარისხის შემოწმების სისტემის ამოქმედება, ასევე, პროექტი რომელიც ეხება მაგისტრალურ არხებთან დაშვების საბითუმო მომსახურების რეგულირებას.  2019 წლისათვის იგეგმება ახალი სტრატეგიული პროექტების განხორციელებაც. მათგან აღსანიშნავია მობილური ტექნოლოგიების ახალი თაობის - 5G სტრატეგიის შემუშავების პროექტი, რომელიც კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის გამოწვევას წარმოადგენს.

კომისიას გააზრებული აქვს თითოეული პროექტის მნიშვნელობა და გავლენა სატელეკომუნიკაციო ბაზარზე, ამავე დროს, ითვალისწინებს, რომ სტრატეგიული პროექტების განხორციელება ასევე გამოიწვევს კომისიის შიდა სამუშაო პროცესების საოპერაციო ცვლილებებს. მათ შორის, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს კომისიის ადამიანური რესურსების გაძლიერება. ამ მხრივ, აღსანიშნავია კომისიის მიერ ამ ეტაპზე განხორციელებული პროფესიული აქტივობები, კერძოდ, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისათვის გაზრდილი ფუნქციების ეფექტური შესრულების ხელშეწყობისთვის. კერძოდ, 2018 წლის განმავლობაში მოხდა ძირითად, სახაზო თანამდებობებზე დასაქმებულთა გადამზადება პროფესიული და მენეჯერული უნარების გაუმჯობესების კუთხით. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებმა და კომისიის სხვა დასაქმებულებმა (სულ 12 ადამიანი) მონაწილეობა მიიღეს ადამიანების მენეჯმენტის ტრენინგებში, სადაც განხილულ იქნა ეფექტური მართვისა და  დავალებების დელეგირების თანამედროვე მეთოდები, ყოველდღიურ საქმიანობაში მათი დანერგვის მიზნით.

შუალედური რგოლის პროფესიული გაძლიერებისა და მენეჯერული უნარების გაზრდისთვის განხორციელებულ აქტივობებთან  ერთად,  გაიზარდა თითოეული სტრუქტურული ერთეულის პასუხისმგებლობის ხარისხი. იგეგმება მართვის შიდა სისტემის ცვლილება, ფუნქციონალური სტრუქტურის მატრიცულით შეცვლა, რაც პირველ რიგში გულისხმობს პროექტულ მუშაობას, შუა რგოლის მენეჯერების მიერ გადაწყვეტილებების  პროაქტიულად მიღებას (შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში) და საოპერაციო კუთხით, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელების პასუხისმგებლობის გაზრდას.

კომისიას მიაჩნია, რომ მატრიცულ სტრუქტურაზე გადასვლის პროცესში გათვალისწინებული უნდა იყოს შესაბამის შრომით ბაზარზე არსებული მდგომარეობა. 2014 წელს კომისიის მონაწილეობით საკონსულტაციო კომპანია “EY საქართველო“ მიერ ჩატარებული  სატელეკომუნიკაციო სექტორის სახელფასო კვლევის თანახმად, შეიწონა და შეფასდა კომისიის პოზიციათა სახელფასო სარგოები რეგულირების სფეროში შემომავალი კომპანიების სახელფასო სარგოებთან მიმართებით, შესაბამისი ფუნქციების, კომპანიის იერარქიულ სტრუქტურაში არსებული რანგის, პასუხისმგებლობის, საჭირო კვალიფიკაციისა დ კომპეტენციის  გათვალისწინებით.  შეფასდა, რომ  დღეის მდოგმარეობით,  შრომის ბაზარზე სატელეკომუნიკაციო სექტორში მაღალ და შუა რგოლის მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებული პირების სახელფასო სარგოები გაცილებით აღემატება კომისიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების სახელფასო სარგოებს.   

გასათვალისწინებელია, რომ კომისიის წინაშე არსებული გამოწვევების, მოქმედი და ახალი სტრატეგიული პროექტების, ასევე, რეგულირების სფეროში შემავალ დარგებში განსახორციელებელი  სიახლეებისა და პროექტების კომპლექსურობის  გათვალისწინებით, კვალიფიციური თანამშრომლების მოზიდვა და შენარჩუნება უფრო აქტუალური ხდება. არაკონკურენტული ხელფასები გაართულებს მაღალკვალფიციური პროფესიონალების შენარჩუნებას კომისიაში, განსაკუთრებით - საპასუხისმგებლო სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების პოზიციებზე, რაც  შეიძლება საზიანო იყოს კომისიის აპარატის გამართული ფუნქციონირებისათვის. სპეციალიზებულ ბაზარზე კონკურენტუნარიანობის  შენარჩუნებისთვის, აუცილებელია საშუალო/მაღალი რგოლის მენეჯერების ხელფასების კორექტირება.

 ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების პოზიციებისათვის  სახელფასო სარგოების ზღვრების 40-დან 50-ის ჩათვლით შმკ ოდენობით განსაზღვრა, რაც მოითხოვს ცვლილებების განხორციელებას  სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორგანიზაციული სტრუქტურისა და პოზიციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2017 წლის 14 დეკემბრის N816/22 გადაწყვეტილებაში.  

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სახელფასო სარგოს განსაზღვრავს კომისია, კომისიის 2016 წლის 1 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების“ (შემდგომში „დებულება“) პირველი მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად. დებულების მე-3 მუხლის 24-ე მუხლის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნიშნავს და ათავისუფლებს პირებს, კომისიის აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობებზე; საჭიროების შემთხვევაში კომისიის მიერ განსაზღვრული წესითა და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ განსაზღვრულ შემთხვევებში, დროებით ამოცანათა შესასრულებლად იწვევს შტატგარეშე დასაქმებულებს და აფორმებს მათთან ვადიან შრომით ხელშეკრულებებს. ხოლო დებულების ამავე მუხლის გ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის თავმჯდომარე ახორციელებს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ მართვას და აპარატის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის საერთო კოორდინაციას; ანაწილებს სამსახურებრივ დავალებებს აპარატის სტრუქტურულ ერთეულებს შორის; კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილი წესით აპარატში დასაქმებულთა შრომითი მოტივაციის მიზნით იყენებს წახალისების ზომებს, ხოლო დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში, უფლებამოსილია გამოიყენოს კომისიის აპარატის შინაგანაწესით განსაზღვრული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები; ამავე მუხლის დ) ქვეპუნქტის თანახმად, შიდა ორგანიზაციულ საკითხებზე კომისიის თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებებს, რომლებიც არ შეიცავს ქცევის ზოგად წესს.

კომისიას მიაჩნია, რომ დებულების პირველი მუხლის მე-6 პუნქტისა და მე-3 მუხლის 24-ე პუნქტის ბ), გ) და დ) ქვეპუნქტების გათვალისწინებით, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების პოზიციებისათვის სახელფასო სარგოების ზღვრების 40-დან 50-ის ჩათვლით შმკ ოდენობით შემოღებასთან ერთად, აუცილებელია კომისიის თავმჯდომარეს მიენიჭოს უფლებამოსილება ბრძანებით განსაზღვროს მოქმედი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების არსებული სახელფასო სარგოებისაგან (შმკ 40) განსხვავებული სახელფასო სარგოების ზღვრები (შმკ 40-დან 50-ის ჩათვლით) გაზრდილი ფუნქციების, პასუხისმგებლობის და შესაბამის შრომის ბაზარზე არსებული სახელფასო სარგოების გათვალისწინებით.

კომისიამ ასევე შეისწავლა ორგანიზაციული გაუმჯობესებისა და პროცესების ოპტიმიზაციის პროცესში ადმინისტრაციის ზოგიერთი ფუნქციის ახლებურად გადანაწილების საკითხი და მიზანშეწონილად მიიჩნია ადმინისტრაციის საშვთა ბიუროს ადმინისტრატორის საშტატო ერთეულის გაუქმება და აღნიშნული ფუნქციის კომისიის დაცვის ფუნქციებში გადანაწილება. გარდა ამისა, კომისიამ განიხილა არმ სამსახურის ა.რ.მ. ადმინისტრატორის სახელწოდების ცვლილების საკითხიც. ვინაიდან, კომისიის თავმჯდომარის 2016 წლის 13 დეკემბრის N6/28 ბრძანებით აღნიშნული პოზიციისათვის დამტკიცებულმა სამუშაოს აღწერილობამ განიცადა ცვლილება და საკადრო ადმინისტრირების ფუნქციასთან ერთად დაემატა გარკვეული ფუნქციები, შესაბამისად, პოზიციის სახელწოდება უნდა შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს არმ სამსახურის წამყვანი სპეციალისტის სახელწოდების სახით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის 131 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე, 103-ე, 104-ე და 105-ე მუხლებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების პირველი მუხლის მე-6 პუნქტის  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შევიდეს ცვლილება სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორგანიზაციული სტრუქტურისა და პოზიციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე კომისიის 2017 წლის 14 დეკემბრის N816/22 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში და დანართი 2 დამტკიცდეს თანდართული სახით;

2.მიეცეს უფლებამოსილება კომისიის თავმჯდომარეს, ბრძანებით განსაზღვროს მოქმედი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების არსებული სახელფასო სარგოებისაგან (შმკ 40) განსხვავებული სახელფასო სარგოების ზღვრები (შმკ 40-დან 50-ის ჩათვლით) გაზრდილი ფუნქციების, პასუხისმგებლობისა და შესაბამის შრომის ბაზარზე არსებული სახელფასო სარგოების გათვალისწინებით;

3. წინამდებარე გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი მიღებისთანავე;

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.gncc.ge   გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.) კომისიის ვებ-გვერდზე www.gncc.ge გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს (თ. ბოკუჩავა).

 

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები