წვდომის მენიუ

შპს „სიგულდასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 724 / 18

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 15, 2019 18:00

მიღების თარიღი დეკემბერი 27, 2018

შპს „სიგულდასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის  დაკისრების თაობაზე

I. აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (Nშ-10/6605-18, 14.12.2018) საფუძველზე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „სიგულდასთვის“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.  კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 29 აგვისტოდან 28 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარებული მონიტორინგის ფარგლებში გამოვლინდა, რომ შპს „სიგულდას“, წინასაარჩევნო პერიოდში საკუთარ სამაუწყებლო ბადეში არ განუთავსებია  წინასაარჩევნო დებატები.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებელმა უნდა გადასცეს წინასაარჩევნო დებატები მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მაუწყებლობის დეპარტამენტს მიაჩნია, რომ სახეზეა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევა.

კომისიამ 2018 წლის 7 ნოემბრის წერილით (N04/3626-18) მიმართა შპს „სიგულდას“ და მოსთხოვა ინფორმაცია წინასაარჩევნო დებატების განუთავსებლობის თაობაზე, რაზედაც კომისიას კომპანიისგან პასუხი არ მიუღია.

კომისიაში საკითხის განხილვა დაინიშნა 2018 წლის 20 დეკემბერს 15:00 საათზე;  აღნიშნულის თაობაზე, შპს „სიგულდა“-ს გაეგზავნა  შეტყობინება (03/3953-18, 17.12.2018) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მაუწყებელს, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება. აღნიშნული შეტყობინება არ ჩაბარდა შპს „სიგულდას“ და საკითხის განხილვა გადაიდო 2018 წლის 27 დეკემბრის სხდომისთვის. შპს „სიგულდას“ 2018 წლის 27 დეკემბრის სხდომის თაობაზე გაეგზავნა შეტყობინება, რომელიც ასევე გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.gncc.ge (http://gncc.ge/ge/shetyobinebebi/shps-sigulda-shetyobineba.page ). შეტყობინება კვლავ ვერ ჩაბარდა.

კომისიის 2018 წლის 27 დეკემბრის  სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „სიგულდას“ წარმომადგენელი. კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სიგულდასთვის“ გაგზავნილი შეტყობინების საჯაროდ გამოქვეყნებით კომისიამ უზრუნველყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „სიგულდას“  წარმომადგენლის დაუსწრებლად.

II.  გამოკვლეული  მტკიცებულებები

  1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (Nშ-10/6605-18, 14.12.2018);
  1. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები შპს „სიგულდას“ შესახებ;

III.  დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

  1. შპს „სიგულდა“ წარმოადგენს კერძო, საერთო მაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირს (BR-5003, 19.11.2015);
  2. შპს „სიგულდა“ 2018 წლის 29 აგვისტოდან 28 ოქტომბრის ჩათვლით, სამაუწყებლო ბადეში არ ანთავსებდა  წინასაარჩევნო დებატებს;
  3. შპს „სიგულდას“ უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მსგავსი დარღვევისათვის არ დაკისრებია.

IV. კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და    დასაბუთება

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  საერთო მაუწყებელმა უნდა გადასცეს წინასაარჩევნო დებატები მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებელმა მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს, აგრეთვე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არადისკრიმინაციულად უნდა უზრუნველყონ ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში;

2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა და დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;

3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა; 

4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „სიგულდას“ მიერ დარღვეული იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 55-ე მუხლის პირველი პუნქტის, 70-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები,  კერძოდ, იგი არ ანთავსებდა საკუთარ სამაუწყებლო ბადეში  წინასაარჩევნო დებატებს, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „სიგულდას“  მიმართ სანქციის სახით გამოყენებული უნდა იქნას გაფრთხილება, ვინაიდან, მის მიმართ ბოლო ერთი წლის მანძილზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე არ ყოფილა გამოყენებული;

V. სარეზოლუციო ნაწილი 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე და 97-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 55-ე მუხლის პირველი პუნქტის, 70-ე მუხლის   პირველი პუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.  მიეცეს გაფრთხილება  შპს „სიგულდას“, „მაუწყებლობის შესახებ“  საქართველოს   კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 55-ე მუხლის პირველი პუნქტის, 70-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის გამო;

2. დაევალოს კომისიის  ადმინისტრაციას  წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „სიგულდასთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს „სიგულდასთვის“ ჩაბარების დღიდან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) შპს „სიგულდასთვის“ ჩაბარების დღიდან  ერთი  თვის ვადაში;

5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ.ხუხუნაიშვილი) აღნიშნული გადაწყვეტილებით დაკისრებული ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის თაობაზე ავტორიზებულ პირთა უწყებრივ  რეესტრში შესაბამისი მონაცემების შეტანა;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე).

 

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები