„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 1 მარტის N2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 20, 2018 17:48
მიღების თარიღი დეკემბერი 06, 2018
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 1 მარტის N2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს,
რომ კომისიის 2016 წლის 1 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულებით (შემდგომში „დებულება“) განსაზღვრულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა კომისიის ფუნქციები, საქმიანობის წესი, კომისიის აპარატის სტრუქტურა და მასში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და ფუნქციები.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და სატელეკომუნიკაციო სფეროში კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, კომისია ახორციელებს მნიშვნელოვან სტრატეგიულ პროექტებს სატელეკომუნიკაციო სექტორში კონკურენციის ხელშეწყობის, მომსახურების პირობების გაუმჯობესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით.
აღნიშნული სტრატეგიული პროექტების ეფექტურად განხორციელებას ხელს უწყობს ორგანიზაციული ეფექტიანობა, სამუშაო პროცესების ოპტიმიზაცია და ეფექტიანი გადანაწილება, არსებული ცოდნის გაზიარება და მიზანმიმართულად გამოყენება. ამ პროცესისთვის მნიშვნელოვანია კომისიაში არსებული კომპეტენციის შენარჩუნება და სამუშაო პროცესების ისეთი ორგანიზება, რაც ხელს შეუწყობს დაგროვილი ცოდნის გაზიარებას, მუდმივ განვითარებაზე ფოკუსირებული ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სტრატეგიული პროექტების ეფექტურად განხორციელების ხელშეწყობისთვის, სამუშაო პროცესების უკეთ ორგანიზებისა და კომისიაში დაგროვილი ცოდნისა და კომპეტენციის გაზიარების უზრუნველსაყოფად, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით კომისიის დებულებაში ცვლილებების შეტანა მრჩეველთა საბჭოს შექმნის მიზნით. კერძოდ, კომისიის დებულებას უნდა დაემატოს 71 მუხლი, სადაც დეტალურად განისაზღვრება მრჩეველთა საბჭოს საქმიანობის შემდეგი ძირითადი მიმართულებები და ფუნქციები:
მრჩეველთა საბჭოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ა) კომისიის საქმიანობის ეფექტიანობასთან დაკავშირებით კონსულტირება; ბ) კომისიის კონსულტირება რადიოსიხშირული სპექტრის პერსპექტიული გამოყენების თაობაზე; გ) კომისიის კონსულტირება რადიოსიხშირული, ინფრასტრუქტურული და ტექნოლოგიური საკითხების საერთაშორისო სტანდარდებთან ჰარმონიზაციის თაობაზე; დ) კომისიის სიხშირული, ინფრასტრუქტურული და ტექნიკური მიმართულებების პოლიტიკის განსაზღვრაში მონაწილეობა.
მრჩეველთა საბჭოს ფუნქციებია:
ა) წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება კომისიის საქმიანობის ეფექტიანობის ასამაღლებლად გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით;
ბ) კომისიის კონსულტირება რადიოსიხშირული სპექტრის პერსპექტიული გამოყენების, ინფრასტრუქტურული და ტექნიკური მიმართულებების პოლიტიკის განსაზღვრის თაობაზე;
გ) კომისიის აპარატის მიერ მომზადებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა და შესაბამისი დასკვნებსა და რეკომენდაციების მომზადება;
დ) კომისიის დავალების საფუძველზე საკითხების შესწავლა და შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, ასევე VII და IX თავების შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია“), კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის პირველი მარტის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ.ჯანელიძე) დადგენილების პროექტის საჯაროობის უზრუნველყოფა;
3. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2019 წლის 17 იანვარს 15:00 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ცნობის გამოქვეყნება;
5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტს (თამარ ჭელიძე).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
