შპს „კავკასუს ონლაინის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 20, 2018 16:36
მიღების თარიღი ნოემბერი 01, 2018
შპს „კავკასუს ონლაინის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (№შ-10/4596-18; 12.09.2018) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო.
კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის თანახმად, კომისიის 2017 წლის 26 ოქტომბრის N706/22 გადაწყვეტილების „განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის და სააღრიცხვო პოლიტიკის წარმოდგენისათვის განსხვავებული ვადების დადგენის თაობაზე“ თანახმად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს, მათ შორის „კავკასუს ონლაინს“, განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარმოდგენის ბოლო ვადად განესაზღვრათ 2018 წლის 1 სექტემბერი, ნაცვლად 2018 წლის 1 ივლისისა. შპს „კავკასუს ონლაინს“ 2018 წლის 24 სექტემბრის მდგომარეობით (ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თარიღი) კომისიის მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია კომისიისთვის არ წარმოუდგენია.
შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2018 წლის 4 ოქტომბერი. აღნიშნულის თაობაზე კომპანიას გაეგზავნა შეტყობინება (N03/3218-18; 24.09.2018) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით შპს „კავკასუს ონლაინს“ განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისია აღნიშნავს, 2018 წლის 4 ოქტომბრის სხდომას ესწრებოდა შპს „კავკასუს ონლაინის“ იურისტი ე. მებონია, რომელმაც აღნიშნა, რომ კომისიის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის წარმოდგენა შესაძლებელია 2019 წლის თებერვლისთვის, შესაბამისად მოითხოვა სამ თვიანი ვადა განცალკევებული აუდირებული ანგარიშების წარმოსადგენად. შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა გადაიდო 2018 წლის 1 ნოემბერს, რის თაობაზეც კომპანიის წარმომადგენელი გაფრთხილდა კომისიის სხდომაზე კანონის შესაბამისად.
კომისია აღნიშნავს, რომ 2018 წლის 1 ნოემბრის სხდომას ესწრებოდა შპს „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენელი თ. დურგლიშვილი, რომელმაც განმარტა, რომ განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარმოდგენა კომისიაში შესაძლებელი იქნება აუდიტის დასრულების შემდეგ, 2019 წლის 25 იანვრისთვის. ამ ეტაპზე კომპანია მზად არის წარმოადგიანოს არა აუდირებული ანგარიში. თ. დურგლიშვილის განმარტებით, შპს „კავკასუს ონლაინის“ 2017 წლის განცალკევებული აღრიცხვის აუდირებული ანგარიშის მომზადებისთვის კონსულტანტ აუდიტორულ კომპანიას წარმოადგენს შპს „ბიდიო“. შპს „ბიდიოსა“ და შპს „კავკასუს ონლაინს“ შორის 2017 წლის 16 ივნისს გაფორმებული სტანდარტული პირობებისა და შემდგომ გაფორმებული გარიგების საფუძველზე, შპს „ბიდიომ“ აიღო ვალდებულება შპს „კავკასუს ონალიანის“ მიერ შემუშავებული „ხარჯთაღრიცხვისა და დანახაჯების განცალკებებულად განაწილების სააღრიცხვო პოლიტიკის“ შესაბამისად მოამზადოს აუდირებული ანგარიში 2017 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის დასრულებიდან 1 თვის ვადაში, ხოლო 2017 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის დასრულების ვადად განსაზღვრულია 2018 წლის დეკემბერი. ამასთან, 2017 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მომზადების დაწყების წინაპირობას, შპს „ბიდიოსთვის“ 2016 წლის აუდირებუილ ანგარიშის წარდგენა წარმოადგენს, რომელსაც კომპანია „ფრაისვოთერსჰაუსკუპერსი“ („PwC“) ამზადებს, გამომდინარე იქიდან, რომ შპს „კავკასუს ონლაინს“ და შპს „მაგთიკომს“ შორის 2016 წლის 30 მაისის „საწარმოს დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის ყველა აქტივის მიწოდების თაობაზე“ ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელდა ტრანზაქციები (ტრანზაქციების შედეგად შპს „კავკასუს ონლაინის“ აქტივები გაიყო საცალო და საბითუმო აქტივებად) აუდირებული დასკვნის წარმოდგენის ვადამ გადაიწია 2018 წლის 5 ნოემბერისთვის. სწორედ, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შპს „კავკასუს ონლაინი“ კომისიის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის წარმოსადგენად ითხოვს დამატებით ვადას. კომისიის 2018 წლის 1 ნოემბრის სხდომაზე, შპს „კავკასუს ონლაინმა“ წარმოადგინა წერილობითი ახსნა-განმარტება, თანდართული დოკუმენტებით (კომისიაში რეგისტრაციის: N6/5726-18, 31.10.18; N6/5733-18, 31.10.18).
II. კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები
- კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის 2018 წლის 12 სექტემბერის Nშ-10/4596-18 მოხსენებითი ბარათი თანდართული მასალით;
- შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ახსნა-განმარტება (31.10.2018; შ-6/5733-18; N6/5726-18);
- შპს „კავკასუს ონლაინის“ შესახებ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
- შპს „კავკასუს ონალინის“ შესახებ ამონაწერი კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;
- შპს „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლის ე. მებონიას მიერ 2018 წლის 4 ოქტომბრის კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება;
- შპს „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლის თ. დურგლიშვილის მიერ 2018 წლის 1 ნოემბერის კომისიის სხდომაზე მიცემული ახნსა-განმარტება.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს „კავკასუს ონლაინი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 11.02.2010; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა; საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა; თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ინტერნეტ მომსახურება; ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; ინტერნეტ მომსახურება; მაუწყებლობის ტრანზიტი და სხვა);
მტკიცებულება: მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.
2. შპს „კავკასუს ონლაინის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ანალოგიური დარღვევისთვის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
- ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
- ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;
- ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;
- ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის ა) სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად, ხოლო ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს;
- ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიაჩნია რომ შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ აუდირებული განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშების, კომისიის მიერ მოთხოვნილ ვადაში წარმოუდგენლობით დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტები.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „კავკასის ონლაინის“ მიერ 2018 წლის 31 ოქტომბერს კომისიაში წარმოდგენილი (კომისიაში რეგისტაციის Nშ-6/5733-18; 31.10.2018 და შ-6/5726-18; 31.10.2018) წერილებით ირკვევა, რომ შპს „კავკასუს ონალინმა“ დროულად მოახდინა განცალკევებული აღრიცხვის აუდირებული ანგარიშის მომზადებისთვის კონსულტანტ აუდირებულ კომპანიებთან შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმება აუდირებული ანგარიშის კომისიაში წარმოდგენის მიზნით, თუმცა კომპანიაში განხორციელებული ტრანზაქციების გამო აუდირებული კომპანიების მხრიდან გაჭიანურდა აუდიტორული დასკვნის მომზადება, რის გამოც შპს „კავკასუს ონლაინმა“ ვერ განახორციელა კომისიის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის ვადებში წარმოდგენა. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ მიიჩნია, რომ შპს „კავკასუს ონლაინის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების, ასევე მისთვის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარმოდგენისთვის დამატებით ვადის განსაზღვრით, კერძოდ 2019 წლის 25 იანვარი, დაცული იქნება კანონიერების და პროპორციულობის პრინციპი.
V. სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „კავკასუს ონლაინი“ ცნობილ იქნას სამართალდამრღვევად ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო;
2. შპს „კავკასუს ონლაინი“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან;
3. მიეცეს შპს „კავკასუს ონლაინს“ 2019 წლის 25 იანვრამდე ვადა კომისიაში განცალკევებული აუდირებული აღრიცხვის ანგარიშის წარმოსადგენად;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
