წვდომის მენიუ

შპს სამაუწყებლო კომპანია „კახეთი I“ -ის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F79 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2010 წლის 16 აპრილის N189/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ნომერი: 694 / 4

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 21, 2018 17:23

მიღების თარიღი დეკემბერი 13, 2018

შპს სამაუწყებლო კომპანიაკახეთი I“ -ის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F79 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2010 წლის 16 აპრილის N189/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით  დადგენილი  სანქციების დაკისრებას.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე  ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება. 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

 კომისია აღნიშნავს, რომ შპს სამაუწყებლო კომპანია „კახეთი I“ (ს/კ 241567194) წარმოადგენს ლიცენზიის მფლობელ პირს.  შპს სამაუწყებლო კომპანია „კახეთი I“ ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF75 ლიცენზიას კომისიის 2010 წლის 16 აპრილის N189/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი 10,705მჰც ÷ 11,209 მჰც

ბ) რადიოსიხშირული ზოლის სიგანე - 504 მჰც;

გ) სიმძლავრე - 1 ვატი;

დ) სადგურების რაოდენობა - 1 სადგური;

ე) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: ყვარლის რაიონი;

ვ) ლიცენზიის მოქმედების ვადა - 2020 წლის 16 აპრილამდე;

ზ) ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში პრაქტიკული საქმიანობის დაწყება;

თ) შპს სამაუწყებლო ტელეკომპანია „კახეთი 1“ ვალდებულია რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად და ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

კომისია აღნიშნავს, რომ  შპს სამაუწყებლო კომპანია „კახეთი I“ ფლობდა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას, რომელიც შეუჩერდა კომისიის 2017 წლის 16 მარტის N168/3 გადაწყვეტილებით, ვინაიდან კომპანია არ ახორციელებდა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ საქმიანობას (ტელემაუწყებლობის ტრანზიტს) ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. შპს სამაუწყებლო კომპანია „კახეთი I“ 2011 წლის ნოემბრის შემდგომ არ წარმოადგენდა  რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებებს. ასევე 2013 წლის თებერვლის თვიდან არ ავსებდა სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებს.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის გაუქმების საფუძველია ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით გათვალისწინებული რესურსით სარგებლობისა და ამ რესურსის გამოყენებით პრაქტიკული საქმიანობის განხორციელების შეწყვეტა ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით ან  6 თვით ერთი წლის განმავლობაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის 2018 წლის პირველი ნოემბრის №621/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F79 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2010 წლის 16 აპრილის N189/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2018 წლის 6 დეკემბერი 15:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების თარიღად ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღე.

კომისია აღნიშნავს, რომ 2018 წლის 6 დეკემბრის ზეპირი მოსმენის სხდომას არ ესწრებოდა შპს სამაუწყებლო კომპანია „კახეთი I“-ის წარმომადგენელი. შეტყობინება სხდომის ჩატარების თაობაზე კომპანიას ჩაბარდა 2018 წლის 3 დეკემბერს. კომისიის ოფიციალურ მეილზე (post@gncc.ge) 2018 წლის 5 დეკემბერს გამოგზავნილი შეტყობინების თანახმად კომპანიის წარმომადგენელი არ იმყოფებოდა საქართველოში. კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე არ გამოვლენილა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F79 ლიცენზიის გაუქმების დამაბრკოლებელი რაიმე გარემოება. სხდომაზე კომისიამ გადაწყვეტილების მიღების თარიღად განსაზღვრა 2018 წლის 13 დეკემბრის 15:00 საათი.

კომისიის 2018 წლის 13 დეკემბრის სხდომას არ ესწრებოდა შპს სამაუწყებლო კომპანია „კახეთი I“-ის წარმომადგენელი. თუმცა შეტყობინება სხდომის ჩატრების თაობაზე კომპანიას ჩაბარდა 2018 წლის 10 დეკემბერს. სხდომაზე კომისიამ მიიჩნია, რომ სახეზეა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა კერძოდ ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით გათვალისწინებული რესურსით სარგებლობისა და ამ რესურსის გამოყენებით პრაქტიკული საქმიანობის განხორციელების შეწყვეტა ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით ან  6 თვით ერთი წლის განმავლობაში.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის და IX თავის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

:

1.    გაუქმდეს შპს სამაუწყებლო კომპანია „კახეთი I“ -ის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F79 ლიცენზია და ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2010 წლის 16 აპრილის N189/1 გადაწყვეტილება;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების  დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი):

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა;

3.დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს სამაუწყებლო კომპანია „კახეთი I“ -ისთვის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

4.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნების დღიდან;

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ; №6) შპს სამაუწყებლო კომპანია „კახეთი I“ -ისთვის აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

6.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე  (გარდა მე-3 პუნქტისა) დაევალოს კომისიის   აპარატის   ლიცენზირების,   ავტორიზაციისა   და   ნებართვების      დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

 

 

 

კომისიის თავმჯდომარე

 

          კახი ბექაური

              კომისიის წევრი

 

          ვახტანგ აბაშიძე

             კომისიის წევრი

 

          ელისო ასანიძე

              კომისიის წევრი

 

          გიორგი ფრუიძე

              კომისიის წევრი

 

          მერაბ ქათამაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები