შპს „ორბიტა-2005“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 11, 2019 12:16
მიღების თარიღი დეკემბერი 13, 2018
შპს „ორბიტა-2005“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათიდან (№შ-10/6382-18, 03.12.2018) ირკვევა, რომ შპს „ორბიტა-2005“ კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები (1.9 ფორმა) შესაბამისად, ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება 41.85 ლარი.
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათის (№შ-10/6382-18, 03.12.2018) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ორბიტა-2005“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2018 წლის 13 დეკემბერი. აღნიშნულის თაობაზე შეტყობინება ფოსტით გაეგზავნა შპს „ორბიტა-2005“-ს და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. კომისიის შეტყობინება (N03/3866-18, 7.12.2018) კომპანიას ჩაბარდა 8 დეკემბერს.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2018 წლის 13 დეკემბერის სხდომაზე. კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა კომპანიის წარმომადგენელი, მიუხედავად იმისა, რომ შეტყობინება სხდომის ჩატარების თაობაზე კომპანიას ჩაბარდა (გზავნილის კოდი: AP01005311935; ჩაბარების თარიღი:8.12.2018; ჩაიბარა: მ.დანელია). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. გამომდინარე აქედან, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „ორბიტა-2005“-ს წარმომადგენლის დაუსწრებლად.
კომისია აღნიშნავს, რომ 2018 წლის 13 დეკემბერს შპს „ორბიტა-2005“-მა გადაიხადა რეგულირების საფასურის დავალიანება - 41.85 ლარი.
II. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები
- კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/6382-18-18, 03.12.2018);
- კომისიის შეტყობინება (N03/3866-18, 7.12.2018) გაგზავნილი შპს „ორბიტა-2005“-სთვის და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
- შპს „ორბიტა-2005“-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილი საგადასახადო დავალება (13.12.2018);
- კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილებით დამტკიცებული „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“;
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ორბიტა-2005“-ის შესახებ;
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
- შპს „ორბიტა-2005“ 2010 წლის 12 თებერვლიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზებული საქმიანობის სახე: A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი: ტელემაუწყებლობის ტრანზიტი;
- შპს „ორბიტა-2005“, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
- შპს „ორბიტა-2005“ კომისიაში წარმოდგენილი გაანგარიშებების შესაბამისად, ერიცხებოდა რეგულირების საფასურის დავალიანება - 41.85 ლარი; 2018 წლის 13 დეკემბერს შპს „ორბიტა-2005“-მა გადაიხადა რეგულირების საფასურის დავალიანება - 41.85 ლარი;
- შპს „ორბიტა-2005“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ხოლო ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური;
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს, ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;
3. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;
4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.
კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ორბიტა-2005“-ის მიერ რეგულირების საფასურის (დავალიანების - 41.85 ლარის) გადაუხდელობასთან დაკავშირებით ვადების დარღვევა სახეზეა, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები და ვალდებულებები შესრულებულ იქნა (დარღვევა აღმოფხვრილი იქნა) ნებაყოფლობით, კერძოდ, შპს „ორბიტა-2005“-ის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის შესრულებულია ყველა ის კანონისმიერი ვალდებულება, რომელიც მას, როგორც ავტორიზებულ პირს გააჩნდა ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე (რეგულირების საფასურის დავალიანება - 41.85 ლარი სრულად გადაიხადა), კომისია უფლებამოსილია დარღვევის აღმოფხვრის ფაქტის გათვალისწინებით, გაათავისუფლოს შპს „ორბიტა-2005“-ი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან და შეწყვიტოს დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შპს „ორბიტა-2005“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95, 98-ე და 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, „რეგულურების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
- შეწყდეს შპს „ორბიტა-2005“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება;
- დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ორბიტა-2005“-სთვის გაგზავნა და (ნ. შოვნაძე) კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
- გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „ორბიტა-2005“-სთვის ჩაბარების დღიდან;
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „ორბიტა-2005“-სთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
