შპს „სტუდია მაესტროსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 09, 2019 14:18
მიღების თარიღი დეკემბერი 13, 2018
შპს „სტუდია მაესტროსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია („შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ 2018 წლის 3 დეკემბერს, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (Nშ-10/6414-18, 3.12.2018) საფუძველზე დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „სტუდია მაესტროსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 29 აგვისტოდან 28 ოქტომბრის თვის ჩათვლით ჩატარებული მონიტორინგის ფარგლებში გამოვლინდა, რომ შპს „სტუდია მაესტროს“, წინასაარჩევნო პერიოდში საკუთარ სამაუწყებლო ბადეში არ განუთავსებია წინასაარჩევნო დებატები. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებელმა უნდა გადასცეს წინასაარჩევნო დებატები მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მაუწყებლობის დეპარტამენტს მიაჩნია, რომ სახეზეა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევა.
საკითხის განხილვა დაინიშნა 2018 წლის 13 დეკემბერს 15:00 საათზე; აღნიშნულის თაობაზე, შპს „სტუდია მაესტროს“ გაეგზავნა შეტყობინება (03/3889-18, 10.12.2018) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მაუწყებელს, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისიის 2018 წლის 13 დეკემბრის კომისიის სხდომაზე ესწრებოდა შპს „სტუდია მაესტროს“ წარმომადგენელი რ. მაჭავარიანი, რომელმაც აღიარა დარღვევა და განაცხადა, რომ შპს „სტუდია მაესტროს“ წინასაარჩევნო პერიოდში საკუთარ სამაუწყებლო ბადეში არ განუთავსებია წინასაარჩევნო დებატები.
II. გამოკვლეული მტკიცებულებები
- კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (Nშ-10/6414-18, 3.12.2018);
- მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები შპს „სტუდია მაესტროს“ შესახებ;
- შპს „სტუდია მაესტროს“ უფლებამოსილი წარმომადგენლის ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის 2018 წლის 13 დეკემბრის სხდომაზე.
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
- შპს „სტუდია მაესტრო“ წარმოადგენს კერძო, საერთო მაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირს 2012 წლის 13 ივლისიდან;
- შპს „სტუდია მაესტრო“ 2018 წლის 29 აგვისტოდან 28 ოქტომბრის ჩათვლით, სამაუწყებლო ბადეში არ ანთავსებდა წინასაარჩევნო დებატებს;
- შპს „სტუდია მაესტროს“ უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მსგავსი დარღვევისათვის არ დაკისრებია.
IV. კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებელმა უნდა გადასცეს წინასაარჩევნო დებატები მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებელმა მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს, აგრეთვე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არადისკრიმინაციულად უნდა უზრუნველყონ ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში;
2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა და დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა;
4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდიარე, შპს „სტუდია მაესტროს“ მიერ დარღვეულ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451-ე მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 55-ე მუხლის პირველი პუნქტის , 70-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, კერძოდ, იგი არ ანთავსებდა საკუთარ სამაუწყებლო ბადეში წინასაარჩებნო დებატებს, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „სტუდია მაესტროს“ მიმართ სანქციის სახით გამოყენებული უნდა იქნას გაფრთხილება, ვინაიდან, მის მიმართ ბოლო ერთი წლის მანძილზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე არ ყოფილა გამოყენებული;
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე და 97-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 55-ე მუხლის პირველი პუნქტის, 70-ე მუხლის პირველი პუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მიეცეს გაფრთხილება შპს „სტუდია მაესტროს“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 55-ე მუხლის პირველი პუნქტის, 70-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის გამო;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „სტუდია მაესტროსთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს „სტუდია მაესტროსთვის“ ჩაბარების დღიდან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) შპს „სტუდია მაესტროსთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) აღნიშნული გადაწყვეტილებით დაკისრებული ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის თაობაზე ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შესაბამისი მონაცემების შეტანა;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
