წვდომის მენიუ

შპს „მედიაკომისთვის“ ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე

ნომერი: 645 / 18

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 10, 2018 16:45

მიღების თარიღი ნოემბერი 22, 2018

შპს „მედიაკომისთვის“ ვტორიზაციის შეჩერების თაობაზე

 I.             აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის 2018 წლის 3 ოქტომბრის Nშ-10/5081-18 მოხსენებითი ბარათის შესაბამისად, კომისიის 2018 წლის 24 სექტემბრის N07/3216-18 რეგულირების საფასურის გადახდისა და გაანგარიშების ფორმების წარმოდგენის თაობაზე გამაფრთხილებელი წერილის მიუხედავად, შპს „მედიაკომს“ აქვს რეგულირების საფასურის დავალიანება 1536,22 ლარის ოდენობით, ამასთან, კომისიაში წარმოსადგენი აქვს 2018 წლის ივლისის და აგვისტოს რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმები.

კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე 2018 წლის 31 ოქტომბერს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „მედიაკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2018 წლის 8 ნოემბერი. აღნიშნულის თაობაზე შეტყობინება დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაეგზავნა შპს „მედიაკომს“ და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. 

2018 წლის 8 ნოემბერს, კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „მედიაკომის“ წარმომადგენელი. ვინაიდან, მისთვის კომისიის სხდომის გამართვის თაობაზე წერილობითი შეტყობინების (N03/3447-18, 31.10.18) ჩაბარება არ დადასტურდა, საკითხის განხილვა გადატანილ იქნა და დაინიშნა 2018 წლის 22 ნოემბერს, რის შესახებ დაზღვეული საფოსტო გზავნილით წერილობითი შეტყობინება გაეგზავნა შპს ,,მედიაკომს“, მის მიერ  კომისიაში წარმოდგენილ იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართებზე, ასევე, შეტყობინება ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და საკითხის განხილვის დღის, დროისა და ადგილის შესახებ გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (http://gncc.ge/ge/shetyobinebebi/shps-mediakomi-shetyobineba.page).

კომისიის 2018 წლის 22 ნოემბრის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „მედიაკომის“  წარმომადგენელი. კომისიას მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და საკითხის განხილვის დღის, დროის და ადგილის შესახებ შეტყობინებების კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილ იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართებზე გაგზავნითა და საჯაროდ გამოქვეყნებით კომისიამ უზრუნველყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „მედიაკომის“  წარმომადგენლის დაუსწრებლად.

II. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათი (Nშ-10/5081-18; 03.10.2018).

2. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „მედიაკომის“ შესახებ მონაცემები.

III.     კომისიის მიერ დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს „მედიაკომი“ 2015 წლის 5 ოქტომბრიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზებული საქმიანობის სახე: A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.2 ინტერნეტ მომსახურება: WiMax ).

2. შპს „მედიაკომი“ როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

3. შპს „მედიაკომს“ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების დროისთვის, კომისიაში წარმოსადგენი აქვს 2018 წლის ივლისის და ოქტომბრის  რეგულირების საფასურის გაანგარიშებების ფორმები, ხოლო წარმოდგენილი გაანგარიშების ფორმების მიხედვით,  კომპანიას კომისიის წინაშე ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება 1536.22 ლარის ოდენობით.

4. „შპს „მედიაკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2018 წლის 11 იანვრის №06/18 გადაწყვეტილებით კომპანიას მიეცა გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილებით დამტკიცებული „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესისა“ და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დარღვევის გამო, ხოლო 2018 წლის 15 მარტის N143/18 გადაწყვეტილებით - „შპს „მედიაკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომპანიას ანალოგიური დარღვევის გამო დაეკისრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.

IV.      გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ხოლო ლ) ქვეპუნქტის თანახმად, გადაიხადოს რეგულირების საფასური, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში − ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური და სალიცენზიო მოსაკრებელი.

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს, ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი.  ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური.

3. კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებით დამტკიცებული „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების“ შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.

4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 1 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 9000 და არა უმეტეს 90000 ლარისა, ან ლიცენზიის მფლობელის მიმართ იმოქმედოს ამ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად.

5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 191 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი არღვევს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და მის მიმართ ამ დარღვევისთვის სანქციის სახით უკვე გამოყენებულია წერილობითი გაფრთხილება და ჯარიმა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ავტორიზაციის შეჩერება ნიშნავს ავტორიზებული საქმიანობის აკრძალვას მის განახლებამდე, მე-3 მუხლის თანახმად, ავტორიზაცია შეჩერდება: ა) ავტორიზებული პირის მიერ მითითებული ვადით; ბ) ავტორიზებული საქმიანობის განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენამდე; გ) დარღვევის აღმოფხვრამდე. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად,  191 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ავტორიზაციის შეჩერებისას ავტორიზებული პირის მიერ საქმიანობის განახლება ხდება ავტორიზებული პირის მიერ დარღვევის აღმოფხვრის დადასტურებიდან 7 დღის ვადაში კომისიის მიერ მისი ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარების მომენტიდან.

კომისიას მიაჩნია, რომ რეგულირების საფასურის გაანგარიშების 1.9 ფორმის დადგენილ ვადებში წარმოუდგენლობისა და რეგულირების საფასურის გადაუხდელობით, ასევე კომისიის 2018 წლის 15 მარტის №143/18 და კომისიის 2018 წლის 11 იანვრის №06/18 გადაწყვეტილებების შეუსრულებლობით, შპს „მედიაკომის“ მიერ დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ა), ბ) და ლ) ქვეპუნქტებისა და  კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებით დამტკიცებული „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესები“. ვინაიდან, შპს ,,მედიაკომის“ მიმართ ანალოგიური დარღვევისთვის სანქციის სახით უკვე გამოყენებულია წერილობითი გაფრთხილება და ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით, ამასთან, კომპანიასთან ვერ ხერხდება მის მიერ კომისიაში წარმოდგენილ იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართებზე და სატელეფონო ნომრებზე დაკავშირება, კომპანიამ ვერ/არ გადაიხადა რეგულირების საფასურს 1536,22 ლარის ოდენობით და ჯარიმის თანხას 3000 ლარის ოდენობით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შპს ,,მედიაკომისთვის“ ავტორიზაციის შეჩერება დარღვევების სრულ აღმოფხვრამდე. 

V.  სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და ლ) ქვეპუნქტების,  191მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95-ე,  98-ე, 99-ე, 103-ე, 104-ე და 105-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

         :

1. შპს ,,მედიაკომს“ შეუჩერდეს ავტორიზაცია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და ლ) ქვეპუნქტებისა და კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებით დამტკიცებული „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების“ მე-6 პუნქტის, კომისიის 2018 წლის 15 მარტის №143/18 და 2018 წლის 11 იანვრის №06/18 გადაწყვეტილებების დარღვევის გამო, დარღვევის აღმოფხვრამდე.

2. შპს „მედიაკომისთვის“ ავტორიზებული საქმიანობის განახლება შესაძლებელია მის მიერ დარღვევის აღმოფხვრის დადასტურებიდან 7 დღის ვადაში კომისიის მიერ ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარების მომენტიდან.

3. განემარტოს შპს „მედიაკომს“, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 1441მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. 

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „მედიაკომისთვის“ გაგზავნა და (ნ. შოვნაძე) კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება.

5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) შპს „მედიაკომისთვის“ ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა.

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.gncc.ge გამოქვეყნებისთანავე.

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ამ გადაწყვეტილების კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში.

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები