სსიპ ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს“ განცხადების განხილვის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 11, 2019 12:10
მიღების თარიღი დეკემბერი 13, 2018
სსიპ ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს“ განცხადების განხილვის თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში (შემდგომში ,,კომისია“) შემოვიდა სსიპ ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს“ განცხადება (Nშ-6/6114-18; 19.11.2018), საიდანაც ირკვევა, რომ მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს სსიპ ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტომ“ წერილობით მიმართა სსიპ ,,საზოგადოებრივ მაუწყებელს“, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს, შპს ,,ტელეიმედს“ და შპს ,,ტელეკომპანია პირველს“ ეცნობებინათ მისთვის, სსიპ ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს“ მიერ დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ მომზადებული საინფორმაციო ხასიათის ვიდეო-რგოლის ეთერში განთავსება შეესაბამებოდა თუ არა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის მოთხოვნებს. აღნიშნულთან დაკავშირებით მაუწყებლებმა სსიპ ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს“ აცნობეს, რომ მის მიერ წარდგენილი ვიდეორგოლი არ იყო სოციალური რეკლამა, ხოლო შპს ,,ტელეკომპანია პირველმა“ აღნიშნული ვიდეორგოლი მიიჩნია სოციალურ რეკლამად და უსასყიდლოდ განათავსა სამაუწყებლო ბადეში.
სსიპ ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სსიპ ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო“ საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც აზღვევს ფიზიკური პირის დეპოზიტებს და ამ მომსახურებისთვის არ იღებს შესაბამის საფასურს ფიზიკური პირებისგან. დეპოზიტების დაზღვევა მსოფლიოში აპრობირებული სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს დეპოზიტორების დაცვას დაზღვეული დეპოზიტების დანაკარგისგან, იმ შემთხვევაში თუ ბანკს ექმნება დეპოზიტების ანაზღაურების პრობლემა.
სსიპ ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო“ თავის განცხადებაში ასევე უთითებს, რომ დეპოზიტების დაზღვევა ფინანსური სტაბილურობის და უსაფრთხოების სისტემის მნიშვნელოვანი კომპონენტია. საქართველოში დეპოზიტების სისტემის დანერგვის მიზანს კომერციული ბანკების მიმართ საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებით ქვეყნის საფინანსო სისტემის მდგრადობის და დანაზოგების წახალისების ხელშეწყობა წარმოადგენს, ხოლო დამზადებული ვიდეორგოლი ამ მიმართულების საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელს მიაჩნია, რომ ვიდეორგოლი არის ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ7) ქვეპუნქტით განმარტებული სოციალური რეკლამა, ვინაიდან ის მიმართულია საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ. ამასთანავე, არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას.
მოთხოვნა:
,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ გადაწყვიტოს სსიპ ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსა“ და მაუწყებლებს, კერძოდ, სსიპ ,,საზოგადოებრივ მაუწყებელს“, შპს ,,ტელეიმედსა“ და შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს შორის არსებული დავა იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა სსიპ ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს“ მიერ დამზადებული ვიდეორგოლი სოციალური რეკლამა და ვალდებულები არიან თუ არა მაუწყებლები განათავსონ ის უსასყიდლოდ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
კომისია აღნიშნავს, რომ სსიპ ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს“ განცხადების განხილვა გაიმართა 2018 წლის 6 დეკემბერს, რომელსაც ესწრებოდნენ სსიპ ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს“ წარმომადგენელი მ. ნარმანია, სსიპ ,,საზოგადოებრივ მაუწყებლის“ წარმომადგენელი დ. ბერძენიშვილი, შპს ,,ტელეიმედის“ წარმომადგენელი ნ. ფაშალიშვილი და შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს წარმომადგენლები დ. ბერუჩაშვილი და თ. მურადაშვილი.
კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის სხდომაზე, სსიპ ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს“ წარმომადგენელმა მ. ნარმანიამ აღნიშნა, რომ დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ამოქმედებას საქართველოს ავალდებულებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება. მისი განმარტებით, ქვეყანაში მაკროეკონომიკური მდგრადობისა და ფინანსური სტაბილურობის მიღწევის ერთ-ერთი საშუალება არის დეპოზიტების დაზღვევა. მ. ნარმანიას განცხადებით, სხვადასხვა კვლევების თანახმად, მოქალაქეებს ქვეყანაში არსებული თანხის დაახლოებით 20% აქვთ შეტანილი ბანკში. ამიტომ, მათ სურთ პოპულარიზაცია გაუწიონ დეპოზიტების დაზღვევის რეფორმას. მოსახლეობამ უნდა იცოდეს რომ თანხის სახლში შენახვის ნაცვლად, მათ შეუძლიათ ამ ფულის ბანკში შეტანით სარგებლის მიღება. ბანკში შეტანილ თანხებს დაერიცხება ეკონომიკური სარგებელი. შესაბამისად, სსიპ ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს“ მთავარი მიზანია, რომ ფიზიკური პირები იყვნენ დაცულნი, მათ არ ჰქონდეთ პანიკის საფუძველი, ხელი შეუწყონ შიდა და გარე ფინანსური შოკების შემსუბუქებას. მ. ნარმანიას განცხადებით, რეკლამაში ლოგოს დატანის მიზანია, რომ მოსახლეობისთვის ცნობილი იყოს სად მივიდეს, თუ მას ბანკი არ მისცემს მის ფულს. მ. ნარმანიას განცხადებით, სააგენტოს არ აქვს უფლება უშუალოდ აანაზღაუროს დეპოზიტები. სსიპ „დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო“ სხვა კომერციული ბანკების მეშვეობით უნაზღაურებს დეპოზიტების დაზღვევის ფონდში აკუმულირებულ თანხებს დეპოზიტარებს. სსიპ „დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო“ უშუალოდ მომსახურებას არ ეწევა. ის ახორციელებს ამ პროცესის მენეჯმენტს. მ. ნარმანიას განმარტებით, თუ ადამიანს არ აქვს შიში იმისა, რომ მისი ფული მეორე დღეს სხვა იურიდიულმა პირმა მიიტაცოს, იგი უფრო თამამ გადაწყვეტილებებს მიიღებს. ქვეყანა უფრო მეტად გახსნილია საინვესტიციოდ, როცა ადამიანს აქვს დაცულობის შეგრძნება. შესაბამისად, შესაბამისად, შეთავაზებული პროდუქტი ქვეყნისთვის ეკონომიკური წინსვლის ერთ-ერთი ბერკეტია. ასევე, ის ფინანსური უსაფრთხოების და დაცულობის გარანტიაა. სსიპ ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს“ წარმომადგენლის განცხადებით, ვიდეო რგოლი ემსახურება საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას. რეკლამით მოსახლეობას აცნობებენ, რომ მათი დეპოზიტები დაზღვეულია. მ. ნარმანიას განმარტებით, რეკლამა ადმინისტრაციული ორგანოს მომსახურებად ჩაითვლებოდა მაშინ, თუ სააგენტო უკვე გაწეულ სერვისზე მიაწოდებდა ინფორმაციას საზოგადოებას. ვიდეო რგოლში ჩანს, რომ ავტომატურად არის დაზღვეული დეპოზიტი და ამას არ სჭირდება მოქალაქის მხრიდან რაიმე სახის დოკუმენტების წარდგენა.
კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის სხდომაზე შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს წარმომადგენელმა დ. ბერუჩაშვილმა აღნიშნა, რომ ვიდეო რგოლში წარმოდგენილია სსიპ „დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს“ მიერ გაწეული მომსახურების რეკლამა, რის გამოც ვიდეო რგოლს არ უნდა მიენიჭოს სოციალური რეკლამის სტატუსი. შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს წარმომადგენელმა თ. მურადაშვილმა აღნიშნა, რომ დეპოზიტების დაზღვევის სისტემა სახელმწიფოს კარგი ინიციატივაა. ნებისმიერი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დანიშნულება არის ემსახუროს საზოგადოებრივი სიკეთეს და მნიშვნელოვან საქმეს. მისი განცხადებით, სააგენტო თავად ადასტურებს იმას, რომ ეს მისი მომსახურებაა. თ. მურადაშვილის განცხადებით, რეკლამა თავისი შინაარსით არ ჯდება სოციალური რეკლამის დეფინიციაში. ის შეიძლება იყოს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომლის გავრცელების მიზნით საეთერო დროის შესყიდვის უფლება სსიპ ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს“ აქვს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლით.
კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის სხდომაზე სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენელმა დ. ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ სსიპ ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს“ ვიდეო რგოლი არის ინფორმაცია საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც შეიძლება ეთერში განთავსებულიყო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის შესაბამისად საეთერო დროის შესყიდვის საფუძველზე და არა სოციალური რეკლამის უსასყიდლოდ განთავსების გზით. დ. ბერძენიშვილის განმარტებით. ვიდეო რგოლი არ შეესაბამებოდა სოციალური რეკლამის დეფინიციას, ვინაიდან რეკლამის დასასრულს გამოთქმული იყო ფრაზა „დეპოზიტები დაზღვეულია, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო“. მან ასევე აღნიშნა, რომ რეკლამაში მითითებულ სააგენტოს ვებ-გვერდზე გადასვლით გაპიარებულია სააგენტოს საქმიანობა და მათი აზრით, ეს არის სსიპ „დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს“ საიმიჯო რეკლამა.
კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის სხდომაზე შპს ,,ტელეიმედის“ წარმომადგენელმა ნ. ფაშალიშვილმა აღნიშნა, რომ „დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო“ წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც თავის საქმიანობას უწევს რეკლამირებას. შპს ,,ტელეიმედის“ წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ დეპოზიტების დაზღვევის რეფორმა მიმართულია საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ. ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ რეკლამიდან სააგენტოს ლოგოს ამოღების შემთხვევაში, ვიდეო რგოლი მაინც არ იქნებოდა სოციალური რეკლამა.
კომისიამ მხარეებს მისცა ერთი კვირის ვადა მოსალაპარაკებლად და საკითხის განხილვა გააგრძელა 2018 წლის 13 დეკემბერს.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2018 წლის 13 დეკემბერს, კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს ,,ტელეიმედის“ წარმომადგენელი, რომელიც კომისიის სხდომის თარიღისა და დროის შესახებ გაფრთხილდა კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის სხდომაზე. შპს ,,ტელეიმედს“ კომისიაში არ წარმოუდგენია შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე. აქედან გამომდინარე, უფლებამოსილი იყო განეხილა საკითხი შპს ,,ტელეიმედის“ წარმომადგენლის დაუსწრებლად.
კომისიის 2018 წლის 13 დეკემბრის სხდომაზე სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენელმა დ. ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ თუ სსიპ ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს“ ვიდეო რგოლიდან ამოღებული იქნებოდა სააგენტოს ვებ-გვერდის მისამართი და სააგენტოს დასახელება, მაუწყებელი განათავსებდა სსიპ ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს“ ვიდეო რგოლს სოციალური რეკლამის სტატუსით.
კომისიის 2018 წლის 13 დეკემბრის სხდომაზე შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს წარმომადგენელმა დ. ბერუჩაშვილმა აღნიშნა, რომ სსიპ ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს“ ვიდეო რგოლი არის საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი კლიპი და მისთვის სოციალური რეკლამის სტატუსის მინიჭება არ შეიძლება. მან ასევე აღნიშნა, რომ ვიდეო რგოლში გაჟღერებული ფრაზა - „თქვენი დეპოზიტები დაზღვეულია - დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო“ არის ჯაჭვი, რომელიც ქმნის საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების შესახებ ინფორმაციის მოწოდების რგოლს. შესაბამისად, ვიდეო რგოლი წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის გაწეული მომსახურების შესახებ ინფორმაციას.
კომისიის 2018 წლის 13 დეკემბრის სხდომაზე სსიპ ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს“ წარმომადგენელმა მ. ნარმანიამ აღნიშნა, რომ სააგენტო აწარმოებდა შპს ,,ტელეიმედთან“ მოლაპარაკებებს, თუმცა, მაუწყებელი მიიჩნევს, რომ სსიპ ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს“ ვიდეო რგოლი არ წარმოადგენს სოციალურ რეკლამას. მ. ნარმანიამ შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს წარმომადგენლის განცხადების პასუხად აღნიშნა, რომ სსიპ ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს“ მომსახურების რეკლამად ვიდეო რგოლი ჩაითვლებოდა იმ შემთხვევაში, თუ ისინი გააკეთებდნენ განცხადებას, რომ მაგალითად, აანაზღაურეს თანხა აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის საქართველოს დეპოზიტორებისთვის და აქცენტი გაეკეთებინათ როგორი კმაყოფილები არიან მომხმარებლები. მისი განმარტებით, ის ფაქტი, რომ კანონმა შექმნა დეპოზიტების დაზღვევის საფუძველი და ამას ქვეყნისთვის ეკონომიკურ ცხოვრებაში დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია, არ არის სააგენტოს მომსახურება.
II. კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები
1. სსიპ ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს“ განცხადება (Nშ-6/6114-18; 19.11.2018) თანდართული მასალით (შპს ,,ტელეიმედის“ 2018 წლის 10 ოქტომბრის საპასუხო წერილი; შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს 2018 წლის 10 ოქტომბრის საპასუხო წერილი, სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2018 წლის 31 ოქტომბრის საპასუხო წერილი, ვიდეორგოლის ამსახველი CD-R დისკი);
2. სსიპ ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს“, სსიპ ,,საზოგადოებრივ მაუწყებლის“, შპს ,,ტელეიმედის“ და შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს წარმომადგენლების მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებები.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი ფაქტები
- 2018 წლის 10 ოქტომბერს, სსიპ ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტომ“ წერილობით მიმართა სსიპ ,,საზოგადოებრივ მაუწყებელს“, შპს ,,ტელეიმედს“ და შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს ეცნობებინათ მისთვის, სსიპ ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს“ მიერ დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ მომზადებული საინფორმაციო ხასიათის ვიდეო-რგოლის ეთერში განთავსება შეესაბამებოდა თუ არა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის მოთხოვნებს. აღნიშნულთან დაკავშირებით მაუწყებლებმა სსიპ ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს“ აცნობეს, რომ მის მიერ წარდგენილი ვიდეორგოლი არ იყო სოციალური რეკლამა და უარი უთხრეს ვიდეო რგოლის სოციალური რეკლამის სტატუსით სამაუწყებლო ბადეში განთავსებაზე.
მტკიცებულება: სსიპ ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს“ განცხადება (Nშ-6/6114-18; 19.11.2018), შპს ,,ტელეიმედის“ 2018 წლის 12 ოქტომბრის საპასუხო წერილი, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს 2018 წლის 10 ოქტომბრის საპასუხო წერილი, სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2018 წლის 31 ოქტომბრის საპასუხო წერილი.
2. სსიპ ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა ვიდეო რგოლი, რომელშიც მოცემულია შემდეგი შინაარსის აუდიო ტექსტი:
„2018 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ამოქმედდა დეპოზიტების დაზღვევის სისტემა. თანხები დაზღვეულია ავტომატურად, მათ შორის, მიმდინარე, ვადიანი და მოთხოვნამდე დეპოზიტის 5000 ლარის ფარგლებში. დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში ჩართვა არ მოითხოვს დამატებით პროცედურებს და არავითარ ხარჯს არ წარმოქმნის დეპოზიტორებისთვის. სისტემაში ჩართულია საქართველოში მოქმედი ყველა კომერციული ბანკი. დეპოზიტების დაზღვევის სისტემა - დეპოზიტორების დაცვის საერთაშორისოდ აპრობირებული მეთოდია. თქვენი დეპოზიტები დაზღვეულია. დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო.“
ვიდეო რგოლის ბოლოს განთავსებულია შემდეგი ტექსტი: ,,თქვენი დეპოზიტები დაცულია“. ვიდეო რგოლის ბოლოს მოცემულია მითითება სსიპ ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოზე“ და მის ლოგოზე, ასევე, მოცემულია სსიპ ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს“ ვებ-გვერდი www.diagency.ge და ტელეფონის ნომერი: 2 296736.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს;
2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის წ) ქვეპუნქტის თანახმად, რეკლამა არის კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას;
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ7) ქვეპუნქტის თანახმად, სოციალური რეკლამა არის საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას;
4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმოს 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამისა ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, აგრეთვე სათემო მაუწყებელი ვალდებული არიან, ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმონ 1 საათში ჯამში არანაკლებ 60 წამისა, რომლიდანაც არანაკლებ 10 წამისა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სათანადო სარეკლამო რგოლის წარმოდგენის შემთხვევაში საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ სოციალურ რეკლამას უნდა დაუთმოს.
5. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია შეისყიდოს მაუწყებლის მომსახურება სოციალური რეკლამის განთავსებისთვის ამ კანონის 65-ე მუხლით განსაზღვრული დროის ხანგრძლივობის მინიმალური ზღვრის მიღმა სოციალური რეკლამის განთავსების ან/და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მიზნით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია მისი ბიუჯეტის ცალკე მუხლით. ასეთ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული ორგანო არის შემსყიდველი ორგანიზაცია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
6. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის 22 პუნქტის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციული ორგანო და მაუწყებელი ვერ თანხმდებიან იმაზე, არის თუ არა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მაუწყებლისთვის მიწოდებული მასალა სოციალური რეკლამა ან/და შეიცავს თუ არა იგი საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, დავას წყვეტს კომისია ერთ-ერთი მხარის მიერ მისთვის შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.
კომისია აღნიშნავს, რომ სსიპ ,,საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა და შპს ,,ტელეიმედმა“ სსიპ ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს“ უარი უთხრეს არა სოციალური რეკლამის უსასყიდლოდ განთავსებაზე, არამედ წარდგენილი ვიდეო რგოლის განთავსებაზე, იმ საფუძვლით, რომ მათი შეფასებით, ის არ წარმოადგენდა სოციალურ რეკლამას. ამდენად, მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კომისია მსჯელობს სსიპ ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს“ მიერ წარმოდგენილი ვიდეო რგოლის სტატუსზე და აქედან გამომდინარე, მაუწყებლისთვის სოციალური რეკლამის განთავსების დავალდებულების საკითხზე.
ადმინისტრაციული წარმოების მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და შესწავლის საფუძველზე კომისიას მიაჩნია, რომ სსიპ ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს“ მიერ წარმოდგენილი ვიდეორგოლი ნაწილობრივ აკმაყოფილებს სოციალური რეკლამის თაობაზე ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
სსიპ ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს“ მიერ წარმოდგენილ ვიდეორგოლი მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის სისტემის დანერგვის თაობაზე, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს კომერციული ბანკების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას და დანაზოგების წახალისებას, ხოლო დანაზოგების წახალისება ემსახურება პირადი ფინანსების გონივრულად მართვას და მოულოდნელი ფინანსური სირთულეების მოგვარებას სესხის აღების გარეშე. აღნიშნულის გათვალისწინებით, სსიპ ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს“ მიერ წარმოდგენილი ვიდეორგოლი მიმართულია მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ, საზოგადოებრივი სიკეთისა და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლისკენ.
კომისია აღნიშნავს, რომ ვიდეო რგოლს თან სდევს ხმოვანი ტექსტი ,,თქვენი დეპოზიტები დაზღვეულია. დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო.“ ვიდეო რგოლის ბოლოს მოცემულია მითითება სსიპ ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოზე“ და მის ლოგოზე, ასევე, მოცემულია სსიპ ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს“ ვებ-გვერდი www.diagency.ge და ტელეფონის ნომერი: 2 296736. კომისია აღნიშნავს, რომ ვიდეო რგოლი ამ ნაწილში არ არის სრულ შესაბამისობაში ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით სოციალური რეკლამისთვის განსაზღვრულ კრიტერიუმებთან, კერძოდ, შეიცავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის მომსახურების რეკლამის ნიშნებს.
კომისიას აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით სოციალური რეკლამისთვის განსაზღვრულ კრიტერიუმებთან სრული შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, სსიპ ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს“ მიერ წარმოდგენილი ვიდეო რგოლი უნდა დაკორექტირდეს, კერძოდ, ვიდეორგოლიდან ამოღებულ იქნეს მითითება სსიპ ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს“ ვებ-გვერდის მისამართზე და ასევე, ხმოვანი ტექსტის სახით მოცემული მითითება საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე - ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო“.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ სსიპ ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს“ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს, სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ და შპს ,,ტელეიმედს“ დაევალოთ სსიპ ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს” მიერ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად დაკორექტირებული ვიდეო რგოლის წარმოდგენის შემთხვევაში, აღნიშნული ვიდეო რგოლის სამაუწყებლო ბადეში სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსება.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ7) ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის, 65-ე მუხლის, 661 მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
- ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს სსიპ ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს” განცხადება;
- დაევალოს შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს, სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ და შპს ,,ტელეიმედს“ სსიპ ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს” მიერ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად დაკორექტირებული ვიდეო რგოლის წარმოდგენის შემთხვევაში, აღნიშნული ვიდეო რგოლის სამაუწყებლო ბადეში სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსება;
- წინამდებარე გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) მხარეებისთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
- დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების სსიპ ,,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსთვის, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ და შპს ,,ტელეიმედისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (გარდა მე-5 პუნქტისა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
