შპს სამაუწყებლო კომპანია „კახეთი I“ -ის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F79 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2010 წლის 16 აპრილის N189/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 06, 2018 10:20
მიღების თარიღი ნოემბერი 01, 2018
შპს სამაუწყებლო კომპანია „კახეთი I“ -ის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F79 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2010 წლის 16 აპრილის N189/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება. 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს სამაუწყებლო კომპანია „კახეთი I“ (ს/კ 241567194) წარმოადგენს ლიცენზიის მფლობელ პირს. შპს სამაუწყებლო კომპანია „კახეთი I“ ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF75 ლიცენზიას კომისიის 2010 წლის 16 აპრილის N189/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი 10,705მჰც ÷ 11,209 მჰც
ბ) რადიოსიხშირული ზოლის სიგანე - 504 მჰც;
გ) სიმძლავრე - 1 ვატი;
დ) სადგურების რაოდენობა - 1 სადგური;
ე) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: ყვარლის რაიონი;
ვ) ლიცენზიის მოქმედების ვადა - 2020 წლის 16 აპრილამდე;
ზ) ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში პრაქტიკული საქმიანობის დაწყება;
თ) შპს სამაუწყებლო ტელეკომპანია „კახეთი 1“ ვალდებულია რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად და ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;
კომისია აღნიშნავს, რომ შპს სამაუწყებლო კომპანია „კახეთი I“ ფლობდა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას, რომელიც შეუჩერდა კომისიის 2017 წლის 16 მარტის N168/3 გადაწყვეტილებით, ვინაიდან კომპანია არ ახორციელებდა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ საქმიანობას (ტელემაუწყებლობის ტრანზიტს) ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. შპს სამაუწყებლო კომპანია „კახეთი I“ 2011 წლის ნოემბრის შემდგომ არ წარმოადგენდა რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებებს. ასევე 2013 წლის თებერვლის თვიდან არ ავსებდა სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებს.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის გაუქმების საფუძველია ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით გათვალისწინებული რესურსით სარგებლობისა და ამ რესურსის გამოყენებით პრაქტიკული საქმიანობის განხორციელების შეწყვეტა ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით ან 6 თვით ერთი წლის განმავლობაში.
კომისია აღნიშნავს, რომ 2018 წლის პირველი ნოემბრის სხდომას არ ესწრებოდა შპს სამაუწყებლო კომპანია „კახეთი I“-ის წარმომადგენელი. შეტყობინება ლიცენზიის გაუქმების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ კომპანიას ჩაბარდა 2018 წლის 26 ოქტომბერს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ლიცენზიებთან დაკავშირებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. იგივე წესია დადგენილი „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიის გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით, ხოლო ასეთი პროცედურის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ უნდა დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს სამაუწყებლო კომპანია „კახეთი I“ -ის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F79 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2010 წლის 16 აპრილის N189/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით, ვინაიდან სახეზეა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით განსაზღვრული ლიცენზიის გაუქმების საფუძველი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის და IX თავის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს სამაუწყებლო კომპანია „კახეთი I“ -ის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F79 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2010 წლის 16 აპრილის N189/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით;
2. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2018 წლის 6 დეკემბერს 15:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას:
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. შოვნაძე);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს სამაუწყებლო კომპანია „კახეთი I“ -სთვის გაგზავნა (დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით) (ნ. ჯავახიძე);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
