სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 21, 2019 15:38
მიღების თარიღი დეკემბერი 06, 2018
სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათიდან (შ-10/6202-18, 22.11.2018) ირკვევა, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის ფარგლებში გამოვლინდა, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭრის ტელევიზია და რადიოს“ 2018 წლის 17 ნოემბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით განთავსებული აქვს პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა, რომელიც ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. კერძოდ, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ ეთერში განთავსებული სარეკლამო რგოლი მთავრდება ფრაზით „მოღალატე“.
სამსახურებრივ ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ ზემოაღნიშნულ სარეკლამო რგოლთან დაკავშირებით კომისიას მიმართეს მაუწყებლებმა (შპს „ტვ პირველი“, შპს „ტელეიმედი“ და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“), წარმოდგენილი სარეკლამო რგოლების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე. კომისიის 2018 წლის 25 სექტემბრის N04/3230-18 წერილით ყველა მაუწყებელს ეცნობა, რომ სარეკლამო რგოლი ეწინააღმდეგებოდა მოქმედ კანონმდებლობას.
ზემოაღნისნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ აღნიშნული ვიდეო რგოლი წარმოადგენს არასათანადო რეკლამას და ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
კომისიის 2018 წლის 25 სექტემბრის N04/3230-18 წერილში, რომელიც გაეგზავნა ყველა მაუწყებელს, მათ შორის სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს“, ზემოაღნიშნულ კლიპთან დაკავშირებით, აღნიშნულია შემდეგი: „ერთ-ერთ სარეკლამო ვიდეო რგოლში პრეზიდენტობის კანდიდატის მიმართ გამოყენებულია შეურაცხმყოფელი გამონათქვამი და შედარება და ის მოხსენიებულია როგორც მოღალატე, რაც არღვევს ზნეობრივ ნორმებს და ბღალავს ფიზიკურ პირს. აღნიშნული სარეკლამო რგოლი წარმოადგენს არაეთიკურ და, შესაბამისად, არასათანადო რეკლამას, რომლის განთავსება აკრძალულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლი მე-2 პუნქტით“.
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (Nშ-10/6202-18; 22.11.2018) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ მიერ სამაუწყებლო ბადეში ვიდეორგოლის განთავსების მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხის განხილვა დაინიშნა 2018 წლის 29 ნოემბერს, რის თაობაზეც სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს“ ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (N03/3736-18; 22.11.2018) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. კომისიის შეტყობინება (N03/3736-18; 22.11.2018) სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს“ ჩაბარდა 2018 წლის 27 ნოემბერს.
სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ მიერ სამაუწყებლო ბადეში ვიდეორგოლის განთავსების მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხის განხილვა, რომელიც დანიშნული იყო 2018 წლის 29 ნოემბერს, გადაიდო 2018 წლის 6 დეკემბრისთვის, რის შესახებ ეცნობა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს“ (კომისიის შეტყობინება N03/3779-18, 29.11.2018; ჩაბარების თარიღი: 3.12.2018).
კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის სხდომაზე გამოცხადდა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ წარმომადგენელი ნ.უტიაშვილი, რომელმაც კომისიას წარუდგინა ბათუმის საქალაქო სასამართლოს დადგენილება, სადაც ოქმის შემდგენი ორგანოა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, ხოლო ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაში მიცემული პირი არის სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო“. ნ.უტიაშვილის განმარტებით, საქმე ეხებოდა 2017 წლის არჩევნებს, როდესაც „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიომ“ არ განათავსა წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამა იმ მოტივით, რომ ის შეიცავდა კომერციული რეკლამის ნიშნებს. ამის გამო შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო გასაჩივრების შემდგომ სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო მაუწყებელი იმ საფუძვლით, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ არ ჰქონდა რეკლამის შინაარსში შესვლის და რეკლამის განთავსებაზე უარის თქმის უფლება. სასამართლომ მიუთითა “საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 45-ე მუხლის მე-3 პუნქტზე და აღნიშნა, რომ სახეზე არ იყო ამ პუნქტით გათვალისწინებული დარღვევა (საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატს, საარჩევნო სუბიექტს და მათ მხარდამჭერებს უფლება აქვთ, გამოვიდნენ მომავალი საქმიანობის პროგრამით. საარჩევნო პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას.) ნ.უტიაშვილმა აღნიშნა, რომ განსახილველი საკითხი ასევე ეხება წინასაარჩევნო პოლიტიკურ რეკლამას, მის შინაარსს. წინა შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა, რომ მაუწყებელი რეკლამის შინაარსში არ უნდა შესულიყო, რის გამოც, ნ.უტიაშვილის აზრით, სასამართლოს დადგენილება მნიშვნელოვანი იყო საქმის განხილვისათვის და უნდა დართულიყო საქმის წარმოების მასალებს.
ნ.უტიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ იმისთვის რომ გადაწყდეს რეკლამა იყო თუ არა არაეთიკური და შეურაცხმყოფელი, განხილულ უნდა იქნეს რეკლამის ტექსტი ანუ მაუწყებელი უნდა შევიდეს რეკლამის შინაარსში. მისი განცხადებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით მათ არ აქვთ რეკლამის შინაარსში შესვლის უფლება. ნ. უტიაშვილის განმარტებით, რეკლამის შინაარსში შესვლა გამოვა, თუ რეკლამაში თითოეული სიტყვის ზოგად ზნეობრივ ნორმებთან შესაბამისობაზე იმსჯელებენ. ნ. უტიაშვილის განცხადებით, , მათთვის გაუგებარია, თუ რატომ არის სიტყვა „მოღალატე“ არაეთიკური და არასათანადო. ნ.უტიაშვილმა ასევე მიუთითა ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული არაეთიკური რეკლამის დეფინიციაზე, რომლის თანახმად, არაეთიკური რეკლამა არის ფიზიკურ პირთა ეროვნების, რასის, პროფესიის, სოციალური კუთვნილების, ასაკის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და ფილოსოფიური მრწამსის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვების და შედარების გამოყენებით არღვევს საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ და ზნეობრივ ნორმებს. ნ. უტიაშვილის განცხადებით, ამ შემთხვევაში სიტყვა „მოღალატე“ არცერთი კრიტერიუმის მიხედვით არაა შეურაცხმყოფელი. შესაბამიად, სახეზე არ არის არასათანადო და არაეთიკური რეკლამის შინაარსი. ნ. უტიაშვილის განცხადებით, შესაძლოა კონკრეტული ადამიანისთვის სხვა რეკლამაში მოხსენიებული „ქართული ენის არმცოდნე“ უფრო მძიმე იყოს აღსაქმელად, ვიდრე სიტყვა „მოღალატე“. ყველა ადამიანს აქვს თავისი ინდივიდუალური დამოკიდებულება თავის პატივის და ღირსების მიმართ. ნ.უტიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სიტყვა „მოღალატე“ არაეთიკური რეკლამის დეფინიციაში არ ჯდება. მისი განმარტებით, ეს სიტყვა არ არის იმ შინაარსის და იმ სიმძიმის, რის გამოც პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს.
II. კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები:
- კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (Nშ-10/6202-18; 22.11.2018) თანდართული მასალით და 1CD;
- კომისიის 2018 წლის 25 სექტემბრის N04/3230-18 წერილი, რომელიც გაეგზავნა ყველა მაუწყებელს, მათ შორის სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს“ და აღნიშნული წერილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 სექტემბრის დადგენილება;
- სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს“ წარმომადგენლის ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის სხდომაზე.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
- სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო“ არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ტ) ქვეპუნქტის შესაბამისად წარმოადგენს მაუწყებელს.
- სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიომ“ 2018 წლის 17 ნოემბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში განათავსა პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის შემდეგი შინაარსის პოლიტიკური წინასაარჩევნო რეკლამა: ვიდეორგოლის დასაწყისში განთავსებულია კადრები, სადაც რუსეთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი აცხადებს: ,,ქართველი სამხედრო პირების მიერ ცხინვალის ღამით დაცხრილვამ შედეგად გამოიწვია ჩვენი ასობით მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვა.“ შემდგომ მოცემულია კადრი გადაცემა ,,რეაქციიდან“, სადაც ასახულია პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილის საუბრის ფრაგმენტი, კერძოდ, სიტყვები: ,,...დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა, რისი უფლება არცერთ პრეზიდენტს არ გააჩნია...“ მომდევნო კადრში განთავსებულია სიტყვა ,,მოღალატე“, რომელსაც თან სდევს მოწოდება (ხმოვანი ტექსტი): ,,ნუ აირჩევ ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდლად ქვეყნის მოღალატეს!“
- ზემოაღნიშნულ სარეკლამო რგოლთან დაკავშირებით კომისიას მიმართეს მაუწყებლებმა (შპს „ტვ პირველი“, შპს „ტელეიმედი“ და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“), წარმოდგენილი სარეკლამო რგოლების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე. კომისიის 2018 წლის 25 სექტემბრის N04/3230-18 წერილით ყველა მაუწყებელს, მათ შორის, სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს“, ეცნობათ, რომ ერთ-ერთ სარეკლამო ვიდეორგოლში პრეზიდენტობის კანდიდატის მიმართ გამოყენებული იყო შეურაცხმყოფელი გამონათქვამი და ის მოხსენიებული იყო როგორც ,,მოღალატე“, რაც არღვევდა ზნეობრივ ნორმებს და ბღალავდა ფიზიკურ პირს. ამავე წერილით, მაუწყებლებს ეცნობათ, რომ აღნიშნული სარეკლამო რგოლი წარმოადგენდა არაეთიკურ რეკლამას, რომლის განთავსება აკრძალულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტით.
- სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ მიმართ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
- „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა;
- ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ტ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რეკლამასთან დაკავშირებით გამოიყენება „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, იკრძალება არასათანადო, არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური და აშკარად ყალბი რეკლამის ან ტელეშოპინგის განთავსება;
- „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, არაეთიკური რეკლამა არის რეკლამა, რომელიც ფიზიკურ პირთა ეროვნების, რასის, პროფესიის, სოციალური კუთვნილების, ასაკის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და ფილოსოფიური მრწამსის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და შედარებების გამოყენებით არღვევს საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ და ზნეობრივ ნორმებს, ხელყოფს ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ საგანძურში შემავალ ხელოვნების ობიექტებს, ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლებს, ბღალავს სახელმწიფო სიმბოლიკას (დროშა, გერბი, ჰიმნი), საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს ეროვნულ ვალუტას, რელიგიურ სიმბოლოებს, ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს, მათ საქმიანობას, პროფესიას ან საქონელს;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
მაუწყებელი, როგორც რეკლამის გამავრცელებელი, ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული რეკლამის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა და არ უნდა დაუშვას არაეთიკური რეკლამის ეთერში განთავსება. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტი კრძალავს სამაუწყებლო ბადეში არაეთიკური რეკლამის განთავსებას. ამავე კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.
კომისია აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეკლამასთან დაკავშირებით გამოიყენება „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. განსხვავებით ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონისგან, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი კრძალავს არაეთიკური რეკლამის, მათ შორის, წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის სამაუწყებლო ბადეში განთავსებას. ამასთანავე, აღნიშნული კანონში არ არის განმარტებული არაეთიკური რეკლამა. არაეთიკური რეკლამა განმარტებულია მხოლოდ ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში. ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, არაეთიკური რეკლამა არის რეკლამა, რომელიც ფიზიკურ პირთა ეროვნების, რასის, პროფესიის, სოციალური კუთვნილების, ასაკის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და ფილოსოფიური მრწამსის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და შედარებების გამოყენებით არღვევს საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ და ზნეობრივ ნორმებს, ხელყოფს ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ საგანძურში შემავალ ხელოვნების ობიექტებს, ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლებს, ბღალავს სახელმწიფო სიმბოლიკას (დროშა, გერბი, ჰიმნი), საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს ეროვნულ ვალუტას, რელიგიურ სიმბოლოებს, ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს, მათ საქმიანობას, პროფესიას ან საქონელს.
კომისია აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით, რეკლამის მიმართ დაწესებულია კონტროლის განსხვავებული სტანდარტები და რეგულირების განსხვავებული რეჟიმი. კერძოდ, ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კანონით შეიძლება დაწესდეს სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება, თუ ეს ეხება რეკლამას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შინაარსობრივი რეგულირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ თვალსაზრისობრივად ნეიტრალური, არადისკრიმინაციული შეზღუდვის სახით. ამავე კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შინაარსობრივად ნეიტრალური რეგულირება შეიძლება ითვალისწინებდეს მხოლოდ გამოხატვის ადგილის, დროისა და ფორმის მიხედვით ისეთ არადისკრიმინაციულ შეზღუდვას, რომელიც გავლენას არ ახდენს ინფორმაციის ან იდეების შინაარსზე ან გამომხატველობით ეფექტზე ან ტოვებს მათი სხვა გზებით გამოხატვის ეფექტიან შესაძლებლობას.
კომისია ხაზს უსვამს პოლიტიკური პარტიებისა და გაერთიანებების შესაძლებლობას საზოგადოებისთვის საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების, ინიციატივების, პროგრამების გაცნობისთვის გამოიყენონ ნებისმიერი მედია ფორმატები და საშუალებები, როგორებიცაა საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუები და დებატების პროგრამები, ანალიტიკური პროგრამები, საინფორმაციო გამოშვებები და სხვ. აქვე აღსანიშნავია, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 591 მუხლის შესაბამისად, პროგრამებში, მათ შორის, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თოქ-შოუებში, დებატების პროგრამებში და ანალიტიკურ პროგრამებში ამავე კანონით განსაზღვრული შინაარსობრივი მოთხოვნების დაუცველობის შემთხვევები განიხილება მხოლოდ მაუწყებელთა თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში.
სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ წარმომადგენელის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 სექტემბრის დადგენილებას, კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ მიმართ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე სასამართლომ სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიო“ ცნო სამართალდამრღვევად საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 83-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაცდომის ჩადენაში, კერძოდ, წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის უსასყიდლოდ განთავსების ვალდებულების დარღვევისთვის. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ მიერ სარეკლამო რგოლის განთავსებაზე გაცხადებული უარის კანონშესაბამისობის დადგენის მიზნით, სასამართლომ გამოიკვლია წარმოადგენდა თუ არა სარეკლამო რგოლი წინასაარჩევნო/პოლიტიკურ რეკლამას, შეიცავდა თუ არა ფარმაცევტული პროდუქტის რეკლამის ნიშნებს და ასევე, ნიშნებს, რომლებიც საქართველოს ორგანული კანონით ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ აკრძალულია წინასაარჩევნო კამპანიაში. ბათუმის საქალაქო სასამართლოს არ დაუდგენია, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო” არ იყო პასუხისმგებელი კანონსაწინააღმდეგო რეკლამის გავრცელებისთვის.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მაუწყებელი პასუხს არ აგებს წინასაარჩევნო რეკლამის შინაარსზე. წინასაარჩევნო რეკლამის შინაარსზე პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება შესაბამისი რეკლამის დამკვეთს. შესაბამისად, მაუწყებელს არ შეიძლება მოეთხოვოს მისთვის განსათავსებელად წარდგენილი წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის ფორმატში საარჩევნო სუბიექტის მიერ ან მის შესახებ საზოგადოებისთვის მიწოდებული ინფორმაციის უტყუარობისა და ობიექტურობის შეფასება. თუმცა, მაუწყებელი პასუხისმგებელია კანონსაწინააღმდეგო რეკლამის გავრცელებაზე და ვალდებულია არ განათავსოს რეკლამა, რომელიც არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, არაეთიკური რეკლამა.
კომისია აღნიშნავს, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ მიერ განთავსებულ პოლიტიკურ/წინასაარჩევნო რეკლამაში პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მოხსენიებულია როგორც ,,მოღალატე“. პოლიტიკურ/წინასაარჩევნო რეკლამაში პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ,,მოღალატედ“ მოხსენიება შეურაცხყოფს, აკნინებს და ბღალავს მას და არღვევს ზნეობრივ ნორმებს.
კომისია აღნიშნავს, რომ სამაუწყებლო ბადეში განთავსებულ რეკლამაში ნებისმიერი პირის მიმართ სიტყვის ,,მოღალატე“, გამოყენება შეურაცხმყოფელია და პიროვნების დამაკნინებელია, ბღალავს პირს და არღვევს ზნეობრივ ნორმებს. ზემოაღნიშნული პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამაში პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მიმართ გამოყენებულია არაეთიკური გამონათქვამი. შესაბამისად, აღნიშნული პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა არაეთიკურია და მისი განთავსებით სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს“ დარღვეული აქვს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტი და 70-ე მუხლის პირველი პუნქტი.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელი წარმოადგენს პასუხისმგებლობის ზომას და გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის აღსაზრდელად კანონების დაცვის, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის სულისკვეთებით, აგრეთვე როგორც თვით სამართალდამრღვევის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის აცილების მიზნით. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 35-ე მუხლით რეგლამენტირებულია კონკრეტული, ამომწურავი შემთხვევები, რაც შეიძლება ჩაითვალოს დამამძიმებელ გარემოებებად, რომლებსაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება შემამსუბუქებელ გარემოებებს, მათი ჩამონათვალი 34-ე მუხლით ამომწურავი არ არის და ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს წყვეტს, შეუძლია შემამსუბუქებლად მიიჩნიოს ისეთი გარემოებანიც, რომლებიც არ არის აღნიშნული კანონმდებლობაში.
კომისია აღნიშნავს, რომ აღნიშნული ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე კომისიას არ უმსჯელია მაუწყებლის მიერ არაეთიკური პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების საკითხზე. ასევე, არ მიუღია გადაწყვეტილება ზემოთ მითითებული დარღვევების ჩადენის გამო მაუწყებლისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. შესაბამისად, კომისიის აზრით, წინამდებარე საკითხზე გადაწყვეტილების მიღება, ასევე, უზრუნველყოფს საკითხისადმი ერთგვაროვანი მიდგომისა და პრაქტიკის ჩამოყალიბებას, რაც ხელს შეუწყობს სამართალდარღვევის პრევენციას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო“ ცნობილ უნდა იქნას სამართალდამრღვევად და განთავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13, 53-ე, 54-ე, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის წ) ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) და ი) ქვეპუნქტების, 63-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, კომისიამ ერთხმად
გადაწყვიტა:
- სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო“ ცნობილ იქნას სამართალდამრღვევად „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის გამო;
- სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან;
- დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) გადაწყვეტილების სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
- გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსთვის“ ჩაბარების დღიდან;
- კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
