სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 08, 2018 15:20
მიღების თარიღი ნოემბერი 01, 2018
სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2018 წლის 18 ოქტომბერს კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/5435–18) მიმართა სს „სილქნეტმა“ კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის, კერძოდ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლების დამადასტურებელ ხელშეკრულებაზე დამატების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე. სს „სილქნეტმა“ მოითხოვა წარმოდგენილი ხელშეკრულებაზე დამატების კომერციულ საიდუმლოებად ცნობა სრულად, გარდა ხელშეკრულების დამატებითი შეთანხმების მხარეების, სამაუწყებლო არხების ჩამონათვლისა და მოქმედების ვადებისა.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.
სს „სილქნეტის“ მიერ 2018 წლის 18 ოქტომბრის განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/5435–18) მოთხოვნილია შემდეგი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა:
ა) სს „სილქნეტსა“ და „MTV Networks Europe”-ს შორის 2017 წლის 01 იანვარს გაფორმებულ ხელშეკრულებაზე დამატებითი შეთანხმება, სამაუწყებლო არხების ჩამონათვალისა, ხელშეკრულების დამატებითი შეთანხმების მხარეებისა და მოქმედების ვადებისა.
აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება, აგრეთვე წარმოდგენილი ხელშეკრულების დამატებითი შეთანხმება და მიიჩნია, რომ სს „სილქნეტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაცია, შინაარსობრივად ნაწილობრივ შეიცავს კომერციული საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, ცნობებს კომპანიის მიერ გადასახდელი თანხებისა და ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების შესახებ. აგრეთვე სხვა პირობებს, რომელთა გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას. განმცხადებელმა თავად მოითხოვა ხელშეკრულების დამატებითი შეთანხმების იმ პირობების ღიად დატოვება, რომლებზეც კომისია თვლის, რომ არ შეიძლება იყოს ცნობილი კომერციულ საიდუმლოებად, კერძოდ: მხარეები, სამაუწყებლო არხების ჩამონათვალი და მოქმედების ვადები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სს „სილქნეტის“ 2018 წლის 18 ოქტომბრის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/5435–18) უნდა დაკმაყოფილდეს კერძოდ, კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია მათ მიერ მოთხოვნილ ნაწილში ცნობილ უნდა იქნას კომერციულ საიდულმოებად, ვინაიდან, სს „სილქნეტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის საჯაროდ დატოვებამ, შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31–ე მუხლის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე–4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს სს „სილქნეტის“ 2018 წლის 18 ოქტომბრის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/5435-18):
ა) ცნობილ იქნას სს „სილქნეტსა“ და „MTV Networks Europe”-ს შორის 2017 წლის 01 იანვარს გაფორმებულ ხელშეკრულებაზე დამატებითი შეთანხმება, გარდა სამაუწყებლო არხების ჩამონათვალისა, ხელშეკრულების დამატებითი შეთანხმების მხარეებისა და მოქმედების ვადებისა, რომლებიც ცნობილ იქნას ღიად;
2. ინფორმაცია სს „სილქნეტის“ კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს სს „სილქნეტის“ მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მომართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არა დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების სს „სილქნეტისთვის“ გაგზავნა (ნ.ჯავახიძე).
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის სს „სილქნეტისთვის“ ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, N6) 1 თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
