წვდომის მენიუ

შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 644 / 18

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 10, 2018 16:38

მიღების თარიღი ნოემბერი 22, 2018

შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-თვის  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I. აღწერილობითი ნაწილი

2018 წლის 12 ნოემბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის 2018 წლის 12 ნოემბრის შ/№10/5988-18 სამსახურებრივი ბარათი თანდართულ მასალასთან (წერილობითი დოკუმენტაცია; CD) ერთად. აღნიშნული სამსახურებრივი ბარათის თანახმად,  კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს  „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი-2“-ის  სამაუწყებლო ბადეში განთავსებული სარეკლამო რგოლების მონიტორინგი, რომლის შედეგად  გამოვლინდა, რომ 2018 წლის 10-11 ნოემბერს შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ეთერში განთავსებული იყო უფასო და ფასიანი პოლიტიკური რეკლამები, რომლებიც წარმოადგენენ საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის არჩევისთვის მხარდამჭერ და პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის არჩევისთვის ხელის შემშლელ ვიდეო რგოლებს.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა არის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში (შემდგომ – მედია) გასული ისეთი შინაარსის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას/ხელის შეშლას, რომელშიც ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, ან მოწოდებას სარეფერენდუმოდ/საპლებისციტოდ გამოტანილი საკითხის გადაწყვეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-2 მუხლის ჰ) ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასაარჩევნო კამპანია არის საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მიერ არჩევნებში მონაწილეობისა და გამარჯვების მიზნით ჩატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა, ხოლო 105-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არჩევნების მეორე ტურს განკარგულებით ნიშნავს ცესკო. არჩევნების მეორე ტური იმართება არჩევნების პირველი ტურის შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლი ადგენს მედიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების ზოგადი რეგულირებების წესებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის შესაბამისად, კენჭისყრამდე არაუგვიანეს 50-ე დღიდან კენჭისყრის დღემდე სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი, ავტორიზებული საეთერო მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ვალდებული არიან, დაიცვან შემდეგი პირობები: ა) მაუწყებლობის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის საეთერო დროის გამოყოფის შემთხვევაში საჯაროდ გამოაცხადონ და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ყოველკვირეულად გადასცენ ინფორმაცია: რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობით არის გამოყოფილი საეთერო დრო, 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი, საეთერო დროის ტარიფი, გაწეული მომსახურება; ბ) ტელე- ან რადიოკომპანიის მიერ 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი ფასიანი დრო არ უნდა აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის საერთო მოცულობის 15 პროცენტს და არცერთ საარჩევნო სუბიექტს არ უნდა დაეთმოს ამ დროის ერთ მესამედზე მეტი. ფასიანი დროის ტარიფი ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის (როგორც კვალიფიციური, ისე არაკვალიფიციური სუბიექტებისათვის) ერთნაირი უნდა იყოს; გ) პოლიტიკური/ წინასაარჩევნო რეკლამის გამოქვეყნებისას კადრის კუთხეში უნდა იყოს წარწერა „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა“. ასეთ რეკლამას უნდა ჰქონდეს სურდოთარგმანი, რომლის უზრუნველყოფაც რეკლამის წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის ვალდებულებაა; დ) ამ პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში არ დაუშვან პოლიტიკური რეკლამის განთავსება სხვა დროს, გარდა ამ მიზნით გამოყოფილი დროის შუალედისა.

კომისიამ 2016 წლის 12 ოქტომბრის №4/3699-16 და 2018 წლის 30 ოქტომბრის №4/3546-18 წერილებით აცნობა მაუწყებლებს და კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, მაუწყებლებს საინფორმაციო უზრუნველყოფის, მათ შორის, დებატების პროგრამის და პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის (ფასიანი/უფასო) განთავსების მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები წარმოეშობა არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის თაობაზე ცესკოს მიერ გამოცემული განკარგულების შემდეგ.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის  სამსახურებრივი ბარათისა და მასზე დართული  მასალების საფუძველზე (წერილობითი დოკუმენტაცია; CD), 2018 წლის 19 ნოემბერს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიერ სამაუწყებლო ბადეში ვიდეორგოლების განთავსების მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხის განხილვის მიზნით, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2018 წლის 22 ნოემბერს, რის თაობაზეც შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს  ეცნობა წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

2018 წლის 22 ნოემბრის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის უფლებამოსილი წარმომადგენელი თ. მურადაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიერ სარეკლამო რგოლების განთავსებისას არ დარღვეულა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი და აღნიშნა, რომ ამავე საარჩევნო პერიოდში ანალოგიურ საკითხზე, კერძოდ, როდესაც 2018 წლის 15-16 აგვისტოს მაუწყებლის ეთერში განთავსდა „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ პოლიტიური რეკლამა, კომისიამ მიიჩნია, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მოთხოვნები, ხოლო დღევანდელ სხდომაზე საკითხს იხილავს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის გამო.  თ. მურადაშვილმა ასევე განაცხადა, რომ პირველი ტურის შემდეგ წინასაარჩევნო კამპანია  ქვეყანაში არ შემწყდარა და მაუწყებელს შეეძლო პოლიტიკური რეკლამის განთავსება გარკვეული პირობების დაცვით, კერძოდ, მათ კომისიაში წარადგინეს ინფორმაცია პოლიტიკური რეკლამისთვის საეთერო დროის გამოყოფის შესახებ. შესაბამისად, 2018 წლის 10 და 11 ნოემბერს მაუწყებლის ეთერში პოლიტიკური რეკლამის განთავსებისას ადგილი არ ჰქონდა კანონის დარღვევას. 

II. გამოკვლეული მტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის 2018 წლის 12 ნოემბერის №შ-10/5988-18 სამსახურებრივი ბარათი თანდართულ მასალასთან (კომისიის 2016 წლის 12 ოქტომბრის №4/3699-16 და 2018 წლის 30 ოქტომბრის №4/3546-18 წერილები; ვიდეორგოლების ამსახველი - CD) ერთად.

2. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 14 ნოემბრის  არჩევნების პირველი ტურის შედეგების შემაჯამებელი ოქმი და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 14 ნოემბრის №351/2018 განკარგულება.

3. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-თან დაკავშირებით.

4. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებები.  

III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები 

1. შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ 2015 წლის 17 ივლისიდან წარმოადგენს   ავტორიზებულ პირს მაუწყებლობის სფეროში (მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა). შესაბამისად, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“,  როგორც მაუწყებელი, ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები.

მტკიცებულება: მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები.

2.  2018 წლის 14 ნოემბერს, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების შემაჯამებელი ოქმით დადგინდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტები (№5 გრიგოლ ვაშაძე და №48 სალომე ზურაბიშვილი) და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 14 ნოემბრის №351/2018 განკარგულებით  საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მე-2 ტური 2018 წლის 28 ნოემბერს დაინიშნა.

მტკიცებულება: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 14 ნოემბრის  არჩევნების პირველი ტურის შედეგების შემაჯამებელი ოქმი და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 14 ნოემბრის №351/2018 განკარგულება.

3. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის მიერ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის სამაუწყებლო ბადის მონიტორინგის  შედეგად გამოვლინდა, რომ 2018 წლის 10-11 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც დასრულდა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრა (2018 წლის 28 ოქტომბერი) და ცესკოს მიერ არ არის გამოცემული განკარგულება საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურის დანიშვნის თაობაზე, ამასთან, ცესკოს მიერ ოფიციალურად არ არის  გამოცემული საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი, შესაბამისად, ოფიციალურად არ არის დადგენილი საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურის გამართვის საჭიროება და საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურში მონაწილე ორი საარჩევნო სუბიექტის ვინაობა, რომლებსაც უფლება აქვთ ცესკოს მიერ დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურში გამარჯვების მოპოვების მიზნით წარმართონ საარჩევნო კამპანია, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ეთერში განთავსდა პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის არჩევისთვის ხელის შემწყობი და პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის არჩევისთვის ხელის შემშლელი უფასო და ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამები.

მტკიცებულებაკომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის 2018 წლის 12 ნოემბრის №შ-10/5988-18 სამსახურებრივი ბარათი თანდართულ მასალასთან (კომისიამ 2016 წლის 12 ოქტომბრის №4/3699-16 და 2018 წლის 30 ოქტომბრის №4/3546-18 წერილები; ვიდეორგოლების ამსახველი - CD) ერთად. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 14 ნოემბრის არჩევნების პირველი ტურის შედეგების შემაჯამებელი ოქმი და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 14 ნოემბრის №351/2018 განკარგულება.

4. კომისიის 2016 წლის 12 ოქტომბრის №4/3699-16 (აღნიშნული წერილი შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ს ჩაბარდა 2016 წლის 17 ოქტომბერს)  და 2018 წლის 30 ოქტომბრის №4/3546-18 (აღნიშნული წერილი შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ს ჩაბარდა 2016 წლის 17 ოქტომბერს)  წერილებით მაუწყებლებს ეცნობათ, რომ მაუწყებლებს საინფორმაციო უზრუნველყოფის, მათ შორის, დებატების პროგრამის და პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის (ფასიანი/უფასო) განთავსების მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები წარმოეშობა არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის თაობაზე ცესკოს მიერ გამოცემული განკარგულების შემდეგ.

მტკიცებულება: კომისიის 2016 წლის 12 ოქტომბრის №4/3699-16 და 2018 წლის 30 ოქტომბრის №4/3546-18 წერილები და აღნიშნული წერილების შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-სთვის ჩაბარების დამადასტურებელი  დოკუმენტი.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება,  ხოლო ი) ქვეპუნქტის შესაბამისად, საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი.

3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული რეკლამის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.

4. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, იკრძალება არასათანადო, არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური და აშკარად ყალბი რეკლამის ან ტელეშოპინგის განთავსება.

5. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეკლამასთან დაკავშირებით გამოიყენება „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

6. ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად,  არასათანადო რეკლამა არის არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური, შეცდომაში შემყვანი ან სხვა რეკლამა, რომელშიც დარღვეულია მისი შინაარსის, დროის, ადგილის ან გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

7.  საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-2 მუხლის თ) ქვეპუნქტის შესაბამისად, არჩევნების მეორე ტური არის კენჭისყრა, რომელიც იმართება ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ვადებში, როდესაც არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა;  ი) ქვეპუნქტის თანახმად, არჩევნების (კენჭისყრის) დღე არის საერთო, შუალედური ან ხელახალი არჩევნების ჩატარების დღე, ასევე მეორე ტურის, განმეორებითი კენჭისყრის დღე.

8. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-2 მუხლის რ) ქვეპუნქტის თანახმად, საარჩევნო სუბიექტი არის შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული პარტია, საარჩევნო ბლოკი, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი, საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის კანდიდატი, საჯარო ხელისუფლების თანამდებობის კანდიდატი.

9.  საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა – მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში (შემდგომ – მედია) გასული ისეთი შინაარსის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას/ხელის შეშლას, რომელშიც ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, ან მოწოდებას სარეფერენდუმოდ/საპლებისციტოდ გამოტანილი საკითხის გადაწყვეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ.

10.   საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 95-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით, არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა;

11. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 104-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არჩეულად ჩაითვლება საქართველოს პრეზიდენტობის ის კანდიდატი, რომელსაც ხმა მისცა არჩევნებში მონაწილეთა ნახევარზე მეტმა. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, თუ არჩევნების პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, ინიშნება არჩევნების მეორე ტური.

12. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 105-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ არჩევნების პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, ინიშნება არჩევნების მეორე ტური, მე-2 პუნქტის შესაბამისად, არჩევნების მეორე ტურს განკარგულებით ნიშნავს ცესკო, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, არჩევნების მეორე ტური იმართება არჩევნების პირველი ტურის შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე; არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის უფლება აქვს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს. თუ პირველ ტურში პირველის შემდგომი უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატებს ხმათა თანაბარი რაოდენობა აქვთ მიღებული, მეორე ტურში მონაწილის ვინაობა ვლინდება წილისყრით.

13. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“  50-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კენჭისყრამდე არაუგვიანეს 50-ე დღიდან კენჭისყრის დღემდე სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი, ავტორიზებული საეთერო მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ვალდებული არიან, დაიცვან შემდეგი პირობები: ა) მაუწყებლობის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის საეთერო დროის გამოყოფის შემთხვევაში საჯაროდ გამოაცხადონ და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ყოველკვირეულად გადასცენ ინფორმაცია: რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობით არის გამოყოფილი საეთერო დრო, 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი, საეთერო დროის ტარიფი, გაწეული მომსახურება; ბ) ტელე- ან რადიოკომპანიის მიერ 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი ფასიანი დრო არ უნდა აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის საერთო მოცულობის 15 პროცენტს და არცერთ საარჩევნო სუბიექტს არ უნდა დაეთმოს ამ დროის ერთ მესამედზე მეტი. ფასიანი დროის ტარიფი ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის (როგორც კვალიფიციური, ისე არაკვალიფიციური სუბიექტებისათვის) ერთნაირი უნდა იყოს; გ) პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის გამოქვეყნებისას კადრის კუთხეში უნდა იყოს წარწერა „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა“. ასეთ რეკლამას უნდა ჰქონდეს სურდოთარგმანი, რომლის უზრუნველყოფაც რეკლამის წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის ვალდებულებაა; დ) ამ პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში არ დაუშვან პოლიტიკური რეკლამის განთავსება სხვა დროს, გარდა ამ მიზნით გამოყოფილი დროის შუალედისა.

14. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, საერთო ეროვნული საეთერო მაუწყებელი ვალდებულია საერთო არჩევნებისას საარჩევნო კამპანიის დროს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღიდან თავის ეთერში ყოველ 3 საათში გამოყოს არანაკლებ 7,5 წუთისა წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად და თანაბრად და არადისკრიმინაციულად განათავსოს თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ მისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა, იმ პირობით, რომ ამ პერიოდში ერთი საარჩევნო სუბიექტისათვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 90 წამს არ აღემატებოდეს (საარჩევნო სუბიექტს შეუძლია ეს დრო რამდენიმე ნაწილად დაყოს). არ შეიძლება საარჩევნო სუბიექტის მიერ გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის.

15. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვა და მაუწყებლის პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

16. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.

17. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მაუწყებელი, როგორც რეკლამის გამავრცელებელი, ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული რეკლამის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა („მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტი) და არ უნდა დაუშვას არასათანადო რეკლამის ეთერში განთავსება (,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტი).

კომისია აღნიშნავს, რომ აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვა და მაუწყებლის პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება. ამავე დროს, პოლიტიკური პარტიის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა დასაშვებია წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას არჩევნების დღემდე წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის განთავსების მიზნით და განსაზღვრულია შესაბამისი წესები. კერძოდ,  საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე და 51-ე მუხლები განსაზღვრავენ მედიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების ზოგად რეგულირებებსა და წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფის წესებს.

საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 104-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 105-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ არჩევნების პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, ინიშნება არჩევნების მეორე ტური, ხოლო არჩევნების მეორე ტურს განკარგულებით ნიშნავს ცესკო. 105-ე მუხლის  მე-2 პუნქტის თანახმად, არჩევნების მეორე ტური იმართება არჩევნების პირველი ტურის შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე, ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის უფლება აქვს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს.  

აღნიშნულიდან გამომდინარე, ცესკოს მიერ პირველი ტურის შედეგების ოფიციალურად გამოცხადების შედეგად დგინდება საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურის გამართვის საჭიროება და საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურში მონაწილე ორი საარჩევნო სუბიექტის ვინაობა, რომლებსაც უფლება აქვთ ცესკოს მიერ დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურში გამარჯვების მოპოვების მიზნით წარმართონ საარჩევნო კამპანია. შესაბამისად, წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამა, რომლის მიზანია საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობა/ხელის შეშლა, რომელშიც ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, მაუწყებლის ეთერში შეიძლება განთავსდეს ცესკოს მიერ საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურის დანიშვნის თაობაზე განკარგულების გამოცემის შემდეგ კენჭისყრის დღემდე, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 50-ე და 51-ე მუხლებით განსაზღვრული წესით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ეთერში,  ცესკოს მიერ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დანიშვნამდე, ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსებით ადგილი აქვს შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიერ პოლიტიკური პარტიიდან დაფინანსების მიღებას, რაც გამოიხატა პოლიტიკური პარტიის მიერ რეკლამის გავრცელების მიზნით შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მომსახურების შესყიდვით, რითაც, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიერ დაირღვა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის პირველი პუნქტი. ამასთან, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა განათავსა და გაავრცელა არასათანადო რეკლამები, ვინაიდან, ფასიანი თუ უფასო წინასაარჩევნო რეკლამები განთავსდა და გავრცელდა განთავსების დროის და გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით, რითაც მის მიერ დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტი და 63-ე მუხლის მე-2 პუნქტი.

რაც შეეხება  შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენლის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ანალოგიურ საკითხზე, კერძოდ, როდესაც 2018 წლის 15-16 აგვისტოს მაუწყებლის ეთერში განთავსდა „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ პოლიტიური რეკლამა, კომისიამ მიიჩნია, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მოთხოვნები, ხოლო დღევანდელ სხდომაზე საკითხს იხილავს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის გამო, კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა ეთერში განათავსა ცესკოში რეგისტრირებული, კვალიფიციური პოლიტიკური პარტიის ,,ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისათვის“ პოლიტიკური შინაარსის რეკლამა 2018 წლის 15-16 აგვისტოს, მაშინ, როდესაც უკვე გამოცემული იყო საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 1 აგვისტოს განკარგულება საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების 2018 წლის 28 ოქტომბერს დანიშვნის შესახებ  და შესაბამისად, მოქმედებდა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე და 51-ე მუხლებით გათვალისწინებული წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების ზოგადი რეგულირებები და წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფის წესები, მათ შორის, მაუწყებლის ვალდებულება - კენჭისყრამდე არაუგვიანეს 50-ე დღიდან კენჭისყრის დღემდე, პოლიტიკური რეკლამისთვის საეთერო დროის გამოყოფის შემთხვევაში საჯაროდ გამოაცხადოს და კომისიას ყოველკვირეულად გადასცეს ინფორმაცია: რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობით არის გამოყოფილი საეთერო დრო, 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი, საეთერო დროის ტარიფი, გაწეული მომსახურება. შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ - მა, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური რეკლამების განსათავსებლად გამოყო საეთერო დრო, ამის შესახებ ინფორმაცია არ გადასცა კომისიას, ვინაიდან, მისი განცხადებით, ასეთი ინფორმაციის კომისიისთვის გადაცემის ვალდებულება მას წარმოეშობოდა მხოლოდ 50-ე დღიდან კენჭისყრის დღემდე, რაც წარმოადგენს საქართველოს საარჩევნო კოდექსის 83-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რაზედაც, ამავე კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიის მიერ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ამასთან, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიერ 2018 წლის 15-16 აგვისტოს განთავსებულ ცესკოში რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიის ,,ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლების“ პოლიტიკურ რეკლამაში ამავე პარტიის წევრი, რომელიც წარდგენილი იყო როგორც საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, რეკლამის განთავსების დროისათვის არ წარმოადგენდა საარჩევნო სუბიექტს, თუმცა, ამავე პარტიის მიერ წარდგენილი იყო ცესკოში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციის მიზნით.

