შპს „ქართული-ტვ“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 21, 2019 15:36
მიღების თარიღი დეკემბერი 20, 2018
შპს „ქართული-ტვ“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია („შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ 2018 წლის 3 დეკემბერს, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (Nშ-10/6413-18, 3.12.2018) საფუძველზე დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ქართული-ტვ“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 2 ოქტომბრიდან 28 ოქტომბრის თვის ჩათვლით ჩატარებული მონიტორინგის ფარგლებში გამოვლინდა, რომ შპს „ქართული-ტვ“-ის, წინასაარჩევნო პერიოდში საკუთარ სამაუწყებლო ბადეში არ განუთავსებია, არც ახალი ამბები და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები და არც წინასაარჩევნო დებატები. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებელმა უნდა გადასცეს წინასაარჩევნო დებატები მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს, ხოლო მე–2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებლობა არის არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა. შპს „ტელეკომპანია ქართულ არხს“ კომისიაში ავტორიზაცია გავლილი აქვს საერთო მაუწყებლობაზე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მაუწყებლობის დეპარტამენტს მიაჩნია, რომ სახეზეა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევა.
საკითხის განხილვა დაინიშნა 2018 წლის 13 დეკემბერს 15:00 საათზე; აღნიშნულის თაობაზე, შპს „ქართული-ტვ“-ის გაეგზავნა შეტყობინება (03/3888-18, 10.12.2018) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მაუწყებელს, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისიის 2018 წლის 13 დეკემბრის სხდომას არ ესწრებოდა შპს „ქართული-ტვ“-ის უფლებამოსილი წარმომადგენელი. ვინაიდან, მისთვის კომისიის სხდომის გამართვის თაობაზე წერილობითი შეტყობინების ჩაბარება არ დადასტურდა, საკითხის განხილვა გადატანილ იქნა და დაინიშნა 2018 წლის 20 დეკემბერს, რის შესახებ დაზღვეული საფოსტო გზავნილით წერილობითი შეტყობინება გაეგზავნა შპს „ქართული-ტვ“-ის, მის მიერ კომისიაში წარმოდგენილ იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართებზე, ასევე, შეტყობინება ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და საკითხის განხილვის დღის, დროისა და ადგილის შესახებ გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (http://gncc.ge/ge/shetyobinebebi/shps-qartuli-tv-shetyobineba.page).
კომისიის 2018 წლის 20 დეკემბერის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „ქართული-ტვ“-ის წარმომადგენელი. კომისიას მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და საკითხის განხილვის დღის, დროის და ადგილის შესახებ შეტყობინებების კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილ იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართებზე გაგზავნითა და საჯაროდ გამოქვეყნებით კომისიამ უზრუნველყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „ქართული-ტვ“-ის წარმომადგენლის დაუსწრებლად.
II. გამოკვლეული მტკიცებულებები
- კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (Nშ-10/6413-18, 3.12.2018);
- მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები შპს „ქართული ტვ“-ის შესახებ.
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
- შპს „ქართული-ტვ“-ის კომისიის 2018 წლის 27 სექტემბრის N566/2 გადაწყვეტილებით „შპს „ქართული-ტვ“-ს მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ“ შეეცვალა მაუწყებლობის ქვესახეობა და სპეციალიზირებული მაუწყებლობის ნაცვლად განესაზღვრა საერთო მაუწყებლობა;
- შპს „ქართული-ტვ“ 2018 წლის 2 ოქტომბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით, სამაუწყებლო ბადეში არ ანთავსებდა არც ახალ ამბებს და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს და არც წინასაარჩევნო დებატებს;
- შპს „ქართული-ტვ“ უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მსგავსი დარღვევისათვის არ დაკისრებია.
IV. კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებელმა უნდა გადასცეს წინასაარჩევნო დებატები მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებელმა მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს, აგრეთვე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არადისკრიმინაციულად უნდა უზრუნველყონ ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებლობა არის არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა და დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ქართული-ტვ“-ის მიერ დარღვეულ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 55-ე მუხლის პირველი პუნქტის, 70-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, კერძოდ, იგი არ ანთავსებდა საკუთარ სამაუწყებლო ბადეში ახალ ამბებს და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს, აგრეთვე წინასაარჩებნო დებატებს, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ქართული-ტვ“-ის მიმართ სანქციის სახით გამოყენებული უნდა იქნას გაფრთხილება, ვინაიდან, მის მიმართ ბოლო ერთი წლის მანძილზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე არ ყოფილა გამოყენებული.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე და 97-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 55-ე მუხლის პირველი პუნქტის, 70-ე მუხლის პირველი პუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მიეცეს გაფრთხილება შპს „ქართულ-ტვ“-ის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 55-ე მუხლის პირველი პუნქტის, 70-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „ქართული-ტვ“-ისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და (ნ. შოვნაძე) კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს „ქართლი-ტვ“-ისთვის ჩაბარების დღიდან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) შპს „ქართული-ტვ“-ისთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) აღნიშნული გადაწყვეტილებით დაკისრებული ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის თაობაზე ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შესაბამისი მონაცემების შეტანა;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
