წვდომის მენიუ

შპს „ტელეკომპანია ქართული არხის“ სამართალდარღვევად ცნობისა და პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე

ნომერი: 669 / 18

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 09, 2019 14:12

მიღების თარიღი დეკემბერი 06, 2018

შპსტელეკომპანია ქართული არხის“ სამართალდარღვევად ცნობისა და პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე

I.     საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია („შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (Nშ-10/5430-18, 18.10.2018) საფუძველზე დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელეკომპანია ქართული არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.  2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის ფარგლებში (2018 წლის 29 აგვისტოდან 28 სექტემბრის ჩათვლით) გამოვლინდა, რომ შპს „ტელეკომპანია ქართული არხი“ თავის სამაუწყებლო ბადეში არ ანთავსებდა ახალი ამბების და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამას.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებლობა არის არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა. შპს „ტელეკომპანია ქართულ არხს“ კომისიაში ავტორიზაცია გავლილი აქვს საერთო მაუწყებლობაზე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ სახეზეა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა.

საკითხის განხილვა დაინიშნა 2018 წლის 8 ნოემბერს 15:00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე, შპს „ტელეკომპანია ქართულ არხს“ გაეგზავნა  შეტყობინება (N03/3574-18, 01.11.2018) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მაუწყებელს, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა კომისიის 2018 წლის 8 ნოემბერს სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს „ტელეკომპანია ქართული არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ხ. მაცაბერიძე და გადაცემის წამყვანი მ. კარტოზია.

შპს „ტელეკომპანია ქართული არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხსიმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა გადაიდო 2018 წლის 22 ნოემბერს, რის თაობაზეც ხ. მაცაბერიძე და მ. კარტოზია გაფრთხილდნენ კომისიის სხდომაზე კანონის შესაბამისად, დამატებით შპს „ტელეკომპანია ქართულ არხს“ გაეგზავნა შეტყობინება (N03/3637-18, 12.11.18).

2018 წლის 22 ნოემბერს კომისიაში შემოვიდა შპს „ტელეკომპანია ქართული არხის“ შუამდგომლობა (კომისიაში რეგისტრაციის: N22.11.2018, N6/6214-18) სხდომის გადადების თაობაზე, რაც კომისიის მიერ დაკმაყოფილდა და საკითხის განხილვა გადატანილ იქნა 2018 წლის 6 დეკემბერს. აღნიშნულის თაობაზე, შპს „ტელეკომპანია ქართულ არხს“ ეცნობა შეტყობინებით (N03/3850-18).

კომისია აღნიშნავს, რომ 2018 წლის 5 დეკემბერს, კომისიაში შემოვიდა შპს „ტელეკომპანია ქართული არხის“ წერილი, სადაც აღნიშნული იყო, რომ კომპანიის წარმომადგენელი ვერ დაესწრებოდა 2018 წლის 6 დეკემბერს ჩანიშნულ საკითხის განხილვას შპს „ტელეკომპანია ქართული არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (კომისიაში რეგისტრაციის: N6/6459-18). 

კომისიის 2018 წლის 6 დეკემბერს არ გამოცხადდა შპს „ტელეკომპანია ქართული არხის“ წარმომადგენელი. ამასთან, შსპ „ტელეკომპანია ქართული არხს“ კომისიაში არ წარმოუდგენია შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია  ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „ტელეკომპანია ქართული არხის“ წარმომადგენლის დაუსწრებლად.

გამოკვლეული  მტკიცებულებები

  1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (Nშ-10/5430-18, 18.10.2018);
  2. შპს „ტელეკომპანია ქართული არხის“ შესახებ მონაცემები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;
  3. შპს „ტელეკომპანია ქართული არხის“ შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე (კომისიაში რეგისტრაციის: N22.11.2018, N6/6214-18);
  4. შპს „ტელეკომპანია ქართული არხის“  2018 წლის 5 დეკემბერის წერილი სხდომაზე გამოუცხადებლობის თაობაზე (კომისიაში რეგისტრაციის: N5.12.18; N6/6459-18).

II. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

  1. შპს „ტელეკომპანია ქართული არხი“ 2015 წლის 15 ივლისიდან წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს (კერძოდ: მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; ავტორიზაციის ნომერი: BR-998);
  2. შპს „ტელეკომპანია ქართული არხი“ 2018 წლის 29 აგვისტოდან 2018 წლის 28  სექტემბრის ჩათვლით, სამაუწყებლო ბადეში არ ანთავსებდა ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამებს, რაც მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის და ავტორიზაციის პირობების დარღვევას წარმოადგენს;

მტკიცებულება: კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2018 წლის 18 ოქტომბრის N10/5430-18 სამსახურებრივი ბარათი და კომისიის 2017 წლის 26 ოქტომბრის N699/18 გადაწყვეტილება შპს „ტელეკომპანია ქართული არხისთვის“ ადმინსიტრაციული პასუხსიმგებლობის დაკისრების თაბოაზე 

III.წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

  1. მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა;
  2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად;
  3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, თუ მან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრა გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულა კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მან ზემოაღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა ახალი დარღვევა;
  4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 1%-ისა, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შესაჩერებლად/ ავტორიზაციის შესაჩერებლად;
  5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა და დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;
  6. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს არა უგვიანეს ორი თვისა სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან, ხოლო როცა სამართალდარღვევა დენადია – არა უგვიანეს ორი თვისა მისი გამოვლენის დღიდან;
  7. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებლობა არის - არანაკლებ ორი თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივი-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ტელეკომპანია ქართული არხის“  მიერ დარღვეულ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“  საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტი და 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტები, კერძოდ, იგი არ ანთავსებდა საკუთარ სამაუწყებლო ბადეში ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამას, შესაბამისად, არ ახორციელებდა საერთო მაუწყებლობას, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახამად სანქცირების საფუძველია.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს არა უგვიანეს ორი თვისა სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან, ხოლო როცა სამართალდარღვევა დენადია – არა უგვიანეს ორი თვისა მისი გამოვლენის დღიდან, გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ტელეკომპანია ქართული არხის“ მონიტორინგი განხორციელდა 2018 წლის 29 აგვისტოდან 28 სექტემბრის ჩათვლით და სამართალდარღვევის გამოვლენიდან გასულია ორ თვიანი ვადა, ამასთან, კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ტელეკომპანია ქართულმა არხმა“ (კომისიაში რეგისტრაციის: Nშ-7/6356-18, 30/11/2018) მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ (საერთო მაუწყებლობის ნაცვლად მაუწყებლობის ქვესახეობად სპეციალიზირებული მაუწყებლობის განსაზღვრა), რის საფუძველზეც 2018 წლის 6 დეკემბერის  სხდომაზე განიხილებოდა შპს „ტელეკომპანია ქართული არხის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების საკითხი, კომისიამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შპს „ტელეკომპანია ქართული არხის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შემთხვევაში დაცული იქნება  კანონიერების პრინციპი.

 IV.  სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე და 97-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის „საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილების 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38 მუხლის  შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

 გადაწყვიტა:

  1. შპს „ტელეკომპანია ქართული არხი“ ცნობილ იქნას სამართალდამრღვევად „მაუწყებლობის შესახებ“  საქართველოს     კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებისა და 70-ე მუხლის პირველი პუნქტის  დარღვევის გამო;
  2.  შპს „ტელეკომპანია ქართულ არხი“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან;
  3.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „ტელეკომპანია ქართული არხისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და (ნ. შოვნაძე) კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
  4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „ტელეკომპანია ქართული არხისთვის“  ჩაბარების დღიდან;
  5.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) შპს „ტელეკომპანიაქართული არხისთვის“ ჩაბარების დღიდან  ერთი  თვის ვადაში;
  6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა  მე-3  პუნქტის) დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები