წვდომის მენიუ

ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 62 / 18

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 15, 2018 11:59

მიღების თარიღი თებერვალი 08, 2018

ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

I.     საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№შ-10/343-18, 22.01.2018) თანახმად, 2018 წლის 10 იანვარს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ   განხორციელდა  ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილის“  შემოწმება პროგრამების აუდიო-ვიზუალური დათვალიერება-მოსმენის საშუალებით და გადაცემის დროის დაფიქსირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი №3. შემოწმება ჩატარდა ქ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზ. N41,  ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილის“  ოფისში მ. გრიგალაშვილის თანდასწრებით. შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ  ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილი“ საკუთარი ქსელით ახდენს შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „ენკი-ბენკი“, „საფერავი ტვ“, „აჭარა“, „ერთსულოვნება“,„საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“,  „ტვ პირველი“, „იბერია“, „პალიტრა ტვ“, „Россия К”, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „HI TV“, “RTVi”, “Travel”, „Шансон ТВ”, „არტარეა“, „ბასტი ბუბუ“, „Детский Мир“, “Интер +”, “Music Box Ru”, “Setanta sport+”, „სტარვიზია“, “Euronews”, “პულსი”, “RTR планета”,  “Music Box” (თბილისი), “Baby channel”, „ობიექტივი“, „TV5“, “1 გასართობი” (რ.ბ.ჯ.), “Дом Кино“, „Родное Кино“, „Мир сериала“, “XXI”, “Усадьба”, “Домашные животные”, “Setanta sport”, “Дом Кино премиум“, “Nat Geo Wilde”, “National Geographic”, “Fox”, “Fox Life”, “ტელეარხი 25“.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე, ირკვევა, რომ  ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილს“  2018 წლის 22 იანვრის მდგომარეობით კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „აჭარა“,“Baby channel”,“Nat Geo Wilde”, “Natinal Geographic”, “Fox”, “Fox Life”, “ტელეარხი 25“.  შესაბამისად, ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების შესწავლის საფუძველზე, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილის“ მიერ ზემოაღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება ხორციელდება არამართლზომიერად.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№შ-10/343-18, 22.01.2018) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2018 წლის 8 თებერვალი. აღნიშნულის თაობაზე შეტყობინება ფოსტით გაეგზავნა ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილს“ და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.  შეტყობინება (N03/272-18; 29.01.2018) კომპანიას ჩაბარდა 2018 წლის 30 იანვარს.

                2018 წლის 31 იანვარს კომისიაში შემოვიდა ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/526-18; 31.01.2018), რომელშიც აღნიშნულია, რომ კომპანიას გააჩნია შემდეგი სამაუწყებლო არხების: „აჭარა“,“Baby channel”,“Nat Geo Wilde”, “Natinal Geographic”, “Fox”, “Fox Life”, “ტელეარხი 25“-ის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც გადმოგზავნილია კომისიის ელექტრონულ ფოსტაზე 2016 წლის 23 სექტემბერს, კერძოდ, გადმოგზავნილია BABY NETWORK LIMITED, FOX NETWORK GROUP UK LIMITED, NGC EUROPE LIMITED-თან გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც დიდი მოცულობის გამო დაარქივებული ფაილის სახით გადმოიგზავნა, ასევე, 2017 წლის 23 ივნისს გადმოგზავნილ იქნა შპს „ტვ 25“-ის თანხმობა, რაზედაც კომისიის ელექტრონული მისამართიდან მოვიდა წერილის მიღების დასტური. ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილის“ წერილში (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/526-18; 31.01.2018) ასევე აღნიშნულია, რომ ზემოაღნიშნულისა და იმის გათვალისწინებით, რომ დოკუმენტაცია კომისიის მიერ ვერ იქნა მოძიებული, წერილზე დანართის სახით წარმოდგენილია ზემოაღნიშნული სამაუწყებლო არხების მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა კომისიის 2018 წლის 8 თებერვლის სხდომაზე. კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილი“  მიუხედავად იმისა, რომ კომისიის 2018 წლის 29 იანვრის  N03/272-18 შეტყობინება კომპანიას ჩაბარდა 2018 წლის 30 იანვარს (გზავნილის კოდი: AP01003946883; ჩაბარების თარიღი: 30.01.2018; ჩაიბარა: მ.გრიგალაშვილმა). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით და შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილის“  დაუსწრებლად.

II. კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები:   

  1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/343-18, 22.01.2018) თანდართული დოკუმენტაციით;
  2. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების  რეგულირების დეპარტამენტის 2018 წლის 10 იანვრის შემოწმების აქტი N03;
  3. ინდ. მეწარმე “მარლენ გრიგალაშვილის“ შემოწმების პროცესის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი (CD);
  4. ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/526-18; 31.01.2018);
  5. ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილის“ შემოწმების დამსწრე პირის - მარლენ გრიგალაშვილის პირადობის მოწმობის ასლი;
  6. კომისიის 2013 წლის 14 იანვრის N04/80-13 წერილი და ამ წერილის ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი - საფოსტო ქვითარი N010003895908;
  7. მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმე (არაკომერციაული) იურიდიული პირების რეესტრიდან ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილის“ შესახებ;
  8. კომისიის 2018 წლის 29 იანვრის  N03/272-18 შეტყობინება და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გზავნილის კოდი: AP01003946883).

III.       კომისიის მიერ დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები:

  1. ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილი” არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 25.01.2010; ავტორიზებული საქმიანობის სახე: ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; მაუწყებლობის ტრანზიტი);
  2. ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილს“ საქართველოს ტერიტორიაზე  სამაუწყებლო არხების უცვლელი სახით გადაცემის უფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეს ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საავტორო ან მომიჯნავე (მათ შორის ექსკლუზიური) უფლების მფლობელთან დადებული ხელშეკრულების ან/და სანებართვო წერილების  საფუძველზე;
  3. 2013 წლის 14 იანვრის №04/80-13 წერილით (ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილს ჩაბარდა 16.01.2013; ქვითრის ნიმერი: 010003895908) მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, მათ შორის ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილს“ ეცნობა და განემარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირის მიერ ხორციელდება ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი, არა უშუალოდ ტელე ან რადიომაუწყებელთან გაფორმებული ხელშეკრულების, არამედ შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ტელე ან რადიოარხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად ტრანზიტის დასადასტურებლად, ავტორიზებულმა პირმა კომისიაში უნდა წარმოადგინოს: ა) ავტორიზებულ პირსა და შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; ბ) შუამავლობის /დისტრიბუციის/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; გ) ტელე ან რადიომაუწყებლის ოფიციალური დადასტურება ტელე ან რადიოარხის სამაუწყებლო ბადეებში განთავსებული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული გავრცელების უფლების ფლობის შესახებ. ამავე წერილით მას განემარტა, რომ თუ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება ხორციელდება ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, აუცილებელია კომისიაში აღნიშნული სამაუწყებლო არხის პროგრამებზე საავტორო და მომიჯნავე უფლების მქონე პირის/ კომპანიის ნებართვის წერილის წარმოდგენა (Permission Letter), რომელშიც აღნიშნული იქნება ა) ნებართვა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ სამაუწყებლო არხის საქართვლოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ; ბ) დადასტურება სამაუწყებლო არხის ბადეში განთავსებული პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების შესახებ; ასევე, განემარტა მის მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტებში ყოველი სამაუწყებლო არხის ცვლილების (დამატების) შემთხვევაში, აგრეთვე მოქმედი ხელშეკრულების ვადის გასვლისას ახალი ვადით ხელშეკრულების გაგრძელებისას შესაბამისი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება კომპანიის მიერ შესაბამისი სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე/ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე;
  4. 2018 წლის 10 იანვარს, 12:30 საათზე, ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილის“ ოფისში, მისამართზე: ქ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზ. N41, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ (ზ. კვირველია, ი. ბაღაშვილი) განხორციელდა ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილის“ მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემის მართლზომიერების შემოწმება, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი №03.  შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლები: ზ.კვირკველია და ი.ბაღაშვილი, შემოწმებისა და შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმე, მ. გრიგალაშვილი;
  5. შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ  ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილი“ საკუთარი საკაბელო ქსელით ავრცელებს შემდეგ სამაუწყებლო არხებს: „ენკი-ბენკი“, „საფერავი ტვ“, „აჭარა“, „ერთსულოვნება“,„საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“,  „ტვ პირველი“, „იბერია“, „პალიტრა ტვ“, „Россия К”, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „HI TV“, “RTVi”, “Travel”, „Шансон ТВ”, „არტარეა“, „ბასტი ბუბუ“, „Детский Мир“, “Интер +”, “Music Box Ru”, “Setanta sport+”, „სტარვიზია“, “Euronews”, “პულსი”, “RTR планета”,  “Music Box” (თბილისი), “Baby channel”, „ობიექტივი“, „TV5“, “1 გასართობი” (რ.ბ.ჯ.), “Дом Кино“, „Родное Кино“, „Мир сериала“, “XXI”, “Усадьба”, “Домашные животные”, “Setanta sport”, “Дом Кино премиум“, “Nat Geo Wilde”, “National Geographic”, “Fox”, “Fox Life”, “ტელეარხი 25“;
  6. 2018 წლის 10 იანვარს განხორციელებული შემოწმების სისწორე დადასტურდა 2018 წლის 10 იანვრის №03 შემოწმების აქტით, რომელიც შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ასევე, შემოწმების პროცესის აუდიო-ვიზუალური ჩანაწერით;
  7. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილს“  2018 წლის 22 იანვრის მდგომარეობით კომისიაში არ ჰქონდა წარმოდგენილი შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „აჭარა“,“Baby channel”,“Nat Geo Wilde”, “Natinal Geographic”, “Fox”, “Fox Life”, “ტელეარხი 25“; 2018 წლის 31 იანვარს კომისიაში შემოსული ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილის“ წერილის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/526-18; 31.01.2018) თანახმად, გამოირკვა, რომ კომპანიას გააჩნია ზემოაღნიშნული სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც გადმოგზავნილი იყო კომისიის ელექტრონულ ფოსტაზე 2016 წლის 23 სექტემბერს, კერძოდ,  BABY NETWORK LIMITED, FOX NETWORK GROUP UK LIMITED, NGC EUROPE LIMITED-თან გაფორმებული ხელშეკრულებები, რომელიც დიდი მოცულობის გამო დაარქივებული ფაილის სახით გადმოიგზავნა, ასევე, 2017 წლის 23 ივნისს გადმოგზავნილი იყო შპს „ტვ 25“-ის სანებართვო წერილი, რაზედაც არსებობს კომისიის დასტური წერილის მიღების შესახებ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დადგინდა, რომ 2018 წლის 10 იანვრის შემოწმების შედეგად დაფიქსირებული სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებას ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილი“ საკუთარი საკაბელო ქსელით ახორციელებს  მართლზომიერად;

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

  1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
  2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;
  3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;
  4. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად,    ხოლო ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
  5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
  6. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის  №609 დადგენილებით),   ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან  მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
  7. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis   მუხლისა და  „ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ  ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით; ამ ნორმის გამოყენებისათვის კი აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა საშუალებები და ხერხები;
  8. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების”  აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);
  9. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;
  10. ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ნიშნავს ნება დართოს ან აკრძალოს: ა) გადაცემის ჩაწერა; ბ) გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით  და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც  მოხდა მისი ჩაწერა; გ) გადაცემის ერთდროულად გადაცემა ეთერში და კაბელით ხელახალი გადაცემა შესაბამისად საეთერო და საკაბელო მაუწყებლობის სხვა ორგანიზაციის მიერ; დ) გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელით; ე) გადაცემის საჯარო გადაცემა ადგილებში, სადაც შესვლა ფასიანია. ვ) გადაცემის ჩანაწერის გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით; ზ) გადაცემის ჩანაწერის გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა; თ) გადაცემის ჩანაწერის გადაცემა სადენებით ანდა უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეული ადგილიდან და დროს;
  11. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;
  12. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი;
  13. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს;
  14. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, გაფრთხილებისა და დაჯარიმების შესახებ ადმინისტრაციული წარმოება იწყება კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ დაინტერესებული მხარისათვის შეტყობინების გაგზავნის (დაზღვეული საფოსტო გზავნილით ან ტელეფონოგრამით) მომენტიდან;
  15. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, თუ არ არსებობს გაფრთხილების ან ჯარიმის საფუძველი, ადმინისტრაციული წარმოება წყდება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილის“ მხრიდან ადგილია არ ჰქონია სამაუწყებლო არხების:  „აჭარა“,“Baby channel”,“Nat Geo Wilde”, “Natinal Geographic”, “Fox”, “Fox Life”, “ტელეარხი 25“-ის  შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე საკაბელო ქსელით უცვლელი სახით გადაცემით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლი, ,,საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტის დარღვევას, ვინაიდან ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილის“ მიერ ზემოაღნიშნული სამაუწყებლო არხების რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია კომისიაში წარმოდგენილი იყო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა შეწყდეს ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილისთვის“ ადმინისტრაციული პასიხოსმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება, ვინაიდან, არ არსებობს მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად, თუ არ არსებობს გაფრთხილების ან ჯარიმის საფუძველი, ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს.

V.    სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ)  ქვეპუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“   36-ე მუხლის მე-14 და მე-17 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად 

 გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

  1. შეწყდეს ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილის“ მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება;
  2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
  3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილისთვის“  ჩაბარების დღიდან;
  4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.,  N6) ინდ. მეწარმე „მარლენ გრიგალაშვილისთვის“  ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
  5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                               კახი  ბექაური

კომისიის წევრი                                                                                              ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                              ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                                              გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                              მერაბ ქათამაძე         

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები