შპს ,,ტელეკომპანია დიას“ განცხადებასთან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 09, 2019 14:16
მიღების თარიღი დეკემბერი 20, 2018
შპს ,,ტელეკომპანია დიას“ განცხადებასთან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით/საჩივრით (Nშ-6/5095-18; 04.10.2018) მიმართა შპს ,,ტელეკომპანია დიამ“ შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ მიერ მის კომისიის 2018 წლის 7 ივნისის N335/16 გადაწვეტილებით („შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ წინააღმდეგ შპს ,,ტელეკომპანია დიას“ საჩივრის განხილვის თაობაზე) დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. საჩივარში აღნიშნულია, რომ შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“ დაევალა ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში არსებულ თავისუფალ რესურსთან შპს ,,ტელეკომპანია დიას“ დაშვება ,,ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირების ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან დაშვების მომსახურების ტარიფის ხარჯზე ორიენტირებულობის თაობაზე” კომისიის 2018 წლის 7 ივნისის N333/9 გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად მულტიპლექსპლატფორმასთან დაშვების შეთავაზების წინადადებით (მოწვევის ოფერტით) განსაზღვრული პირობებით, აღნიშნული მოწვევის ოფერტის კომისიაში წარდგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
მოთხოვნა:
კომისიის მიერ შპს „ტელეკომპანია დიას“ საჩივრის განხილვა და კანონის შესაბამისად რეაგირება.
შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ წინააღმდეგ შპს ,,ტელეკომპანია დიას“ საჩივრის განხილვის დღედ განისაზღვრა 2018 წლის 13 დეკემბერი, რის თაობაზეც შეტყობინებები ფოსტით გაეგზავნა შპს „ტელეკომპანია დიას“ და შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“. შეტყობინებებით, კომპანიებს განემარტათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.
კომისიის 2018 წლის 13 დეკემბრის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ წარმომადგენელი, რომელმაც განმარტა, რომ შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი“ უარს არ აცხადებს შპს „ტელეკომპანია დიას“ დაშვებაზე. კომპანიის მიერ შესრულებია კანონით დაკისრებული ვალდებულებები, კერძოდ გამოქვეყნებულია მოწვევის ოფერტა და ცალმხრივად ხელმოწერილია ხელშეკრულება დაშვების თაობაზე.
კომისიის 2018 წლის 13 დეკემბრის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „ტელეკომპანია დიას“ წარმომადგენელი, მიუხედავად იმისა, რომ მას კომისიის შეტყობინება (N03/3874-18; 07.12.2018) ჩაბარდა 2018 წლის 11 დეკემბერს. შპს ,,ტელეკომპანია დიასთვის“ კომისიის სხდომაზე პოზიციის წარმოდგენის შესაძლებლობის მიცემის მიზნით, კომისიის სხდომა გადაიდო 2018 წლის 20 დეკემბერს.
კომისიის 2018 წლის 20 დეკემბრის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,ტელეკომპანია დიას“ წარმომადგენელი, რომელმაც უარი განაცხადა შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ წინააღმდეგ შეტანილ საჩივარზე.
II. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები
1. შპს ,,ტელეკომპანია დიას“ საჩივარი (Nშ-6/5095-18; 04.10.2018) თანდართული დოკუმენტაციით;
2. „შპს „ტელეკომპანია დიას“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ“ კომისიის 2017 წლის 15 ივნისის N401/2 გადაწყვეტილება;
3. კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის N661/13 გადაწყვეტილება „ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების უზრუნველსაყოფად ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლებისათვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე“;
4. კომისიის 2016 წლის 14 ივნისის N384/19 გადაწყვეტილება „ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების უზრუნველსაყოფად ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლებისათვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის №661/13 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“;
5. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 თებერვლის N206 და 2016 წლის 18 მაისის №862 განკარგულებებით მოწონებული ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმისა და შესაბამისი რეკომენდაციების I და II ეტაპები;
6. კომისიის 2018 წლის 29 მარტის N205/23 გადაწყვეტილება „ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირების ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან დაშვების მომსახურების ტარიფის ხარჯზე ორიენტირებულობის შესწავლის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე“;
7. კომისიის 2018 წლის 7 ივნისის N333/9 გადაწყვეტილება ,,ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირების ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან დაშვების მომსახურების ტარიფის ხარჯზე ორიენტირებულობის თაობაზე”;
8. მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ავტორიზებული პირების შესახებ;
9. მონაცემები შპს ,,ტელეკომპანია დიასა“ და შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ შესახებ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების შესახებ.
10. შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ ოფიციალური ვებ-გვერდიდან http://www.trialeti.ge/ ამონაბეჭდები 2018 წლის 3 სექტემბრის მდგომარეობით;
11. შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ წარმომადგენლის ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის 2018 წლის 13 დეკემბრის სხდომაზე;
12. შპს ,,ტელეკომპანია დიას“ წარმომადგენლის მიერ კომისიის 2018 წლის 20 დეკემბრის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებები.
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს ,,ტელეკომპანია დია“ 2015 წლის 14 ივლისიდან წარმოადგენს ავტორიზებულ პირს მაუწყებლობის სფეროში (მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; ავტორიზაციის ნომერი BR-251; მაუწყებლობის ხანგრძლივობა: 12 საათი; გავრცელების ტექნოლოგია, არეალი და მაუწყებლობის დაწყების თარიღი: ციფრული (ხაშურის მულტიპლექსი - 01/07/17, გორის მულტიპლექსი - 01/07/17, თელავის მულტიპლექსი - 01/05/2018, რუსთავის მულტიპლექსი - 01/05/18) რუსთავის მულტიპლექსი - 01/05/2018), ინტერნეტი (N/A), სხვა ტექნოლოგია (N/A). „შპს „ტელეკომპანია დიას“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ“ კომისიის გადაწყვეტილებით (N401/2; 15.06.2017), 2017 წლის 15 ივნისს, 17:00 საათზე, მოდიფიცირდა შპს ,,ტელეკომპანია დიას“ ავტორიზაცია და მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგიად და მაუწყებლობის სავარაუდო გეოგრაფიულ არეალად განესაზღვრა ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი -ხაშურის მულტიპლექსი და გორის მულტიპლექსი;
2. შპს ,,ტელეკომპანია დია“ წარმოადგენს 2011 წლის 22 დეკემბრიდან წარმოადგენს ავტორიზებულ პირს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში (ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: A.F.1.3 კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა (22.12.2011); ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: A.F.1.6 კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა (22.12.2011); მაუწყებლობის ტრანზიტი: B.F.4.1 ტელემაუწყებლობის ტრანზიტი (22.12.2011); ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით ასევე შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფა: A.T.1.1 ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით ასევე შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფა (14.04.2016);
3. შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი“ 2015 წლის 14 ივლისიდან წარმოადგენს ავტორიზებულ პირს მაუწყებლობის სფეროში (მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; ავტორიზაციის ნომერი: BR-86; მაუწყებლობის ხანგრძლივობა: 12 საათი; გავრცელების ტექნოლოგია, არეალი და მაუწყებლობის დაწყების თარიღი: ციფრული (თრიალეთის მულტიპლექსი, სტერეო+ მულტიპლექსი), თანამგზავრული (საქართველო), ინტერნეტი (საქართველო), სხვა ტექნოლოგია (საქართველო). შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“ ავტორიზაცია გავლილი აქვს ასევე, კერძო სპეციალიზებულ ტელემაუწყებლობაზე (მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა, მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული ტელემაუწყებლობა; ავტორიზაციის ნომერი: BR-5053; ავტორიზაციის თარიღი: 29.03.2018; გავრცელების ტექნოლოგია, არეალი და მაუწყებლობის დაწყების ვადა: ციფრული (თრიალეთის მულტიპლექსი - 27/04/18), თანამგზავრული(საქართველო - 29/09/18), ინტერნეტი (საქართველო - 27/04/18), სხვა ტექნოლოგია(საქართველო - 27/04/18). შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი“ ასევე, ფლობს კერძო საერთო რადიომაუწყებლობის B57 ლიცენზიას (მოქმედების ვადა: 31.12.2011 – 31.12.2021) კომისიის გადაწყვეტილება N835/22; 30.12.11);
4. შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი“ 2010 წლის 16 თებერვლიდან წარმოადგენს ავტორიზებულ პირს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში (ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: A.F.2.1 რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა (16.02.2010); მაუწყებლობის ტრანზიტი: B.F.4.1 ტელემაუწყებლობის ტრანზიტი (16.02.2015); ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით სატელევიზიო არხების ტრანზიტი; B.T.1.1 ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით სატელევიზიო არხების ტრანზიტი (10.07.2015); ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით ასევე შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფა: A.T.1.1 ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით ასევე შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფა (11.07.2015);
5. „ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების უზრუნველსაყოფად ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლებისათვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე“ კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის N661/13 გადაწყვეტილებით, შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“ მიენიჭა რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლება ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების უზრუნველსაყოფად წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით განსაზღვრული გეოგრაფიული კოორდინატებისა და ტექნიკური პარამეტრების გათვალისწინებით, 2015 წლის 17 ივნისიდან 10 წლის ვადით. ამავე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ი) ქვეპუნქტით (გადაწყვეტილებაში კომისიის 2016 წლის 14 ივნისის N384/19 გადაწყვეტილებით შესული ცვლილების გათვალისწინებით), შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“ და ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ სხვა მაუწყებლებს დაევალათ მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, უზრუნველეყოთ მულტიპლექს პლატფორმის სრულად ფორმირება და მულტიპლექს პლატფორმაში არსებულ თავისუფალ რესურსთან მსურველი (საქართველოს ფარგლებში ავტორიზებული) მაუწყებლების არადისკრიმინაციული დაშვება საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მაისის №862 განკარგულებით მოწონებული ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმისა და შესაბამისი რეკომენდაციებით განსაზღვრულ ვადაში;
6. 2018 წლის 7 ივნისს, კომისიამ მიიღო N333/9 გადაწყვეტილება ,,ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირების ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან დაშვების მომსახურების ტარიფის ხარჯზე ორიენტირებულობის თაობაზე“, რომლითაც ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელი რიგი ავტორიზებული პირების, მათ შორის, შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ მიერ ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან დაშვების მომსახურებაზე დაწესებული ტარიფები არ იქნა მიჩნეული ხარჯზე ორიენტირებულად. ამავე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელ რიგ ავტორიზებულ პირებს, მათ შორის, შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“ დაევალათ ამავე პუნქტის შესაბამისად განახლებული მულტიპლექსპლატფორმებთან დაშვების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტის) კომისიაში წარმოდგენა და თავის ვებ-გვერდზე გამოქვეყნება გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში. აღნიშნული გადაწვეტილების მე-3 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელ რიგ ავტორიზებულ პირებს, მათ შორის, შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“ დაევალათ ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან დაშვების მომსახურების მსურველი ავტორიზებული მაუწყებლების მულტიპლექსპლატფორმებთან ხარჯზე ორიენტირებული ტარიფით დაშვების უზრუნველყოფა;
7. კომისიის 2018 წლის 7 ივნისის N335/16 გადაწვეტილებით - „შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ წინააღმდეგ შპს ,,ტელეკომპანია დიას“, შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“ დაევალა ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში არსებულ თავისუფალ რესურსთან შპს ,,ტელეკომპანია დიას“ დაშვება ,,ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირების ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან დაშვების მომსახურების ტარიფის ხარჯზე ორიენტირებულობის თაობაზე” კომისიის 2018 წლის 7 ივნისის N333/9 გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად მულტიპლექსპლატფორმასთან დაშვების შეთავაზების წინადადებით (მოწვევის ოფერტით) განსაზღვრული პირობებით, აღნიშნული მოწვევის ოფერტის კომისიაში წარდგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში;
8. შპს „ტელეკომპანია დიას“ საჩივრის განხილვის დღეს, შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ მიერ შესრულებული იყო ყველა კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებები, კერძოდ, 2018 წლის 3 სექტემბერს, შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთმა“ კომისიის 2018 წლის 7 ივნისის N333/9 გადაწყვეტილების შესაბამისად, გამოაქვეყნა მულტიპლექსპლატფორმასთან დაშვების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა), ხოლო 2018 წლის 8 ნოემბერს კომისიაში გადმოაგზავნა ცალმხრივად ხელმოწერილი ხელშეკრულება ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით მომსახურების თაბობაზე;
9. 2018 წლის 20 დეკემბერს შპს „ტელეკომპანია დიამ“ უარი განაცხადა შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ წინააღმდეგ შეტანილ განცხადება/საჩივარზე.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელება და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება; ამავე კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 522 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი და ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირი ვალდებული არიან, ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საეთერო მაუწყებლობაზე ავტორიზებული მაუწყებლები დაუშვან არადისკრიმინაციული, ერთგვაროვანი პირობებით და ხარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით, აგრეთვე მიაწოდონ მათ ერთგვაროვანი ხარისხის მომსახურება;
4. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 30 ივნისის N5 დადგენილებით დამტკიცებული „ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან მაუწყებელთა დაშვების წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ქსელის ლიცენზირებული/ავტორიზებული ოპერატორი ვალდებულია ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმასთან ავტორიზებული მაუწყებლები დაუშვას არადისკრიმინაციული, ერთგვაროვანი პირობებით და ხარჯზე ორიენტირებული ტარიფით, აგრეთვე მიაწოდოს მათ ერთგვაროვანი ხარისხის მომსახურება, ხოლო ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ქსელის ლიცენზირებული/ავტორიზებული ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში არსებულ თავისუფალ რესურსთან ავტორიზებული მაუწყებლის დაშვება, დაშვების წესით განსაზღვრული რიგითობის პროცედურის დაცვით. „ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან მაუწყებელთა დაშვების წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ქსელის ლიცენზირებული/ავტორიზებული ოპერატორი ვალდებულია მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში არსებულ თავისუფალ რესურსთან დაშვების მსურველი ავტორიზებული მაუწყებლის დაშვება, მის მიერ ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებიდან არაუგვიანეს 2 თვის ვადაში, ხოლო ვ) ქვეპუნქტის მიხედვით, კომისიას წარუდგინოს და გამოაქვეყნოს საკუთარ ქსელთან დაშვების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა), რომელიც უნდა შეიცავდეს დეტალურ ინფორმაციას ქსელის ტექნიკური პარამეტრების, თავისუფალი რესურსის, დაშვების ტარიფის შესახებ;
5. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 30 ივნისის N5 დადგენილებით დამტკიცებული „ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან მაუწყებელთა დაშვების წესის“ მე-9 მუხლის შესაბამისად, ავტორიზებულ მაუწყებელსა და ქსელის ლიცენზირებულ/ავტორიზებულ ოპერატორს შორის დავას დაშვებასთან დაკავშირებით განიხილავს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია კანონმდებლობით დადგენილი წესით;
6. „ელექრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, განმცხადებელი უფლებამოსილია უარი განაცხადოს განცხადებაზე, ხოლო მეორე მხარე უფლებამოსილია ცნოს განმცხადებლის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, ვინაიდან კომისიის 2018 წლის 20 დეკემბრის სხდომაზე შპს „ტელეკომპანია დიამ“ უარი განაცხადა შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ წინააღმდეგ შეტანილ საჩივარზე, უნდა შეწყდეს შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ წინააღმდეგ შპს „ტელეკომპანია დიას“ საჩივრის განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება.
V. სარეზოლუციო ნაწილი
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის, 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95, 98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
- შეწყდეს შპს „ტელეკომპანია დიას“ საჩივრის (4.10.2018; Nშ-6/5095-18) განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება;
- დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისთვის“ და შპს „ტელეკომპანია დიასთვის“ გაგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);
- გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისთვის“ და შპს „ტელეკომპანია დიასთვის“ ჩაბარებისთანავე;
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., N6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
