შპს „იბერია-TV“- ს სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 17, 2019 17:09
მიღების თარიღი დეკემბერი 06, 2018
შპს „იბერია-TV“- ს სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათიდან (შ-10/6203-18, 22.11.2018) ირკვევა, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის ფარგლებში გამოვლინდა, რომ შპს „იბერია-TV“-ს 2018 წლის 17 ნოემბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით განთავსებული აქვს პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა, რომელიც ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. კერძოდ, შპს „იბერია-TV“-ს ეთერში განთავსებული სარეკლამო რგოლი მთავრდება ფრაზით „მოღალატე“.
სამსახურებრივ ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ ზემოაღნიშნულ სარეკლამო რგოლთან დაკავშირებით კომისიას მიმართეს მაუწყებლებმა (შპს „ტვ პირველი“, შპს „ტელეიმედი“ და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“), წარმოდგენილი სარეკლამო რგოლების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე. კომისიის 2018 წლის 25 სექტემბრის N04/3230-18 წერილით ყველა მაუწყებელს ეცნობა, რომ სარეკლამო რგოლი ეწინააღმდეგებოდა მოქმედ კანონმდებლობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია-მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ აღნიშნული ვიდეო რგოლი წარმოადგენს არასათანადო რეკლამას და ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
კომისიის 2018 წლის 25 სექტემბრის N04/3230-18 წერილში, რომელიც გაეგზავნა ყველა მაუწყებელს, მათ შორის შპს „იბერია-TV“-ს, ზემოაღნიშნულ კლიპთან დაკავშირებით, აღნიშნულია შემდეგი: „ერთ-ერთ სარეკლამო ვიდეო რგოლში პრეზიდენტობის კანდიდატის მიმართ გამოყენებულია შეურაცხმყოფელი გამონათქვამი და შედარება და ის მოხსენიებულია როგორც მოღალატე, რაც არღვევს ზნეობრივ ნორმებს და ბღალავს ფიზიკურ პირს. აღნიშნული სარეკლამო რგოლი წარმოადგენს არაეთიკურ და, შესაბამისად, არასათანადო რეკლამას, რომლის განთავსება აკრძალულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლი მე-2 პუნქტით“.
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (Nშ-10/6203-18; 22.11.2018) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, შპს „იბერია-TV“-ს მიერ სამაუწყებლო ბადეში ვიდეორგოლის განთავსების მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხის განხილვა დაინიშნა 2018 წლის 29 ნოემბერს, რის თაობაზეც შპს „იბერია-TV“-ს ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (N03/3735-18; 22.11.2018) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
შპს „იბერია-TV“-ს მიერ სამაუწყებლო ბადეში ვიდეორგოლის განთავსების მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხის განხილვა, რომელიც დანიშნული იყო 2018 წლის 29 ნოემბერს, გადაიდო 2018 წლის 6 დეკემბრისთვის, რის შესახებ ეცნობა შპს „იბერია-TV“-ს (კომისიის შეტყობინება N03/3738-18, 29.11.2018; ჩაბარების თარიღი: 30.11.2018. შპს ,,საქართველოს ფოსტის“ გზავნილის კოდი: AP01005312152).
კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „იბერია-TV“-ს წარმომადგენელი, თუმცა იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მაუწყებელს კანონით დადგენილი წესით ეცნობა კომისიის სხდომის დღის დროისა და ადგილის შესახებ, კომისიაში არ არის შემოსული შპს „იბერია-TV“-ს შუამდგომლობა საკითხის გადადების თაობაზე, კომისია უფლებამოსილია შპს „იბერია-TV“-ს წარმომადგენლის დაუსწრებლად მიიღოს გადაწყვეტილება.
II. კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები:
- კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (Nშ-10/6203-18; 22.11.2018) თანდართული მასალით და 1CD;
- კომისიის 2018 წლის 25 სექტემბრის N04/3230-18 წერილი, რომელიც გაეგზავნა ყველა მაუწყებელს, მათ შორის შპს „იბერია-TV“-ს და აღნიშნული წერილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
- მონაცემები შპს „იბერია-TV“-ს შესახებ კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და ასევე, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საჯარო რეესტრიდან;
- კომისიის მიერ შპს ,,იბერია-TV”-სთვის გაგზავნილი შეტყობინებები (N03/3735-18; 22.11.2018; N03/3738-18, 29.11.2018) და აღნიშნული შეტყობინებების მაუწყებლისთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
- შპს „იბერია-TV“ წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს (მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა, ავტორიზაციის თარიღი: 14.07.2015);
- შპს „იბერია-TV“-მ 2018 წლის 17 ნოემბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით განათავსა პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის შემდეგი შინაარსის პოლიტიკური წინასაარჩევნო რეკლამა: ვიდეორგოლის დასაწყისში განთავსებულია კადრები, სადაც რუსეთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი აცხადებს: ,,ქართველი სამხედრო პირების მიერ ცხინვალის ღამით დაცხრილვამ შედეგად გამოიწვია ჩვენი ასობით მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვა.“ შემდგომ მოცემულია კადრი გადაცემა ,,რეაქციიდან“, სადაც ასახულია პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილის საუბრის ფრაგმენტი, კერძოდ, სიტყვები: ,,...დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა, რისი უფლება არცერთ პრეზიდენტს არ გააჩნია...“ მომდევნო კადრში განთავსებულია სიტყვა ,,მოღალატე“, რომელსაც თან სდევს მოწოდება (ხმოვანი ტექსტი): ,,ნუ აირჩევ ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდლად ქვეყნის მოღალატეს!“
- ზემოაღნიშნულ სარეკლამო რგოლთან დაკავშირებით კომისიას მიმართეს მაუწყებლებმა (შპს „ტვ პირველი“, შპს „ტელეიმედი“ და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“), წარმოდგენილი სარეკლამო რგოლების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე. კომისიის 2018 წლის 25 სექტემბრის N04/3230-18 წერილით ყველა მაუწყებელს, მათ შორის, შპს „იბერია-TV“-ს, ეცნობათ, რომ ერთ-ერთ სარეკლამო ვიდეორგოლში პრეზიდენტობის კანდიდატის მიმართ გამოყენებული იყო შეურაცხმყოფელი გამონათქვამი და ის მოხსენიებული იყო როგორც ,,მოღალატე“, რაც არღვევდა ზნეობრივ ნორმებს და ბღალავდა ფიზიკურ პირს. ამავე წერილით, მაუწყებლებს ეცნობათ, რომ აღნიშნული სარეკლამო რგოლი წარმოადგენდა არაეთიკურ რეკლამას, რომლის განთავსება აკრძალულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტით.
- შპს „იბერია-TV“-ს მიმართ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
- „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის წ) ქვეპუნქტის თანახმად, რეკლამა არის კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას;
- საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამა განმარტებულია როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში (შემდგომ – მედია) გასული ისეთი შინაარსის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას/ხელის შეშლას, რომელშიც ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, ან მოწოდებას სარეფერუნდომოდ/საპლებისციტოდ გამოტანილი საკითხების გადაწვეტის სასარგებლოდ ან საწინააღდეგოდ;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რეკლამასთან დაკავშირებით გამოიყენება „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, იკრძალება არასათანადო, არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური და აშკარად ყალბი რეკლამის ან ტელეშოპინგის განთავსება;
- „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, არაეთიკური რეკლამა არის რეკლამა, რომელიც ფიზიკურ პირთა ეროვნების, რასის, პროფესიის, სოციალური კუთვნილების, ასაკის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და ფილოსოფიური მრწამსის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და შედარებების გამოყენებით არღვევს საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ და ზნეობრივ ნორმებს, ხელყოფს ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ საგანძურში შემავალ ხელოვნების ობიექტებს, ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლებს, ბღალავს სახელმწიფო სიმბოლიკას (დროშა, გერბი, ჰიმნი), საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს ეროვნულ ვალუტას, რელიგიურ სიმბოლოებს, ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს, მათ საქმიანობას, პროფესიას ან საქონელს;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
მაუწყებელი, როგორც რეკლამის გამავრცელებელი, ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული რეკლამის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა და არ უნდა დაუშვას არაეთიკური რეკლამის ეთერში განთავსება. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტი კრძალავს სამაუწყებლო ბადეში არაეთიკური რეკლამის განთავსებას. ამავე კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.
კომისია აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეკლამასთან დაკავშირებით გამოიყენება „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. განსხვავებით ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონისგან, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი კრძალავს არაეთიკური რეკლამის, მათ შორის, წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის სამაუწყებლო ბადეში განთავსებას. ამასთანავე, აღნიშნული კანონში არ არის განმარტებული არაეთიკური რეკლამა. არაეთიკური რეკლამა განმარტებულია მხოლოდ ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში. ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, არაეთიკური რეკლამა არის რეკლამა, რომელიც ფიზიკურ პირთა ეროვნების, რასის, პროფესიის, სოციალური კუთვნილების, ასაკის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და ფილოსოფიური მრწამსის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და შედარებების გამოყენებით არღვევს საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ და ზნეობრივ ნორმებს, ხელყოფს ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ საგანძურში შემავალ ხელოვნების ობიექტებს, ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლებს, ბღალავს სახელმწიფო სიმბოლიკას (დროშა, გერბი, ჰიმნი), საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს ეროვნულ ვალუტას, რელიგიურ სიმბოლოებს, ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს, მათ საქმიანობას, პროფესიას ან საქონელს.
კომისია აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით, რეკლამის მიმართ დაწესებულია კონტროლის განსხვავებული სტანდარტები და რეგულირების განსხვავებული რეჟიმი. კერძოდ, ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კანონით შეიძლება დაწესდეს სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება, თუ ეს ეხება რეკლამას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შინაარსობრივი რეგულირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ თვალსაზრისობრივად ნეიტრალური, არადისკრიმინაციული შეზღუდვის სახით. ამავე კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შინაარსობრივად ნეიტრალური რეგულირება შეიძლება ითვალისწინებდეს მხოლოდ გამოხატვის ადგილის, დროისა და ფორმის მიხედვით ისეთ არადისკრიმინაციულ შეზღუდვას, რომელიც გავლენას არ ახდენს ინფორმაციის ან იდეების შინაარსზე ან გამომხატველობით ეფექტზე ან ტოვებს მათი სხვა გზებით გამოხატვის ეფექტიან შესაძლებლობას.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მაუწყებელი პასუხს არ აგებს წინასაარჩევნო რეკლამის შინაარსზე. წინასაარჩევნო რეკლამის შინაარსზე პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება შესაბამისი რეკლამის დამკვეთს. შესაბამისად, მაუწყებელს არ შეიძლება მოეთხოვოს მისთვის განსათავსებელად წარდგენილი წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის ფორმატში საარჩევნო სუბიექტის მიერ ან მის შესახებ საზოგადოებისთვის მიწოდებული ინფორმაციის უტყუარობისა და ობიექტურობის შეფასება. თუმცა, მაუწყებელი პასუხისმგებელია კანონსაწინააღმდეგო რეკლამის გავრცელებაზე და ვალდებულია არ განათავსოს რეკლამა, რომელიც არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, არაეთიკური რეკლამა.
კომისია ხაზს უსვამს პოლიტიკური პარტიებისა და გაერთიანებების შესაძლებლობას საზოგადოებისთვის საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების, ინიციატივების, პროგრამების გაცნობისთვის გამოიყენონ ნებისმიერი მედია ფორმატები და საშუალებები, როგორებიცაა საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუები და დებატების პროგრამები, ანალიტიკური პროგრამები, საინფორმაციო გამოშვებები და სხვ. აქვე აღსანიშნავია, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 591 მუხლის შესაბამისად, პროგრამებში, მათ შორის, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თოქ-შოუებში, დებატების პროგრამებში და ანალიტიკურ პროგრამებში ამავე კანონით განსაზღვრული შინაარსობრივი მოთხოვნების დაუცველობის შემთხვევები განიხილება მხოლოდ მაუწყებელთა თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „იბერია-TV“-ს მიერ განთავსებულ პოლიტიკურ/წინასაარჩევნო რეკლამაში პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მოხსენიებულია, როგორც ,,მოღალატე“. პოლიტიკურ/წინასაარჩევნო რეკლამაში პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ,,მოღალატედ“ მოხსენიება შეურაცხყოფს, აკნინებს და ბღალავს მას და არღვევს ზნეობრივ ნორმებს.
კომისია აღნიშნავს, რომ სამაუწყებლო ბადეში განთავსებულ რეკლამაში ნებისმიერი პირის მიმართ სიტყვის ,,მოღალატე“ გამოყენება შეურაცხმყოფელია და პიროვნების დამაკნინებელია, ბღალავს პირს და არღვევს ზნეობრივ ნორმებს. ზემოაღნიშნული პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამაში პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მიმართ გამოყენებულია არაეთიკური გამონათქვამი. შესაბამისად, აღნიშნული პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა არაეთიკურია და მისი განთავსებით შპს „იბერია-TV“-ს დარღვეული აქვს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტი და 70-ე მუხლის პირველი პუნქტი.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელი წარმოადგენს პასუხისმგებლობის ზომას და გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის აღსაზრდელად კანონების დაცვის, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის სულისკვეთებით, აგრეთვე როგორც თვით სამართალდამრღვევის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის აცილების მიზნით. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 35-ე მუხლით რეგლამენტირებულია კონკრეტული, ამომწურავი შემთხვევები, რაც შეიძლება ჩაითვალოს დამამძიმებელ გარემოებებად, რომლებსაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება შემამსუბუქებელ გარემოებებს, მათი ჩამონათვალი 34-ე მუხლით ამომწურავი არ არის და ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს წყვეტს, შეუძლია შემამსუბუქებლად მიიჩნიოს ისეთი გარემოებანიც, რომლებიც არ არის აღნიშნული კანონმდებლობაში.
კომისია აღნიშნავს, რომ აღნიშნული ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე კომისიას არ უმსჯელია მაუწყებლის მიერ არაეთიკური პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების საკითხზე. ასევე, არ მიუღია გადაწყვეტილება ზემოთ მითითებული დარღვევების ჩადენის გამო მაუწყებლისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. შესაბამისად, კომისიის აზრით, წინამდებარე საკითხზე გადაწყვეტილების მიღება, ასევე, უზრუნველყოფს საკითხისადმი ერთგვაროვანი მიდგომისა და პრაქტიკის ჩამოყალიბებას, რაც ხელს შეუწყობს სამართალდარღვევის პრევენციას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „იბერია-TV“ ცნობილ უნდა იქნას სამართალდამრღვევად და განთავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13, 53-ე, 54-ე, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის წ) ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) და ი) ქვეპუნქტების, 63-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, კომისიამ ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
- შპს „იბერია-TV“ ცნობილ იქნას სამართალდამრღვევად „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის გამო;
- შპს „იბერია-TV“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან;
- დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „იბერია-TV“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) გადაწყვეტილების შპს „იბერია-TV“-სთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
- გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „იბერია-TV“-სთვის ჩაბარების დღიდან;
- კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