კომისია აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევში, პოლიტიკური რეკლამა განთავსდა 2018 წლის 10-11 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც დასრულდა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრა (2018 წლის 28 ოქტომბერი) და ცესკოს მიერ არ არის გამოცემული განკარგულება საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურის დანიშვნის თაობაზე. ვინაიდან, დასრულებულია საპრეზიდენტო არჩვენების კენჭისყრა და არ არსებობს ცესკოს სამართლებრივი აქტი არჩევნების მე-2 ტურის დანიშვნის შესახებ, ასევე, ცესკოს მიერ ოფიციალურად არ არის  გამოცემული საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი, შესაბამისად, ოფიციალურად არ არის დადგენილი საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურის გამართვის საჭიროება და საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურში მონაწილე ორი საარჩევნო სუბიექტის ვინაობა, რომლებსაც უფლება აქვთ ცესკოს მიერ დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურში გამარჯვების მოპოვების მიზნით წარმართონ საარჩევნო კამპანია, ცესკოს მიერ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურის დანიშვნის შესახებ განკარგულების გამოცემამდე, მაუწყებლებს არ წარმოეშობათ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებისა და წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფის ვალდებულება და უფლებამოსილება.  კომისია, ასევე აღნიშნავს, რომ ცესკოს მიერ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურის დანიშვნის შესახებ განკარგულების გამოცემამდე მაუწყებლებისთვის ასეთი ვალდებულების დაკისრების შემთხვევაში, მაუწყებლებმა უნდა უფასოდ გამოყონ თავიანთი საეთერო დრო იმ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების რეკლამის განსათავსებლად, რომლებიც არჩევნების პირველ ტურში ხმათა საჭირო რაოდენობის მიუღებლობის გამო მონაწილეობას ვერ მიიღებენ არჩევნების მეორე ტურში,  რაც არც კანონით არის განსაზღვრული და დაუსაბუთებლად შეზღუდავს მაუწყებლების საკუთრების უფლებას,  ამასთან, ასეთ შემთხვევაში (ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსებისას), შესაძლებელია, რომ ადგილი ჰქონდეს იმ პოლიტიკური პარტიების მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვას და დაფინანსებას, რომელთა საპრეზიდენტო კანდიდატი ვერ გადადის არჩევნების მე-2  ტურში, ხოლო მაუწყებლის მიერ მითითებული ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსებაზე უარის თქმისა და რეკლამის დამკვეთის მიერ უარის კომისიაში გასაჩივრების შემთხვევაში, კომისია ვერ დაავალდებულებს ასეთ მაუწყებელს წარდგენილი  ვიდეო რგოლის განთავსებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის  მიერ ადგილი არ აქვს ბოლო ერთი წლის განმავლობაში განმეორებით იგივე/ერთგვაროვანი სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევას, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661  მუხლის პირველი პუნქტის,  63-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 70-ე მუხლის დარღვევის გამო, კომპანიას,  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება. 

V.    სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13, 52-ე, 53-ე, 54-ე, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) და ი) ქვეპუნქტების, 63-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 661 მუხლის პირველი პუნქტის, 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 71-ე  მუხლის, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-2 მუხლის თ), ი), რ) და ჰ) ქვეპუნქტების,  50-ე და 51-ე მუხლების, 95-ე მუხლის პირველი პუქტისა და 105-ე მუხლის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის,  შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

ა:

1. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს მიეცეს წერილობითი გაფრთხილება, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის პირველი პუნქტის, 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 70-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ.ამირიძე) შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) შპს ,,სამაუწყებელო კომპანია რუსთავი 2“-სთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური დეპარტამენტს (ი. მახარაძე).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები