წვდომის მენიუ

შპს „ტელეკომპანია კავკასიის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე

ნომერი: 668 / 18

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 17, 2019 17:13

მიღების თარიღი დეკემბერი 06, 2018

შპს „ტელეკომპანია კავკასიის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე

 I.  საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (Nშ-10/6291-18; 27.11.2018) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად,  კომისიაში 2018 წლის 29 ნოემბერს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელეკომპანია კავკასიის“ მიერ სამაუწყებლო ბადეში ვიდეორგოლის განთავსების მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხის განხილვის მიზნით.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (Nშ-10/6291-18; 27.11.2018) თანახმად, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის ფარგლებში გამოირკვა, რომ შპს „ტელეკომპანია კავკასიამ“  2018 წლის 23 ნოემბრიდან განათავსა პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა, რომელიც ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. კერძოდ, შპს „ტელეკომპანია კავკასიის“ ეთერში განთავსებულია პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა, რომელიც წარმოადგენს პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის არჩევისთვის ხელისშემშლელ რეკლამას და რომელშიც კანდიდატი მოხსენიებულია როგორც ,,პათოლოგიური“, ,,ურჯულო“ და ,,მოღალატე“. შესაბამისად, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ აღნიშნული ვიდეო რგოლი წარმოადგენს არასათანადო რეკლამას და ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ტელეკომპანია კავკასიის“ მიერ სამაუწყებლო ბადეში ვიდეორგოლის განთავსების მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხის განხილვა დაინიშნა 2018 წლის 6 დეკემბერს, რის თაობაზეც შპს „ტელეკომპანია კავკასიას“ ეცნობა შეტყობინებით (N03/3783-18, 29.11.2018; ჩაბარების თარიღი: 30.11.2018).

კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ტელეკომპანია კავკასიის“ დირექტორი ნ. ჯანგირაშვილი. მან აღნიშნა, რომ სარეკლამო რგოლი, რომლის განთავსებისთვის მაუწყებლის მიმართ კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, ნახა მხოლოდ კომისიისგან ჩანაწერის მიღების შემდეგ და  აღშფოთდა, ვინაიდან, მისი აზრით, ამ კლიპის არც დამამზადებელი და არც გამშვები არ არის მართალი. მან ასევე აღნიშნა, რომ იქმნება პრეცედენტი, რომლითაც შემდგომში უნდა იხელმძღვანელონ ამ სფეროში როგორც კომისიამ, ისე მაუწყებლებმა. ნ. ჯანგირაშვილმა აღნიშნა, რომ შპს „ტელეკომპანია კავკასიის“ ტექნიკური დირექტორი წყვეტდა ვიდეო რგოლების განთავსების საკითხს. მისი განმარტებით, შპს „ტელეკომპანია კავკასიაში“ დღეში 10 რგოლი შემოდიოდა და მსჯელობა კლიპთან დაკავშირებით არც ყოფილა, სარეკლამო რგოლი მექანიკურად განთავსდა ეთერში. ნ. ჯანგირაშვილის განმარტებით, მაუწყებელს აქვს მკაცრი სარედაქციო პრინციპიები, რათა ეთერში არ მოხვდეს ქსენოფობიური, ჰომოფობიური, არაკონსტიტუციური, ძალადობისკენ მომწოდებელი, ეთნიკური და რელიგიური შუღლის გამღვივებელი, დისკრიმინაციული ეთნიკური, რელიგიური, სქესობრივი ან სხვა რაიმე ნიშნით პროდუქცია. ნ. ჯანგირაშვილის განცხადებით, აღნიშნული რეკლამის ნახვისას ცალსახად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა, რომ არ განეთავსებინა ეთერში. მისი აზრით, ქვეყნის პოლიტიკურ კულტურაში რეკლამაში გამოყენებული ტერმინები იმდენად დამკვიდრებულია და იმდენად შეგუებულია სმენა, რომ ჩვეულებრივ მოვლენად ითვლება. ნ. ჯანგირაშვილის განმარტებით,  მისთვის ეს ასე არ არის, მაგრამ, მსგავსი პათოსის ძალიან ბევრი რეკლამა ყოფილა ეთერში განთავსებული. ნ. ჯანგირაშვილის განმარტებით, მაუწყებელი კონკრეტულ სიტყვებს ვერ გამოეკიდებოდა, მით უფრო, რომ  სარეკლამო რგოლში გამოთქმული სიტყვა „ურჯულო“ ნიშნავს არა რელიგიის მიმართ შეურაცხყოფას, რასაც „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი ითვალისწინებს. ეს არის ძალიან მიუღებელი კრიტიკა პიროვნების მიმართ იმის გამო, რომ არის ეკლესიის მიმართ არასათანადოდ განწყობილი და არ არის ეკლესიის დამცველი. მან აღნიშნა, რომ მისთვის ასევე მიუღებელია სარეკლამო რგოლში გამოყენებული სიტყვა ,,პათოლოგიური“, თუმცა, მისი აზრით, ცალკე სიტყვა ,,პათოლოგიური“ არ არის შეურაცხმყოფელი და ყოველთვის გარყვნილების კონტექსტში არ გამოიყენება. არაეთიკური რეკლამის კანონით აკრძალვასთან დაკავშირებით, შპს ,,ტელეკომპანია კავკასიის“ დირექტორმა აღნიშნა, რომ ის ვრცელდება მხოლოდ კომერციულ რეკლამაზე. მან ასევე დაადასტურა, რომ ტელეკომპანია შინაარსის განხილვაში შედის ზოგადად, რაც კანონით მკაფიოდ არის განსაზღვრული და დაცულია მაუწყებლის მიერ.

 II.   კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები

  1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (Nშ-10/6291-18; 27.11.2018) თანდართული მასალით (ვიდეო რგოლის ამსახველი CD-R დისკი);
  2.  კომისიის 2018 წლის 25 სექტემბრის N04/3230-18 წერილი, რომელიც გაეგზავნა ყველა მაუწყებელს, მათ შორის შპს „ტელეკომპანია კავკასიას“ და აღნიშნული წერილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  3. მონაცემები შპს „ტელეკომპანია კავკასიას“ შესახებ კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და ასევე, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საჯარო რეესტრიდან;
  4. კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის სხდომაზე შპს „ტელეკომპანია კავკასიას“ დირექტორის მიერ მიცემული ახსნა-გამარტება.

III.         კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს „ტელეკომპანია კავკასია“ 2015 წლის 14  ივლისიდან წარმოადგენს  ავტორიზებულ პირს მაუწყებლობის სფეროში (მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა). შესაბამისად, შპს „ტელეკომპანია კავკასია“,  როგორც მაუწყებელი, ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები;

2. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს „ტელეკომპანია კავკასიას“ სამაუწყებლო ბადეში განთავსებული ვიდეორგოლის მონიტორინგი, რის შედეგად გამოვლინდა:

შპს „ტელეკომპანია კავკასიამ“ 2018 წლის 23 ნოემბრიდან განათავსა პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის შემდეგი შინაარსის პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა:

ვიდეორგოლი იწყება შეკითხვით: ,,ირჩევ გრიგოლ ვაშაძეს პრეზიდენტად?“. მომდევნო კადრში ნაჩვენებია გრიგოლ ვაშაძე, რომელიც აცხადებს: ,,როგორც ყველა ნორმალური მამაკაცი ორჯერ ვიყავი დაქორწინებული.“ გრიგოლ ვაშაძის ვიდეო გამოსახულებას და განცხადებას კადრში თან სდევს სიტყვა ,,პათოლოგიური“.   მომდევნო კადრში გრიგოლ ვაშაძე აცხადებს: ,,შეიძლება, რომ საქართველო 48 პროფესიულ თეატრს ინახავდეს, ვითომ პროფესიულ თეატრს, სადაც 80-იანი წლების დასაწყისიდან არავის შეუხედია?“ გრიგოლ ვაშაძის ვიდეოგამოსახულებას და ამ განცხადებას თან სდევს სიტყვა ,,უკულტურო“. შემდგომ მოცემულია კადრი გადაცემიდან ,,საუბარი რელიგიაზე“, სადაც გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ,,ფეიხტვანგერმა კარგად თქვა, რომ ეკლესია არის ერთადერთი დიქტატურა, რომელმაც 2000 წელს გაუძლო“. აღნიშნულ განცხადებას ვიდეოკადრში თან სდევს სიტყვა ,,ურჯულო“. ვიდეორგოლში ამავე გადაცემიდან მოცემულია გრიგოლ ვაშაძის საუბრის ფრაგმენტი, კერძოდ, სიტყვები: ,,რუსეთი არის იდეა, შესაბამისად ფილოსოფია, შესაბამისად ცივილიზაცია და საქართველო ამის შემადგენელი ნაწილი არის.“ აღნიშნულ განცხადებას თან სდევს სიტყვა ,,მოღალატე“. მომდევნო კადრში გრიგოლ ვაშაძის ვიდეოგამოსახულებას თან სდევს სიტყვა ,,სამარცხვინო“. ვიდეორგოლის ბოლოს მოცემულია შემდეგი ტექსტი: ,,#არაპათოლოგიურს, #არაუკულტუროს, #არაურჯულოს, #არამოღალატეს, #არასამარცხვინოს, #არავაშაძეს. ერთად გავაკეთოთ პრინციპული არჩევანი.“

3. კომისიის 2018 წლის 25 სექტემბრის წერილით (N04/3230-18) მაუწყებლებს (მათ შორის, შპს „ტელეკომპანია კავკასიას“) ეცნობათ, რომ ერთ-ერთ სარეკლამო ვიდეორგოლში პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ გამოყენებული იყო შეურაცხმყოფელი გამონათქვამი და ის მოხსენიებული იყო როგორც ,,მოღალატე“, რაც არღვევდა ზნეობრივ ნორმებს და ბღალავდა ფიზიკურ პირს. ამავე წერილით, მაუწყებლებს ეცნობათ, რომ აღნიშნული სარეკლამო რგოლი წარმოადგენდა არაეთიკურ რეკლამას, რომლის განთავსება აკრძალულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტით.

4. შპს „ტელეკომპანია კავკასიის“ მიმართ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება 

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

2. მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს, მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება;

3.     „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა;

4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის წ) ქვეპუნქტის თანახმად, რეკლამა არის კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას;

5. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამა განმარტებულია როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში (შემდგომ – მედია) გასული ისეთი შინაარსის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას/ხელის შეშლას, რომელშიც ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, ან მოწოდებას სარეფერუნდომოდ/საპლებისციტოდ გამოტანილი საკითხების გადაწვეტის სასარგებლოდ ან საწინააღდეგოდ;

6. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეკლამასთან დაკავშირებით გამოიყენება „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

7. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, იკრძალება არასათანადო, არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური და აშკარად ყალბი რეკლამის ან ტელეშოპინგის განთავსება.

8. ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, არაეთიკური რეკლამა არის რეკლამა, რომელიც ფიზიკურ პირთა ეროვნების, რასის, პროფესიის, სოციალური კუთვნილების, ასაკის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და ფილოსოფიური მრწამსის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და შედარებების გამოყენებით არღვევს საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ და ზნეობრივ ნორმებს, ხელყოფს ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ საგანძურში შემავალ ხელოვნების ობიექტებს, ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლებს, ბღალავს სახელმწიფო სიმბოლიკას (დროშა, გერბი, ჰიმნი), საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს ეროვნულ ვალუტას, რელიგიურ სიმბოლოებს, ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს, მათ საქმიანობას, პროფესიას ან საქონელს.

9.     ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.

10.   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

მაუწყებელი, როგორც რეკლამის გამავრცელებელი, ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული რეკლამის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა  და არ უნდა დაუშვას არაეთიკური რეკლამის ეთერში განთავსება. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტი კრძალავს სამაუწყებლო ბადეში არაეთიკური რეკლამის განთავსებას. ამავე კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.

კომისია აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეკლამასთან დაკავშირებით გამოიყენება „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. განსხვავებით ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონისგან, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი კრძალავს არაეთიკური რეკლამის, მათ შორის, წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის სამაუწყებლო ბადეში განთავსებას. ამასთანავე, აღნიშნული კანონში არ არის განმარტებული არაეთიკური რეკლამა. არაეთიკური რეკლამა განმარტებულია მხოლოდ ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში. ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, არაეთიკური რეკლამა არის რეკლამა, რომელიც ფიზიკურ პირთა ეროვნების, რასის, პროფესიის, სოციალური კუთვნილების, ასაკის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და ფილოსოფიური მრწამსის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და შედარებების გამოყენებით არღვევს საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ და ზნეობრივ ნორმებს, ხელყოფს ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ საგანძურში შემავალ ხელოვნების ობიექტებს, ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლებს, ბღალავს სახელმწიფო სიმბოლიკას (დროშა, გერბი, ჰიმნი), საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს ეროვნულ ვალუტას, რელიგიურ სიმბოლოებს, ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს, მათ საქმიანობას, პროფესიას ან საქონელს.

კომისია აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით, რეკლამის მიმართ დაწესებულია კონტროლის განსხვავებული სტანდარტები და რეგულირების განსხვავებული რეჟიმი. კერძოდ, ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კანონით შეიძლება დაწესდეს სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება, თუ ეს ეხება რეკლამას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შინაარსობრივი რეგულირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ თვალსაზრისობრივად ნეიტრალური, არადისკრიმინაციული შეზღუდვის სახით. ამავე კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შინაარსობრივად ნეიტრალური რეგულირება შეიძლება ითვალისწინებდეს მხოლოდ გამოხატვის ადგილის, დროისა და ფორმის მიხედვით ისეთ არადისკრიმინაციულ შეზღუდვას, რომელიც გავლენას არ ახდენს ინფორმაციის ან იდეების შინაარსზე ან გამომხატველობით ეფექტზე ან ტოვებს მათი სხვა გზებით გამოხატვის ეფექტიან შესაძლებლობას.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მაუწყებელი პასუხს არ აგებს წინასაარჩევნო რეკლამის შინაარსზე. წინასაარჩევნო რეკლამის შინაარსზე პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება შესაბამისი რეკლამის დამკვეთს. შესაბამისად, მაუწყებელს არ შეიძლება მოეთხოვოს მისთვის განსათავსებელად წარდგენილი წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის ფორმატში საარჩევნო სუბიექტის მიერ ან მის შესახებ საზოგადოებისთვის მიწოდებული ინფორმაციის  უტყუარობისა და ობიექტურობის შეფასება. თუმცა, მაუწყებელი პასუხისმგებელია კანონსაწინააღმდეგო რეკლამის გავრცელებაზე და ვალდებულია არ განათავსოს რეკლამა, რომელიც არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, არაეთიკური რეკლამა.

კომისია ხაზს უსვამს პოლიტიკური პარტიებისა და გაერთიანებების შესაძლებლობას საზოგადოებისთვის საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების, ინიციატივების, პროგრამების გაცნობისთვის გამოიყენონ ნებისმიერი მედია ფორმატები და საშუალებები, როგორებიცაა საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუები და დებატების პროგრამები, ანალიტიკური პროგრამები, საინფორმაციო გამოშვებები და სხვ. აქვე აღსანიშნავია, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 591 მუხლის შესაბამისად, პროგრამებში, მათ შორის, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თოქ-შოუებში, დებატების პროგრამებში და ანალიტიკურ პროგრამებში ამავე  კანონით განსაზღვრული შინაარსობრივი  მოთხოვნების დაუცველობის შემთხვევები განიხილება მხოლოდ მაუწყებელთა თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში.

შპს „ტელეკომპანია კავკასიის“ მიერ განთავსებულ პოლიტიკურ/წინასაარჩევნო რეკლამაში პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მოხსენიებულია როგორც ,,პათოლოგიური“, ,,მოღალატე“ და ,,ურჯულო“. პოლიტიკურ/წინასაარჩევნო რეკლამაში პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის ,,პათოლოგიურად“, ,,მოღალატედ“ და ,,ურჯულოდ“ მოხსენიება შეურაცხყოფს, აკნინებს და ბღალავს მას და არღვევს ზნეობრივ ნორმებს.

კომისია აღნიშნავს, რომ სამაუწყებლო ბადეში განთავსებულ რეკლამაში ნებისმიერი პირის მიმართ სიტყვების ,,მოღალატე“, ,,პათოლოგიური“ და ,,ურჯულო“ გამოყენება შეურაცხმყოფელია და პიროვნების დამაკნინებელია, ბღალავს პირს და არღვევს ზნეობრივ ნორმებს.  ზემოაღნიშნული პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამაში პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მიმართ გამოყენებულია არაეთიკური გამონათქვამები. შესაბამისად,  აღნიშნული პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა არაეთიკურია და მისი განთავსებით შპს „ტელეკომპაია კავკასიას“ დარღვეული აქვს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტი და 70-ე მუხლის პირველი პუნქტი.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელი წარმოადგენს პასუხისმგებლობის ზომას და გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის აღსაზრდელად კანონების დაცვის, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის სულისკვეთებით, აგრეთვე როგორც თვით სამართალდამრღვევის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის აცილების მიზნით. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 35-ე მუხლით რეგლამენტირებულია კონკრეტული, ამომწურავი შემთხვევები, რაც შეიძლება ჩაითვალოს დამამძიმებელ გარემოებებად, რომლებსაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება შემამსუბუქებელ გარემოებებს, მათი ჩამონათვალი 34-ე მუხლით ამომწურავი არ არის და ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს წყვეტს, შეუძლია შემამსუბუქებლად მიიჩნიოს ისეთი გარემოებანიც, რომლებიც არ არის აღნიშნული კანონმდებლობაში.

კომისია აღნიშნავს, რომ აღნიშნული ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე კომისიას  არ უმსჯელია მაუწყებლის მიერ არაეთიკური პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების საკითხზე. ასევე, არ მიუღია გადაწყვეტილება ზემოთ მითითებული დარღვევების ჩადენის გამო მაუწყებლისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. შესაბამისად, კომისიის აზრით, წინამდებარე საკითხზე გადაწყვეტილების მიღება, ასევე, უზრუნველყოფს საკითხისადმი ერთგვაროვანი მიდგომისა და პრაქტიკის ჩამოყალიბებას, რაც ხელს შეუწყობს სამართალდარღვევის პრევენციას.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ტელეკომპანია კავკასია“ ცნობილ უნდა იქნას სამართალდამრღვევად და განთავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13, 53-ე, 54-ე, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის წ) ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) და ი) ქვეპუნქტების, 63-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, კომისიამ ერთხმად

გადაწყვიტა:

  1. შპს „ტელეკომპანია კავკასია“ ცნობილ იქნას სამართალდამრღვევად „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის გამო;
  2. შპს „ტელეკომპანია კავკასია“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან;
  3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „ტელეკომპანია კავკასიასთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და (ნ. შოვნაძე) კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
  4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „ტელეკომპანია კავკასიასთვის“  ჩაბარების დღიდან;
  5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) შპს „ტელეკომპანია კავკასიასთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
  6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-3 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები