წვდომის მენიუ

შპს „საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერისტეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 646 / 18

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 14, 2018 10:59

მიღების თარიღი ნოემბერი 22, 2018

შპს „საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის  უნივერისტეტისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I. აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (Nშ-10/5429-18, 18.10.2018) საფუძველზე დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.  2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის ფარგლებში გამოვლინდა, რომ 2018  წლის 29 აგვისტოდან 28 სექტემბრის ჩათვლით, შპს „საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი“  სამაუწყებლო ბადეში არ ანთავსებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამას.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებლობა არის არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ სახეზეა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა.

საკითხის განხილვა დაინიშნა 2018 წლის 8 ნოემბერს 15:00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე, კომპანიას  გაეგზავნა  შეტყობინება და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მაუწყებელს, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

2018 წლის 8 ნოემბერს კომისიის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს „საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის“ წარმომადგენლები, რომლებსაც არ ჰქონდათ მინდობილობა, რის გამოც საკითხის განხილვა გადაიდო და დაინიშნა 2018 წლის 22 ნოემბერს. აღნიშნულის თაობაზე კომპანიას ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (N03/3636-18; 12.11.2018).

2018 წლის 22 ნოემბრის სხდომაზე  გამოცხადდნენ შპს „საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის“ უფლებამოსილი წარმომადგენლები მ. თორდია და მ. ჭანია, რომლებაც აღიარეს დარღვევა და განაცხადეს, რომ შპს „საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის“ სამაუწყებლო ბადეში 2018 წლის 29 აგვისტოდან 28 სექტემბრის ჩათვლით არ იყო განთავსებული საზოგადოებრივი-პოლიტიკური გადაცემა.

II.  გამოკვლეული  მტკიცებულებები

  1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (Nშ-10/5429-18, 18.10.2018);
  2. შპს „საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის“ შესახებ მონაცემები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;
  3. შპს „საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის“ წარმომადგენლების  ახსნა-განმარტებები გაკეთებული კომისიის 2018 წლის 22 ნოემბრის  სხდომაზე.

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

  1. შპს „საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი“ წარმოადგენს კერძო საერთო ტელემაუწყებელს  2013  წლის  1 ოქტომბრიდან;
  2. შპს „საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი“  2018 წლის 29 აგვისტოდან 28 სექტემბრის ჩათვლით, სამაუწყებლო ბადეში არ ანთავსებდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამებს, რაც მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის და სალიცენზიო პირობების დარღვევას წარმოადგენს;
  3. შპს „საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტს“ უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მსგავსი დარღვევისათვის არ დაკისრებია.

 IV. კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

1.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა;

2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებლობა არის - არანაკლებ ორი თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივი-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა;

3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა და დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;

4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.

გამომდინარე იქედან, რომ შპს „საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი“  საკუთარ სამაუწყებლო ბადეში არ ანთავსებდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამას, შესაბამისად, არ ახორციელებდა საერთო მაუწყებლობას, კომპანიის მიერ დარღვეული იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტი და 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტები. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის მიმართ  ბოლო ერთი წლის მანძილზე იგივე დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაკისრებია, კომპანიის  მიმართ სანქციის სახით გამოყენებული უნდა იქნას გაფრთხილება.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე და 97-ე მუხლების,  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის“ 70-ე მუხლის პირველი პუნქტის,  451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 71-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.  მიეცეს გაფრთხილება  შპს „საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტს“ „მაუწყებლობის შესახებ“  საქართველოს     კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო;

2.   დაევალოს შპს „საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტს“  2019 წლის პირველ იანვრამდე უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა (საკუთარ სამაუწყებლო ბადეში საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამების განთავსება);

3.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

 4.    გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს „საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტისთვის“  ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) შპს  „საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტისთვის“  ჩაბარების დღიდან  ერთი  თვის ვადაში;

6. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ.ამირიძე) აღნიშნული გადაწყვეტილებით დაკისრებული ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის თაობაზე ავტორიზებულ პირთა უწყებრივ  რეესტრში შესაბამისი მონაცემების შეტანა;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 და მე-6 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები