წვდომის მენიუ

,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 634 / 23

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 19, 2018 15:29

მიღების თარიღი ნოემბერი 15, 2018

,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის თანახმად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭებისას თუ მაძიებელი უკვე ფლობს ამ დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ნუმერაციის რესურსს და მის მიერ მოთხოვნილია ნუმერაციის რესურსი იმავე სახის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებისთვის, წარმოდგენილ უნდა იყოს დადასტურება იმისა, რომ მაძიებლის მიერ ათვისებულია კომისიის მიერ მასზე უკვე გაცემული ნუმერაციის რესურსის საერთო რაოდენობის 75%. ასევე ამავე დადგენილების მე-4 მუხლის გ) ქვეპუნქტის თანახმად სარგებლობის უფლების მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველია თუ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დადასტურდა, რომ ნუმერაციის რესურსის მაძიებლის მიერ, რომელიც უკვე ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას და მის მიერ მოთხოვნილია ნუმერაციის რესურსი იმავე სახის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებისთვის, არ არის ათვისებული (იმავე გეოგრაფიულ ზონაში – გეოგრაფიული ნუმერაციის რესურსის შემთხვევაში) კომისიის მიერ მასზე იმავე სახის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებისთვის გაცემული ნუმერაციის რესურსის საერთო ოდენობის 75%; ამავე დადგენილების მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად პირებს, რომლებიც ფლობენ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას კომისიის მიერ გაცემული ლიცენზიების საფუძველზე ან ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვას არასრულ ბლოკებზე რომლით სარგებლობის უფლებაც დათმობილ იქნა მათი მოთხოვნის საფუძველზე, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება შეუძლიათ მოიპოვონ პირველ რიგში ნუმერაციის იმ თავისუფალი რესურსიდან, რომელსაც ითვალისწინებდა მათზე გაცემული ლიცენზია. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება წინამდებარე წესების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებაზე, იმ შემთხვევაში, თუ ამ ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მფლობელი განსაზღვრული საფასურის სანაცვლოდ ახორციელებს მომხმარებლებისათვის (მათ შორის, ბოლო მომხმარებლებისათვის) შესაბამისი ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას.

კომისია აღნიშნავს, რომ არსებული პუნქტები ზღუდავს ავტორიზებულ პირებს მიიღონ ახალი ნუმერაციის რესურსი და შესთავაზონ მომხმარებელს სააბონენტო ნომრების არჩევანი, ვინაიდან ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ნუმერაციის რესურსი პირველ რიგში შეივსონ მათ მიერ ჩაბარებული უკვე გადარჩეული ნუმერაციის რესურსიდან და ასევე წარმოადგინონ მათ სარგებლობაში არსებული ნუმერაციის რესურსის საერთო ოდენობის 75%-ის ათვისების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

კომისია აღნიშნავს, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბერის N 355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ თანახმად მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისთვის   განკუთვნილია   100 სატელეფონო ინდექსი (5XX), საიდანაც თითოეული მოიცავს 1 000 000   სააბონენტო   ნომერს. დღეისათვის მითითებული რესურსიდან 76 სატელეფონო ინდექსზე (76 000 000 სააბონენტო ნომერი), არ არის გაცემული სააბონენტო ნომრები. ამავე დადგენილების თანახმად ქ. თბილისის გეოგრაფიულ ზონაში გათვალისწინებულია 8 000 000 სააბონენტო ნომერი, რომელიც მოიცავს რვა სატელეფონო ინდექსს, ხოლო საქართველოს სხვა ქალაქების გეოგრაფიულ ზონებში თითოეულში გათვალისწინებულია 800 000 სააბონენტო ნომერი. არაგეოგრაფიულ ნუმერაციის ზონაში გამოყოფილია 74 სატელეფონო ინდექსი (706-779) ანუ 74 000 000 სააბონენტო ნომერი, საიდანაც დღეისათვის 1%-იც არ არის ათვისებული. უსადენო შეღწევის სისტემის  ქსელებით სატელეფონო მომსახურებისთვის გამოყოფილია 19 სატელეფონო ინდექსი (780-799) ანუ 19 000 000 სააბონენტო ნომერი. დღეისათვის სააბონენტო ნომრები გაცემულია მხოლოდ  ერთ სატელეფონო ინდექსზე (790).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიაჩნია, რომ მიზანშეწონილია კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებულ ,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესებში” გაუქმდეს  ნუმერაციის რესურსის გაცემის შემზღუდველი პუნქტები და ოპერატორებმა შეძლონ სურვილის შემთხვევაში რესურსი მიიღონ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე. ამასთანავე,  აღსანიშნავია, რომ კომისიის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს, ამოწურვადი რესურსების მართვა და მათი ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა, შესაბამისად ზემოაღნიშნული შემზღუდველი პუნქტების გაუქმებამ, რომ არ გამოიწვიოს ერთი ოპერატორის მიერ დიდი ოდენობით ნუმერაციის რესურსის აღება, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ერთ სააბონენტო ნომერზე დადგენილი საფასურის ოდენობის გაზრდა.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ 2017 წლის ბოლოს (მეოთხე კვარტალში) საქართველოში ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების აბონენტების რაოდენობამ 714 ათასი აბონენტი შეადგინა. 2016 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, აბონენტების რაოდენობა 13.1%-ით (124 ათასი აბონენტი) შემცირდა. 2018 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით საქართველოში ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების აბონენტების რაოდენობამ  621 ათასი აბონენტი შეადგინა, ხოლო მობილური აბონენტების რაოდენობამ 5,5 მილიონი. ზრდის ტენდენციით ხასიათდება მოხმარებული მობილური ინტერნეტ-ტრაფიკის ოდენობაც. გაიზარდა საშუალოდ ერთი მომხმარებლის მიერ მოხმარებული ინტერნეტ-ტრაფიკის ოდენობა. თუ 2016 წლის ბოლოს იგი თვეში 1,362 მბ-ს შეადგენდა, 2017 წლის ბოლოს ამ მაჩვენებელმა 1,851 მბ შეადგინა (34%-ით მეტი). ფიქსირებული ტელეფონიის აბონენტების შემცირება მსოფლიოში არსებული ტენდენციაა, რაც მობილური კომუნიკაციებით ფიქსირებული ტელეფონიის ჩანაცვლების შედეგია. შესაბამისად კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია გაიზარდოს მხოლოდ მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის დადგენილი საფასური და  განისაზღვროს 0,25 ლარით 1 სააბონენტო ნომერზე.  

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, VII და IX თავებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით;

2. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2018 წლის 18 დეკემბერს 15:00 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნეს ზეპირი მოსმენის გამართვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

3.  დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ცნობისა და მომზადებული დადგენილების პროექტის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე ინტერნეტში (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

4.  გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ძალით;

5.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (გარდა მე-3 პუნქტისა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

 

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი

 

 

მერაბ ქათამაძე

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

 

 

 

 

 

 

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები